ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გოდება იერემიასი

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როგორ დაიბინდა ოქრო, ფერი იცვალა ბაჯაღლომ; გაფანტულია საწმიდრის ქვები ყოველ გზაჯვარედინზე;

67

ალეფ. ვითარ მრუმე იქმნას ოქროჲ, შეიცვალოს ვეცხლი კეთილი, განითხინეს ქვანი წმიდანი დასაბამთა ზედა ყოველთა გამოსავალთასა.

2 ოქროს სწორი, სიონის ძვირფასი ძენი, როგორ შეირაცხნენ მექოთნის ნაზელ თიხის ნამტვრევებად! 68 ბეთ. ძენი სიონისანი პატიოსანნი, აღმაღლებულნი ოქროჲთა, ვითარ შეირაცხნეს, ვითარცა ჭურჭელნი კეცისანი, საქმენი ჴელთა მეკეცისათანი.
3 ტურებიც კი აწვდიან ძუძუს და აწოვებენ თავიანთ ლეკვებს; ჩემი ერის ასული კი გულქვა გახდა, როგორც სირაქლემა უდაბნოში. 69 გიმელ. და ვეშაპთაცა განძარცუნეს ძუძუნი, აწოეს ლეკუთა. ხოლო ასულნი ერისა ჩემისანი უკურნებელობად, ვითარცა სირი უდაბნოს შინა.
4 მწოველის ენა სასას მიეკრა წყურვილისგან; ბავშვები პურს ითხოვენ, მაგრამ არ არის მიმწოდებელი. 70 დალეთ. განექუა ენაჲ მწოარისაჲ სასისა მიმართ მისისა, წყურილითა ჩჩჳლთაჲთა იძიეს პური, და განმყოფელი მათი არა არს.
5 ნუგბართა მჭამელნი ქუჩებში სულს ღაფავენ; ძოწეულში ნახვევნი ნაკელში ყრიან. 71 ჱე. მჭამელნი შუებათანი უჩინო იქმნეს. გამოსავალთა შორის განპოხებულთა ძოწეულთა ზედა გარემოიდვეს სკორე.
6 ჩემი ერის ასულის ბრალი აღემატა სოდომის ცოდვას, წამში რომ დაიქცა და ვერა ხელმა ვერ დაიხსნა. 72 ოავ. და განდიდნა უშჯულოება ასულისა ერისა ჩემისაჲ უფროს უსჯულოებათა სოდომისათა დაქცეულისათა და დაქცევითა საუკუნოთა, ვითარ-იგი სწრაფაჲ, და არა ილმნეს მას ზედა ჴელნი.
7 მათი მთავრები თოვლზე სპეტაკები იყვნენ, რძეზე თეთრები, მათი ტანი ბადახშზე წითელი, მათი გამოხედვა - საფირონი. 73 ზაინ. წმიდა იქმნეს ნაზირეველნი მისნი, უფროს თოვლისა განბრწყინდეს, უმეტეს სძისა შეიყუნეს, უფროს ქვისა საფირონისა სახე მათი.
8 ახლა კი ნახშირის უშავესია მათი სახე, ვერავინ იცნობს მათ ქუჩაში; ძვლებს ეკვრის მათი კანი, ხესავით არის გამომშრალი. 74 ეთ. დააშავნა უფროს ნახშირისა სახე მათი, არ საცნაურ იქმნეს გამოსავალთა შორის, და აექუა ტყავი მათი ძუალთა მათთა ზედა, განჴმეს, იქმნეს ვითარცა შეშაჲ.
9 ხმლით გაწყვეტილნი უფრო ბედნიერნი არიან, ვიდრე შიმშილით გაწყვეტილნი, რომლებიც დაილივნენ მინდვრის საკვებს მოკლებულნი. 75 ტეთ. კეთილ იყუნეს წყლულებანი მახჳლისანი, ვიდრე წყლულებანი სიყმილისანი. ვიდოდეს დაგუმერილნი ნაშრომთაგან ველთასა.
10 გულმოწყალე ქალები საკუთარი ხელით ხარშავდნენ თავიანთ შვილებს, საზრდოდ რომ ჰქონოდათ ჩემი ერის ასულის დაღუპვის ჟამს. 76 იოთ. ჴელებმან დედათა მოწყალეთამან შეაგბნეს ყრმანი მათნი. იქმნეს საჭმელ მათდა შემუსრვასა შინა ასულისა ერისა ჩემისასა.
11 გადმოსცალა უფალმა თავისი რისხვა, გადმოაფრქვია თავისი წყრომის ალი, ცეცხლი წაუკიდა სიონს და შეაჭმევინა მისი საძირკველნი. 77 ხაფ. შეასრულა უფალმან გულისწყრომაჲ მისი. განჰფინა გულისწყრომაჲ რისხვისა მისისაჲ, და აღაგზნა ცეცხლი სიონს შინა, და შეჭამნა საფუძველნი მისნი.
12

არ სჯეროდათ ქვეყნის მეფეებს ან მკვიდრებს ამა სოფლისა, თუ მტერი და მომხდური შევიდოდა იერუსალიმის კარიბჭეებში;

78

ლამედ. არა ირწმუნეს მეფეთა ქუეყანისათა, ყოველთა დამკჳდრებულთა მკჳდროვნისათა, ვითარმედ შევალს მაჭირვებელი ბჭეთა მიერ იერუსალჱმისათა.

13 ეს მოხდა მის წინასწარმეტყველთა ცოდვების და მის მღვდელთა შეცოდებების გამო, მართალთა სისხლს რომ ღვრიდნენ მის წიაღში. 79 მემ. ცოდვათაგან წინაწარმეტყუელთა მისთაჲსა უსამართლოებათა მღდელთა მისთაჲსა, დამთხეველთა სისხლსა მართალსა შორის მისსა.
14 ქუჩებში დაძრწოდნენ, როგორც ბრმები, სისხლში გასვრილნი, და ვერაფერს ეკარებოდნენ სამოსელით. 80 ნონ. შეიძრნეს მღჳძარენი მისნი გამოსავალთა შინა, შეიგინნეს სისხლითა ვერშეძლებითა მათგან შეხებასა სამოსელთა მათთასა.
15 შორს უწმიდურნო! უყვიროდნენ, შორს, შორს, არ მოგვეკაროო! ასე გარბოდნენ და დაწანწალებდნენ, ხალხში ამბობდნენ: მეტს აღარ ვაცხოვრებთო აქ. 81 სარეხ. განეშორენით არაწმიდათა, უწოდეთ მათ, განეშორენით, განეშორენით, ნუ ეხებით, რამეთუ აღეგზნნეს და შეიძრნესცა, _ თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ არღა შესძინონ მსხემობად.
16 თავად უფალმა გაფანტა ისინი, მეტად აღარ მოხედავს მათ; მღვდლებს პატივს არ სცემენ, მოხუცებულთ არ იბრალებენ. 82 აინ. მერმე ყოფასაღა ჩუენსა მოაკლდა თუალთა ჩუენთა შეწევნად ცუდად სტუანვითა ჩუენითა.
17 და კიდევ: დაგვევსო თვალები შემწეობის ამაო მოლოდინში; სათვალთვალო კოშკიდან ვუმზერდით ხალხს, რომელსაც ჩვენი შველა არ შეეძლო. 83 ჳე. პირი უფლისაჲ ნაწილ მათდა. არა შესძინოს ზედმოხილვად მათდა, პირსა მღდელისასა არ თუალ-ახუნეს, მოხუცებულნი არ შეიწყნარეს, ყრმათა მათ იმსტრობ, ნათესავსა ვერგანმარინებელსა.
18 ზვერავდნენ ჩვენს ნაბიჯებს, ჩვენს ქუჩებში რომ არ გვევლო. მოაწია ჩვენმა ბოლომ, გასრულდა ჩვენი დღეები, დადგა ჩვენი ბოლო. 84 სადე. მოვინადირენით მცირენი ჩუენნი. არასლვად უბანთა ზედა ჩუენთა, კუალნი ჩუენნი უჩინო იქმნნეს. მოეახლა ჟამი ჩუენი, აღესრულნეს დღენი ჩუენნი, წარმოდგა აღსასრული ჩუენი.
19 ცის არწივთა უსწრაფესნი იყვნენ ჩვენი მდევრები, მთებზე გვედევნებოდნენ, უდაბნოში გვისაფრდებოდნენ. 85 კოფ. სუბუქ იქმნეს მდევარნი ჩუენნი უფროს არწივთა ცისათა, მთათა ზედა აღეტყინნეს, უდაბნოს შინა გჳმზირდეს ჩუენ დღეთა.
20 სუნთქვა ჩვენს ნესტოთა - უფლის ცხებული მათ ორმოშია გამომწყვდეული; ჩვენ კი ვფიქრობდით, მის ჩრდილქვეშ ვიცოცხლებდით ხალხთა შორის. 86 რეს. სული პირისა ჩუენისაჲ ქრისტე უფალი შეპყრობილ იქმნა განხრწნილებათა შინა ჩუენთა, რომლისაჲ ვთქუთ, აჩრდილსა მისსა შორის ვცხონდებოდით წარმართთა შორის.
21 იხარე და იმხიარულე, ედომის ასულო, ყველა ქვეყანაში მცხოვრებო! შენთანაც ჩამოივლის თასი: დაითვრები და გაშიშვლდები! 87 სენ. იხარებდ და იშუებდ, ასულო იდუმეასაო, დამკჳდრებულო ქუეყანასა უზისსა, და შენ მიერცა განვიდეს სასუმელი უფლისაჲ, ჰსუა შენ და დაითრო, და აწ აღმოსთხიო.
22 გათავდა შენი სასჯელი, სიონის ასულო; მეტს აღარ დაგტოვებს დევნილებაში. შენ კი მოგკითხავს დანაშაულს, ედომის ასულო, და გაამჟღავნებს შენს ცოდვებს. 88 თავ. მოაკლდა უსჯულოება შენი, ასულო სიონისაო! არა შესძინო მერმე განსახლვად. ზედმოიხილა უსჯულოებათა შენთა, ასულო ედომისო! განაცხადა უთნოებათა შენთა ზედა.