ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი ოცდამეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გააკეთა ურთხელისგან აღსავლენის სამსხვერპლო, სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, ოთხკუთხედი, სიმაღლით სამი წყრთა. 1 ქმნა საკურთხეველი იგი რვალისაჲ (საცეცხურთა მათგან რვალისათა, რომელნი იყვნეს კაცთა მათ მის მკრებელთაჲ კრებულისა მის კორესისა) ძელთაგან ულპოლველთა, ხუთ წყრთა- სიგრძე მისი და ხუთ წყრთა - სივრცე მისი ოთხკუთხედად და სამ წყრთა - სიმაღლე მისი.
2 გაუკეთა რქები ოთხსავე კუთხეში - მისგანვე გამოდიოდა რქები - და სპილენძით მოჭედა. 2 და ქმნა რქანი მისნი ოთხთა მათ კიდეთა მისთასა, დასაწყისითვე მისით იყვნეს რქანი მისნი და შემოსნა იგინი რვალითა.
3 დაამზადა სამსხვერპლოს მთელი ჭურჭლეუობა: ქვაბები, აქანდაზები, სასხურებლები, ჩანგლები და მაშები; მთელი მისი ჭურჭელი სპილენძისგან გააკეთა. 3 ამან ქმნა ყოველივე იგი სასანოვაგე ჭურჭელი საკურთხეველისაჲ, ხარისხი მისი და საცეცხური მისი, ფიალები მისი და ფუცხები მისი რვალისაჲ.
4 დაუყენა სამსხვერპლოს ცხაური, სპილენძისა, დის მაგვარი, ქვემოდან მის ნახევრამდე. 4 ამან ქმნა გარემოსადგმელი იგი საკურთხეველისაჲ, ქმნული კანკლედად ქვეშე საცეცხურისა მის ქვემორე ვიდრე საშუალამდე მისა.
5 ჩამოასხა ოთხი რგოლი სპილენძის ცხაურის ოთხივე კუთხისთვის კეტების გასაყრელად. 5 და განასხნა მას ოთხნი გრკალნი რვალისანი ოთხთა მათ კიდეთა გარემოსადგმელისა მის საკურთხეველისათა რვალისანი.
6 ურთხელისგან გააკეთა კეტები და სპილენძით მოჭედა. 6 და ქმნა სალხინებელი ძელთაგან ულპოლველთასა და შემოსა იგი რვალთათა.
7 გაუყარა კეტები რგოლებში სამსხვერპლოს გვერდებზე, რომ მისი ტარება შეძლებოდათ. ღრუ გააკეთა იგი, ფიცრებისგან. 7 და შეაცვნეს გრკალნი ტაბლისა მის კერძო აღსაღებელად ტაბლისა, მათ მიერ ყოვლითურთ ფიცრითა შეძერწული, და ქმნა შინაგანი მისი ცალიერ.
8 გააკეთა სპილენძის საბანელი სპილენძისავე კვარცხლბეკითურთ, დედაკაცთა სარკეებისგან, რომლებიც მოჰქონდათ მათ სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. 8 ამან ქმნა საბანელი იგი რვალისაჲ და ხარისხი მისი რვალი სარკეთა მათგან მმარხველთა დედათაჲსა, რომელნი იმარხვიდეს წინაშე კართა მის კარვისა საწამებელისათა დღესა მას, რომელსა აღმართა კარავი იგი.
9 მოაწყო ეზო; სამხრეთის მხარეს ეზოს ფარდები გრეხილი სელისგან იყო - ასი წყრთა. 9 და ჰქმენი ეზოჲ იგი სამხრით კერძო და წალაები იგი მისი ზეზისაგან ძახილისა, ას წყრთა - სიგრძე, ასი - სივრცე.
10 მისი ოცი სვეტი და ოცი ფეხი სპილენძისგან, სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისგან. 10 სუეტები მათი - ოც და ხარისხები მათი - ოც რვალისაჲ, გარემოჲს სუეტები და სუეტების თავი - ვეცხლისა.
11 ჩრდილოეთ მხარეს ასი წყრთა ფარდა; მისი ოცი სვეტი და ოცი ფეხი სპილენძისა, სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისა. 11 და გვერდი იგი ბღუარით კერძო და გარემოჲს სუეტის თავნი შეძერწულ ვეცხლითა.
12 დასავლეთ მხარეს ორმოცდაათი წყრთა ფარდა; მისი ათი სვეტი და ათი ფეხი; სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისგან. 12 და გვერდი იგი ზღუდით კერძო, ეზოები - ერგასის წყრთა, სუეტები მათი - ათ და ხარისხები მათი - ათ და გარემოჲს სუეტთა და სუეტის თავნი - შეძერწულ ვეცხლითა.
13 აღმოსავლეთ მხარეს ორმოცდაათი წყრთა ფარდა. 13 და გვერდი იგი - აღმოსავალით კერძო ერგასის წყრთა, ეზოჲ წარმოსატევებელ.
14 თხუთმეტი წყრთა ფარდა ერთ ფრთაზე; მისი სამი სვეტი სამი ფეხითურთ. 14 ათხუთმეტ წყრთა სამხრით კერძოჲსა, სუეტები მათი - სამ და ხარისხები მათი - სამ.
15 მეორე ფრთისათვის, ეზოს კარის ორსავე მხარეს, აქეთ და იქით თხუთმეტი წყრთა ფარდა; მისი სამი სვეტი სამი ფეხითურთ. 15 და ზურგით კერძოჲსა მას მეორესა ამიერ და იმიერ ბრჭისა მისებრვე ეზოჲსა, ეზოები ათხუთმეტ წყრთით და სვეტები მათი - სამ და ხარისხები მათი - სამ.
16 ეზოს ყველა ფარდა მისი ირგვლივ გრეხილი სელისა იყო. 16 და ყოველი იგი ეზოჲსა მის კარვისა გარემოს ზეზსაგან ძახილისა.
17 სვეტების ფეხები სპილენძისა, სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისა, თავები ვერცხლით მოჭედილი, ეზოს ყველა სვეტი ვერცხლის სამაგრებით იყო დამაგრებული. 17 და ხარისხები სუეტებისა მის რვალისაჲ, და იდაყუნი მათნი ვეცხლისანი, და სუეტის თავნი მათნი - შემოსილნი ვეცხლითა და სუეტნი მისნი - შემოსილ ვეცხლითა.
18 ეზოს კარის ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქარგებიანი ქსოვილისა და გრეხილი სელისა იყო - სიგრძით ოცი წყრთა, სიმაღლით ხუთი წყრთა მთელს სიგანეზე ეზოს ფარდების შესაბამისად. 18 ყოველივე სვეტები ეზოჲსა მის და დასახურველი ბჭისა მის ეზოჲსაჲ - ქმნული ჭრელებულად იაკინთისაგან და ძოწეულისა და მეწამულისა სთულისა და ზეზისა ძახილისა, ოც წყრთა - სიგრძე და სივრცე - ათხუთმეტ წყრთა, სწორედ ეზოებისა მის წარმოსატევებელისა ეზოჲსა დიდისა.
19 მისი ოთხი სვეტი ოთხი ფეხითურთ სპილენძისა, ვერცხლის კაუჭები, თავები ვერცხლით მოჭედილი და ვერცხლის სამაგრები. 19 და სუეტები მათი ოთხ და ხარისხები მათი ოთხ, რვალისა, და იდაყუები იგი მათი ვეცხლისა და სვეტის თავნი შემოსილი ვეცხლითა.
20 სავანისა და ეზოს ირგვლივ ყველა პალო სპილენძისა იყო. 20 და ყოველი სუეტები კარვისა გარემოჲს რვალისა.
21 აჰა, სავანის, მოწმობის სავანის ანგარიში, რომელიც ნაანგარიშევი იყო მოსეს ბრძანებით - ლევიანთა მთელი სამუშაო ითამარ აარონის ძის, მღვდლის, ხელმძღვანელობით. 21 და ესე არს ბრძანებისა განწესებაჲ კარვისა მის საწამებელისაჲ, ვითარცა-იგი ბრძანებაჲ მოსცა მოსეს მსახურებისა მის ყოფაჲ ლევიტელთა ითამარის მიერ, ძისა აჰრონის მღდლისაჲთა,
22 ბეცალიელმა ძემ სურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან, გააკეთა ყველაფერი, რაც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. 22 ბესელიელ, ძემან ურისმან, ტომისაგან იუდაჲსმან, ქმნა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
23 მასთან ერთად ოჰოლიაბ ახისამაქის ძემ, დანის შტოდან, ხარატმა, მქსოველმა და მქარგველმა ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისა და სელისა. 23 და ელიაბ, ძე აქისმაქისი, ტომისაგან დანისა, რომელი ხუროთმოძღურებდა ქსოვილსა მას, და ნემსულსა და ჭრელსა ქსოვად მეწამულსა და ზეზსა.
24 მთელი ოქრო, რაც დაიხარჯა საწმიდრის ყველა საქმეზე, მთელი შემოწირული ოქრო ოცდაცხრა ქანქარი და შვიდას ოცდაათი შეკელი იყო, საღვთო შეკელით. 24 ყოველი ოქროჲ, რომელი შეემსახურა საქმესა მას ყოვლისა მისებრ საქმისა წმიდათასა, იყო ოქროჲ მის შესაწირავისაჲ ოცდაცხრა ქანქარი და შვიდას და ოცდაათ სიკილა სიკილითა მით წმიდითა.
25 ხოლო ვერცხლი მთელი საზოგადოებისა, რაც დათვლილი იყო, შეადგენდა ას ქანქარს და ათას შვიდას სამოცდათხუთმეტ შეკელს საღვთო შეკელით. 25 და ვეცხლი შეწირული აღრაცხილთა მათგან კაცთა კრებულისათა (ასი ქანქარი და ათას შვიდას და სამეოცდაათხუთმეტ სიკილა დიდრაჰქმაჲ ერთი, თავად-თავად ნაზოგალი სიკილისაჲ, სიკილითა მით წმიდითა), ყოველი, რომელი წარმოვიდოდა ახილვასა მას, ოცის წლითგან და უზეშთაესი ექუსასი ბევრისა სამ ათას ხუთას ერგასის.
26 თითოეულისგან ერთი ბეკაყი, ანუ ნახევარი შეკელი საღვთო შეკელით, ყველასგან, ვინც კი აღრიცხული იყო ოცი წლიდან ზემოთ, სულ ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი კაცისგან.    
27 ასი ქანქარი ვერცხლი მოხმარდა საწმიდრის ფეხების და ფარდის ფეხების ჩამოსხმას; ასი ფეხი ასი ქანქარისგან, თითო ქანქარი თითო ფეხისთვის. 26 და იყო ასი იგი ქანქარი ვეცხლისაჲ გამოსადნობელად და სხმით სუეტის თავებად კარვისა მის და სუეტის თავად კრეტსაბმელისა და ასი სუეტის თავები ასისა მის ქანქარისაჲ.
    27 ქანქარი ას და ერთი იყო სუეტის თავი ერთი.
28 ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელი ვერცხლისგან გააკეთა სვეტების კაუჭები, მოუჭედა თავები და სამაგრები გაუკეთა. 28 და ათას შვიდას სამეოცდაათხუთმეტი სიკილაჲ ქმნეს იდაყვებად სუეტებისა მის, და ოქროცხებულ სუეტის თავები იგი შეემკო.
29 შემოწირული სპილენძი იყო სულ სამოცდაათი ქანქარი და ორიათას ოთხასი შეკელი. 29 და რვალი იგი შესაწირავისაჲ სამეოცდაათი ქანქარი იგი და ორ ათას ოთხასი სიკილაჲ.
30 გააკეთა მისგან ფეხები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, სპილენძის სამსხვერპლო სპილენძისავე ცხაურითურთ და სამსხვერპლოს მთელი ჭურჭლეული. 30 ქმნა მისგან ხარისხები იგი ბჭეთა მათ კარვისა მის საწამებელისათა ტაბლა პილენძისა ღა მარჯუენით კერძო ტაბლისა მის პილენძისა და ყოველივე ტაბლა და ხარისხნი გარეგან კრეტსაბმელისად.
31 ფეხები ეზოს ირგვლივ სვეტებისთვის და ეზოს კარის ფეხები, სავანის ყველა პალო და ეზოს ირგვლივ ყველა პალო. 31 და ხარისხები ბჭეთა მის ეზოჲსთა და ყოველი მანაებად კარვისა მის და მანაებად ეზოსა მის გარემოჲს და მოსადგმელი იგი იაკინთისა და ძოწეულისა და მეწამულისა სთულისა.