ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

რკინის საჭრეთელით არის დაწერილი იუდაელთა ცოდვები და ალმასის წვერით არის ამოკვეთილი მათი გულის ფიცარზე და თქვენს სამსხვერპლოთა რქებზე.

1

ამათ იტყჳს უფალი: ცოდვაჲ იუდაჲსი შთაწერილ არს ნაწერსა შინა, რკინასა შინა ფრჩხილითა ადამანტინისაჲთა, შთაწებული მკერდსა ზედა ფიცრისა გულისა მათისასა და რქათა შორის საკურთხეველთა მათთასა.

2 ამიტომაც ახსოვთ მათ შვილებს თავიანთი სამსხვერპლოები და აშერები ხემხვივანებთან და მაღალ ბორცვებზე. 2 ესრეთ, ოდესცა მოიჴსენნენ ძეთა მათთა საკურთხეველთა მათთაჲ და სერტყთა მათთაჲ ხესა შორის ვარჯოანსა და ბორცუთა ზედა განსაცხრომელთა.
3 ჩემს მთას მინდვრად, შენს დოვლათს და მთელს განძეულობას დავატაცებინებ, შენს გორაკებს ცოდვის გამო მთელს შენს საზღვრებში. 3 და მთათა ველსა შორის ძალი შენი და ფასნი შენნი იავრად მივსცნე და მაღალნი შენნი ცოდვათა შენთათჳს, ყოველთა შორის საზღვართა შენთა.
4 შენც წაგერთმევა სამკვიდრო, რთშელიც შენთვის მქონდა მოცემული, და დაგამორჩილებ შენს მტრებს იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან აღაგზნეთ ჩემი რისხვის ცეცხლი, რომელიც საუკუნოდ იგიზგიზებს. 4 და დაშთე მარტოჲ და დაჰმდაბლდე სამკჳდრებელისაგან შენისა, რომელი მიგეც შენ და დაგამონო შენ მტერთა შენთა ქუეყანასა შინა, რომელი არა უწყოდი, რამეთუ ცეცხლი აღგზებულ არს გულისწყრომისაგან ჩემისა, ვიდრე საუკუნომდე ეგზებოდის.
5 ასე ამბობს უფალი: დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს და ხორციელში ეძებს შემწეობას, გულით კი შორდება უფალს. 5 ესრეთ იტყჳს უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ, და განიმტკიცოს ჴორცი მკლავისა თჳსისაჲ, და უფლისაგან განდგეს გული მისი.
6 იქნება იგი მარტოხელა ბუჩქივით უდაბნოში, ვერსაიდან მოელოდება სიკეთეს, რადგან იცხოვრებს გადახრუკულ ტრამალზე, მარილიან, უკაცრიელ ქვეყანაში. 6 და იყოს ვითარ ველური გრიკი უდაბნოს შინა, რომელი არა იხილავს, ოდეს მოვიდენ კეთილნი. და დაეშენოს ალდატსა, ქუეყანასა უდაბნოსა, ქუეყანასა შინა მარილიანსა, რომელი არა დაიმკჳდრების.
7 კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი. 7 და კურთხეულ არს კაცი, რომელი ესვიდა უფლისა მიმართ. და იყოს უფალი სასო მისსა.
8 იქნება იგი წყლის პირას დარგულ ხესავით, რომელსაც მდინარესთან აქვს ფესვები გადგმული; არ უყურებს, რომ დადგება ხვატი, მწვანე ფოთლები ექნება მუდამ, არ უფრთხის გვალვიან წელიწადს და არასოდეს ელევა ნაყოფი. 8 და იყოს, ვითარცა ხე ნოყიერი წყალსა ზედა, და ნოტიასა ზედა განიხუნეს ძირნი მისნი. და არა შეშინდეს, ოდეს მოვიდეს სიცხე. და იყოს მის შორის მორჩები სერტყოვნები, წელიწადსა უწჳმროებისასა არა შეშინდეს და არა მოაკლოს, ყოფად ნაყოფი.
9 უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას? 9 ღრმა არს გული უფროს ყოველთასა და კაც არს. და ვინ ცნას იგი?
10

მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს.

10

მე, უფალი, გამომწულილველი გულთა, გამომცდელი თირკმელთა მიცემად კაცადისა გზათაებრ მისთა და ნაყოფთაებრ სიმარჯუეთა მისთაჲსა.

11 მწყერი აზის კვერცხებს, რომლებიც თავად არ დაუდვია. ასეთია კაცი, რომელიც უსამართლოდ იხვეჭს ქონებას; ცხოვრების შუაძალზე გამოეცლება ხელიდან და საბოლოოდ ცარიელზე დარჩება. 11 ჴმა-ყო კაკაბმან, შეიკრიბნა, რომელნი არა შვნა. მყოფელმან სიმდიდრესა მისსა არა განკითხვით, განზოგებასა დღეთა მისთასა დაუტეონ იგი და უკანასკნელთა შინა მისთა იყოს უცნობელ.
12 დიდების ტახტი ამაღლებულია დასაბამიდან, ჩვენი საწმიდარის ადგილსამყოფელი. 12 საყდარ დიდების ამაღლებულ, სიწმიდე ჩუენი,
13 ისრაელის სასოებავ, უფალო! ყველა შერცხვება, ვინც კი მიგატოვებს. შენგან განდგომილნი ქვიშაზე დაიწერებიან, რადგან მიატოვეს ცხოველმყოფელი წყაროსთვალი - უფალი. 13 დასაბამითგან ადგილ სიწმიდისა ჩვენისა. თმენაჲ ისრაილისა, უფალო, ყოველნი დამტევებელნი შენნი სირცხჳლეულ იქმნედ განმდგომნი ქუეყანასა ზედა დაიწერნედ, რამეთუ დაუტევეს წყაროჲ ცხოვრებისა, უფალი.
14 განმკურნე, უფალო, და განვიკურნები! გადამარჩინე და გადავრჩები, რადგან შენა ხარ ჩემი დიდება. 14 განმკურნე მე უფალო, და განვიკურნო, და მაცხოვნე მე, და ვცხონდე, რამეთუ სიქადული ჩემი შენ ხარ.
15 აჰა, მეუბნებიან ისინი: სად არის უფლის სიტყვა? აბა, ახდესო! 15 აჰა, ესენი იტყჳან ჩემდამო: სადა არს სიტყუაჲ უფლისაჲ? მოვედინ!
16 არ გაგგქცევივარ მწყემსობისგან; შენ იცი, შავი დღე არ მსურდა. შენს წინაშეა, რაც გამოდის ჩემი პირიდან. 16 ხოლო მე არა დავშუერ შედგომილი უკანა შენსა და დღესა კაცისასა გულმან არ მითქუა. შენ უწყი, გამომავალნი ბაგეთა ჩემთაგან წინაშე პირსა შენსა არიან.
17 ნუ მექმნები დამღუპველად, ჩემო საყუდარო გასაჭირში! 17 ნუ მექმნები მე უცხო, მრიდებელი ჩემი დღესა შინა ბოროტსა.
18 სირცხვილი ჭამონ ჩემმა მდევრებმა, მე ნუ შევრცხვები! შიში ჭამონ, მე ნუ შევშინდები! შავი დღე მოუტანე, ლეწე და კვლავ ლეწე ისინი. 18 სირცხჳლეულ იქმნენინ მდევარნი ჩემნი და ნუ მერცხჳნებინ მე. შეძრწუნდენ იგინი და ნუცა შევძრწუნდები მე. მიაწიე მათ ზედა დღე ბოროტი, მრჩობლითა შემუსრვითა შემუსრენ იგინი.
19

ასე მითხრა უფალმა: წადი და დადექი საერთო კარიბჭესთან, რომლითაც შემოდიან და გადიან იუდას მეფეები, და იერუსალიმის ყველა კარიბჭესთან,

19 ესრეთ თქუა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე და დადეგ ბჭეთა ზედა ძეთა ერისა შენისათასა, რომლისა მიერ შევლენ მათ მიერ მეფენი იუდაჲსნი, და რომელთა მიერ გამოვლენ მათ ზედა და ყოველთა ზედა ბჭეთა იერუსალიმისათა.
20 უთხარი მათ: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფეებო, მთელო იუდავ და იერუსალიმის მკვიდრნო, ამ კარიბჭეებში შემომსვლელნო! 20

და სთქუა მათდა მიმართ: ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ მეფეთა იუდაჲსთა და ყოველმან იუდეამან და ყოველმან ისრაილმან, შემავალთა ბჭეთა ამათ შორის.

21 ასე ამბობს უფალი: თავს გაუფრთხილდით, შაბათ დღეს ტვირთს ნუ აიკიდებთ და იერუსალიმის კარიბჭეებში ნუ შემოიტანთ. 21 ამათ იტყჳს უფალი: დაიცვენით სულნი თქუენნი და ნუ აღიღებთ ტჳრთსა დღესა შინა შაბათთასა და ნუ გამოხუალთ ბჭეთა იერუსალიმისათა,
22 ნუ გამოიტანთ ტვირთს სახლიდან შაბათ დღეს და ნურაფერ საქმეს ნუ გააკეთებთ. იუქმეთ შაბათი დღე, როგორც თქვენი მამა-პაპისთვის მქონდა ნაბრძანები, 22 და ნუ გამოგქონან ტჳრთნი სახლთაგან თქუენთა დღესა შინა შაბათთასა, და ყოველი საქმე არა ჰქმნათ. და წმიდა-ყავთ დღე შაბათთაჲ, ვითარცა ვამცენ მამათა თქუენთა.
23 მაგრამ არ ისმინეს და ყური არ მომაპყრეს; გაჯიუტდნენ, რომ არ ესმინათ და ჭკუა არ ესწავლათ. 23 და არა ისმინეს, და არა მოყვეს ყური მათი, და განიფიცხეს ქედი მათი უფროს მამათა მათთასა არსმენად ჩემსა და არშეწყნარებად სწავლაჲ.
24 თუ ახლა კარგად გამიგონებთ, ამბობს უფალი, და არ შემოიტანთ ამ ქალაქის კარიბჭეებში შაბათ დღეს ტვირთს, იუქმებთ შაბათ დღეს, არაფერ საქმეს არ გააკეთებთ ამ დღეს, 24 და იყოს, უკეთუ სმენით ისმინოთ ჩემი, - იტყჳს უფალი, - არა შეღებად ტჳრთი ბჭეთა მიერ ამის ქალაქისათა დღესა შინა შაბათთასა და წმიდაყოფად დღე შაბათთაჲ, არაქმნითა მას შინა ყოველსა საქმესა.
25 შემოვლენ ამ ქალაქის კარიბჭეებში მეფეები და მთავრები, დავითის ტახტზე მსხდომარენი, ეტლებზე და ცხენებზე ამხედრებულნი, როგორც თვითონ, ისე მათი მთავრები, იუდაელნი და იერუსალიმის მკვიდრნი, და უკუნისამდე იარსებებს ეს ქალაქი. 25 და შემოვიდოდიან ბჭეთა მიერ ამის ქალაქისათა მეფენი და მთავარნი, მსხდომნი საყდარსა ზედა დავითისსა, ზედაღმავალნი ეტლებსა ზედა და ცხენებსა მისსა, იგინი და მთავარნი მათნი მამაკაცნი იუდაჲსნი და დამკჳდრებულნი იერუსალიმისანი. და დაეშენოს ქალაქი ესე საუკუნოდ.
26 მოვლენ იუდას ქალაქებიდან და იერუსალიმის შემოგარენიდან, ბენიამინის ქვეყნიდან, ბარიდან და მთიდან, და სამხრეთოდან მოიტანენ აღსავლენს, საკლავს და შესაწირავს, გუნდრუკს და სამადლობელ ძღვენს უფლის სახლში. 26 და მოვიდენ ქალაქთაგან იუდასთა და გარემოს იერუსალიმისა და ქუეყანისაგან ბენიამენისსა, და ველობისაგან და მთისაგან და ჩრდილოდ მიმართისაგან, მომღებელნი ყოვლადდასაწუელთა და მსხუერპლთა და საკმეველთა და მანანასა და გუნდრუკსა და მომღებელნი საქებელად სახლისა მიმართ უფლისა.
27 თუ არ გამიგონებთ - არ იუქმებთ შაბათ დღეს და აიკიდებთ ტვირთს, შემოხვალთ შაბათ დღეს იერუსალიმის კარიბჭეებში, მაშინ ცეცხლს წავუკიდებ მის კარიბჭეებს და ცეცხლი შეჭამს იერუსალიმის სასახლეებს და არ ჩაქრება. 27 და იყოს, არა თუ ისმინოთ ჩემი წმიდა-ყოფად დღე შაბათთაჲ. არა აღღებად ტჳრთნი და შესლვად ბჭეთა იერუსალიმისათა დღესა შინა შაბათთასა, და აღვაგზნა ცეცხლი ბჭეთა მისთა შორის, და შეჭამნეს მრჩობლგზებნი იერუსალიმისანი და არა დაშრტეს.