ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ისმინე სიტყვა, რაც შენზე თქვა უფალმა, ისრაელის სახლო! |
1 |
ისმინეთ სიტყუაჲ, რომელი თქვა უფალმან თქუენ ზედა, სახლო ისრაილისაო. |
2 | ასე თქვა უფალმა: ნუ გადაიღებთ სხვა ხალხთა ზნეს, ნუ შეგეშინდებათ ციური ნიშნებისა, როგორც სხვა ხალხებს ეშინიათ. | 2 | ამათ იტყჳს უფალი: გზათაებრ წარმართთასა ნუ ისწავებთ და სასწაულთაგან ცისათა ნუ გეშინისყე, რამეთუ ეშიშვიან იგინი პირისაგან მათისა, |
3 | რადგან ადამიანთა კერპები არარაობაა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეა იგი, დურგლის ნახელავი. | 3 | რამეთუ სასჯელნი წარმართანი ამაოება, ძელ არს მოკუეთილი მაღნარით, ქმნილი ხუროსა. |
4 | ვერცხლითა და ოქროთი დაფერილი, და ლურსმანჩაქუჩით დამაგრებული, რომ არ ირყეოდეს. | 4 | და გამონადნობი, ვეცხლითა და ოქროთა შემკულნი არიან, კუერითა და სამსჭულებითა განამაგრნეს იგინი და არა შეიძრნენ (ვეცხლი წახნაგებული არს. არა ვიდოდის. ვეცხლი დასხმული არს თარშით, მოვიდა ოქროჲ ოფაზისაჲ). |
5 | ბოსტანში დადგმულ საფრთხობელასავით არიან, არ ლაპარაკობენ; ხელით დაატარებენ, რადგან სიარული არ შეუძლიათ. ნუ უფრთხით მათ, რადგან არც ბოროტება მოაქვთ, არც სიკეთე. | 5 | (და ოქრომჭედელთა ჴელი, საქმე ჴელოანთა ყოველნი) ჳაკინთსა და პორფირსა შეჰმოსენ მათ აღხუმით აღიხუნიან იგინი, რამეთუ ვერ ვლენედ. ნუ გეშინინყე მათგან, რამეთუ ბოროტი ვერ ქმნან, და კეთილი არა არს მათ შორის. |
6 | არავინ არის შენი მსგავსი, უფალო! დიდი ხარ, დიდია სიძლიერით შენი სახელი. | 6 | ვინ არს ვითარ შენ, უფალო? დიდ ხარ შენ და დიდ არს სახელი შენი ძალითა. |
7 | ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეუფევ? შენ ერთს შეგშვენის ეს, რადგან არავინაა შენი მსგავსი ხალხთა ბრძენებს შორის და ყველა მათ სამეფოში. | 7 | ვის არა ეშინოდის შენდა, მეფეო წარმართთაო! რამეთუ შენნი არიან, რამეთუ ყოველთა შორის ბრძენთა წარმართთასა და ყოველთა შორის მეუფეთა მათთა ვინ არს, ვითარ შენ, უფალო? |
8 | ყველანი შეიშალნენ, გამოტვინდნენ, ხის კერპია მათი ჭკუისმასწავლებელი, | 8 | რამეთუ ერთგზის აღეგზნენ და მოუძლურდენ გულნი ამაოთანი. ძელი არს, |
9 | თარშიშის ვერცხლით და უფაზის ოქროთი მოჭედილი, დურგლის ნახელავი, გამომდნობელის ხელიდან გამოსული; ლურჯი და მეწამული სამოსელი მოსავთ, ოსგატთა ხელით დამზადებული. | 9 | ვეცხლ გამოჭედილი თარშით მოღებული და ოქრო ოფაზით ქმნული ხუროსაჲ, და ჴელთა ოქრომჭედელისათა იაკინთე, და ძოწეული სამოსლად მათა ქმნული ბრძენთაჲ. |
10 | უფალი კი ჭეშმარიტი ღმერთია, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე. მისი რისხვისაგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები. | 10 | ხოლო უფალი ღმერთი ჩუენი ჭეშმარიტ არს, ღმერთი ცხოველი და მეუფე საუკუნოჲ. გულისწყრომითა მისითა შეიძრას ქუეყანაჲ და არა ყონ წარმართთა რისხვაჲ მისი. |
11 | ასე უთხარი მათ: ღმერთი, რომელსაც არ შეუქმნია ცა და ქვეყანა, აღიგვება ქვეყნიდან და ამ ცისქვეშეთიდან. | 11 | ესრეთ არქუთ მათ: ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არ შექმნეს, წარწყმდედ ქუეყანისაგან და ქუეშე კერძოსაგან ცისა ამის. |
12 | ვინც თავისი ძალით შექმნა ქვეყანა, თავისი სიბრძნით დაამყარა სამყარო, განართხა ცანი თავისი გონებით, | 12 | უფალმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ ძალისა მიერ თჳსისა და აღჰმართა მკჳდროანი სიბრძნისა მიერ მისისა, და ცნობისა მიერ თჳსისა გარდაართხა ცაჲ. |
13 | მის ხმაზე ხმაურობს წყლები ცაში, ის კრებს ღრუბლებს ქვეყნის კიდეებიდან, ის წარმოშობს საწვიმრად ჭექა-ქუხილს, აგზავნის ქარს თავისი საგანძურებიდან. | 13 | და ჴმისა მის მოცემისა მისისათა სიმრავლე წყლისა ცისა შორის, და აღმოიყვანნა ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ ელვანი წჳმად ქმნნა და გამოიყვანნა ქარნი და ნათელი საუნჯეთაგან მათთა. |
14 |
ცოდნისგან გაბრიყვდა ადამიანი, თავს ირცხვენს მდნობელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი ქანდაკი, სული არ უდგას. |
14 |
განასულელნა ყოველნი კაცნი მეცნიერებისაგან, სირცხჳლეულ იქმნა ყოველი ოქროჲსმჭედელი წახნაგებულთა თჳსთა ზედა, რამეთუ ცილი იგი გამოადნვეს. არა არს სული მათ თანა. |
15 | არარაობაა ისინი, დაცინვის საგანი, აღიგვებიან მათი განკითხვის დღეს. | 15 | ამაონი არიან საქმენი ნამღერნი ჟამსა შინა მოხილვისა მათისასა წარწყმდენ. |
16 | ასეთი არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან მისი ნასახია ყველაფერი და ისრაელი მისი სამკვიდროს შტოა. ცაბაოთ უფალია მისი სახელი. | 16 | არა არს ესე ნაწილი იაკობისი, რამეთუ შემოქმედისა ყოველთაჲსა თჳთ არს ნაწილ მისსა და ისრაილ კუერთხ მკჳდრობისა მისისა. უფალ ძალთა არს სახელი მისი. |
17 | აკრიფე მიწიდან შენი ბარგი, ციხე-ქალაქში მცხოვრებო! | 17 | შეკრიბე გარეშით გუამები, დამკჳდრებულო რჩეულთა შორის, |
18 | რადგან ასე თქვა უფალმა: აჰა, შურდულივით მოვისვრი ამჯერად ქვეყნის მცხოვრებლებს; შევაჭირვებ მათ, რომ მიპოვონ. | 18 | რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე უსაფრჴეებ დამკჳდრებულთა ქუეყანისა ამისთა ჭირისა მიერ. და ვაჭირვო მათ, რაჲთა იპოოს. |
19 | ვაი, უბედურო თავო, უკურნებელო წყლულო! ვფიქრობდი, გადავიტანდი ამ სნეულებას. | 19 | ვაება შემუსრვასა შენსა ზედა, სალმობიერ არს წყლული შენი. მეცა ვთქუ: ნანდჳლვე ესე არს წყლულება ჩემი. |
20 | დაცარიელდა ჩემი კარავი, დაწყვეტილია ყველა თოკი, შვილები წამივიდნენ; აღარავინ მყავს კარვის გამშლელი და ფარდების გამჭიმავი. | 20 | მეწია მე კარავი ჩემი, საარებულ იქმნა, წარწყმდა და ყოველნი ეზონი ჩემნი განირღუეს. ძენი ჩემნი და ცხოვარნი ჩემნი არა არიან. არა არს მერმე ადგილი კარვისა ჩემისაჲ, ადგილი ეზოთა ჩემთაჲ, |
21 | რადგან შეიშალნენ მწყემსები და აღარ ეკითხებიან უფალს, ამიტომაც უჭკუოდ იქცევიან და მთელი სამწყსო დაეფანტათ. | 21 | რამეთუ მწყემსთა იუცნობოეს და უფალი არ გამოიძიეს. ამისთჳს არა გულისხმა-ყო ყოველმან სამწყსომან და განიბნინეს |
22 | აჰა, ხმა მოდის და მიწა იძვრის ჩრდილოეთიდან, რომ უდაბნოდ და ტურების ბუნაგად აქციოს იუდას ქალაქები. | 22 | ჴმაჲ სასმენელისა, აჰა, მოვალს. და ძრვა დიდი ქუეყანისაგან ჩრდილოსა, დასხმად ქალაქთა იუდაჲსთა უჩინოსაქმნელად და საბუდრად სირთა. |
23 | ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს. | 23 | უწყი, უფალო, ვითარმედ არა კაცისა არს გზაჲ მისი, არცა მამაკაცი ვიდოდის, და წარჰმართოს სლვაჲ თჳსი. |
24 | დამსაჯე, უფალო, ოღონდ სიმართლით და არა რისხვით, რომ არარაობად არ მაქციო. | 24 | გუასწავლენ ჩუენ, უფალო, გარნა განკითხვისა და ნუ გულისწყრომისა მიერ, რაჲთა არა შემცირებულ-მყუნე ჩუენ. |
25 | გადმოანთხიე შენი რისხვა ხალხებზე, რომლებიც არ გცნობენ და ტომებზე, რომლებიც არ უხმობენ შენს სახელს, რადგან მათ შეჭამეს იაკობი, შეჭამეს იგი, ბოლო მოუღეს მას და გააპარტახეს მისი სადგომები. | 25 | გარდაასხ გულისწყრომაჲ შენი წარმართთა ზედა, არმეცნიერთა შენთა და მეფობათა ზედა, რომელთა სახელსა შენსა არა ხადეს, რამეთუ შეჭამეს იაკობი, და მოასრულეს ისრაილი და საძოარი მისი მოაოჴრეს. |