ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს, ცხვარს. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორებს. 1 და მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორ სიმამრისა თჳსისათა მღდელისა მის მადიამელთასა და მოჰყვანდეს ცხოვარნი იგი უდაბნოდ და მოვიდა მთასა მას ღმერთისასა ქორებად.
2 გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს, ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი. 2 ეჩუენა მას ანგელოზი უფლისა ცეცხლითა ალისათა მაყლოვანით გამო, და იხილა, ვითარმედ მაყლოვანსა მას აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწვების.
3 თქვა მოსემ: მივალ და ვნახავ ამ დიდებულ სანახავს, რატომ არ იწვის მაყვლოვანი. 3 თქუა მოსე: წარვიდე და ვიხილო, ხილვა ესე დიდი რაჲ არს, რამეთუ მაყუალი არა დაიწუების?
4 დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად და დაუძახა ღმერთმა შუაგულ მაყვლოვანიდან: მოსე! მოსე! მიუგო: აქა ვარ. 4 ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ მოვალს ხილვად, უწოდა მას უფალმან მაყლოვანით გამო და ჰრქუა: მოსე, მოსე! ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს?
5 უთხრა: ახლოს ნუ მოხვალ! გაიძრე ფეხსამოსი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა. 5 ხოლო უფალმან თქუა: ნუ მოეახლები აქა! წარიჴადენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა სდგა შენ, ქუეყანა წმიდა არს.
6 უთხრა: მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა. 6 და თქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. გარე-მიიქცია პირი მისი მოსე, რამეთუ ეშინოდა მიხედვად წინაშე ღმრთისა.
7 თქვა უფალმა: ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისგან გამწარებულთა ღაღადი. რაკი გავიგე მისი გასაჭირი, 7 ჰრქუა უფალმან მოსეს: ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა, რომელ არს ეგჳპტეს შინა.
8 ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში. 8 და ღაღადებაჲ მათი მესმა საქმის მაწვეველთა მათგან, რამეთუ ვიცი იგი ჭირი მათი, და გარდამოვედ განრინებად მათა ჴელისაგან მეგჳპტელთასა, გამოყუანებად მათა მიერ ქუეყანით და შეყვანებად მათა ქუეყანასა კეთილსა და ფრიადსა, ქუეყანასა მას გამომადინებელსა სძისა და თაფლისასა, ადგილსა მას ქანანელთასა და ქეტელთასა, ამორეველთასა და ეველთასა, ფერეზელთასა და გერგესველთასა და იებოსელთასა.
9 აჰა, მოაწია ჩემამდე ისრაელიანთა ღაღადმა და ვიხილე მათი ჩაგვრა, როგორ ჩაგრავენ მათ ეგვიპტელები. 9 და აწ ესერა, ღაღადებაჲ ძეთა ისრაჱლისათა მოიწევის ჩემდა და მე ვიხილე ჭირი მათი, რომელსა ეგჳპტელნი აჭირვებდეს მათ.
10 ახლა გაგგზავნი ფარაონთან, რომ გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ერი, ისრაელიანები. 10 აწ უკუე მოვედ და მიგავლინო შენ ფარაოჲსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა, და გამოიყუანო ერი ჩემი - ძენი ისრაჱლისანი - ქუეყანით ეგჳპტით.
11 უთხრა მოსემ ღმერთს: მე ვინ ვარ, ფარაონთან რომ წავიდე და გამოვიყვანო ისრაელიანები ეგვიპტიდან? 11 და ჰრქუა მოსე ღმერთსა: ვინ ვარ მე, რამეთუ მივიდე ფარაოჲსა მეფისა მის ეგჳპტისა და გამოვიყუანნე ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით?
12 უთხრა: მე ვიქნები შენთან. ეს გქონდეს იმის ნიშნად, რომ ჩემი გაგზავნილი ხარ: როცა ეგვიპტიდან გამოიყვან ჩემს ერს, თაყვანი ეცით ღმერთს ამ მთაზე. 12 ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა, ვითარმედ: მე ვიყო შენ თანა და ესე იყავნ სასწაულად შენდა, რამეთუ მე მიგავლინო შენ, რათა გამოიყვანო ერი ჩემი ქუეყანით ეგჳპტით და ჰმსახურებდენ ღმერთსა მთასა ამას ზედა.
13 უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო? 13 და ჰრქუა მოსე ღმერთსა: აჰა ესერა, მე მივიდე ძეთა ისრაჱლისათა და ვჰრქუა მათ: ღმერთმან მამათა თქუენთამან მომავლინა მე თქუენდა და მკითხვიდენ, თუ რაჲ არს სახელი მისი, რაჲ ვჰრქუა მათ?
14 უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან. 14 და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ ღმერთი, მყოფი რომელი ვარ, და ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა.
15 კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე. 15 და ჰრქუა ღმერთმან მერმე კუალად მოსეს: ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან, ღმერთმან აბრაჰამისმან, ღმერთმან ისაკისმან და ღმერთმან იაკობისმან, მომავლინა მე თქუენდა. ესე არს სახელი ჩემი საუკუნე და საჴსენებელი ჩემი თესლითი თესლადმდე.
16 წადი, შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამა-პაპის ღმერთი, გამომეცხადა, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი და იაკობის ღმერთი, და მითხრა: მოგხედავთ თქვენ და თქვენს გასაჭირს ეგვიპტეში. 16 მი-რა-ხჳდე უკუე და შეკრიბენ მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათანი და არქუ მათ: უფალი ღმერთი მამათა თქუენთა მეჩუენა მე, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი და მრქუა მე: მოხედვით მოგხედო თქუენ და რაოდენი შეგემთხჳა თქუენ ეგჳპტეს.
17 ვთქვი: გამოგიყვანთ ეგვიპტის სატანჯველიდან და წაგიყვანთ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი. 17 და ვთქუ გამოყვანება თქუენი ბოროტის ყოფისაგან ეგჳპტელთასა და შეყვანებად ქუეყანასა მას ქანანელთასა და ქეტელთასა, ამორეველთასა, ფერეზელთასა და გერგესეველთასა და ეველთა და იებოსელთასა, ქუეყანასა მას მდინარისა სძისა და თაფლისა.
18 ერწმუნებიან შენს სიტყვას და მიხვალ ისრაელის უხუცესებითურთ ეგვიპტის მეფესთან; ეტყვით: უფალი, ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა. ახლა უდაბნოში გავალთ სამი დღის სავალზე, რომ მსხვერპლი შევწიროთ უფალს, ჩვენს ღმერთს. 18 და ისმინონ ჴმისა შენისა შეხჳდე შენ და მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი ფარაოჲსა, მეფისა ეგჳპტელთასა, და არქუ მას: უფალი ღმერთი ებრაელთა მიწესს ჩუენ, განვიდეთ უკუე გზისა სამისა დღისასა უდაბნოდ, რათა ვჰმსახუროთ ღმერთსა ჩუენსა.
19 ვიცი, არ გაგიშვებთ ეგვიპტის მეფე, თუ მაგარმა ხელმა არ აიძულა. 19 ხოლო მე ვიცი, რამეთუ არა განგიტევნეს, თქუენ გამოსლვად ფარაო, მეფემან ეგჳპტისამან, არა თუ ჴელითა მტკიცითა.
20 მოვიღერებ ხელს და დავსჯი ეგვიპტეს მთელი ჩემი სასწაულებით, რომლებსაც მოვახდენ მის შუაგულში. მხოლოდ ამის შემდეგ გაგიშვებთ იგი. 20 განვყო ჴელი ჩემი და ვსცე ეგჳტელთა ყოვლითა საკჳრველებითა ჩემითა, რაოდენი იყო მათ შორის, და ამისა შემდგომად განგიტევნეს თქუენ.
21 მადლს ვაპოვნინებ ეგვიპტელთა თვალში ამ ხალხს და როცა წასვლის დრო დაგიდგებათ, ხელცარიელი არ წახვალთ. 21 და მოვსცე მადლი ერსა ამას წინაშე მეგჳპტელთა და, რაჟამს გამოხჳდოდით, არა გამოხჳდეთ ცალიერნი.
22 ინათხოვრებს თქვენი დედაკაცი თავის მეზობლისგან და თავისი მდგმურისგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელს, სამოსელს და აჰკიდებთ თქვენს ვაჟებსა და ასულებს. ასე გაეცლებით ეგვიპტეს. 22 არამედ ითხოვენ დედაკაცმან მეზობლისაგან და შემყოფისა თჳსისა ჭურჭელი ვეცხლისაჲ და ოქროჲსა და სამოსელი და შეჰმოსეთ იგი ძეთა თქუენთა და ასულთა თქუენთა და გამოტყუენენით ეგჳპტელნი იგი.