ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი:

1

სიტყვა ქმნილი უფლისა მიერ იერემიას მიმართ მეტყუელი:

2 ადექი და ჩადი მეთუნის სახლში, იქ გაგაგონებ ჩემს სიტყვას. 2 აღდეგ და შთავედ სახიდ მეკეცისა, და მუნ გესმნენ სიტყუანი ჩემნი.
3 ჩავედი მეთუნის სახლში და, აჰა, ატრიალებს იგი სათუნე ბორბალს. 3 და შთავედ სახიდ მეკეცისა. და, აჰა, იგი იქმოდა საქმესა ქვათა ზედა.
4 როცა გაუფუჭდა ჭურჭელი, რომელსაც აკეთებდა თიხისგან თავისი ხელით, ხელმეორედ შეუდგა სხვა ჭურჭლის კეთებას, როგორიც მოსწონდა გასაკეთებლად. 4 დავარდა ჭურჭელი, რომელსა-იგი იქმოდა თიჴისაგან ჴელთა შინა მისთა, და კუალად შექმნა იგი ჭურჭლად სხუად, ვითარცა სთნდა წინაშე მისსა ქმნად.
5 იყო უფლის სიტყვა, ჩემს მომართ ნათქვამი: 5 და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: არქუ მათ:
6 ხომ შემიძლია ისე მოგექცეთ, როგორც ეს მეთუნე იქცევა, ისრაელის სახლო? ამბობს უფალი: აჰა, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო! 6 უკუეთუ ვითარცა მეკეცესა ამას ვერ ძალ-მიც ქმნად თქუენდა, სახლო, ისრაილისაო? აჰა, ვითარცა თიჴაჲ ჴელსა შინა მეკეცისასა, ეგრეთ თქუენ ხართ ჴელთა შინა ჩემთა, სახლო ისრაილისაო!
7 ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს ამოძირკვას, გაცამტვერებას და განადგურებას, 7 აღსასრული ვთქუა ნათესავსა ზედა, ანუ მეფობასა მოსპოლვაჲ მათდა და წარწყმედად.
8 მაგრამ მოიქცევა ეს ხალხი ბოროტებისგან, რომლის გამოც ვაშინებდი მას, და მეც გადავთქვამ ბოროტს, რასაც ვუპირებდი. 8 და მოაქციოს ნათესავმან უკეთურებათაგან მათთა და შევინანო ბოროტთათჳს, რომელთა ვსიტყუევდ ყოფად მათდა.
9 ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს აშენებას და დაფუძნებას, 9 დასასრული ვთქუა ნათესავსა ზედა და მეფობასა ზედა აღშენებად
10 მაგრამ ბოროტად მოიქცევა ჩემ თვალში, არ გაიგონებს ჩემს ხმას, და მეც გადავთქვამ სიკეთეს, რომელსაც ვპირდებოდი მას. 10 და დანერგვად, და ბოროტი ქმნენ წინაშე ჩემსა არსმენად ჴმისა ჩემისა, და შევინანო კეთილთათჳს, რომელნი ვთქუენ ქმნად მათდა.
11 ახლა ასე გამოუცხადე იუდაელებს და იერუსალიმის მკვიდრთ: ასე თქვა უფალმა: აჰა, გიმზადებთ ბოროტს, განზრახვა მაქვს თქვენს წინააღმდეგ. მოიქცეს თითოეული თავის ბოროტი გზიდან და გამოისწოროს ზნე და საქციელი. 11 და აწ თქუ მამაკაცთა მიმართ იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა მიმართ იერუსალიმს: ესრეთ იტყჳს უფალი: აჰა, მე აღვზელ თქუენ ზედა ბოროტთა და ვსიტყუავ თქუენ ზედა გულისსიტყვასა: მოიქეცინ კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და უკეთეს-ჰყვენით სიმარჯუენი თქუენი და გზანი თქუენი
12

ამბობენ: არამც და არამც! ჩვენ-ჩვენი ზრახვების კვალზე უნდა ვიაროთ და თითოეული ჩვენგანი თავისი ბოროტი გულისთქმის თანახმად უნდა მოიქცესო.

12

და თქუეს: ვმჴნდეთ, რამეთუ უკანა განდრეკილებათა ჩუენთასა ვიდოდით და კაცადმან სათნონი გულისა ჩუენისა ბოროტნი ვქმნნეთ.

13 ამიტომ ამბობს უფალი: აბა, შეეკითხეთ ხალხებს, ვის სმენია ამგვარი ამბავი? უსაზომო სისაძაგლენი ჩაიდინა ქალწულმა - ისრაელმა. 13 ამისთჳს, ამათ იტყჳს უფალი: იკითხეთ წარმართთა შორის, ვის ესმნეს ესევითარნი განსაკრთომელნი ფრიად, რომელნი ქმნნა ასულმან ქალწულმან იერუსალიმისამან?
14 თუ მიატოვებს ლიბანის თოვლი მთათა ტინებს? თუ შეწყდება შორით მომდინარი ცივი წყლები? 14 ნუ მოაკლდეს კლდისაგან ძუძუნი, ანუ თოვლი ლიბანისაგან, ანუ მიაქციის წყალი მაიძულებელისა ქარისა მობერვამან?
15 მაგრამ დამივიწყა ჩემმა ერმა, ამაოებას უკმევენ; გაიმრუდეს გზა, ძველი სავალი, რომ ევლოთ გაუთელავი გზის ბილიკებით. 15 რამეთუ დამივიწყა მე ერმან ჩემმან, ცუდისადმი აკმევდეს და მოუძლურდენ გზათა მათთა ზედა, საბელთა საუკუნეთა ზედსლვისათჳს ალაგთა არმქონებელთა გზისათა სავალად.
16 რომ უდაბნოდ ექციათ თავიანთი ქვეყანა და მარად სასტვინებლად, რათა ყოველი ჩამვლელი შეძრწუნებულიყო და თავი გაექნია. 16 და დაწესებად ქუეყანაჲ მათი უჩინოსაქმნელად და სასტჳნველად საუკუნოდ. ყოველნი წარმავლელნი მის მიერ განცჳბრდენ და შეხარნენ თავნი მათნი,
17 აღმოსავლეთის ქარივით დავფანტავ მათ მათი მტრების წინაშე. ზურგს ვუჩვენებ მათ, არა სახეს, გასაჭირის ჟამს. 17 ვითარცა ქარმან შემწუელმან განვაბნინე იგინი წინაშე პირსა მტერთა მათთასა. ქედი და არა პირი უჩუენო მათ დღესა შინა წარწყმედისა მათისასა.
18 თქვეს: წამო, რამე ვიღონოთ იერემიას წინააღმდეგ; რადგან არ დაკარგვია რჯული მღვდელს, რჩევის უნარი ბრძენკაცს და სიტყვა წინასწარმეტყველს. წამო და ენით ვძლიოთ მას, რომ ყურს აღარ ვუგდებდეთ მის სიტყვებსო. 18 და თქუეს: მოვედით, ვსიტყოთ იერემიას ზედა გულისსიტყუა, რამეთუ არა წარწყმდეს შჯული მღდელისაგან და განზრახვაჲ გულისჴმიერისაგან და სიტყვა წინაწარმეტყუელისაგან. მოვედით და გავაბრძოლოთ იგი ენისა მიერ, და არა ვისმინნეთ ყოველნი სიტყუანი მისნი.
19 ყური მიგდე, უფალო, და ისმინე ჩემი მომჩივრების ხმა. 19 ისმინე ჩემი, უფალო, და ისმინე ჴმაჲ სამართლისა ჩემისაჲ.
20 განა ბოროტით უხდიან სიკეთისთვის? ორმო რომ გამითხარეს დასაღუპად? გამიხსენე შენს წინაშე მდგარი, მათ სასიკეთოდ რომ ვლაპარაკობდი, შენი რისხვა რომ ამეცილებინა მათთვის. 20 უკეთუ მიეგებიან ბოროტნი კეთილთა წილ, რამეთუ შეთქუნეს სიტყუანი ძჳნად სულისა ჩემისა და ტანჯვაჲ მათი დამირწყუეს მე? მოიჴსენე დგომაჲ ჩემი წინაშე პირსა შენსა თქმად მათ ძლით კეთილთა, გარემიქცევად გულისწყრომა შენი მათგან.
21 ამიტომ შიმშილს გააწყვეტინე მათი შვილები, მახვილზე წამოაგე, რათა შვილმკვდარნი შეიქნენ და დაქვრივდნენ მათი ცოლები; სიკვდილმა გაწყვიტოს მათი კაცები, მახვილმა მოსრას მათი ჭაბუკები ომში. 21 ამისთჳს მისცენ ძენი მათნი სიყმილსა და შეაწყუდიენ იგინი ჴელთა მახჳლისათა. იქმენინ ცოლნი მათნი უშვილო და ქურივებ, და ქმარნი მათნი იქმენინ მოწყუედილ სიკვდილითა და ჭაბუკნი მათნი დაცემულ მახჳლითა ბრძოლასა შინა.
22 კვნესა ისმოდეს მათი სახლებიდან, როცა ანაზდად ავაზაკებს მიუსევ, რადგან ორმო გათხარეს ჩემს დასაჭერად და ფეხქვეშ იდუმალ მახეს მიგებენ. 22 იქმენინ ღაღადება სახლებსა შინა მათსა, მოავლინენ მათ ზედა ავაზაკნი მყის, რამეთუ ჴელ-ყვეს სიტყვა შეპყრობად ჩემდა, და მახენი დაარწყუნეს ჩემ ზედა.
23 შენ იცი, უფალო, რომ ყველაფერს ღონობენ ჩემს მოსაკლავად! ნუ მიუტევებ მათ დანაშაულს და ცოდვებს ნუ წარუხოცავ მათ შენს თვალთაგან. აყვნენ დამხობილნი შენს წინაშე. შენი რისხვის ჟამს გაუსწორდი მათ! 23 და შენ, უფალო, სცან ყოველი განზრახვაჲ ჩემ ზედა სასიკვდინედ. ნუ ააუბრალოებ უმართლობათა მათთა და ცოდვათა მათთა პირისა შენისაგან ნუ აჰჴოც. იყავნ უძლურებაჲ მათი წინაშე შენსა, ჟამსა შინა გულისწყრომისა შენისასა ყავ მათ შორის.