ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ასე მითხრა უფალმა: წადი, იყიდე ტილოს სარტყელი და წელზე შემოირტყი, წყალში არ ჩადო. |
1 |
ესრეთ იტყოდა უფალი ჩემდამო: ვიდოდე და მოიგე თავისა შენისა, გარემოსარტყმელი სელისა, და გარემოიდევ გარემო წელთა შენთა, და წყალსა შინა არა განვიდეს. |
2 | ვიყიდე სარტყელი უფლის სიტყვისამებრ, და შემოვირტყი წელზე. | 2 | და მოვიგე მოსარტყმელი სიტყჳსაებრ უფლისა და მოვიდევ წელთა გარემო ჩემთა. |
3 | მეორეგზის იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: | 3 | და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
4 | აიღე სარტყელი, რომელიც იყიდე და წელზე გაქვს. ადექი, წადი ფერათს და დამალე იქ, კლდის ნაპრალში. | 4 | მოიღე მოსარტყმელი გარემოჲსი წელთა შენთაჲ, და აღდეგ და ვიდოდე ევფრატად მიმართ, და დამალე ეგე მუნ სიჴურელესა შინა კლდისასა. |
5 | წავედი და დავმალე იგი ფერათში, როგორც უფალმა მიბრძანა. | 5 | და წარვედ და დავმალე იგი ევფრატსა ზედა, ვითარცა მამცნო მე უფალმან. |
6 | გამოხდა ხანი მრავალი და მითხრა უფალმა: ადექი, წადი ფერათს და აიღე იქიდან სარტყელი, რომლის დამალვა მე გიბრძანე. | 6 | და იყო შემდგომად დღეთა მრავალთა და თქუა უფალმან ჩემდამო: აღდეგ, ვიდოდე ევფრატად მიმართ და აღიღე მუნით მოსარტყმელი, რომელი გამცენ შენ დამალვად მუნ. |
7 | წავედი ფერათს, გავთხარე და ამოვიღე სარტყელი იმ ადგილიდან, სადაც დამალული მქონდა. აჰა, დამპალიყო სარტყელი, აღარაფრად ვარგოდა. | 7 | და წარვედ ევფრატად მიმართ მდინარედ, დავთხარე და მოვიღე მოსარტყმელი ადგილისაგან, რომელსა დავჰფალ იგი მუნ. და, აჰა, განხრწნილ იყო, რომელი არა იჴმაროს არარად. |
8 | იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: | 8 | და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო |
9 | ასე ამბობს უფალი: ასევე ფუჭად ვაქცევ იუდას მედიდურობას და იერუსალიმის უზომო ამპარტავნობას. | 9 | მეტყუელი: ამათ იტყჳს უფალი: ესრეთ განვხრწნა გინებაჲ იუდაჲსი და გინებაჲ იერუსალიმისა, |
10 | ეს ბოროტი ხალხი, რომელსაც არ უნდა ჩემი სიტყვის გაგონება, აჰყოლია თავის გულისთქმას და მისდევს სხვა ღმერთებს, რომ ემსახუროს და თაყვანისცეს მათ, დაემსგავსება ამ სარტყელს, რომელიც არაფრად აღარ ვარგა. | 10 | ქალაქისა ამის, და ერისა ჩემისა, გინებაჲ არმნებებელთა სმენად სიტყუათა ჩემთა და მავალთა ნებასა გულისა მათისათა, უკანა ღმერთთა უცხოთასა, მსახურებად მათდა და თაყუანის-ცემად მათდა და იყვნენ, ვითარცა მოსარტყმელი ესე, რომელი არა იჴმაროს არარად, |
11 | რადგან როგორც კაცის წელზეა მიკრული სარტყელი, ასევე მივიკარი მე ისრაელის მთელი სახლი და იუდას მთელი სახლი, ამბობს უფალი, რათა ქცეულიყვნენ ჩემს ერად, სახელად და დიდებად და მშვენებად. მაგრამ არ ისმინეს. | 11 |
რამეთუ ვითარ-იგი მოსარტყმელი წელთა ზედა კაცისათა, ეგრეთ შემოვიახლე თავისა მომართ ჩემისა სახლი ისრაჱლისა და ყოველი სახლი იუდაჲსი, - თქუა უფალმან, - ყოფად ჩემდა ერად სახელოვნად, სიქადულად და დიდებად, და არ შეისმინეს ჩემი. |
12 | უთხარი მათ ეს სიტყვა: ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ყველა ტიკი ღვინით ივსება. გეტყვიან: განა არ ვიცით, რომ ღვინით ივსება ყველა ტიკი? | 12 | და სთქუა ერისა მიმართ სიტყვა ესე: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: ყოველი თხიერი აღივსოს ღჳნითა. და იყოს, უკეთუ თქვან შენდამი არ მცნობთა: ვერ მცანით, ვითარმედ ყოველი თხიერი აღივსოს ღვინითა? |
13 | უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, დათრობამდე ავავსებ ამ ქვეყნის ყველა მკვიდრს, მეფეებს, რომელნიც დავითის ტახტზე სხედან, მღვდლებს, წინასწარმეტყველებს და იერუსალიმის ყველა მკვიდრს, | 13 | და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე აღვავსებ ყოველთა დამკჳდრებულთა ამის ქუეყანისათა და მეფეთა მათთა მსხდომარეთა, ძეთა დავითისთა, საყდართა ზედა მისთა, და მღდელთა და წინაწარმეტყუელთა და იუდას და ყოველთა დამკჳდრებულთა იერუსალჱმს მთრვალობითა. |
14 | ერთმანეთზე შევაჭყლეტ მამებსა და შვილებს, ამბობს უფალი. არ შევიწყალებ, არ შევიბრალებ და არ დავინდობ დაღუპვისგან. | 14 | და განვაბნევ მათ და მამაკაცსა და ძმასა მისსა, და მამათა მათთა და ძეთა მათთა. მის შორის არა ვისურვო, - იტყვის უფალი, - და არა ვერიდო, არა შევიწყალნე განხრწნისგან მათისა. |
15 |
ისმინეთ და ყურადიღეთ, ნუ გამედიდურდებით, რადგან უფალი ლაპარაკობს. |
15 | ისმინეთ და ყურად-იღეთ და ნუ აღჰმაღლდებით, რამეთუ უფალი იტყოდა: |
16 | მიაგეთ პატივი უფალს, თქვენს ღმერთს, ვიდრე არ ჩამოუბნელებია, ვიდრე არ წაფორხილებულხართ მწუხრის მთებზე. სინათლის იმედი გექნებათ, მაგრამ წყვდიადად გადააქცევს, სიბნელედ შეცვლის. | 16 | მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა დიდებაჲ პირველ შერიჟუებისა და პირველ წარკუეთებისა ფერჴთა თქუენთა მთათა ზედა ბნელთა და მოელოდით ნათელსა, და მუნ აჩრდილი სიკუდილისაჲ, და დაისხნეთ სიბნელედ. |
17 | თუ ამას არ გაიგონებთ, იდუმალ იტირებს ჩემი სული თქვენი სიჯიუტის გამო, მწარედ აქვითინდება, ცრემლები წასკდება ჩემს თვალებს, რადგან ტყვედ წაასხამენ უფლის სამწყსოს. | 17 | არა თუ ისმინოთ, დაფარულად ტიროდეს სული თქუენი პირისაგნ გინებისათა, და ცრემლოოდეთ ცრემლით და გარდმოადინეთ თუალთაგან თქუენთა ცრემლნი, რამეთუ შეიმუსრა სამწყსო უფლისაჲ. |
18 | უთხარი მეფეს და დედოფალს: ჩამოდით ტახტიდან და ძირს დასხედით, რადგან მოგეხადათ თქვენი მშვენიერი გვირგვინი. | 18 | არქუთ მეფესა და მმძლავრებელთა, დამდაბლდით და დასხედით, რამეთუ დაიჴსნა თავისაგან თქუენისა გჳრგჳნი დიდებისა თქუენისა. |
19 | სამხრეთის ქალაქები ჩაკეტილია და არავინაა გამღები. განდევნილია მთელი იუდა, პირწმინდად განდევნილი. | 19 | ქალაქნი ბღუარითკერძონი შეიჴშნეს და არა იყო განმღები. გარდაისახლა იუდა. აღასრულა გარდასახლებაჲ სრული. |
20 | აახილეთ თვალი და შეხედეთ ჩრდილოეთიდან მომავალთ. სად არის სამწყსო, შენ რომ ჩაგაბარეს, შენი მშვენიერი ფარა? | 20 | აღიხუენ თუალნი შენნი, იერუსალჱმ, და იხილენ მომავალნი ჩრდილოთ, სადა არს სამწყსოჲ, რომელი მიგეცა შენ, ცხოვარნი დიდებისა შენისანი. |
21 | რას იტყვი, როცა მოგთხოვენ პასუხს? შენ თავად ასწავლე მათ, როგორ ებატონათ შენზე. განა კრუნჩხვები არ გაგტანჯავს მშობიარე ქალივით? | 21 |
რაჲ სთქუა, ოდეს აღგიხილვიდენ შენ? და შენ ასწავენ მათ შენ ზედა სასწავლელნი. დასაბამად სალმობათა მოგიცვან შენ, ვითარცა დედაკაცი მშობი. |
22 | იტყვი გულში: რატომ მეწია ეს ყველაფერი? - დიდი დანაშაულის გამოა, რომ გაგშიშვლებია კალთები და ქუსლები გამოგჩენია. | 22 | და უკუეთუ სთქუა გულსა შინა შენსა: რაჲსათჳს დამემთხუნეს მე ესენი? სიმრავლისათჳს უმართლობისა შენისა, აღგესაბურველნეს უკუანაკერძონი შენნი განსაქიქებელად ქუსლთა შენთა. |
23 | თუ შეიცვლის ზანგი თავის კანს და ვეფხვი თავის აჭრელებულ ბეწვს? თქვენც, სიბოროტეს დაჩვეულნი, თუ შეძლებდით სიკეთის ქმნას? | 23 | უკუეთუ ცვალოს ეთიოპელმან ტყავი თჳსი და ვეფხმან სიჭრელენი მისნი, და თქუენცა შეუძლოთ კეთილისა ქმნაჲ მოსწავლეთა ბოროტთასა. |
24 | გავანიავებ მათ ბზესავით უდაბნოს ქარში. | 24 | და განვხრწნენ იგინი, ვითარცა ქარქუეტი მოღებული ქარისაგან უდაბნოდ. |
25 | ეს არის შენი წილი. ეს ხვედრი გეკუთვნის ჩემგან, ამბობს უფალი, რაკი დამივიწყე და სიცრუის იმედი გქონდა. | 25 | ესე არს ნაწილი შენი და ხუედრი ურჩებისა თქუენისაჲ ჩემდა, იტყვის უფალი, - ვითარცა დამივიწყე მე და ესევდი ცრუთა მიმართ. |
26 | მეც აგიწევ კალთებს პირისახემდე და გამოჩნდება შენი სირცხვილი, | 26 | და მეცა აღვსაბურველნე უკანაკერძონი შენნი წინაშე პირსა შენსა, და იხილოს გინებულებაჲ შენი. |
27 | შენი გარყვნილება, ავხორცობა, და ბილწი ზრახვები. ველის ბორცვებზე დავინახე შენი სიბილწენი. ვაი შენ, იერუსალიმო! ნუთუ აღარ გასუფთავდები? როდემდის? | 27 | და მრუშებაჲ შენი და ჴუვილი შენი, და უცხოქმნულებაჲ სიძვისა შენისა ბორცუთა ზედა და ველთა შორის ვიხილენ საძაგელნი შენნი. ვაჲ შენდა, იერუსალჱმ, რამეთუ არა განსწმდი უკანა ჩემსა, ვიდრემდის იყო შენ? |