ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
სიტყვა, რომელიც იყო უფლისგან იერემიას მიმართ ნათქვამი, როცა მეფე ციდკიამ მიუგზავნა მას ფაშხურ მალაქიას ძე და მღვდელი სოფონია მაყასეას ძე და დააბარა სათქმელად: |
1 |
სიტყუაჲ ქმნილი იერვმიაჲს მიმართ უფლისა მიერ, ოდეს მიავლინა მისდამი სედეკია მეფემან პასხორ, ძე მელქისი, და სოფონია, ძე მაასესი, მღდელისაჲ, მეტყუელმან: |
2 | შეეკითხე ჩვენზე უფალს, რადგან საბრძოლველად მოგვადგა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი. იქნება მოახდინოს ჩვენთვის უფალმა თავისი სასწაულების მსგავსი რამე, და ისიც დაგვანებებს თავს. | 2 | ჰკითხე ჩუენთჳს უფალსა, რამეთუ ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, ზედდადგრომილ არს ჩუენ ზედა. უკუეთუ ყოს, ვითარ უფალმან ჩუენ თანა ყოველთაებრ საკჳრველებათა მისთა და წარვიდეს ჩუენგან. |
3 | უთხრა მათ იერემიამ: ასე უთხარით ციდკიას: | 3 | და თქუა მათდა მიმართ იერემია: ესრეთ თქუთ სედეკიაჲს მიმართ. |
4 | ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, წაგართმევთ საბრძოლო იარაღს, ხელში რომ გიჭირავთ, რომლითაც ებრძვით ბაბილონის მეფეს და მოალყე ქალდეველებს გალავანს მიღმა, და დავახვავებ მათ ამ ქალაქის შუაგულში. | 4 | ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე გარდავაქცინე საჭურველნი საბრძოლელნი თქუენნი, რომელი არს ჴელთა თქუენთა, რომელთა მიერ ებრძვით თქუენ მათ მიერ მეფესა ბაბილონისასა და ქალდეველთა, შემჴშველთა თქუენთა გარეთ ზღუდისა, და შემოვიყვანნე იგინი საშუალ ქალაქისა ამის. |
5 | შეგებრძოლებით მოღერებული ხელით და მაგარი მკლავით, რისხვით, გაცხარებით და დიდის გააფთრებით. | 5 | და გებრძოლო თქუენ მე ჴელითა განმარტებულითა და მკლავითა ძლიერითა გულისწყრომისა თანა და რისხვისა დიდისა. |
6 | მუსრს გავავლებ ამ ქალაქის მცხოვრებლებს, კაცსა და პირუტყვს; დაიხოცებიან დიდი ჭირისგან. | 6 | და მოვსრნე ყოველნი დამკჳდრებულნი ქალაქსა ამას შინა: კაცნი და საცხოვარნი სიკუდილისა მიერ დიდისა, და მოკუდენ. |
7 | ამის შემდეგ, ამბობს უფალი, ჩავაგდებ ციდკიას, იუდას მეფეს, და მის მორჩილებს, ხალხს და ყველას, ვინც ამ ქალაქში ჭირს, მახვილს და შიმშილს გადაურჩა, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ხელში, მათი მტრების ხელში, მის მესისხლეთა ხელში; და იგი მახვილით მოსრავს მათ, არ შეიწყალებს, არ შეიბრალებს, არ დაინდობს. | 7 | და შემდგომად ამათსა ესრეთ იტყჳს უფალი: მივსცე სედეკია, მეფე იუდაჲსი, და ყრმანი მისნი და ერი დაშთომილი ქალაქსა ამას შინა სიკუდილისაგან და მახჳლისა და სიყმილისა ჴელსა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვანისასა, და ჴელთა შინა მტერთა მათთა, და ჴელთა შინა მეძიებელთა სულთა მათთასა, და დაჭრნენ იგინი პირითა მახჳლისაჲთა. არა ვერიდო მათ ზედა, და არ შევიწყალნე იგინი და არცა ულხინო მათ. |
8 | ამ ხალხს კი უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი; აჰა, დამიდევს თქვენს წინაშე სიცოცხლის გზა და სიკვდილის გზა. | 8 | და ერისა ამის მიმართ სთქუა: ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მიგეც წინაშე პირსა თქუენსა გზა ხარებისა და გზაჲ სიკუდილისაჲ. |
9 | ვინც დარჩება ამ ქალაქში, მახვილით ან შიმშილით ან შავი ჭირით მოკვდება. ვინც გავა და ჩაბარდება ქალდეველებს, რომელთაც ალყაში ვყავართ, გადარჩება და ნადავლად ექნება საკუთარი სიცოცხლე. | 9 | მჯდომარე ქალაქსა ამას შინა მოკუდეს მახჳლისა მიერ და სიყმილისა მიერ, და გამომავალი განშორებისათჳს ქალდეველთა მიმართ, შემაწყუდეველთა თქუენთა, ცხონდეს, და იყოს სული მისი საიავროდ და ცხონდეს |
10 | რადგან საუბედუროდ მივაქციე ჩემი სახე ამ ქალაქისკენ, არა სასიკეთოდ, ამბობს უფალი; ხელში ჩაუვარდება ბაბილონის მეფეს, რომელიც ცეცხლში დაწვავს მას. | 10 | მით, რამეთუ განვიმტკიცე პირი ჩემი ქალაქსა ამას ზედა საბოროტოდ და არ საკეთილოდ, - თქუა უფალმან, - ჴელთა მეფისა ბაბილოვანისათა მიეცეს, და მოწუას ეგე ცეცხლითა. |
11 | იუდას მეფის სახლს: ისმინეთ უფლის სატყვა. | 11 | სახლმან მეფისა იუდაჲსმან ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ. |
12 | დავითის სახლო! ასე ამბობს უფალი, ყოველ დილით განიკითხეთ სამართალი და იხსენით მოძალადის ხელიდან გაძარცული, თორემ ცეცხლივით ავარდკბა ჩემი რისხვა, აბრიალდება და არავინ იქნება ჩამქრობი, თქვენი ავკაცობის გამო. | 12 | სახლო დავითისაო, - ამათ იტყჳს უფალი, - შჯიდით განთიად სასჯელსა და წარმართებდით, და განარინებდით მიხუეჭილსა ჴელისაგან მიმხუეჭელთა მისთაჲსა, რათა არა აღეგზნას, ვითარცა ცეცხლი, რისხვაჲ ჩემი, და დასწვიდეს და არა იყოს დამშრეტელ პირისაგან სიცრუისა სიმარჯუეთა თქუნთასა. |
13 | აჰა, შენზე მოვდივარ, ველის მკვიდრო, ვაკის კლდეო, ამბობს უფალი, რომ ამბობთ: ვინ დაგვესხმის, ვინ შემოვა ჩვენს სადგომებშიო? | 13 | აჰა, მე შენდამი დამკჳდრებულისა ღელესა სორისსა ველობსა, - ეტყჳს უფალი მეტყველთა, - ვინ შემაშინნეს ჩუენ, ანუ ვინ შევიდეს სამკჳდრებელსა ჩუენსა? |
14 | მე დაგსჯით, როგორც იმსახურებთ, ამბობს უფალი, დავანთებ ცეცხლს მის ტყეში და ყველაფერს შეჭამს იგი თავის გარშემო. | 14 | და ზედმოვიხილო თქუენ ზედა ბოროტთაებრ სიმარჯუეთა თქუენთა, - თქუა უფალმან, - და აღვაგზნე ცეცხლი მაღნარსა მისსა შორის, და შეჭამნეს ყოველნი გარემოჲსნი მისნი. |