ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გოდება იერემიასი

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მე ვარ კაცი, ტანჯვის მნახველი მისი რისხვის კვერთხის ქვეშ;

45

ალეფ. მე, კაცი მხედველი სიგლახაკისაჲ კუერთხითა გულისწყრომისა მისისაჲთა.

2 წამიძღვა და მივყავდი ბნელისკენ, არა ნათლისკენ; 45a შემიწყნარა მე და წიაღმიმიყვანა ბნელსა და არა ნათელსა,
3 მხოლოდ ჩემკენ იღერებს და იღერებს ხელს მთელი დღე იგი; 45b რამეთუ ჩემ ზედა მოაქცია, შეცვალა ჴელი მისი ყოველსა დღესა.
4 გამიცვითა მან ხორცი და კანი, შემიმუსრა ძვლები; 46 ბეთ. განკაფნა ჴორცნი ჩემნი და ტყავი ჩემი. ძუალნი ჩემნი დამუსრნა სრულიად.
5 შემომადგა და შემომარტყა ტანჯვა და წამება; 46a აღაშენა ძჳნად ჩემდა, და მომიცვა გარე, თავი ჩემი.
6 ჩამსვა წყვდიადში საუკუნოდ მკვდარივით; 46b რუდუნეულ-ყო, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარნი საუკუნენი.
7 ზღუდე შემომავლო და ვერ გავდივარ, დამიმძიმა ბორკილები; 47 გიმელ. აღეშენა მონად ჩემდა და არა განვიდე, დაამძიმა უღელი ქედისა ჩემისა.
8 კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის აბრკოლებს ჩემს ვედრებას; 47a და თუმცა რამეთუ ღაღად-ვყო და ვჴმობდე, დააყენა ლოცვა ჩემი.
9 გზა ჩამიხერგა ლოდებით და დამიხლართა ბილიკები; 47b და ყუნა გზანი ჩემნი მარმაროჲთა, და ალაგნი ჩემნი განრყუნნა.
10 დათვია ის ჩემთვის, საფარში მჯდარი, და ლომი, დადარნებული; 48 დალეთ. და თუ დადარანებულ მექმნა მე იგი, ვითარცა დათჳ დადარანებული და ვითარცა ლომი ფარულსა შინა,
11 გზებს გადამაგდინა და გამწეწა, ცარიელი დამტოვა; 48a მდევნა მე განშორებულსა და განმჭრა მე, დამდვა მე უჩინოქმნილად.
12 მოზიდა მშვილდი და ისართა სამიზნედ დამსვა; 48b გარდააცუა მშჳლდსა თჳსსა და გამწონა მე, ვითარცა განი, საისრედ.
13 გულ-ღვიძლში გამიტარა თავისი კაპარჭის ამონასხლეტი; 49 ჱე. შეაწონა თირკმელთა ჩემთა გესლი კაპარჭთა მისთა,
14 ქვეყნის ხალხის სასაცილო შევიქენი, მათ სამღერელად მთელი დღისთვის; 49a ვექმენ საცინელ ყოველსა ერსა, გასაცხრომელ ვიყავ მათა მარადღე.
15 სიმწარით გამაძღო და აბზინდა შემასვა; 49b განმაძღო მე სიმწარითა, დამათრო მე ნავღლითა.
16

კბილები ჩამილეწა ხრეშით, მტვერში გამთელა;

50 ოავ. აღმოფხურნა ქვითა კბილნი ჩემნი. და მაჭამა მე ნაცარი.
17 მშვიდობა წაართვი ჩემს სულს, დამავიწყდა კეთილდღეობა; 50a

და განაყენა მშჳდობისაგან სული ჩემი, დამავიწყდა მე კეთილი.

18 ვთქვი: წამერთვა ღონე და უფლის იმედი; 50b და ვთქუ: წარწყმდა ძლევა ჩემი და სასოებაჲ ჩემი უფლისა მიერ.
19 გაიხსენე ჩემი განჯვა და ჩემი სიმწარე, აბზინდა და შხამი; 51 ზაინ. მოვიჴსენე სიგლახაკისაგან ჩემისა და დევნულებისაგან სიმწარისა ჩემისა და ნავღლისა ჩემისა.
20 კარგად ვიხსენებ ამას და მიღონდება სული; 51a ჴსენებით მოვიჴსენენ იგინი. და დადნეს სული ჩემი ჩვენ ზედა.
21 ასე ვპასუხობ ჩემს გულს, რადგან მაქვს იმედი; 51b ესე დავიდვა გულსა ჩემსა. ამისთჳს ვესავ მას.
22 არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები; 52 ჱეთ. წყალობანი უფლისანი მრავალ არიან. არ მომაკლო მე, რამეთუ არ აღესრულნეს მოწყალებანი მისნი.
23 განახლდება ყოველ სისხამზე, დიდია შენი იმედი. 52a განაახლენ იგინი, ვითარცა ცისკარი, განთიადისა. განმრავლდა სარწმუნოებაჲ შენი განთიადთა.
24 ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომაც იმედი მაქვს მისი; 52b ნაწილ ჩემდა უფალი, - თქუა სულმან ჩემმან, - ამისთჳს დაუთმობ მას.
25 კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის; 53 ტეთ. სახიერ უფალი მოთმინეთა მისთათჳს, სულმან რომელმან იძიოს იგი.
26 კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან; 53a კეთილ არს დათმენაჲ და სასოებაჲ მაცხოვარებისა უფლისაჲ.
27 კარგია, როცა კაცი უღელს ატარებს სიჭაბუკეში; 53b კეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე.
28 ზის სიმარტოვეში და სდუმს, რადგან უფალმა დაადო ტვირთი; 54 იოთ. დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს, რამეთუ აღიღო თავსა ზედა თჳსსა უღელი მძიმე.
29 მტვერითაც რომ აუვსო პირი, მაინც ექნება უფლის იმედი; 54a მისცა მიწასა პირი თჳსი, უკეთუ არს სასოება თმენისა.
30 თუნდაც მიუშვიროს ლოყა მის მცემელს, გაძღეს გინებით; 54b მისცეს მცემელსა მისსა ღაწჳ, განძღეს ყუედრებათა მიერ,
31

არ გასწირავს საუკუნოდ უფალი;

55 ხაფ. რამეთუ არა საუკუნომდე განიშოროს უფალმან,
32 კიდეც დასტანჯავს და კიდეც შეიბრალებს დიდი წყალობით; 55a

რამეთუ დამამდაბლებელმან შეიწყალოს სიმრავლისაებრ წყალობისა მისისა.

33 რადგან გულით როდი სტანჯავს და აწვალებს კაცისშვილებს, 55b არა მიუგო გულით გამო თჳსით და დაამდაბლნა ძენი კაცთანი.
34 როცა ფეხქვეშ თელავენ ქვეყნის პატიმრებს, 56 ლამედ. დამდაბლებად ქუეშე ფერჴთა მისთა ყოველთა კრულთა ქუეყანისათა,
35 როცა სამართალს უმრუდებენ კაცს უზენაესის წინაშე, 56a განდრეკად მშჯავრსა კაცისასა წინაშე პირსა მაღლისასა,
36 როცა ჩაგრავენ ადამიანს მის სამართალში, განა ამას ვერ ხედავს უფალი? 56b დაშჯად კაცი სასჯელსა შინა თჳსსა, უფალმან არა იხილა.
37 ვის თქმაზე აღსრულდება რამე, თუ უფალმა არ ბრძანა? 57 მემ. ვინ ესრეთ თქუა და იქმნა? უფალმან არა ამცნო.
38 განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე? 57a პირისაგან მაღლისა არა გამოვიდენ ძჳრნი და კეთილნი.
39 რატომ ჩივის ცოცხალი კაცი, ვაჟკაცი, თავის ცოდვებზე? 57b რად დრტჳნავს კაცი ცოცხალი და მამაკაცი ცოდვისათჳს მისისა.
40 გავჩხრიკოთ ჩვენი საქციელი, გავარკვიოთ და უფალს დავუბრუნდეთ; 58 ნონ. გამოძიებულ იქმნა გზაჲ ჩუენი და გაიკითხა და მოვიქცეთ უფლისა მიმართ.
41 ხელებით აღვმართოთ ჩვენი გული ცაში უფლისადმი: 58a აღვიხუნეთ გულნი ჩუენნი მაღლისა მიმართ ჴელთა ჩუენთა დამკჳდრებულისა ცასა შინა.
42 ჩვენ შევცოდეთ და განვდექით, შენ არ გვაპატიე; 58b ჩუენ ვცოდეთ, და უსჯულო ვიქმნენით და შენ არა ლხინება-ჰყავ.
43 რისხვით მოიბურე და გვდევნი, გვხოცავ შეუბრალებლად; 59 სამეხ. ზედდაგუფარენ, გულისწყრომითა წარმდევნენ ჩუენ, მომკლენ და არა გუერიდე.
44 ღრუბლით მოიბურე, რომ აირიდო ჩვენი ლოცვები; 59a ზედდაჰბურე ღრუბელი მტკიცე თავსა შენსა ლოცვისათჳს წუხვად ჩემდა და განგებად,
45 ნაგვად და სიბინძურედ გვაქციე ხალხთა შორის; 59b სასიტყუელად და საზრახველად გუყვენ ჩუენ შორის ერსა,
46 ხახა დააღეს ჩვენს ჩასანთქმელად ჩვენმა მტრებმა; 60 ჳე. აღაღეს ჩუენ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა ჩუენთა,
47 შიში და საფრთხე გვხვდა წილად, ნგრევა და დაღუპვა; 60a

შიში და დასულება შეგუემთხჳა ჩუენ, აფხურა და შემუსრვა.

48 ცრემლის ნაკადულები სდის ჩემს თვალებს ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო; 60b გარდამოსაქანელნი წყალთანი გარდამოადინნეს თუალთა ჩემთა შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა.
49 იღვრება ჩემი თვალი განუწყვეტლივ, არ არის შვება; 61 აინ. თუალთა ჩუენთა ეურვების და არა დასცხრენ. ნუ იყოფინ ქარვება,
50 ვიდრე არ მოხედავს და არ იხილავს უფალი ციდან; 61a ვიდრე არა გარდამოიხილოს და იგულოს ზეცით.
51 ჩემი თვალები სულს მიდარდიანებენ ჩემი ქალაქის ასულთა გამო; 61b თუალთა ჩემთა მოაკლდა სულსა თანა ჩემსა უმეტეს ყოველთა ასულთა ქალაქისა ჩემისათა.
52 მომინადირეს ჩემმა მტრებმა როგორც ჩიტი რამ, უმიზეზოდ; 62 სადე. მომნადირებელთა მომინადირეს, ვითარცა სირი მედად, მტერთა ჩემთა.
53 ცოცხლად ჩამაგდეს ორმოში და ქვები დამაყარეს; 62a მოაკუდინა მღჳმესა შინა ცხორებაჲ ჩემი და ზედდადვა ლოდი ჩემ ზედა.
54 გადამფარა წყალმა, ვთქვი, დავიღუპე-მეთქი; 62b ზეშთაგარდაეცა წყალი თავსა ზედა ჩემსა, ვთქუ: განმაგდე მე.
55 ვუხმე შენს სახელს, უფალო, ორმოს სიღრმიდან; 63 კოფ. ვხადე სახელსა შენსა, უფალო, მღჳმისაგან უქუეშისა.
56 ხომ მოგესმა ჩემი ხმა, ნუ წაუყრუებ ჩემს ხვეწნა-ვედრებას; 63a ჴმისა ჩემისა გესმა. ნუ დაჰფარავ ყურთა შენთა ვედრებისამო ჩემისა და ღაღადებისა.
57 შენ ახლოს ხარ, როცა გიხმობ; ამბობ: ნუ გეშინის! 63b შეწევნად ჩემდა მოეახლა დღე, რომელსა გხადე შენ. მარქუ მე: ნუგეშინინ.
58 შენ ესარჩლებოდი ჩემს სულს, უფალო, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე! 64

რეს. საჯენ, უფალო, სასჯელნი სულისა ჩუენისანი, იჴსენ ცხორება ჩემი.

59 შენ დაინახე ჩემი ჩაგვრა, უფალო, მაშ, გაიკითხე ჩემი სამართალი! 64a იხილენ, უფალო, აღძრვანი ჩემნი, საჯე სასჯელი ჩემი.
60 შენ დაინახე მათი შური ჩემს მიმართ, მათი ზრახვები ჩემს წინააღმდეგ! 64b იხილე ყოველი შურისძიებაჲ მათი და ყოველნი გულისზრახვანი მათნი ჩემ ზედა.
61

შენ გაიგონე მათი გინება, უფალო, მათი ზრახვები ჩემს წინააღმდეგ!

65 სინ. მესმა ყუედრება მათი, უფალო, ყოველნი გულისზრახვანი მათნი ძალად ჩემდა.
62 ჩემს მომხდურთა ბაგეები და ფიქრები ჩემს წინააღმდეგ არის მთელი დღე; 65a ბაგენი ზედაღდგომილნი ჩემნი და წურთანი მათნი ძჳნად ჩემდა დღე ყოველ,
63 სხედან თუ დგანან, შეხედე, მათი სამღერელი შევიქენი; 65b დაჯდომასა მათსა ზედამოიხილე. მე ვიქმენ საჭრტინავ მათდა.
64 მიაგე მათ საზღაური, უფალო, მათ ხელთა საქმეთაებრ! 66 თავ. იხილე ამპარავანება სულთა მათთა და მიაგე მათ, უფალო, მისაგებელი, უფალო, მახე გულისა მათისაჲ,
65 მოუვლინე მათ გულის სიბნელე, უფალო, და წყევლა შენი! 66a საქმეთაებრ ჴელთა მათთაჲსა მიაგე მათ. შეწევნა გულისა ჩემისა რუდუნება მათდა.
66 რისხვით დაედევნე მათ და მუსრი გაავლე უფლის ცისქვეშეთში! 66b შენ იგინი სდევნნე რისხვითა და მოასრულნე იგინი ქუეშე კერძო ცისა, უფალო.