ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მართალი იქნები, უფალო, როცა დავას დაგიწყებ. მაინც მოგახსენებ სამდურავს; რატომ წყალობს ბედი ბოროტმოქმედს, რატომ არიან უზრუნველად მატყუარები?

1

მართალ ხარ შენ, უფალო, რამეთუ მიგიგო შენდამი, გარნა სასჯელნი ვთქუნე შენდამი. რად, რამეთუ გზაჲ უთნოთაჲ წარემართების? იეფის ყოველთა უგულებელს-მყოფელთა უგულებელს-ყოფათასა.

2 შენ დანერგე ისინი და გაიდგეს კიდეც ფესვი, ნაყოფიც გამოიღეს; მათ ბაგეთაგან ახლოსა ხარ, მაგრამ შორსა ხარ მათი ზრახვებიდან. 2 დაჰნერგენ იგინი და განიძირეს. შვილიერ იქმნეს, და ყვეს ნაყოფი. მახლობელ ხარ შენ პირისა მათისა და შორს თირკმელთაგან მათთა.
3 მაგრამ მე მიცნობ, უფალო. მხედავ და გამოცდილი გყავს ჩემი გული. ცხვარივით გარეკე ისინი დასაკლავად და ნიშანი დაადე დახოცვის დღისთვის. 3 და შენ, უფალო, მიცი მე, გამოსცადე გული ჩემი წინაშე შენსა და შეკრიბენ იგინი, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, უბიწო-ჰყვენ იგინი დღისათჳს დაკლვისა მათისა.
4 როდემდის უნდა გლოვობდეს მიწა და ხმებოდეს მინდვრის ბალახი? პირუტყვი და ფრინველი იღუპება მიწის მკვიდრთა უკეთურების გამო, რომ ამბობენ, ჩვენს ბოლოს ვერ ხედავსო. 4 ვიდრემდის იგლოვდეს ქუეყანაჲ და ყოველი თივაჲ ველისაჲ განჴმეს უკეთურებისაგან დამკჳდრებულთა მას ზედა? უჩინო იქმნეს საცხოვარნი და მფრინველნი, რამეთუ თქუას: არა იხილნეს უფალმან გზანი ჩვენნი.
5 თუ ფეხით სირბილი გქანცავს, როგორ გაეჯიბრები ცხენებს? თუ მშვიდობიან ქვეყანაში უიმედოდ ხარ, რა გეშველება, როცა იორდანე ადიდდება? 5 შენნი ფერჴნი რბიან და დაგჴსნიან შენ, ვითარ განემზადები ჰუნეთა ზედა? და ქუეყანასა ზედა მშჳდობისასა შენ ესავ, ვითარ ჰყოფ ოხრასა ზედა იორდანისასა?
6 რადგან შენი ძმებიცა და მამაშენის სახლიც, გღალატობენ. ისინიც კი გისევენ ბრბოს. ნუ ერწმუნები მათ, თუნდაც სასიკეთოდ გელაპარაკებოდნენ. 6 რამეთუ ძმანიცა შენნი და სახლი მამისა შენისა, და იგინიცა გეცრუვნეს შენ, და მათცა ჴმა-ყვეს უკანისაგან შენისა, შენ ზედა შეკრბეს, ნუ ირწმუნებ მათდამი, რამეთუ იტყოდიან შენდამი მშჳდობითთა.
7 მივატოვე ჩემი სახლი, დავაგდე ჩემი სამკვიდრო, ჩემი სულზე უტკბესი მის მტრებს ჩავუგდე ხელში. 7 დაუტევე სახლი ჩემი და დავაგდე სამკჳდრებელი ჩემი. მივეც შეყუარებული სული ჩემი ჴელთა მტერთა მისთასა.
8 ჩემი სამკვიდრო მაღნარის ლომივით გახდა; შემომღრიალებს, რადგან შევიძულე. 8 იქმნა სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ვითარცა ლომი მაღნარსა შინა. მოსცა ჩემ ზედა ჴმაჲ მისი, ამისთჳს მოვიძულე იგი.
9 ჭრელი ონავარი ფრინველია ჩემი სამკვიდრო, ონავარი ფრინველები შემოადგენ ირგვლივ, წადით, შეყარეთ გარეული მხეცები, მოიყვანეთ და შეაჭმევინეთ იგი. 9 ნუ ქუაბი აფთრისაჲ სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ანუ ქუაბნი გარემოს მისსა? მას ზედა ვიდოდეთ. შეკრიბენით ყოველნი მჴეცნი ველისანი და მოვიდენ ჭამად მისსა.
10 უამრავმა მწყემსმა გაანადგურა ჩემი ვენახი, გათელეს ჩემი ყანა, ჩემი ნანინანაგრი ყანა გატიალებულ უდაბნოდ აქციეს. 10 მწყემსთა მრავალთა განრყუნეს ვენაჴი ჩემი, შეაბილწებდეს ნაწილსა ჩემსა. მისცეს ნაწილი გულისსათქმელი ჩემი უდაბნოდ მიუალად,
11 გაატიალეს და შემომტირის გატიალებული; მთელი ქვეყანა გატიალდა, მაგრამ არავინაა გულშემატკივარი. 11 დაიდვა უჩინო საქნელად წარწყმედისა, ჩემ მიერ უჩინო-ყოფითა უჩინო იქმნა ყოველი ქუეყანაჲ, რამეთუ არა არს მამაკაცი დამდებელი გულსა შინა.
12 უდაბნოს ყველა გორაკს შეესივნენ ავაზაკები, რადგან უფლის მახვილი ჭამს ყველაფერს ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე. არცერთ ხორციელს არ ექნება მშვიდობა. 12 ყოველთა ზედა ალაგთა უდაბნოსა შორის მოვიდეს საარებულნი, რამეთუ მახჳლმან უფლისამან შეჭამოს კიდითგან ქუეყანისაჲთ და ვიდრე კიდემდე ქუეყანისა არა არს მშჳდობაჲ ყოვლისა ჴორცისა.
13 დათესეს ხიარბალი და ეკალი მოიმკეს. დაშვრნენ და სარგებელი ვერ ნახეს. გრცხვენოდეთ ამ თქვენი მოსავლისა - უფლის რისხვისა. 13 სთესენით იფქლნი და ეკალნი მოიმკენით. ნაწილნი მათნი არსარგებელ ეყვნენ მათ. სირცხჳლეულ იქმნენით სიქადულისაგან თქუენისა, ყუედრებისაგან წინაშე უფლისა,
14 ასე ამბობს უფალი: ყველა ჩემს ბოროტ მეზობელს, რომელთაც ხელჰყვეს სამკვიდრო, ჩემს ერს რომ დავუმკვიდრე, წარვხოცავ მათი ქვეყნიდან, და იუდას სახელსაც წარვხოცავ მათთან ერთად. 14 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: ყოველთათჳს მეზობელთა ბოროტთა, შემხებელთა სამკჳდრებელისა ჩემისათა, რომელი განვიკერძე ერი ჩემი ისრაელი, აჰა, მე აღვიხუნე იგინი ქუეყანისაგან მათისა და სახლი იუდაჲსი გამოვიყვანო შორის მათსა.
15 წარვხოცავ და მერე კვლავ შევიწყალებ, თავ-თავის სამკვიდროში და თავ-თავის ქვეყანაში დავაბრუნებ ყველას. 15

და იყოს, შემდგომად გამოყვანებისა მათისა ჩემგან მოვაქციო და შევიწყალნე იგინი და დავამკჳდრნე იგინი კაცადი სამკჳდრებელსა ზედა თჳსსა და კაცადი ქუეყანასა ზედა თჳსსა.

16 თუ ისწავლიან ჩემი ერის გზას, რომ დაიფიცონ ჩემი სახელი, ცოცხალ არს უფალი, როგორც მათ ასწავლეს ჩემს ერს ბაალის ფიცი, ისინიც აშენდებიან ჩემს ერთად ერთად. 16 და იყოს, უკეთუ მსწავლელთა ისწავონ გზაჲ ერისა ჩემისა, ფუცვად სახლისა მიმართ ჩემისა, ცხოველ არს უფალი, ვითარცა ასწავეს ერსა ჩემსა ფუცვად ბაალისა მიმართ, და აღეშენენ საშუალ ერისა ჩემისა.
17 მაგრამ თუ არაფერს გაიგონებენ, სრულიად ამოვძირკვავ ამ ხალხს და გავანადგურებ, ამბობს უფალი. 17 ხოლო არა თუ მოიქცენ და მოვსპო ნათესავი იგი მოსპობით და წარწყმედით, - თქვა უფალმან.