ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მითხრა უფალმა: მოსე და სამუელიც რომ წარდგნენ ჩემს წინაშე, მაინც არ მომიბრუნდება გული ამ ხალხზე. გაყარე ჩემგან, წავიდნენ.

1

და თქუა უფალმან ჩემდამო: უკუეთუ დადგეს მოსე და სამუილ წინაშე ჩემსა, არა არს სული ჩემი მათდა მიმართ. განავლინე ერი ესე პირისა ჩემისაგან, განვიდენ.

2 თუ გკითხეს: სად წავიდეთო? მიუგე: ასე თქვა უფალმა: ვისაც შავი ჭირი უწერია - შავი ჭირისკენ, ვისაც მახვილი - მახვილისკენ, ვისაც შიმშილი - საშიმშილოდ, ვისაც ტყვეობა - ტყვეობაში. 2 და იყოს, უკუეთუ თქუან შენდამი: სადა განვიდეთ? და სთქუა მათდამი, - ამათ იტყჳს უფალი, - რაოდენნი სიკუდილადმი, - სიკუდილადმი. და რაოდენნი მახჳლადმი, - მახჳლადმი, და რაოდენნი სიყმილამდი, - სიყმილადმი, და რაოდენნი ტყუეობადმი, - ტყუეობადმი.
3 მოვუვლენ მათ ოთხ რამეს, ამბობს უფალი: მახვილს - დასახოცად, ძაღლებს - დასაგლეჯად, ცის ფრინველებს და მიწის მხეცებს - შესაჭმელად და გასანადგურებლად. 3 და შურ-ვიგო მათ ზედა ოთხგუარად, - იტყჳს უფალი - მახჳლი სიკუდიდ მიმართ და ძაღლნი. განბძარვად მიმართ, და მჴეცნი ქუეყანისანი და მფრინველნი ცისანი ჭამისა მიმართ და განხრწნისა.
4 საფრთხობელად გაგხდი მათ დედამიწის ყველა სამეფოსთვის იუდას მეფის, მენაშე ხიზკიას ძის გამო, რაც მან ჩაიდინა იერუსალიმში. 4 და განვსცნე ეგენი ჭირთა მიმართ ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა მანასისთჳს, ძისა ეზეკიასა, მეფისა იუდაჲსთა, ყოველთათჳს, რომელნი ქმნნეს იერუსალჱმს შინა.
5 რადგან ვის შეებრალები, იერუსალიმო? ვის დაენანები? ვინ მოტრიალდება, რომ იკითხოს შენი ამბავი? 5 ვინ ჰრიდოს შენ ზედა, იერუსალჱმ და ვინ შეიშინოს შენ ზედა? ანუ ვინ მოაქციოს მშჳდობისა მომართ შენისა?
6 შენ მიმატოვე მე, ამბობს უფალი, უკან გაბრუნდი. ამიტომაც ხელს მოგიღერებ და დაგღუპავ. დამღალა შეწყალებამ. 6 შენ გარემიმექეც მე, - იტყჳს უფალი, - შემდგომად სლვისაგან და განვყოფ ჴელსა ჩემსა, და განგრყუნე შენ და არღარა ულხინო მათ.
7 გავანიავე ისინი სანიავებლით ქვეყნის კარიბჭეთა მიღმა; ძირიანად ამოვაგდე, გავანადგურე ჩემი ერი, რადგან არ მოიქცნენ თავიანთი გზიდან. 7 და განვსთესნე იგინი განთესვისა მიერ ბჭეთა შორის ერისა ჩემისათა. უშვილო იქმნეს და წარწყმდეს ერი ჩემი მკჳდრობისათჳს მათისა და არა მოიქცეს.
8 ზღვის ქვიშასავით გამიმრავლდნენ მისი ქვრივები; მივუსიე ჭაბუკის დედას შუადღის ამაოხრებელი, უეცრად დავატეხე მათ შიში და ზარი. 8 განმრავლდეს ქურივნი მათნი უფროს ქჳშისა ზღჳსა. მოვაწივ დედასა ზედა ჭაბუკთასა საარებაჲ შუადღე. მივაგდე მის ზედა მყის ძრწოლაჲ და სწრაფაჲ.
9 ღონემიხდილია შვიდის მშობელი, სულს ღაფავს, შუადღისას ჩაესვენა მისი მზე; შერცხვენილია და გაწბილებული. დანარჩენებს მახვილს მივცემ მათი მტრის წინაშე, ამბობს უფალი. 9 უშვილო იქმნა მშობელი შჳდთაჲ, შებოროტნა სული მისი, დაჰჴდა მზე მის ზედა ჯერეთ განმშოვლებასა დღისასა. სირცხჳლეულ იქმნა და ეყუედრა, ნეშტნი მათნი მახჳლსა მივსცნე წინაშე მტერთა მათთა, - თქუა უფალმან, -
10 ვაიმე, დედაჩემო, მთელი ქვეყნის მბრალდებელად და მოდავედ რომ გიშობივარ! არც გამისესხებია და არცვის უსესხებია ჩემგან, და მაინც ყველანი მე მწყევლიან. 10 ვაჲ ჩემდა, დედაო! ვითარცა ვინ მშევ მე? მამაკაცი დასჯილი და განმკითხველი ყოველსა ქუეყანასა. არ თანა-მედვა, არცა მეთანამდებებოდა არა ვინ, ძალი ჩემი მოაკლდა მწყევართა ჩემთა შორის.
11 ამბობს უფალი: რომ არ გამეთავისუფლებინე სასიკეთოდ, არც მტრებს მოგისევდი სიმძიმილის და გასაჭირის ჟამს. 11 იყავნ, უფალო, წარმართება მათდა. არა თუმცა წარმოვდეგ შენდა ჟამსა შინა ძჳრთა მათთასა და ჟამსა შინა ჭირისა მათისასა საკეთილოდ მტერთა მიმართ.
12

რას დააკლებს რკინა ჩრდილოეთის რკინას და სპილენძს?

12

უკუეთუ იცნობოს ძჳნად და ზღუდედ რვალისად ძალი შენი?

13 შენს დოვლათს და განძეულობას, რაც შენს საზღვრებშია, უსასყიდლოდ დავატაცებინებ ყველა შენი ცოდვის გამო. 13 და საუნჯენი შენნი იავრად მივსცნე ნაცვლად ყოველთათჳს ცოდვათა შენთა, ყოველთა შორის საზღუართა შენთა.
14 შენს მტრებს გავატან ქვეყანაში, რომელიც შენ არ იცი; რადგან ჩემი რისხვით ანთებული ცეცხლი თქვენ შემოგენთებათ. 14 და დაგამონო შენ გარემო მტერთა შენთა ქუეყანასა ზედა, რომელ არა იცი. რამეთუ ცეცხლი აღატყდა გულისწყრომისა ჩემისაგნ თქუენ ზედა, და აეგზნას.
15 შენ იცი, უფალო, გამიხსენე და მომხედე, გაუსწორდი ჩემს მდევრებს. ნუ დამღუპავს შენი სულგრძელობა; იცოდე, შენი გულისთვის ვითმენ დამცირებას. 15 უფალო, მომიჴსენე მე და მომხედე მე და უბრალო-მყავ მე მდევართა ჩემთაგან. ნუ სულგრძელებისა შენისადმი დამმარხავ მე. ცან, ვითარ მოვიღე შენ ძლით ყუედრებაჲ.
16 ნაპოვნია შენი სიტყვები და მე ვჭამე ისინი; შვება და გულის სიხარული იყო ჩემთვის შენი სიტყვა, რადგან შენი სახელით ვიწოდები, უფალო, ცაბაოთ ღმერთო. 16 უგულებელსმყოფელთაგან სიტყვათა შენთასა. მოასრულეს იგინი. და იყავნ სიტყუაჲ შენი ჩემდა ნუგეშინის-საცემელ და სიხარულ გულისა ჩემისა, რამეთუ ზედწოდებულ არს სახელი შენი ჩემ ზედა, უფალო ყოვლისა მპყრობელო.
17 ლაზღანდარებში არ ვმჯდარვარ და არ გავლაღებულვარ; ცალკე ვიჯექი შენს ხელქვეშ, რადგან ამავსე ბრაზით. 17 არა დავჯდე შესაკრებელსა შორის მათ თანა, იმღერიედ რაჲ, არამედ ვიშიშვოდე პირისაგან ჴელისა შენისა. მარტოვებით ვჯდე, რამეთუ სიმწარითა აღვივსე.
18 ამდენხანს რად გასტანა ჩემმა სენმა? რატომ გამიარჯლდა ჭრილობა და არ იკურნება? მატყუარა ხევი ხარ ჩემთვის, წყალგამშრალი. 18 რაჲსათჳს შემაწუხებელნი ჩემნი მძლევენ? წყლულება ჩემი მტკიცე არს. ვინაჲ განვიკურნო? ქმნილ იქმნა ჩემდა, ვითარცა წყალი ცრუჲ, არმქონებელი რწმენისა.
19 ამიტომ ასე ამბობს უფალი: თუ შეინანებ, მოგაბრუნებ, რომ დადგე ჩემ წინაშე; თუ ძვირფასიანს გამოარჩევ უფასურისგან, ჩემს ბაგესავით იქნები. ისინი მობრუნდნენ შენსკენ, შენ არ მიუბრუნდე მათ. 19 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: უკუეთუ მოაქციო, და კუალად-გაგო შენ, წინაშე პირსა ჩემსა დასდგე. და გამო-თუ-იყვანო პატიოსანი უღირსისაგან, ვითარცა პირი ჩემი იყო, და მოაქციონ მათ შენდა, და შენ არა მიაქციო მათდამი?
20 დაგაყენებ ამ ხალხის წინ სპილენძის მაგარ კედლად; შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთან ვიქნები, რომ გიხსნა და დაგიფარო, ამბობს უფალი. 20 და მიგცე შენ ერსა ამას, ვითარცა ზღუდე რვალისაჲ მაგარი და გბრძოდიან შენ და ვერ უძლებდენ შენდამი მით, რამეთუ შენ თანა ვარ ცხოვნებად შენდა, - თქუა უფალმან,
21 დაგიფარავ ბოროტმოქმედთაგან და დაგიხსნი უწყალოთა ხელიდან. 21 და განრინებად შენდა ჴელისაგან ბოროტისა და გიჴსნა მე შენ ჴელისაგან სიყმილთასა, - იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა.