ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ასე ამბობს უფალი: წადი, იყიდე მეთუნისგან თიხის დოქი, წაიყვანე ხალხის უხუცესნი და მღვდლების უხუცესნი.

1

მაშინ თქვა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე და მოიგე კარაბაჲ, გამოზელილი კეცისაჲ, და მოიყვანენ მოხუცებულთაგან ერისათა და მოხუცებულთაგან მღდელთასა.

2 გადი ბენ-ჰინომის ველზე მეთუნეთა კარიბჭიდან და გამოაცხადე იქ სიტყვები, რომელთაც გეტყვი. 2 და განხჳდე სამრავალკაცოდ ძეებისა შვილთა მათთასა, რომელი არს წინა კართა ზედა ბჭისა ხარსიდისასა, და წარიკითხენ მუნ ყოველნი სიტყუანი, რომელნიცა ვთქუნე შენდამი.
3 თქვი: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო და იერუსალიმის მკვიდრნო: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: აჰა, მომაქვს ამ ადგილისთვის უბედურება, რომლის გამგონეს ყველას ყურები აუზრიალდება. 3 და ჰრქუა მათ: ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ მეფეთა იუდაჲსთა და კაცთა იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა იერუსალიმს და შემავალთა ამათ ბჭეთა შინა. ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისა: აჰა, მე მოვაწევ ერსა ამას ზედა ძჳრთა, ვიდრეღა ყოველსა მსმენელსა მათსა აღუყივდენ ყურნი მისნი.
4 ეს იმის გულისთვის, რომ დამივიწყეს და გააუცხოვეს ეს ადგილი; უკმევენ აქ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც თვითონ და არც მათი მამა-პაპანი - იუდას მეფეები იცნობდნენ. აავსეს უბრალოთა სისხლით ეს ადგილი. 4 მათ წილ, რომელ დამიტევეს მე, და განაუცხოეს ადგილი ესე, და უკმევდეს ამას შორის ღმერთთა უცხოთა, რომელნი არა იცოდნეს მათ და მამათა მათთა და მეფეთა იუდაჲსთა, აღავსეს ადგილი ესე სისხლებითა უბრალოებითა,
5 აღმართეს ბაალის საკერპოები, რათა ცეცხლში დაუწვან თავიანთი შვილები ბაალს აღსავლენ მსხვერპლად, რაც არ მიბრძანებია მათთვის, არც მითქვამს, ფიქრადაც არ მომსვლია. 5 და უშენნეს მაღალნი ბაალსა დაწუად ძენი მათნი ცეცხლითა ყოვლადდასაწუელად ბაალისა, რომელნი არა ვამცნენ მათ, არცა მომეგონა გულსა შინ ჩემსა.
6 ამიტომ, აჰა, ახლოვდება ჟამი, ამბობს უფალი, და აღარ ერქმევა ამ ადგილს თოფეთი და ბენ-ჰინომის ველი, არამედ სასაკლაო ველი. 6 ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და არა ეწოდოს მერმე ადგილსა ამას დაცემულება და სამრავალკაცო ძისა ენნომისსა, არამედ სამრავალკაცო სრვისა.
7 ჩავშლი იუდას და იერუსალიმის თათბირს ამ ადგილას, დავცემ მათ მახვილით მტრების თვალწინ, მათი ხელით, ვინც მოსაკლავად დასდევს მათ. გადავუყრი მათ გვამებს შესაჭმელად ცის ფრინველებს და ველის მხეცებს. 7 და მოვსრა განზრახვაჲ იუდაჲსი და განზრახვაჲ იერუსალიმისაჲ ადგილსა ამას შინა, და დავსცნე იგინი მახჳლისა მიერ წინაშე მტერთა მათთა და ჴელებსა შინა მეძიებელთა სულებისა მათისათა, და მივსცნე მკუდარნი მათნი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.
8 საფრთხობელად და სასტვენელად ვაქცევ ამ ქალაქს. ყოველი ჩამვლელი შეძრწუნდება და სტვენას მოჰყვება მისი ჭრილობების შემხედვარე. 8 და დავდვა ქალაქი ესე უჩინოსაქმნელად და სასტჳნვლად. ყოველი თანაწარმვლელი მის ზედა დაწუხნეს და დაისტჳნოს ყოვლისა ამის წყლულებისათჳს.
9 საკუთარი ვაჟებისა და ასულების ხორცს შევაჭმევ მათ; ერთმანეთის ხორცს დაუწყებენ ჭამას ალყაში და გაჭირვებაში, როცა მტრები და მათი მესისხლენი შეაჭირვებენ მათ. 9 და ჭამდენ ჴორცებსა ძეთა მათთასა და ჴორცებსა ასულთა მათთასა და თითოეული ჴორცთა მოყუსისა თვისისათა ჭამდეს გარემოცვულებასა შინა და გარემოდგომილებასა შინა, რომლითა გარემოადგენ მათ მტერნი მათნი და მეძიებელნი სულთა მათთანი.
10 გატეხე დოქი იმ ხალხის თვალწინ, თან რომ წამოგყვნენ. 10 და შეჰმუსრო კარაბაჲ წინაშე თვალებსა კაცთა გამოსრულთასა შენ თანა.
11 უთხარი მათ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ასე გავტეხავ ამ ხალხს და ამ ქალაქს, როგორც ტეხს კაცი მეთუნის ჭურჭელს, რომელიც აღარ გამრთელდება. თოფეთში დაუწყებენ დამარხვას, დასამარხავი ადგილი რომ აღარ ექნება. 11 და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი ძალთა: ესრეთ შევმუსრო ერი ესე და ქალაქი ესე, ვითარცა შეიმუსრვის ჭურჭელი კეცისაჲ, რომელი არშესაძლებელ იყოს განკურნებად მერმე, და ტაფეთს თანა დაჰფლვიდენ, რამეთუ არა იყოს ადგილი დაფლვად.
12 ასე მოვექცევი ამ ადგილს, ამბობს უფალი, და მის მცხოვრებლებს; თოფეთს დავამსგავსებ ამ ქალაქს. 12 ესრეთ უყო, - იტყჳს უფალი, - ადგილსა ამას და დამკჳდრებულთა მას შინა მიცემად ქალაქი ესე ქუეყანად დაკუეთებულად.
13 იერუსალიმის სახლები და იუდას მეფეთა სახლები თოფეთის ადგილივით გაუწმიდურდება; ასევე ყველა სახლი, რომლის ბანზეც ცის ვარსკვლავებს უკმევენ და უცხო ღმერთებს უღვრიან საღვრელს. 13

და იყვნენ სახლებნი იერუსალიმისანი და სახლნი მეფეთა იუდაჲსთანი, ვითარცა ადგილი დაკუეთებული არაწმიდებათათჳს, რომელნი ქმნნეს სახლთა შინა, რომელთა შინა უკუმევდეს ერდოებსა ზედა მათსა ყოველსა მჴედრობასა ცისასა, დაუგებდეს საგებელთა ღმერთთა უცხოთა.

14 წამოვიდა იერემია თოფეთიდან, სადაც გაგზავნა იგი უფალმა საქადაგებლად, და გაჩერდა უფლის სახლის ეზოში და გამოუცხადა მთელს ხალხს: 14 და მოვიდა იერემია დაცემულებისაგან ტაფეთისა, ვინაჲ მიავლინა იგი უფალმან წყლულებად მუნ, და დადგა ეზოსა შინა სახლისა უფლისასა და თქვა ყოვლისა მიმართ ერისა.
15 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მომაქვს ამ ქალაქისთვის და მისი დაბებისთვის უბედურება, რაც ნათქვამი მაქვს მათზე, რადგან გაჯიუტდნენ და არ გაიგონეს ჩემი სიტყვა. 15 ამას იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისაჲ: აჰა, მე მოვჰჴადნე ქალაქსა ამას ზედა და ყოველთა ზედა ქალაქთა მისთა და დაბათა მისთა ყოველნი ძჳრნი, რომელთა ვიტყოდე მის ზედა, რამეთუ განიფიცხეს ქედი მათი არსმენად სიტყვათა ჩემთა.