1 |
დაინახა ხალხმა, რომ აგვიანებდა მოსე მთიდან
ჩამოსვლას, თავი მოიყარეს აარონთან და უთხრეს მას: ადექი და გაგვიკეთე
ღმერთები, რომლებიც წინ მიგვიძღოდნენ, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ
კაცს, მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა. |
1 |
და ვითარცა იხილა ერმან მან, რამეთუ დაყოვნა
მოსე გარდამოსლვად მიერ მთით, შეკრბა ერი იგი აჰრონის ზედა და ჰრქვეს მას:
აღდეგ და მიქმენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინაგჳძღოდიან ჩუენ, რამეთუ კაცსა
მას მოსეს, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ
შეემთხჳა მას. |
2 |
უთხრა მათ აარონმა: დახსენით ოქროს საყურეები
თქვენს ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს და აქ მომიტანეთ. |
2 |
და ჰრქუა მათ აჰრონ: გამოუღეთ საყურები ოქროჲსა ყურთაგან
ცოლთა თქუენთა და ასულთაგან თქუენთა და მომართვით აქა. |
3 |
დაიხსნა მთელმა ხალხმა საყურეები ყურებიდან და მიუტანა
აარონს. |
3 |
და გამოიჴადა ყოველმან ერმან საყურები ოქროჲსა ყურთაგან
მათთა და მოართვეს აჰრონს. |
4 |
გამოართვა აარონმა, საჭრეთელით გამოსახა სახე და ჩამოასხა
ხბო. თქვეს: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან
გამოგიყვანეს. |
4 |
და მოიღო იგი ჴელთაგან მათთა და გამოუქმნა იგი გამოწერით
და შექმნა ჴბო გამოდნობილად დასხმით. და თქვეს: ესე არიან ღმერთნი შენნი,
ისრაილ, რომელთა გამოგიყვანეს შენ ქუეყანით ეგჳპტით. |
5 |
ეს რომ დაინახა აარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინ.
გამოაცხადა აარონმა და თქვა: საუფლო დღესასწაულია ხვალ! |
5 |
და იხილა აჰრონ და უშენა საკურთხეველი წინაშე მისა და
ქადაგი განავლინა მათა აჰრონ და ჰრქუა: დღესასწაული არს უფლისაჲ ხვალე. |
6 |
მეორე დღეს დილაადრიანად ადგნენ და შესწირეს აღსავლენი და
მიიტანეს სამადლობელი მსხვერპლი. დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. მერე
ადგნენ და ცეკვა-თამაში გამართეს. |
6 |
და აღიმსთო ხვალისაგან და შეწირა მსხვერპლები. და მოიღო
შესაწირავი ცხორებისა და დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს
სიმღერად. |
7 |
უთხრა უფალმა მოსეს: ძირს ჩადი, რადგან გაირყვნა შენი
ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე. |
7 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: გარდაგვალე ადრე ამიერ,
რამეთუ უშჯულო იქმნა ერი შენი, რომელი გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით. |
8 |
მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე. ჩამოასხეს
ხბო, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ. ამბობენ: ესენი არიან,
ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს. |
8 |
და გარდაჴდეს ადრე გზისა მისგან რომელი ამცენ მათ, იქმნეს თავისა მათისა ჴბოჲ
გამოდნობილი და თაყუანის-სცეს მას და თქვეს: ესე არიან ღმერთნი შენნი, ისრაჱლ,
რომელმან აღმოგიყუანა შენ ქუეყანით ეგჳპტით. |
9 |
უთხრა უფალმა მოსეს: ვხედავ ამ ხალხს, თვითრჯული ყოფილა
ეს ხალხი. |
9 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: ვიხილე ერი იგი, აჰა, ერი ქედფიცხელი არს. |
10 |
ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და
გადავბუგო, შენ კი დიდ ხალხად გაგხადო. |
10 |
და აწ მიტევე მე და განვრისხნე გულისწყრომითა დიდითა. და აღვჴოცნე იგინი და გყო შენ
ნათესავად დიდად. |
11 |
ვედრება დაუწყო მოსემ უფალს, თავის ღმერთს და უთხრა:
რისთვის უნდა აინთო რისხვით, უფალო, ამ ხალხის მიმართ, რომელიც ეგვიპტიდან
გამოგიყვანია დიადი ძალითა და მაგარი მკლავით. |
11 |
და ევედრა მოსე უფალსა ღმერთსა და ჰრქუა: რაჲსათჳს განრისხნები ერსა შენსა ზედა
გულისწყრომითა შენითა, რომელი აღმოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ძალითა დიდითა და
მკლავითა მაღლითა? |
12 |
რისთვის უნდა ათქმევინო ეგვიპტეს, დასაღუპავად გაიყვანაო
ისინი, რომ მთებში ამოეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო. დაიცხრე რისხვა და
თავი შეიკავე ამ ხალხის დაღუპვისაგან. |
12 |
ნუუკუე თქუან მეგჳპტელთა მათ, ვითარმედ ზაკჳთ განიყვანა იგინი ღმერთმან მოწყვედად
მთათა ზედა და აჴოცად მათა ქუეყანით, დასცხერ რისხჳსაგან გულისწყრომისა შენისა და
ლხინება-ყავ უკეთურებისა მისთჳს ერისა შენისა. |
13 |
გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მორჩილნი,
რომელთაც შენ თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებთ
შთამომავლობას და მივცემ მთელს ამ აღთქმულ მიწას თქვენს შთამომავლობას, რომ
სამარადისოდ დაიმკვიდრონო. |
13 |
მოიჴსენე აბრაჰამისი, ისაკისი და იაკობისი, მსახურთა შენთა, რომელთა-იგი ეფუცა
თავისა შენისა, ეტყოდე და ჰრქჳ: ფრიად განვამრავლო ნათესავი თქუენი, ვითარცა
ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა და ყოველი ესე ქუეყანაჲ, რომელ სთქუ, მიცემად
ნათესავსა მათსა, და დაიპყრან იგი უკუნისამდე. |
14 |
გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება თავის ერს. |
14 |
და ლხინებაჲ-ყო ბოროტისა მისთჳს ერისა, რომელ თქუა ყოფად მათდა. |
15 |
პირი იბრუნა მოსემ და ჩამოვიდა მთიდან, ხელში აღთქმის ორი
ფიქალი ეჭირა, ორსავე მხარეს ნაწერი ფიქალები. აქეთაც და იქითაც წარწერები
იყო. |
15 |
მოიქცა მოსე და გარდამოვიდოდა მიერ მთით და ორნი იგი ფიცარნი წამებისანი ჴელთა
მისთა, ფიცარნი ქვისანი, რომელნი წერილ იყო ორკერძოვე (იმიერ და ამიერ). |
16 |
ღვთის ნაკეთები იყო ეს ფიქალები, წარწერაც ღვთისა იყო,
ფიქალებზე ამოკვეთილი. |
16 |
ფიცარნი იგი ქნულნი ღმრთისანი იყვნეს და წერილი იგი იყო წერილი ღმრთისაჲ გამოდგმულ
ფიცართა მათ. |
17 |
მოესმა იესოს ხალხის ხმაური და უთხრა მოსეს: საომარი
ყიჟინაა ბანაკში. |
17 |
და ესმა ისოს, ძესა ნავესასა, ჴმაჲ იგი ერისა მის და ჰრქუა მოსეს: ჴმაჲ ბრძოლისა
მესმის ბანაკსა მას. |
18 |
თქვა მოსემ: ეს არც გამარჯვების ყიჟინაა და არც
დამარცხების ზარი, არამედ სიმღერის ხმები მესმის. |
18 |
და ჰრქუა: არა არს ჴმაჲ ესე მთავართაგან ძლევისა, არამედ ჴმაჲ განცხრომისა. |
19 |
როგორც კი მიუახლოვდა ბანაკს და დაინახა ხბო და როკვა,
რისხვით აღინთო მოსე და ხელიდან გააგდო ფიქალები და მიამსხვრია მთის ძირას. |
19 |
და ვითარცა მოეახლა ბანაკსა მას, იხილა ჴბოჲ იგი და მწყობრი და განრისხნა მოსე
გულისწყრომითა და განუტევა ჴელთაგან თჳსთა ორნი იგი ფიცარნი და შემუსრნა იგინი
მთასა მას ქუეშე. |
20 |
აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, მტვრად აქცია,
წყალს მოაფრქვია და ისრაელიანებს შეასვა. |
20 |
და ჴბოჲ იგი, რომელ ქმნეს, დაწვა იგი ცეცხლითა, დამუსრნა წვლილად და შთააბნია იგი
წყალსა და ასვა იგი ძეთა ისრაჱლისათა. |
21 |
უთხრა მოსემ აარონს: რა დაგიშავა ამ ხალხმა, ასეთ დიდ
ცოდვაში რომ ჩააგდე. |
21 |
და ჰრქუა მოსე აჰრონს: რაჲ გიყო ერმან ამან, რამეთუ მოაწიე მათ ზედა ცოდვაჲ დიდი. |
22 |
უთხრა აარონმა: რისხვით ნუ აინთება ჩემი ბატონი. შენც
იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი. |
22 |
და ჰრქუა აჰრონ მოსეს: ნუ განრისხნები, უფალო, რამეთუ შენ უწყი სლვა ერისა ამის. |
23 |
მითხრეს: გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც მიგვიძღოდნენ წინ,
რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ მოსეს, კაცს, რომელმაც ეგვიპტიდან
გამოგვიყვანა. |
23 |
რამეთუ მრქუეს მე: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინამიძღოდიან ჩუენ. რამეთუ მოსე,
კაცი იგი, რომელმან გამომიყვნა ჩუენ ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას. |
24 |
მე ვკითხე: ვისა გაქვთ ოქრო? მათაც მოიხსნეს და მე
ჩამაბარეს; ცეცხლში ჩავყარე და ეს ხბო გამოვიდა. |
24 |
და ვარქუ მათ: ვის აქუს ოქროჲ, გამოიღენ. და მომცეს მე და შევაბნიე ცეცხლსა და
გამოჰჴდა ჴბო ესე. |
25 |
დაინახა მოსემ, რომ გახელებული იყო ეს ხალხი, რომ გაახელა
იგი აარონმა მისი მტრებისგან ყბადასაღებად. |
25 |
და ვითარცა იხილა მოსე ერი, რამეთუ განქარდეს და რამეთუ განაქარვა იგინი აჰრონ
მოსაცხრომელად მტერთა მათთა. |
26 |
ჩადგა მოსე ბანაკის ჭიშკარში და თქვა: ვინც უფლისაა,
ჩემთან! და შეგროვდნენ მასთან ლევიანები. |
26 |
დადგა მოსე ბჭეთა თანა ბანაკისათა და თქუა: ვინ არს უფლისა კერძო, მოვედინ ჩემდა.
და შეკრბეს მისა ყოველნი ძენი ლევისანი. |
27 |
უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი
შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა,
მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი. |
27 |
და ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: შეიბ კაცად-კაცადმან მახჳლი
წელთა მისთა და განვლეთ და მოაქციეთ ბჭით ბჭედ ბანაკისა მაგისაგან და მოკალნ
კაცად-კაცადმან ძმა თჳსი და კაცად-კაცადმან მოყუასი თჳსი და კაცად-კაცადმან
მახლობელი თჳსი. |
28 |
მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, სამი ათასამდე
კაცი გაწყდა იმ დღეს. |
28 |
და ყვეს ძეთა ლევისათა, ვითარცა ეტყოდა მათ მოსე და დაეცნეს მას დღესა შინა
ოცდასამი ათასი კაცი. |
29 |
თქვა მოსემ: აივსეთ ხელი დღეს უფლისათვის, რადგან კაცი
თავისი ძითა და ძმით არის, რათა კურთხევა გადმოვიდეს დღეს თქვენზე. |
29 |
და ჰრქუა მათ მოსე: აღასრულეთ ჴელითა თქუენითა დღეს უფლისა მიმართ კაცად-კაცადმან
ძესა თჳსსა ზედა და ძმასა მოცემად თქუენდა კურთხევისა. |
30 |
მეორე დღეს უთხრა მოსემ ხალხს: დიდი ცოდვა გაქვთ
ჩადენილი. ახლა ავალ უფალთან, ვინძლო ვაპატიებინო თქვენთვის ეს ცოდვა. |
30 |
და იყო ხვალისაგან და ჰრქუა მოსე ერსა მას: თქვენ სცოდეთ ცოდვა დიდი და აწ აღვიდე
მე ღმრთისა, რათა გილხინოს ცოდვათა თქუენთათჳს. |
31 |
დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ
ხალხმა: ოქროს ღმერთები გაიკეთა. |
31 |
მიაქცია მოსე უფლისა და ჰრქუა: გევედრები, უფალო, ცოდა ერმან ამან ცოდვა დიდი და
იქმნეს თავისა თჳსისა კერპნი ოქროჲსანი და აწ მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა,
მიუტევენ. |
32 |
ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი
დაწერილი წიგნიდან. |
32 |
უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე. |
33 |
უთხრა უფალმა მოსეს: ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი
წიგნიდან. |
33 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: რომელმან ცოდა, აღვჴოცე იგი წიგნისაგან ჩემისა. |
34 |
ახლა წადი და წაიყვანე ხალხი, სადაც გითხარი. აჰა, ჩემი
ანგელოზი წაგიძღვება წინ. განკითხვის დღეს მოვკითხავ მათ ცოდვებს. |
34 |
ხოლო აწ ვიდოდე და წარუძეღუ ერსა მაგას ადგილსა მას, რომელსა გარქუ შენ. აჰა ესერა,
ანგელოზი ჩემი წარგიძღვეს წინაშე პირსა შენსა, რომელსა დღესა მოვხედო, მოვჴადო მათ
ზედა ცოდვა მათი. |
35 |
დასაჯა ხალხი უფალმა იმის გამო, რომ გააკეთეს ხბო,
რომელიც აარონმა გააკეთა. |
35 |
და მოვსრა მე უფალმან ერისა მისგან ჴბოჲსა მის საქმისათჳს, რომელი-იგი ქმნა აჰრონ. |