ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
1 |
და იყო სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
2 | წადი და ყურში ჩასძახე იერუსალიმს: ასე ამბობს-თქო უფალი: მე მახსოვს შენი ყმაწვილური ერთგულება და პატარძლური სიყვარული, როცა მომყვებოდი უდაბნოში, უხნავ-უთეს მიწაზე. | 2 | ვიდოდე და აღმოიკითხე ყურთა მიმართ ძეთა იერუსალიმისათასა მეტყუელმან: ამათ იტყჳს უფალი: მოვიჴსენენ წყალობანი სიჭაბუკისა შენისანი და სიყუარული სრულებისა შენისა. შეუდეგ რაჲ შენ წმიდასა ისრაილისასა, იტყჳს უფალი, - უდაბნოსა ქუეყანასა უთესველსა: |
3 | უფლის სიწმიდეა ისრაელი, მისი მოსავლის ნათავარი; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება, უბედურება დაატყდება თავს, ამბობს უფალი, | 3 | წმიდა უფლისა ისრაილი, დასაბამი ნაშრომთა მისთა; ყოველნი მჭამელნი მისნი ცოდვენ, ბოროტნი მოიწინენ მათ ზედა, - იტყჳს უფალი: |
4 | ისმინე უფლის სიტყვა, იაკობის სახლო, და ისრაელის სახლის ყოველო საგვარეულოვ! | 4 | ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ, სახლო იაკობისო და ყოველნო ტომნო სახლისა ისრაელისანო! |
5 | ასე ამბობს უფალი: რა ნახა ჩემში ცუდი თქვენმა მამა-პაპამ, რომ განმიდგა, ამაოებას რომ აჰყვა და თავადაც ამაოებაში ჩაეფლო? | 5 | ამათ იტყჳს უფალი: რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ? რამეთუ განდგეს ჩემგან და ვიდოდეს შემდგომად ამაოსათა და ამაო იქმნენ. |
6 | რომ არც უკითხავს, სად არისო უფალი, რომელმაც ამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან გვატარა უდაბნოში, შიშველ და დახრამულ მიწაზე, უწყლო და პირქუშ ქვეყანაში, სადაც კაციშვილი არ გაჭაჭანებულა, სადაც ადამიანს არ უცხოვრია? | 6 | და არა თქუეს: სადა არს უფალი აღმომყუანებელი ჩუენი ქუეყანისაგან ეგჳპტისა? და გჳძღოდა ჩუენ უდაბნოსა ზედა ქუეყანასა მას უქმსა და უვალსა, ქუეყანასა შინა ურწყულსა და უნაყოფოსა და აჩრდილსა სიკუდილისასა, ქუეყანასა, რომელსა შინა არ განვლო მის შორის მამაკაცმან, არცა დაემკჳდრა მუნ ძე კაცისა, |
7 | მოგიყვანეთ აყვავებულ მიწაზე, რომ მისი ნაყოფი და დოვლათი გეჭამათ. მოხვედით და შებღალეთ ჩემი მიწა, და ჩამი სამკვიდრო სიბილწედ აქციეთ. | 7 | და შემყუანებელი ჩუენი კარმელისა მიმართ ჭამად ნაყოფთა მისთა და კეთილთა მისთა. და შეხუედით და შეაგინეთ ქვეყანა ჩემი და სამკჳდრებელი ჩემი დასდევით საძაგელებად. |
8 | არ უთქვამთ მღვდლებს: სად არისო უფალი? რჯულის კაცებმა არ მიცნეს, მწყემსები განმიდგნენ, წინასწარმეტყველნი ბაალის სახელით გაქადაგდნენ და უსარგებლო კერპებს აეკიდნენ. | 8 | მღდელთა არა თქუეს: სადა არს უფალი და მეცნავთა სჯულისა ჩემისათა არა მიცნეს მე. და მწყემსნი უთნოობენ ჩემდამო და წინაწარმეტყუელნი უწინაწარმეტყუელებდეს ბაალსა, და უკუანა ურგებთასა ვიდოდეს. |
9 | ამიტომაც კიდევ მექნება თქვენთან დავა, ამბობს უფალი; თქვენს შვილთა შვილებთანაც ვიდავებ. | 9 | ამისთჳს მერმეცა განვისჯებოდი თქუენდამი, - იტყჳს უფალი, - და ძეთა მიმართ ძეთა თქუენთასა განვისაჯოვე, |
10 | რადგან, აბა, წადით ქითიელთა კუნძულებზე და ნახეთ, გააგზავნეთ კედარში და კარგად გამოიკვლიეთ, ნახეთ, თუ სადმე მომხდარა ამგვარი რამე. | 10 | რამეთუ განვლეთ ჭალაკთა მიმართ ქეტიიმისთა და იხილეთ, და კიდარადმი მიავლინეთ და გულისხმა-ყავთ ფრიად, და იხილეთ, უკეთუ იქმნეს ესევითარნი. |
11 |
თუ შეუცვლია რომელიმე ხალხს თავისი ღმერთები, თუმცა არ ყოფილან, ისინი ღმერთები? ჩემმა ერმა კი უსარგებლო კერპებზე გადაცვალა თავისი დიდება! |
11 |
უკუეთუ სცვალებენ წარმართნი ღმერთთა მათთა, და იგინი არა არიან ღმერთნი, ხოლო ერმან ჩემმან შეიცვალა დიდებაჲ თჳსი, რომლისაგან არა რგებულ იქმნეს. |
12 | შეძრწუნდი ამის გამო, ცაო, შეშფოთდი და გამოშრი, ამბობს უფალი. | 12 | განჰკრთა ამას ზედა ცა და განცჳბრდა უფროს ფრიად, - იტყჳს უფალი. |
13 | რადგან ორი დანაშაული ჩაიდინა ჩემმა ერმა: მიმატოვეს მე, ცოცხალი წყაროსთვალი და ამოკვეთეს თავისთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ. | 13 | რამეთუ ორნი ძჳრნიცა ქმნნა ერმან ჩემმან. მე დამიტევეს, წყაროჲ წყლისა ცხოველისაჲ, და უთხარნეს თავთა მათთა ჯურღმულნი გაჴურეტილნი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან დაპყრობად წყლისა. |
14 | მონაა ისრაელი თუ სახლისშვილი? აბა, რატომ იქცა ნადავლად? | 14 | ნუ მონაჲ არსა ისრაილი, ანუ სახლის ნაშობი არს იაკობი, რაჲსათჳს წარსატყუენველ იქმნა? |
15 | თავს დაღრიალებდნენ ლომები, ხმამაღლა ბდღვინავდნენ, უდაბნოდ უქციეს ქვეყანა; გადამწვარია მისი ქალაქები, გაუკარციელებული. | 15 | მის ზედა იზახდეს ლომნი და მოსცეს ჴმაჲ მათი, რომელთა დააწესეს ქუეყანაჲ მისი უჩინოსაქმნელად, და ქალაქნი მისნი დაიქცეს არადამკჳდრებისა მიერ. |
16 | თვით ნოფელებმა და თახფანესელებმაც კი ჩაგიმტვრიეს თავის ქალა. | 16 | და ძეთა მემფისათა და ტაფანაჲსათა გიცნეს შენ და გემღერდეს შენ. |
17 | იმის გამო ხომ არ მოიწიე ეს, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი, როცა გზად მიჰყავდი? | 17 | არა ესენი გიყვნაა შენ დატევებამან შენგან ჩემმან, -იტყჳს უფალი ღმერთი შენი, - ჟამსა მოყვანებისა შენისასა გზასა ზედა? |
18 | ახლა რად დასდგომიხარ ეგვიპტის გზას? - ნილოსის წყლის დასალევად? რად დასდგომიხარ აშურის გზას? - ევფრატის წყლის დასალევად? | 18 | და აწ რაჲ არს შენი და გზისა ეგჳპტისა, სუმად წყალი გიონისა? და რაჲ შენი და გზისა ასურასტანელთასა, სუმად წყალი მდინარეთა? |
19 | ჭკუაზე მოგიყვანს შენი დანაშაული და შენი განდგომილება გამხილებს შენ. იფიქრე და იცოდე, რა მძიმეა და მწარე უფლის, შენი ღვთის, მიტოვება. აღარა გაქვს ჩემი შიში, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი. | 19 | გასწავლენ შენ განდგომილებამან შენმან და უკეთურებამან შენმან გამხილენ შენ, და ცან და იხილე, ვითარმედ მწარე არს შენდა დატევებაჲ ჩემი, - იტყჳს უფალი ღმერთი შენი, - და არა სათნო ვიყო შენ ზედა, იტყჳს უფალი ღმერთი შენი, |
20 | როცა დიდიხნის წინათ დავლეწე შენი უღელი, დავწყვიტე შენი აპეურები, შენ თქვი: აღარ გემორჩილებითო. რადგან ყოველ მაღალ გორაკზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ წვებოდი მეძავივით. | 20 | რამეთუ საუკუნითგან შეჰმუსრე უღელი შენი, და განჰხეთქენ აპაურნი შენნი და სთქუ: არა გმონო შენ, არამედ წარვიდე ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა და ქუეშე ყოველსა ხესა ჩრდილოვანსა, მუნ დავითხიო სიძვისა მიერ ჩემისა, |
21 |
მე დაგრგე რჩეულ ვენახად, ჭეშმარიტ თესლად დაგთესე. როგორ გადაჯიშდი და უცხო ვაზად როგორ შემეცვალე! |
21 |
ხოლო მე დაგნერგე შენ, ვენაჴი ნაყოფის გამომღებელი ყოვლად ჭეშმარიტი, ვითარ გარდაიქეც სიმწარედ ვენაჴი უცხოჲ? |
22 | ნაცარტუტითაც რომ იხეხო, რამდენი საპონიც არ უნდა იხმარო, შენი შეცოდება მაინც ლაქად და რჩება ჩემს წინაშე, ამბობს უფალი ღმერთი. | 22 | უკუეთუ განიბანო ბავრუკითა და განიმრავლნე თავისა შენისა მდელონი, შეგინებულვე ხარ უსამართლობათა მიერ შენთა წინაშე ჩემსა, - იტყჳს უფალი, |
23 | როგორ ამბობ: არ წამიბილწავს თავი, ბაალებს არ ავკიდებივარო? გაიხსენე შენი საქციელი ველზე, დაფიქრდი, რა გააკეთე, გარეულო დედალო აქლემო, აქეთ-იქით რომ დაჭენაობ? | 23 | ვითარ იტყჳ: არ შევიგინე და უკანა ბაალისსა არა ვიდოდე? იხილენ გზანი შენნი სამრავალკაცოს შინა, და ცან, რაჲ ჰყავ. |
24 | ვინ დააკავებს უდაბნოზე შეჩვეულ კანჯარს, როცა სუნთქვაშეკრული გარბის? ნუ დაშვრებიან მისი მძებნელნი; ერთ თვეშიც ვერ მიაგნებენ. | 24 | მწუხრი ჴმითა მისითა ვალალაებდა, გზანი მისნი განავრცნა წყალთა ზედა უდაბნოსათა; გულისთქუმათა შინა სულისა მისისათა სულშემოსილობდა; მიეცა; ვინ მოაქციოს იგი? ყოველნი მეძიებელნი მისნი არა დაშურენ, სიმდაბლესა შინა მისსა პოონ იგი. |
25 | დაინდე შიშველი ფეხები და წყურვილისგან გამომშრალი ყელი! შენ კი ამბობ: არა, ამაოა! რადგან უცხოები მიყვარს და მათ ავეკიდებიო! | 25 | მოაქციე ფეჴი შენი გზისაგან ფიცხელისა და ჴორცი შენი წყურილისაგან. ხოლო მან თქუა: ვმჴნდები, ვმჴნდები, რამეთუ შეიყუარნა უცხონი, და შემდგომად მათსა ვიდოდა. |
26 | როგორც ქურდს შერცხვება ხოლმე, როცა წაასწრებენ, ასე შეირცხვინა თავი ისრაელის სახლმა, მისმა მეფეებმა, მთავრებმა, მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა, | 26 | ვითარცა სირცხჳლი მპარავისაჲ, ოდეს შეიპყრას, ეგრეთ სირცხჳლეულ იქმნენ ძენი ისრაილისანი, რამეთუ მათ და მეფეთა მათთა და მთავართა მათთა და მღდელთა მათთა და წინაწარმეტყუელთა მათთა. |
27 | ხეს რომ ეუბნებიან: მამა ხარო ჩემი, და ქვას: შენ მშობეო, რადგან ზურგი მომაქციეს მათ და არა სახე. გასაჭირში კი ამბობენ: ადექი და გვიხსენიო. | 27 | ძელსა ჰრქუეს, ვითარმედ: მამაჲ ჩემი ხარ შენ: და ქვასა: შენ მშევ, და მომაქცინეს მე ზურგნი და არა პირნი მათნი. და მას ჟამსა ძჳრთა მათთასა თქუან: აღდეგ და განგუარინენ ჩუენ. |
28 | სად არიან შენი ღმერთები, რომლებიც შენთვის გაიკეთე? ადგნენ, თუკი შეუძლიათ შენი ხსნა გასაჭირში. რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს შენ, იუდა! | 28 | და სადა არიან ღმერთნი შენნი, რომელნი უქმნენ თავსა შენსა? უკეთუ აღდგნენ და განგარინონ შენ ჟამსა შინა განბოროტებისა შენისასა? რამეთუ რიცხჳსაებრ ქალაქთა შენთასა, იყუნეს ღმერთნი შენნი, იუდა. აჰა, და რიცხჳსაებრ საგზაურთა იერუსალიმისათა უზორვიდეს ბაალსა. |
29 | რიღასთვის მედავებით? ხომ ყველანი განმიდექით მე, ამბობს უფალი. | 29 | რაჲსათჳს იტყჳთ ჩემდამო? თქუენ ყოველნი უთნო იქმნენით ჩემდამო. - იტყჳს უფალი, - |
30 | ამაოდ მიცემია თქვენი შვილები: ჭკუა ვერ ისწავლეს. თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც გამანადგურებელმა ლომმა. | 30 | და თქუენ ყოველნი უსჯულოებდით, მედად მოვსრენ შვილნი თქუენნი, წურთაჲ არ შეიწყნარეთ. მახჳლმან შეჭამნა წინაწარმეტყუელნი თქუენნი, ვითარცა ლომმან მომსრველმან, და არ შეიშინეთ. |
31 |
ეჰა, მოდგმავ! შეიგონე უფლის სიტყვა! განა უდაბნო ვიყავი ისრაელისთვის ან ბნელეთი? რატომ ამბობს ჩემი ერი: თავისუფალნი ვართ, შენთან აღარ მოვალთო? |
31 |
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ: ამათ იტყჳს უფალი: ნუ უდაბნო ვექმენ ისრაილსა, ანუ ქუეყანა განკორდებულ მით, რამეთუ თქუა ერმან ჩემმან, და უუფლო ვიყვნეთ და შენდა არღა მოვიდეთ მერმე. |
32 | როდის ყოფილა, ქალწულს თვისი სამკაული დაევიწყებინოს ან პატარძალს - თვისი მორთულობანი? ჩემმა ერმა კი რა ხანია, დამივიწყა მე. | 32 | ნუ დაივიწყის სძალმან სამკაული თჳსი და ქალწულმან მკერდის შესაკრავი თჳსი? ხოლო ერმან ჩემმან დამივიწყა მე დღეთა, რომელთა არა არს რიცხჳ, |
33 | როგორ გაგიმზადებია შენი გზა სიყვარულის საძებრად? ბოროტებანიც კი შეაჩვიე შენს გზებს! | 33 | რაჲღა კეთილი მოიჴელოვნო გზათა შინა შენთა ძიებად შეყუარებისა? არა ესრე, არამედ შენცა უკეთურებდე შეგინებად გზათა შენთა. |
34 | შენი კაბის კალთებს ამჩნევია უდანაშაულო ბეჩავთა სისხლი. ხომ არ წაგისწრია მათთვის სახლის გამოთხრისას? | 34 | და ჴელთა შინა შენთა იპოვა სისხლები სულთა უბრალოთა, არა შეთხრასა შინა ჰპოვენ იგინი, არამედ ნუ ყოველთა თანა მუხათა. |
35 | და მაინც ამბობ: უბრალო ვარ, ამცდება მისი რისხვაო. მაგრამ, აჰა, გაგიმართავ დავას, რაკი ამბობ, არ შემიცოდავსო. | 35 | და სთქუ: უბრალო ვარ, არამედ მიიქეცინ გულისწყრომა მისი ჩემგან. აჰა, მე განვისაჯები შენდამი თქუმისათჳს შენგან: არა ვცოდე, |
36 | რამდენს დაეხეტები და იცვლი გზებს! ეგვიპტისგანაც ისევე შერცხვები, როგორც აშურისგან შერცხვი. | 36 | რამეთუ უგულებელს-ჰყავ ფრიად და მრჩობლები გზათა შენთა, და ეგჳპტითცა სირცხჳლეულ იქმენ, სირცხჳლეულ იქმენ ასურეთით, |
37 | მისგანაც გახვალ თავში ხელისცემით, რადგან გაგიცრუებს უფალი იმედებს და ვერაფერს გამორჩები მათ. | 37 | რამეთუ ამიერცა გან-ვე-ხვიდე, და ჴელნი შენნი თავსა ზედა შენსა, რამეთუ განაგდო უფალმან სასოება შენი, და არ წარგემართოს მას შინა. |