ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი ოცდამერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, თავის შვილებიანად ისრაელიანთაგან, რომ მღვდლობა გამიწიოს: აარონი და მისი შვილები: ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი. 1 და შენ მოიყვანე თავისა მომართ შენისა აჰრონ, ძმაჲ შენი, და ძენი მისნი ძეთაგან ისრაჱლისათა მღდელობად ჩემდა, აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და ელეაზარ და ითამარ, ძენი აჰრონისნი.
2 გაუწყვე წმიდა შესამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისთვის და დასამშვენებლად. 2 და უქმნე შესამოსელი წმიდაჲ აჰრონს, ძმასა შენსა, უქმნე პატივად და დიდებად.
3 უთხარი ყველა გულბრძენ კაცს, რომელიც მე ავავსე სიბრძნის სულით, გაუწყონ შესამოსელი აარონს, რომ ჩემს მღვდლად იკურთხოს იგი. 3 და შენ მოუწოდე ყოველთა ბრძენთა გაგონებითა, რომელნი აღვავსენ სულითა მგძნობელობისათა და უქმნენ სამოსელი წმიდა აჰრონს სიწმიდედ, რომლითა მღდლობდეს ჩემდა.
4 აი, შესამოსელი, რომელიც მათ უნდა გაუწყონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი, ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. გაუწყონ წმიდა შესამოსელი შენს ძმას აარონს და მის შვილებს, რომ მღვდლობა გამიწიონ მე. 4 და ესე არიან შესამოსელნი, რომელნი უქმნენ მკრდისა ზედა და სამჴარი და პოდირი და შესამოსელი ფესუედი და კიდარი და სარტყელი, და უქმნენ შესამოსელნი წმიდანი არონს და ძეთა მისთა მღდელობად ჩემდა.
5 აიღონ ოქრო, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილი და სელი. 5 და მათ მოიღონ ოქროჲ და ძოწეული და ჳაკინთი და პორფირი და ბისონი.
6 გააკეთონ ეფოდი ოქროსფერი, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისაგან ოსტატურად. 6 და შექმნან სამჴარი ბისონისაგან გრეხილისა ნაქმრად ქსოილად ჭრელებულად.
7 ორი მისამაგრებელი სამხრე უნდა ჰქონდეს ორსავე ბოლოში კიდეზე და იკვრებოდეს. 7 ორნი სამჴარნი იყვნენ მისნი, სხჳთა და სხჳთა თანა შემწყუმელნი მისნი, ორთავე კერძოთა ზედა განმარტებულნი.
8 მისი სარტყელი იმგვარადვე ნახელავი უნდა იყოს - ოქროსფერი, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისაგან გაკეთებული. 8 და ნაქსოჲ - სამჴართა, რომელ არს მას ზედა, ქმნულებისაებრ მისგანვე იყოს ოქროჲსაგან და ჳაკინთისა და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა გრეხილისა.
9 აიღე ონიქსის ორი თვალი და ზედ ისრაელიანთა სახელები ამოკვეთე. 9 და მოიხუნე ორნი ქვანი სამარაგდონნი და სწახნაგნე მათ ზედა სახელნი ძეთა ისრაჱლისათანი.
10 ექვსი ამ სახელთაგან ერთ თვალზე, დანარჩენი ექვსი სახელი მეორე თვალზე, მათი წარმოშობის მიხედვით. 10 და ექუსნი სახელნი - ქვასა ზედა ერთსა და ექუსნი სახელნი სხუანი - ქვასა მეორესა ნათესავთაებრ მათთა.
11 ქვაზე ამომკვეთელის ხელოვნებით, როგორც საბეჭდავის ტვიფარს აკეთებენ, ამოტვიფრე ორ თვალზე ისრაელიანთა სახელები და ოქროს ბუდეებში ჩასვი. 11 საქმედ ქვის მოქმედებითისა ჴელოვნებისად წახნაგებად საბეჭდავისად სწახნაგნე ორნი ქვანი სახელებისაებრ ძეთა ისრაჱლისათასა, გამოსახულად და გამოწახნაგებულად ოქროჲთა ჰქმნე იგინი.
12 მიამაგრე ეს ორი თვალი ეფოდის სამხრეებს, ისრაელიანთა სამახსოვრო თვლები. ატაროს ეს სახელები აარონმა თავის ორ სამხრეზე უფლის წინაშე სამახსოვროდ. 12 და დაჰსხნე ორნი იგი ქვანი მჴართა ზედა სამჴართასა, ქვანი მოსაჴსენებელისანი არიან ძეთა ისრაჱლისათანი და აღიღებდეს აჰრონ სახელებსა ძეთა ისრაჱლისათასა წინაშე უფლისა ორთა ზედა მჴართა მისთა მოსაჴსენებელად მათთჳს.
13 ბუდეები ოქროსი გააკეთე. 13 და ჰქმნნე ფარის სახენი ოქროჲსაგან წმიდისა.
14 და ორი ძეწკვიც ხალასი ოქროსი; წნულ თასმებად გააკეთე ისინი და მიამაგრე წნული ძეწკვები ბუდეებზე. 14 და ჰქმნნე ორნი ფესჳს სახენი ოქროჲსაგან წმიდისა აღრეული ყუავილთა თანა ნაქმრად თხზულებისა, და დასხნე ფესჳს სახენი იგი განთხზულნი ფარის სახეთა მათ ზედა დასასრულსა
15 გააწყვე განკითხვის სამკერდული, ოსტატურად ნახელავი, ისევე როგორც ეფოდია გაწყობილი. ოქროსაგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და დაგრეხილი სელისაგან გააწყვე. 15 თანა მათსა წინაჲ კერძოჲთგან. და ჰქმნა სიტყჳერი მსჯავრთა მსგავსად ჭრელებულად შენაწევრებისაებრ სამჴართასა. ჰქმნა იგი ოქროჲსაგან და ჳაკინთისა და პორფირისა და ძოწეულისა გრეხილისა და ბისონისა ძახილისა.
16 ოთხკუთხედი უნდა იყოს, ორკეცი. სიგრძით ერთი მტკაველი, სიგანითაც ერთი მტკაველი. 16 ჰმნე იგი მოთხვით. იყოს იგი მრჩობლ მტკავლეული სიგრძით და მტკავლეული სივრცით.
17 ოთხრიგად გააწყვე მასზე თვლები თავის ბუდეებით; ერთ რიგში: ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი - პირველი რიგი. 17 და ქსოო მას შინა ნაქსოვი ქვათაგან ოთხ სტიქონი და სტიქონი ქვათაჲ იყოს: სარდიონი, პაზიონი, სამარაგდონი - სტიქონი.
18 მეორე რიგი: ფირუზი, საფირონი და იასპი; 18 და სტიქონი მეორე - ანთრაკი და საპფირონი და იასპი.
19 მესამე რიგი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო; 19 და სტიქონი მესამე - ლიგჳრი და აქატი და ამეთჳსოს.
20 მეოთხე რიგი: ქრიზოლითი, ონიქსი და ბერილი. 20 და სტიქონი მეოთხე - ოქროქვაჲ და ბჳრილლიონი და ფრცხილი. გარემობურვილ ოქროჲთა იყვნენ სტიქონეულად სახელნი მათნი.
21 ისრაელიანთა სახელების მიხედვით უნდა იყოს თვლები; თორმეტი თვალი მათი სახელების მიხედვით. თითოეულზე ამოტვიფრული უნდა იყოს თითო შტოს სახელი თორმეტიდან. 21 და ქვანი იყვნენ სახელთაებრ ძეთა ისრაჱლისათა ათორმეტ მსგავსად სახელთა მათთა წახნაგებულ ბეჭდებრ, თითოეული იყვნენ სახელსა ზედა ათორმეტთა ტომთასა.
22 გაუკეთე სამკერდულს ხალასი ოქროს წნული ძეწკვი. 22 და ჰქმნნე სიტყჳერსა ზედა ფესუნი განთხზულნი ნაქმარად ჯაჭუედად ოქროსაგან წმიდისა.
23 გაუკეთე სამკერდულს ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე ეს ორი რგოლი სამკერდულის ორსავე კიდეს. 23 და ჰქმნნე სიტყჳერსა ზედა ორნი ბეჭედნი ოქროჲსანი და დაჰსხნე ორნი იგი ბეჭედნი ორთა ზედა კიდეთა სიტყჳერისათა.
24 გაუყარე ორი ოქროს წნული ორ რგოლში სამკერდულის კიდეზე. 24 და დაასხნე ორნი იგი ჯაჭუედნი ოქროჲსანი ორთა ზედა ბეჭედთა კიდესა თანა სიტყჳერისასა.
25 მიამაგრე ორი წნული ძეწკვის ორივე ბოლო ბუდეებს და მიაბი ეფოდის სამხრეს წინა მხრიდან. 25 და ორნი მწუერვალნი ორთა ზედა ჯაჭუედთანი განუხუნე ორთა შინა შესაკრავთა და დაჰსხნე მჴართა ზედა სამჴრისათა შუბლსა თანა პირისა მისისასა.
26 გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე სამკერდულის ორ კიდეს ნაპირზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული. 26 და ჰქნნე ორნი ბეჭედნი ოქროჲსანი და დაჰსხნე იგინი ორთა ზედა მწუერვალთა სიტყჳერისათა, კიდესა თანა მისსა, რომელ არს კერძოჲსა თანა სამჴართასა შინათ კერძო.
27 გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე ეფოდის ორსავე სამხრეს ქვემოდან, წინა მხარეს, შესაკრავთან, ეფოდის სარტყელს ზემოთ. 27 და ჰქმნნე ბეჭედნი ოქროჲსანი და დაჰსხნე იგინი ორთა ზედა მჴართა სამჴრისათა ქუეშე კერძო პირით კერძოჲსა თანა შესაკრებელსა მათსა, ზედა კერძო ღონესა მას სამჴრისასა.
28 გადააბან სამკერდულის რგოლები ეფოდის რგოლებს ლურჯი ძაფით, რომ არ ასცდეს სამკერდული ეფოდს და დამაგრდეს ეფოდის სარტყელს ზემოთ. 28

და შეჰკრვიდენ სიტყჳერსა ბეჭედსა ზედა მისსა ბეჭდისა მიმართ სამჴართასა გრეხილითა ჳაკინთისათა, რათა იყოს იგი ღონესა ზედა სამჴრისასა, და არა განჰყო სიტყჳერი სამჴრისაგან.

29 თან ატაროს აარონმა ისრაელიანთა სახელები განკითხვის სამკერდულზე გულთან ახლოს უფლის წინაშე მუდმივ სამახსოვროდ, როცა საწმიდარში შევა ხოლმე. 29 და მოიხუნეს აჰრონ სახელნი ძეთა ისრაჱლისათანი სიტყჳერსა ზედა მშჯავრთასა მკრდითა თჳსითა შემავალმან წმიდად მიმართ საჴსენებელად სამარადისოდ წინაშე ღმრთისა.
30 მიამაგრე განკითხვის სამკერდულს ურიმი და თუმიმი და ჰქონდეს ისინი აარონს გულთან ახლოს, როცა შევა უფლის წინაშე. ატაროს აარონმა მუდმივად ისრაელიანთა განკითხვა თავის გულთან ახლოს უფლის წინაშე. 30 და დაჰსხნე სიტყჳერსა ზედა მსჯავრისასა ფესუნი ჯაჭუედნი, ორთავე კიდეთა ზედა სიტყჳერისათა დაჰსხნე, და ორნი ფარის სახენი დაჰსხნე ორთავე ზედა მჴართა სამჴრისათა პირით კერძო, და დასდვა სიტყჳერსა ზედა მსჯავრისასა გამოცხადებაჲ და ჭეშმარიტებაჲ და იყვნენ მკერდსა ზედა აჰრონისასა, რაჟამს შევიდოდის წმიდად მიმართ წინაშე უფლისა და მიიხუნეს აჰრონ მშჯავრნი ძეთა ისრაჱლისათანი მკერდსა ზედა უფლისა მარადის.
31 გააკეთე ეფოდის მოსასხამი მთლიანად ლურჯი ქსოვილისგან. 31 და ჰქმნა ქუეშეთსაცუმელი პოდირი ყოვლად ჳაკინთოვანი.
32 შუაში თავის გასაყრელი უნდა ჰქონდეს, ამოჭრილის პირს ირგვლივ არშია უნდა გასდევდეს ნაქსოვისგან, როგორც ჯაჭვის პერანგის სათაურს, რომ არ შემოირღვეს. 32 და იყოს პირის გარემოჲსი დასაწყისისა მისისა საშუალო მქონებელი სირასა გარემო პირის გარემოჲსისა ნაქმარსა ქსოით და შესარწყუმელსა მის თანა ქსოილსა მისგანვე, რათა არა განიბძაროს.
33 ამოქარგე მის კალთებზე ირგვლივ ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ძაფით და ოქროს ეჟვნები ჩამოჰკიდე ირგვლივ მათ შორის. 33 და ჰქმნე ქუე ქუემოსა ზედა ქუეშეთსაცუმელისასა ქუეით, ვითარცა აღყუავებულთა ბროწეულთა ბროწეულებანი ჳაკინთისაგან და პორფირისა და მეწამულისა ძახილისა და ბისონისა გრეხილისა ქუე ქუემოსა ზედა ქუეშეთსაცუმელსა, ხოლო მითვე სახითა ბროწეულნი ოქროჲსანი და ეჟუანნი საშუალ მათსა გარემოჲს გარე ბროწეულთა თანა ოქროჲსასა.
34 ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთაზე ირგვლივ. 34 ეჟუანი და ყუავილედი ქუე ქუემოჲსა ზედა ქუეშეთსაცუმელისასა გარემოჲს.
35 ჰქონდეს ეს აარონს ღვთისმსახურების დროს; ისმოდეს მისი ხმა საწმიდარში შესვლისას უფლის წინაშე და იქიდან გამოსვლისას, რათა არ მოკვდეს. 35 და იყოს აჰრონ მსახურებასა შინა მისსა, ისმოდის ჴმაჲ მისი, შე-რა-ვიდოდის სიწმიდესა წინაშე უფლისა და გამო-რა-ვიდოდის, რათა არა მოკუდეს.
36 გააკეთე ხალასი ოქროს ჯიღა და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფარით: სიწმიდე უფლისათვის. 36 და ჰქმნა პეტალი ოქროჲსა წმიდაჲ და ჰსწახნაგო მას ზედა წახნაგებად ბეჭდისად სიწმიდე უფლისა.
37 მიამაგრე იგი ლურჯი თასმით თავსაბურველს, თავსაბურველის წინა მხარეს უნდა იყოს. 37 და დასდვა იგი ჳაკინთსა ქუეშე გრეხილსა და იყოს მიტრასა ზედა, პირსა ზედა მიტრასასა იყოს.
38 ეკეთოს აარონს შუბლზე და იტვირთოს აარონმა იმ შეწირულებათა ცოდვა, რომლებსაც შესწირავენ ისრაელიანები ყოველი შეწირვისას. მუდამ შუბლზე ეკეთოს, რომ წყალობა ჰქონდეთ უფლის წინაშე. 38 და იყოს შუბლსა ზედა აჰრონისასა და აღიხუნეს აჰრონ ცოდვანი წმიდათანი, რაოდენნიცა განწმიდნენ ძეთა ისრაჱლისათა, ყოველი მოსაცემელი წმიდათა მათთა, და იყოს შუბლსა ზედა აჰრონისსა სამარადისოდ მითუალულად მათთჳს წინაშე უფლისა.
39 მოქსოვე სელის კვართი და გააკეთე სელის თავსაბურველი, სარტყელიც გააკეთე, ნაყშიანი. 39 დასკუნილნი სამოსელთაგან ბისონისაგან და ჰქმნა კიდარი ბისონისაჲ და სარტყელი ჰქმნა ნაქმარად ჭრელებულად.
40 აარონის შვილებსაც გაუკეთე კვართები, გაუკეთე სარტყელები და ქუდებიც გაუკეთე სადიდებლად და დასამშვენებლად. 40 და ძეთაცა აჰრონისთა უქმნე სამოსელნი და სარტყელნი და კიდარნი, უქმნნე მათ დიდებად და პატივად.
41 შემოსე ამ შესამოსელით შენი ძმა აარონი და მისი შვილები, ზეთი სცხე მათ, ხელი აუვსე და აკურთხე, რომ მღვდლობა გამიწიონ. 41 და შეჰმოსნე იგინი აჰრონს, ძმასა შენსა, და ძეთა მისთა მის თანა და სცხო მათ, და აღუვსნე მათ ჴელნი მათნი და განსწმიდნე იგინი, რათა მიმღდელობდენ მე.
42 გაუკეთე მათ ტილოს საწმერთული შიშველი ხორცის დასაფარავად, ბარძაყებამდე უნდა წვდებოდეს. 42 და უქმნნე მათ საწვივენი სელისანი დაფარვად უშუერებასა სარცხჳნელისა მათისასა, წელთაგან ბარკალსხჳლადმდე იყოს.
43 ჩაიცვამენ მას აარონი და მისი შვილები, როცა სადღესასწაულო კარავში შევლენ ან როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდებიან საწმიდარში მსახურებისთვის, რომ ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცონ. ეს არის სამარადისო წესი მისთვის და მისი შთამომავლობისთვის. 43 და ემოსნენ იგინი აჰრონს და ძეთა მისთა, რაჟამს შევიდოდიან კარავსა საწამებელსა, და ანუ რაჟამს შევიდოდიან მსახურებად საკურთხეველსა წმიდისა, და არა აღიღონ თავთა მათთა თანა ცოდვაჲ, რათა არა მოკუდენ შჯულად საუკუნოდ მისსა და თესლისა მისისა მის თანა.