ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი:

1

სიტყვა, რომელი იყო იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ, და თქუა:

2 ისმინე ამ აღთქმის სიტყვები და გამოუცხადე იუდას ხალხს და იერუსალიმს. 2 ისმინე სიტყუა ანდერძისაჲ ამის და სთქუა კაცთა მიმართ იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა იერუსალიმს.
3 უთხარი მათ, ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: წყეული იყოს კაცი, ვინც არ გაიგონებს ამ აღთქმის სიტყვებს, 3 და იტყოდი მათდამი: ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისაჲ: დაწყეულ იყავნ კაცი, რომელმან არა ისმინნეს სიტყუანი ამის ანდერძისანი,
4 რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე, რკინის ქურიდან, და ვუთხარი: გაიგონეთ ჩემი ხმა და ყველაფერი შეასრულეთ, რასაც გიბრძანებთ, მაშინ იქნებით ჩემი ერი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები. 4 რომელი ვამცენ მამათა თქუენთა დღესა შინა, რომელსა აღმოვიყვანენ იგინი ქუეყანისაგან ეგჳპტისა, საჴუმილისაგან რკინისა, მეტყუელმან: ისმინეთ ჴმისა ჩემისა, და ყვენით ყოველნი, რომელნიცა გამცნნე თქუენ, და იყვნეთ ჩემდა ერად და მე ვიყო თქუენდა ღმერთად,
5 რათა შესრულდეს ფიცი, რომელიც დავუდევი თქვენს მამა-პაპას, რომ მივცემდი მათ ქვეყანას, რძითა და თაფლით მდინარს, როგორც დღეს არის. 5 რაჲთა დავამტკიცო ფიცი, რომელსა ვეფუცე მამათა თქუენთა, მიცემად მათდა ქუეყანაჲ მადინებელი სძესა და თაფლსა, ვითარცა დღესა ამას. და მიგება-ყვეს და თქუეს: იყავნ, უფალო!
6 მითხრა უფალმა: გამოაცხადე ეს სიტყვები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში, უთხარი: გაიგონეთ ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ ისინი. 6 და თქუა უფალმან ჩემდამო: წარიკითხენ სიტყუანი ესე ქალაქთა შორის იუდასთა და გარეშე იერუსალიმისა მეტყუელმან: ისმინეთ სიტყვანი ამის ანდერძისანი და ყვენით იგინი,
7 რადგან ვაფრთხილებდი თქვენს მამა-პაპას, როცა გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, და დღემდეც განუწყვეტლივ გაფრთხილებთ: გაიგონეთ ჩემი ხმა! 7 რამეთუ წამებით უწამე მამათა თქუენთა დღესა მას, რომელსა გამოვიყვანენ იგინი ქუეყანით ეგჳპტით, და ვიდრე აქა დღედმდე აღიმსთობდ, უწამებდ და ეტყოდე: ისმინეთ ჴმისა ჩემისა, და არა ისმინეს.
8 მაგრამ არ გაიგონეს, ყური არ მომაპყრეს, ყველა თავის ბოროტ გულისთქმას აჰყვა, და მეც მოვაწიე მათზე სიტყვები ამ აღთქმისა, რომლის შესრულება ვუბრძანე მათ და არ შეასრულეს. 8 და გარეწარ-ყვნეს სასმენელნი მათნი. და ვიდოდა კაცადი ნებასა გულისა თჳსისა ბოროტისა და მოვიხუენ მათ ზედა სიტყვანი ესე ამის ანდერძისანი, რომელ ვამცენ მათ ყოფად, და არა ისმინეს.
9 მითხრა უფალმა: შეთქმულნი არიან იუდაელნი და იერუსალიმის მკვიდრნი. 9 და თქუა უფალმან ჩემდამო: იპოვა საკრველი კაცთა შორის იუდასთა და დამკჳდრებულთა შორის იერუსალემს.
10 კვლავ მიუბრუნდნენ უკეთურებებს მათი მამა-პაპისა, რომელთაც არ სურდათ ჩემი სიტყვების გაგონება; წაჰყვნენ სხვა ღმერთებს თაყვანისსაცემად. დაარღვიეს ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა ჩემი აღთქმა, რომელიც მივეცი მათ მამა-პაპას. 10 მიიქცეს უსამართლოებათა მიმართ მამათა მათთა პირველთასა, რომელთა არა ინებეს სმენად სიტყუათა ჩემთა და, აჰა, ესენიცა ვლენან უკუანა ღმერთთა უცხოთასა მსახურებად მათდა. და განაქარვეს სახლმან ისრაჱლისამან და სახლმან იუდასამან ანდერძი ჩემი, რომელი აღუთქუ მამათა მათთა მიმართ.
11 ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, დავატეხ მათ გასაჭირს, რომელსაც თავს ვერ დააღწევენ; შემომღაღადებენ, მაგრამ არ მოვუსმენ. 11 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვაწინე მათ ზედა ძჳრნი, რომელთაგან ვერ შემძლებელ იყვნენ გამოსლვად მათგან, და ღაღადებდენ ჩემდამო და არა ვისმინო მათი.
12 წავლენ იუდას ქალაქები და იერუსალიმის მკვიდრნი და შეჰღაღადებენ ღმერთს, რომელთაც უკმევენ, მაგრამ ისინი ვერ იხსნიან მათ გასაჭირის ჟამს. 12

და ვიდოდიან ქალაქნი იუდაჲსნი და მკჳდრნი იერუსალიმისანი და ღაღადებდენ ღმერთთა მიმართ მათთა, რომელთა-იგი უკუმევენ მათ. ხოლო მათ ვერ იჴსნენ იგინი ჟამსა შინა განშორებისა მათისასა,

13

რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდავ! რამდენი ქუჩაც არის იერუსალიმში, იმდენი სამარცხვინო სამსხვერპლო გაქვს აღმართული, ბაალის შესაბოლებელი სამსხვერპლო.

13 რამეთუ რიცხჳსაებრ ქალაქთა შენთასა იყვნენ ღმერთნი შენნი, იუდა. და რიცხჳსაებრ გამოსავალთა იერუსალიმისათა დააწესნეს ბომონნი, სირცხვილისა საკმეველი კუმევად ბაალისსა.
14 ნუ ილოცავ ამ ხალხისთვის, ნუ აღავლენ მათთვის ლოცვა-ვედრებას, რადგან არ გავიგონებ მათ ღაღადისს ჩემდამი, როცა გასაჭირში იქნებიან. 14 და შენ ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს, და ნუ მევედრები მათთჳს ვედრებისა მიერ და ლოცვისა, რამეთუ არა შესმენით იქმნენ ჟამსა შინა, რომელსა მხადოდიან მე, ჟამსა შინა განბოროტებისა მათისასა.
15 რა უნდა ჩემს სატრფოს ჩემს სახლში, როცა ამდენი უკეთურება აქვს ჩადენილი? განა უბედურებას აგაშორებს სამსხვერპლო ხორცი, ბოროტებას რომ სჩადიხარ და ხარობ? 15 რად შეყუარებულმან სახლსა შინა ჩემსა ქმნა საძაგელი: ნუ ლოცვანი და ჴორცი წმიდაჲ მოგისპობენ შენგან ბოროტთა შენთა, ანუ ამათ განარინონ?
16 ამწვანებული, მშვენიერი, ნაყოფსავსე ზეთისხილი გიწოდა სახელად უფალმა, მაგრამ დიდი გრგვინვის ხმაზე ცეცხლი წაეკიდა და გაუფუჭდა რტოები. 16 ზეთისხილი შუენიერი, ჩრდილკეთილი ხილვით, გიწოდა უფალმან სახელი შენი. ჴმასა ზედა მეტკუეთილობისა მისისა, აღატყდა ცეცხლი მის ზედა, დიდი ჭირი შენ ზედა გინებულ იქმნეს რტონი მისნი.
17 ცაბაოთ უფალმა, შენმა დამნერგავმა, უბედურება გიწინასწარმეტყველა ისრაელის სახლის და იუდას სახლის ბოროტების წილ, რომელსაც სჩადიოდნენ ჩემს გასაჯავრებლად, როცა ბაალს უკმევდნენ. 17 და უფალმან ძალთამან, დამნერგველმან შენმან, თქუნა შენ ზედა ძჳრნი უკეთურებისა წილ სახლისა ისრაილისა და სახლისა იუდასსა, რამეთუ ქმნეს თავთა მათთად განრისხება ჩემი, უკუმევდეს რაჲ იგინი ბაალსა.
18 უფალმა მაცოდინა და ვიცი, მაშინ დამანახვა მათი საქმეები. 18 უფალო, გულისხმა-მიყავ მე და ვცნა, მაშინ ვიხილენ სიმარჯვენი მათნი.
19 უბიწო კრავივით მივყავდი დასაკლავად, მე კი არ ვიცოდი, რას მიპირებდნენ: მოვსპოთ ხე, ვიდრე ნედლიაო, ამოვძირკვოთ ცოცხალთა ქვეყნიდან, რომ აღარ იხსენიებოდესო მისი სახელი. 19 მე, ვითარცა კრავმან უმანკომან მოყვანებულმან დაკლვად, არა ვცან. ჩემ ზედა ისიტყუეს გულისსიტყუა ბოროტი მეტყუელთა: მოდით და შეურიოთ ძელი პურსა თანა მისსა, აღვჴოცოთ იგი ქუეყანით ცოცხალთაჲთ, და სახელი მისი არა მოჴსენებულ იქმნეს მერმე.
20 ცაბაოთ უფალო, მართალო მსაჯულო, გულთამხილავო, მომასწარი შენს შურისძიებას მათზე, რადგან ჩემი საქმე შენთვის მომინდვია. 20 უფალო საბაოთ, მსჯელო მართალო, გამომცდელო თირკმელთა და გულისაო, მიხილავსმცა შენ მიერი შურის-გება მათ ზედა, რამეთუ შენდა მიმართ განვაცხადე სამართალი ჩემი.
21 ამიტომ ასე ამბობს უფალი ყანათოთის ხალხზე, მოკვლას რომ გიპირებს და გეუბნება: ნუ ქადაგობ უფლის სახელით, თორემ ჩვენი ხელით მოკვდებიო. 21 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი კაცთა ზედა ანათოელთა, მეძიებელთა სულისა ჩემისათა, მეტყუელთა: არ წინასწარმეტყუელებდე სახელითა უფლისათა, თუ არა მოჰკუდე ჴელთა მიერ ჩუენთა.
22 ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ჰა, დავსჯი მათ, ჭაბუკები მახვილით გაწყდებიან, მათი ვაჟები და ასულები შიმშილით დაიხოცებიან. 22 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: აჰა, მე ზედმივიხილო მათ ზედა, ჭაბუკნი მათნი მახვილისა მიერ მოკუდენ და ძენი მათნი აღესრულნენ სიყმილისა მიერ.
23 არავინ დარჩება მათგან, რადგან უბედურებას მოვუტან ყანათოთის ხალხს, როცა მათი განკითხვის წელიწადი დადგება. 23 და დანაშთომი არა იყოს მათი, რამეთუ მოვაწინე ძჳრნი მკჳდრთა ზედა ანათოთის თანა წელიწადსა მოხედვისა მათისასა.