1 |
წავიდა ლევის ტომის კაცი და ითხოვა ცოლად
ასული ლევის ტომიდან. |
1 |
ხოლო იყო ვინმე ტომისაგან ლევისა, რომელმან
გამოიყუანა ცოლი ასულთაგან ლევისთა და ესუა იგი ცოლად. |
2 |
დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი; დაინახა, რომ კარგი იყო, და
სამ თვეს მალავდა. |
2 |
მუცლად-იღო და შვა მან წული, ვითარცა იხილა იგი მკჳრცხედ,
მალვიდეს მას სამ თუე. |
3 |
როცა დამალვა ვეღარ შეძლო, აიღო ლერწმის კიდობანი, შეგოზა
ფისითა და კუპრით, ჩასვა შიგ ბავშვი და დადო ლელიანში ნილოსის ნაპირას. |
3 |
და ვითარ-იგი ვერღარა ეძლო დამალვად, მოიღო დედამან
მისმან კიდობნაკი და მოფისა იგი და შთააწვინა ყრმაჲ იგი მას შინა და დადგა
იგი შამბსა შინა მდინარის, კიდესა მას. |
4 |
ხოლო ბავშვის და მოშორებით დადგა, რომ გაეგო, რა
მოუვიდოდა. |
4 |
და ხედვიდა დაჲ მისი შორით, რათა უწყოდის, რაჲძი
შეემთხჳოს მას. |
5 |
ჩავიდა ფარაონის ასული ნილოსზე საბანაოდ, მისი მხევლები
კი ნილოსის პირას მიმოდიოდნენ. დაინახა ლელიანში კიდობანი. გაგზავნა
მხევალი და მოატანინა. |
5 |
შთავიდოდა ასული ფარაოჲსი ბანად მდინარესა მას და
შიმუნვარნი მისნი უვიდოდეს იმიერ და ამიერ მდინარის კიდესა მას. და იხილა
კიდობანი იგი შამბისა შორის და მიავლინა შიმუნვარი თჳსი და მოიღო იგი. |
6 |
გახსნა და ნახა შიგ ბავშვი; აჰა, ტირის ბიჭი, შეეცოდა და
თქვა ებრაელის ბავშვი იქნება. |
6 |
აღაღო და იხილა ყრმაჲ იგი, ტიროდა კიდობანსა მას შინა და
განარინა ასულმან ფარაოსმან და თქუა: ყრმათაგანი ებრაელთასა არს ესე. |
7 |
უთხრა ბავშვის დამ ფარაონის ასულს: ხომ არ წავიდე და
ებრაელი ქალი მოვიყვანო ძიძად? ძუძუს მოგიწოვებს მაგ ბავშვს. |
7 |
ჰრქუა ასულსა ფარაოსსა დამან მის ყრმისამან: გნებავს,
მოგიხადო დედაკაცსა მზარდულსა ებრაელთაგანსა და გიწოებდეს ყრმასა მაგას? |
8 |
უთხრა ფარაონის ასულმა: წადი. წავიდა ყმაწვილი ქალი და
დაუძახა ბავშვის დედას. |
8 |
ხოლო ასულმან ფარაოსმან ჰრქუა: წარვედ, უწოდე. წარვიდა
ქალი იგი და უწოდა დედასა მის ყრმისასა. |
9 |
უთხრა მას ფარაონის ასულმა: წაიყვანე ეს ბაეშვი და ძუძუ
მიწოვე; გასამრჯელოს მოგცემ. წაიყვანა ქალმა ბავშვი და აწოვებდა ძუძუს. |
9 |
და ჰრქუა მას ასულმან ფარაოჲსმან: დამიმარხე მე ყრმაჲ
ესე, აწოებდ მაგას და მე მიგცე სასყიდელი შენი. მიიქუა დედაკაცმან მან
ყრმაჲ იგი და აწოებდა მას და, ვითარცა აღორძნდა ყრმაჲ იგი, შეჰგუარა იგი
ასულსაა ფარაოსსა. |
10 |
წამოიზარდა ბავშვი და მიუყვანა ფარაონის ასულს, რომელმაც
იშვილა, და დაარქვა სახელად მოსე. თქვა: რადგან წყლიდან მყავს ამოყვანილი. |
10 |
და იყო იგი მისსა შვილად და დასდვა სახელი მისი მოსე და თქუა: წყლისაგან გამოვიღე
ეგე.
|
11 |
როცა გაიზარდა მოსე, მივიდა თვისტომებთან და ნახა მათი
მძიმე შრომა. ხედავს, სცემს ეგვიპტელი კაცი ერთ ებრაელს, მის
თვისტომთაგანს. |
11 |
და იყო, დღეთა მრავალთა განჰმწჳსნა მოსე და განვიდა ძმათა
მისთა ძეთა ისრაჱლისათა ხილვად ჭირისათჳს მათისა. და იხილა კაცი ეგჳპტელი,
სცემდა რაჲ კაცსა ვისმე ებრაელსა ძმათაგან მისთა, ძეთა ისრაჱლისაგანისა. |
12 |
მიიხედ-მოიხედა და როცა დაინახა, რომ არავინ იყო, მოკლა
ეგვიპტელი და ქვიშაში ჩაფლა. |
12 |
მიიხილა აქა და იქი და არა ვინ იხილა, მოკლა ეგჳპტელი იგი
და დაფლა ქჳშასა შინა. |
13 |
გამოვიდა მეორე დღეს და ხედავს, ორი ებრაელი ეჩხუბება
ერთმანეთს. უთხრა დამნაშავეს: რად სცემ შენიანს? |
13 |
ხოლო გამო-რა-ვიდა იგი მეორესა დღესა და იხილნა ორნი
კაცნი ებრაელნი, იბრძოდეს და ჰრქუა: რომელ-იგი ავსებდა მოყუასსა თჳსსა,
რაჲსათჳს, სცემ შენ მოყუასსა თჳსსა? |
14 |
მიუგო: ვინ დაგაყენა ჩვენს თავკაცად და მსაჯულად? ჩემს
მოკვლასაც ხომ არ აპირებ, როგორც ის ეგვიპტელი მოკალი? შეეშინდა მოსეს და
თქვა: ნამდვილად გამჟღავნებულა ამბავი. |
14 |
ხოლო მან ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად
ჩუენ ზედა, ანუ მოკლვაჲ ჩემი გნებავს შენ, ვითარცა მოჰკალ გუშინ ეგჳპტელი
იგი? შეეშინა მოსეს და თქუა: უკუეთუ ესრეთ განცხადნა სიტყუაჲ ესე? |
15 |
შეიტყო ფარაონმა ამბავი და მოსაკლავად ეძებდა მოსეს.
მაგრამ მოსე გაექცა ფარაონს და მიდიანის ქვეყანაში გაჩერდა; დაჯდა იქ ერთ
ჭასთან. |
15 |
ესმა ფარაოს სიტყუაჲ ესე და ეძიებდა მოკლვად მოსეს,
წარივლტოდა მოსე პირისაგან ფარაოჲსსა და დაემკჳდრა ქუეყანასა მადიამისასა,
და მოვიდა იგი ქუეყანასა მადიამისასა და დაჯდა ჯურღმულსა ზედა. |
16 |
შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. მოსულიყვნენ და
წყალს იღებდნენ, ავსებდნენ გეჯებს მამისეული ფარის დასარწყულებლად. |
16 |
ხოლო მღდელსა მადიამისასა ესხნეს შჳდ ასულ და მწყსიდეს
ცხოვართა მამისა მათისა იოთორისთა, ვითარცა მოვიდეს, აღმოავსებდეს, წყალსა,
ვიდრემდე აღავსეს ისარნები იგი, რათა ასუან ცხოვართა მამისა მათისათა. |
17 |
მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე და
გამოესარჩლა მათ, დაურწყულა კიდეც ფარა. |
17 |
მოვიდეს მწყემსნი და წარასხნეს იგინი, აღდგა მოსე და
განარინნა იგინი და აღმოასხა წყალი და ასუა ცხოვარსა მათსა. |
18 |
მივიდნენ ქალები რეღუელთან, თავიანთ მამასთან. უთხრა
მამამ: რატომ მოხვედით დღეს ასე ადრე? |
18 |
და შევიდეს იგინი რაგოელ, მამისა მათისა, ხოლო მან ჰრქუა
მათ: რაჲსათჳს ისწრაფეთ შემოსლვად დღეს? |
19 |
უთხრეს: ერთმა ეგვიპტელმა კაცმა მწყემსებისგან დაგვიცვა,
წყალიც ამოგვიღო და ფარაც დაგვირწყულა. |
19 |
და მათ ჰრქუეს: კაცმან მეგჳპტელმან განმარინნა ჩუენ
მწყემსთაგან და მივსო ჩუენ წყალი და ასუა ცხოვართა ჩუენთა. |
20 |
უთხრა თავის ასულებს: სად არის? რატომ მიატოვეთ ის კაცი?
დაუძახეთ, პური ვაჭამოთ. |
20 |
ხოლო მან ჰრქუა ასულთა თჳსთა: სადა არს? და რაჲსათჳს
დაუტევეთ კაცი იგი? მოუწოდეთ მას, რათა ჭამოს პური. |
21 |
გადაწყვიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა, და მიათხოვა კაცმა
მოსეს თავისი ასული, ციფორა, ცოლად. |
21 |
და დაემკჳდრა მოსე კაცისა მის თანა და მისცა სეფორა,
ასული თჳსი, მოსეს ცოლად. |
22 |
შვა ქალმა ვაჟი და უწოდა მოსემ სახელად გერშომი, რადგან
თქვა: მდგმურად ვიყავი უცხო ქვეყანაში. |
22 |
მიუდგა დედაკაცი იგი და შვა ძე და სახელი უწოდა მას
გერსამ და, თქუა: რამეთუ მწირ ვარი მე ქუეყანასა უცხოსა, ხოლო სახელი
მეორისა მის უწოდა ელიეზერ და თქუა: ღმერთი მამისა ჩემისა შემწე ჩემდა და
მიჴსნა მე ჴელთაგან ფარაოჲსთა. |
23 |
გამოხდა მრავალი ხანი და მოკვდა ეგვიპტის მეფე.
აკვნესდნენ მძიმე შრომისაგან ისრაელიანები, გაჰკიოდნენ და მისწვდა მათი
ღაღადი ღმერთს. |
23 |
შემდგომად დღეთა მრავალთა მოკუდა მეფე იგი ეგჳპტელთა და
სულთ-ითქუმიდეს ძენი ისრაჱლისანი საქმეთა მათგან ფიცხელთა და ღადადებდეს. |
24 |
მოესმა ღმერთს მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა
აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა. |
24 |
და მიიწია ღაღადებაჲ მათი წინაშე ღმრთისა და შეისმინა
სულთქუმანი მათნი და მოიჴსენა ღმერთმან აღთქუმაჲ იგი თჳსი აბრაჰამის
მიმართ, ისაკ და იაკობისა. |
25 |
მოხედა ღმერთმა ისრაელიანებს და იცნო ღმერთმა ისინი. |
25 |
და მოხედნა ღმერთმან ძეთა ისრაჱლისათა და გამოეცხადა მათ. |