ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი მეოცე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა: 1 და იტყოდა უფალი ყოველთა ამათ სიტყუათა, მეტყუელი.
2 მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. 2 მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, გამომყუანებელი შენი, ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა.
3 არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები. 3 არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თჳნიერ ჩემსა.
4 არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. 4 არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველი მსგავსეგაჲ, რაოდენ ცათა შინა-ზე და რაოდენი ქუეყანასა ზედა-ქუე და რაოდენნი წყალთა ქუეშე ქუეყანისა.
5 არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში. 5 არა თაყუანის-სცე მათ, არცა ჰმსახურო მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა.
6 ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის. 6 და მოქმედი წყალობისა ათასთამდე მოყუარეთა ჩემთა და რომელი, დაიმარხნიან მცნებანი ჩემნი.
7 არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი. 7 არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა, რამეთუ არა წმიდა-ყოს უფალმან მომღებელი სახელისა მისისაჲ ამაოსა ზედა.
8 გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი. 8 მოიჴსენე დღე შაბათთა წმიდა-ყოფად მისსა.
9 ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები; 9 ექუსთა დღეთა იქმოდე და ჰქმნე ყოველნი საქმენი.
10 მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს. 10 ხოლო დღე მეშჳდე შაბათი არს უფლისა, ღმრთისა შენისა, არა ჰქმნე მას შინა ყოველი საქმე შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან და მონამან შენმან და მჴევალმან შენმან, ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და ყოველმან საცხოვარმან შენმან და მწირმან, რომელი მკჳდრ არს შენ შორის.
11 რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი. 11 რამეთუ ექუსთა დღეთა შინა შექმნა უფალმან ცა და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველნი მას შინანი და განისუენა დღესა მეშჳდესა. ამისთჳს აკურთხა უფალმან დღე მეშვიდე და წმიდა-ყო იგი.
12 პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის. 12 პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა და რათა გრძელ ჟამ იყო ქუეყანასა ზედა კეთილისასა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.
13 არა კლა. 13 არა კაც-ჰკლა,
14 არ იმრუშო. 14 არა იმრუშო,
15 არ იქურდო. 15 არა იპარო,
16 არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ. 16 არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუჲთა,
17 არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან. 17 არა გული-გითქუმიდეს ცოლსა მოყუსისა შენისასა, არცა აგარაკსა მისსა, არცა მონასა მისსა, არცა მჴევალსა მისსა, არცა ჴარსა მისსა, არცა კაჰრაულსა მისსა, არცა ყოველსა საცხოვარსა მისსა, არცა რაოდენი-რაჲ არს მოყუსისა შენისა.
18 ხედავდა მთელი ერი ჭექა-ქუხილს, ცეცხლის ალს, საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას; დაინახა ხალხმა, შიშით უკუიქცა და მოშორებით დადგა. 18 და ყოველი ერი ხედვიდა ჴმასა და ლამპართა და ჴმასა საყჳრისასა და მთაჲ მკუმოლვარე იყო, ხოლო შეშინებულნი ყოველნი ერნი დგეს შორს.
19 უთხრეს მოსეს: შენ გველაპარაკე და მოგისმენთ; ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით. 19 და იტყოდეს მოსეს მიმართ: შენ გუეტყოდე ჩუენ და ნუ იტყჳს ჩუენდა მომართ ღმერთი, რათა არა მოვკუდეთ.
20 უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ. 20 და ეტყოდა მათ მოსე: მინდობილ იყვენით, გამოცდისა თქუენისათჳს მოვიდა ღმერთი თქუენდა, რათა იქმნეს შიში მისი თქუენ შორის, რათა არა სცოდოთ.
21 მოშორებით იდგა ხალხი, ხოლო მოსე მიადგა ნისლს, სადაც ღმერთი იყო. 21 და დგა ყოველი ერი შორს. ხოლო მოსე შევიდა ნისლსა, სადა იყო ღმერთი.
22 უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: თქვენ დაინახეთ, როგორ გელაპარაკებოდათ ციდან. 22 და თქუა უფალმან მოსეს მიმართ: ესე ჰრქუნე სახლსა იაკობისსა და მიუთხრნე ძეთა ისრაჱლისათა: თქუენ იხილეთ, რამეთუ ცით გამო ვიტყოდე თქუენდა მიმართ.
23 ნუ გაიკეთებთ ვერცხლისა და ოქროს კერპებს. 23 არ ჰქმნნეთ თავთა თქუენთათჳს ღმერთნი ვეცხლისანი და ღმერთნი ოქროჲსანი.
24 მიწისგან გამიკეთე სამსხვერპლო და იქ შემომწირე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, თქვენი ცხვარი და ძროხა. ყოველ ადგილას, სადაც კი დავთქვამ ჩემი სახელის ხსენებას, გამოგეცხადები და დაგლოცავ. 24

საკურთხეველი ქუეყანისაგან მიქმენით მე. და შეწირენით მას ზედა ყოვლად-დასაწველნი და საცხოვრებელნი თქუენნი, ცხოვარი და ზუარაკნი თქუენნი ყოველსა ადგილსა, რომელსა სახელ-სდვათ სახელსა ჩემსა მუნ და მოვიდე შენდა და გაკურთხო შენ.

25 თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, თლილი ქვისაგან არ ააშენო, რადგან მოუღერებ თუ არა კვერს, წაიბილწება იგი. 25 ხოლო უკუეთუ ქვათაგან მიქმნე მე საკურთხეველი, არა აშენნე იგინი გამოკუეთილნი, რამეთუ ჴელითა ქანდაკებულობაჲ დასდევ მას ზედა და ბიწიან იქმნნეს.
26 საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე. 26 არა აღხჳდე აღსავალებითა საკურთხეველსა ზედა ჩემსა, რათა არა გამოაცხადო უშუერებაჲ შენი მას ზედა.