ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ასე ამბობს უფალი: ჩადი იუდას მეფის სახლში და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა.

1

ამათ იტყჳს უფალი: ვიდოდე და შთახედ სახიდ მეფისა იუდაჲსსა. და სთქუნე მუნ სიტყუანი ესე.

2 თქვი: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფევ, დავითის მოსაყდრევ, შენ და შენმა მორჩილებმა, და ხალხმა, ამ კარიბჭეებში შემომსვლელმა. 2 და ჰრქუა: ისმინე სიტყუა უფლისაჲ მეფემან იუდაჲსმან, მჯდომარემან საყდარსა ზედა დავითისასა, შენ და ყრმათა შენთა და ერმან შენმან და რომელნი შემოვლენ ბჭეთა.
3 ასე ამბობს უფალი: ქმენით სამართალი და სიმართლე, იხსენით გაძარცული მოძალადის ხელიდან, ნუ დაჩაგრავთ და ნუ გაღლეტთ ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, ნუ დაღვრით ამ ადგილზე უბრალო სისხლს. 3 ამათ იტყჳს უფალი: ჰყოფდით სასჯელსა და სიმართლესა და განარინებდით მიმძლავრებულსა ჴელისაგან მიმმძლავრებელისა მისისა, და მწირსა და ობოლსა და ქურივსა ნუ ჰმძლავრობთ, და ნუ უთნოებთ და სისხლსა უბრალოსა ნუ დასთხევთ ადგილსა ამას შინა.
4 რადგან თუ აასრულებთ ამ სიტყვას, ივლიან ამ სახლის კარიბჭეებით დავითის მოსაყდრე მეფეები, ეტლზე და ცხენებზე ამხედრებულნი, თავად იგი და მისი მორჩილნი და მისი ხალხი. 4 მით, რამეთუ, უკუეთუ მყოფელთა ჰყოთ სიტყუაჲ ესე, და შევიდოდიან ბჭეთა ამის სახლისათა მეფენი და მთავარნი, მსხდომნი საყდარსა ზედა დავითისსა და ზედაღმავალნი ეტლებსა ზედა და ცხენებსა, იგი და ყრმანი მისნი და ერი მისი.
5 თუ არ გაიგონებთ ამ სიტყვებს, ჩემს თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, გაუკაცრიელდება ეს სახლი. 5 ხოლო არა თუ ჰყუნეთ სიტყუანი ესე, თავისა ჩემისადმი ვფუცე, - იტყჳს უფალი, - ვითარმედ მოსაოჴრებელად იყოს სახლი ესე.
6 რადგან ასე ამბობს უფალი იუდას მეფის სახლზე: თუმცა გალაადი ხარ შენ ჩემთვის, ლიბანის მწვერვალი, მაინც უდაბნოდ გაქცევ, მიტოვებულ ქალაქად. 6 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძჳნად სახლისა მეფისა იუდაჲსისა: გალაად, შენ ხარ ჩემდა დასაბამ ლიბანისა, უკუეთუ არა დაგდვა შენ უდაბნოდ ქალაქებად არდამკჳდრებულებად,
7 გაგიმზადებ ამაოხრებლებს - თითოეულს თავისი იარაღით, რომ გაგიჩეხონ საუკეთესო კედრები და ცეცხლს მისცენ. 7 და მოვაწივნე და წმიდა-ვყვნე შენ ზედა მომსრველნი: მამაკაცი და ცული მისი, და მოჰკუეთნენ რჩეულნი ნაძუნი შენნი და შეყარნენ ცეცხლსა.
8 ბევრი ხალხები ჩაუვლიან ამ ქალაქს და გამოიკითხავენ ერთმანეთში: რისთვის მოექცა ასე უფალი ამ დიდებულ ქალაქს? 8 და განვიდენ წარმართნი მრავალნი ქალაქისა ამის მიერ. და თქუას კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა: რაჲსათჳს უყო უფალმან ესრეთ ქალაქსა ამას დიდსა?
9 იტყვიან: იმისთვის, რომ მიატოვეს უფლის, თავიანთი ღვთის აღთქმა და უცხო ღმერთებს დაუწყეს თაყვანისცემა და მსახაურება. 9 და ჰრქუან: მათ წილ, რომელ დაუტევეს ანდვრძი უფლისა ღმრთისა მათისა და თაყვანის-სცეს ღმერთთა უცხოთა და ჰმსახურეს მათ.
10 ნუ სტირით მკვდარს, ნუ მოთქვამთ მასზე, იტირეთ წასული, რადგან არასოდეს დაბრუნდება და ვერ იხილავს მშობელ ქვეყანას. 10 ნუ სტირთ მომკუდარსა, ნუცა ეგლოვთ მას, და იტირეთ ტირილით განმავალი, რამეთუ არღა მოიქცეს მერმე, არცა იხილოს ქუეყანაჲ მამულისა მისისა
11

რადგან ასე ამბობს უფალი შალუმზე, იოშიას ძეზე, იუდას მეფეზე, რომელიც მეფობდა მამამისის, იოშიას, ნაცვლად; ვინც გავიდა ამ ადგილიდან, აღარ დაბრუნდება აქ,

11

მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი სელიმის ზედა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, რომელი მეფობდა იოსიას წილ მამისა მისისა, რომელი გავიდა ადგილისა ამისგან, არა უკმოიქცეს მუნ არა მერმე,

12 არამედ მოკვდება იმ ადგილზე, სადაც გადაასახლეს და ვეღარ იხილავს ამ ქვეყანას. 12 რამეთუ ადგილსა მას, რომელსა გარდაასახლეს იგი, მუნ მოკუდეს და ქუეყანა ესე არა იხილოს მერმე.
13 ვაი იმას, ვინც უსამართლობით იშენებს სახლს და უკანონოდ - ზემოთვალებს; ვინც მუქთად ამუშავებს თავის ახლობელს და გასამრჯელოს არ აძლევს! 13 ჵ მაშენებელსა სახლისა თჳსისასა არა სიმართლისა მიერ და ქორებსა თჳსსა არგანკითხვისა მიერ. მის მიერ მოყუასი მისი მოქმედებს მედად და სასყიდელსა მისსა არ მისცემს მას.
14 ვინც ამბობს: ავიშენებ ფართო სახლს და ვრცელ ზემოთვალს, და გამოჭრის თვისთვის სარკმლებს, კედრით მოაპირკეთებს და წითლად შეღებავს. 14 მეტყუელი: უშენე თავსა შენსა სახლი ზომითი-ქორები სანიავოები, განგებულებისა სტუენად და მონივთულები ნაძჳთა, განგლესილები წარნაქითა.
15 იმიტომ ხომ არ მეფობ, რომ კედარზე შეიშალო? მამაშენიც ხომ ჭამდა და სვამდა, მაგრამ წესსა და სამართალს იცავდა, და სიკეთე იყო მისთვის. 15 ნუ ჰმეფობ, რამეთუ შენ განსძჳნდი აქაზისებრ, მამისა შენისა. არა ჭამონ და სუან; და ქმნაჲ მსჯავრისა და სიმართლისა კეთილისაჲ არა ცნეს.
16 დაჩაგრულისა და უპოვარის სამართალს განიკითხავდა, და სიკეთე იყო. განა ეს არ არის ჩემი ცოდნა? ამბობს უფალი. 16 არა საჯეს სასჯელი მდაბალთაჲ, არცა სასჯელი დავრდომილისაჲ. არა ესე არსა შენგან ვერცნობა ჩემი? - იტყჳს უფალი, -
17 შენი თვალი და გული კი სარგებელს ეძებს, უბრალოთა სისხლის ღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას. 17 რამეთუ შენდა, აჰა, არა არიან თუალნი, არცა გული შენი კეთილ, არამედ ანგაჰრებასა ზედა შენსა, და სისხლსა ზედა უბრალოსა დათხევად მისსა და ცილისწამებასა ზედა, და უსამართლოებასა, და მკლველობასა ქმნად მათდა.
18 ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰოაკიმ იოშიას ძეზე, იუდას მეფეზე: არ იგლოვებენ მას: ვაი, ჩემო ძმაო, და ვაი, ჩემო დაო! არ იგლოვებენ მას: ვაი, ხელმწიფევ, და ვაი, მისო დიდებულებავ! 18 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი იოაკიმის ზედა, ძისა იოსიასსა, მეფისა იუდაჲსსა: ვაჲ კაცსა ამას ზედა, არა ეტყებდენ მას. ვაჲ მე, უფალო, და ვაჲ მე, ძმაო, და ვაჲ მე, დაო, არცა სტიროდიან მას, ჵ საყუარელო!
19 ვირის დამარხვით დაიმარხება. წაათრევენ და იერუსალიმის კარიბჭეთა იქით გადააგდებენ. 19 დაფლვითა ვირისათა დაეფლას, და-რაჲ-ლპეს, ვითარცა სკორე, განითხიოს მიერ კერძო ბჭესა იერუსალიმისასა.
20 ადი ლიბანზე და მორთე კივილი, ბაშანზე აუწიე ხმას და იკივლე ყაბარიმის მთებიდან, რადგან გაცამტვერდნენ შენი მოყვარულნი! 20 აღვედ ლიბანსა ზედა და ღაღად-ყავ და ბასანადმი მიეც ჴმაჲ შენი და ჴმა-ყავ წიაღკერძოდ მიმართ ზღჳსა, შეიმუსრნეს ყოველნი ტრფიალნი შენნი.
21

გელაპარაკებოდი, როცა უზრუნველად იყავი, მპასუხობდი: არ მესმისო. ასეთი იყო შენი საქციელი სიყრმითგანვე, არ გესმოდა ჩემი სიტყვა.

21

ვიტყოდე შენდამი დაცემულებასა შინა შენსა და სთქუ: არა ვისმინო შენი. ესე არს გზაჲ შენი სიჭაბუკით შენითგან, რამეთუ არა ისმინე ჴმისა ჩემისა.

22 ყველა შენს მწყემსს ქარი გარეკავს, და შენი მოყვარულნი ტყვეობაში წავლენ. მაშინ შერცხვები და გაწბილდები ყველა შენი უკეთურების გამო. 22 ყოველთა მწყემსთა შენთა ჰმწყსის ქარი და ტრფიალნი შენნი ტყუეობად მიმართ წარვიდენ, რამეთუ მაშინ შეირცხჳნო და უპატივო იქმნე ყოველთაგან მიყუართა შენთა.
23 დამჯდარხარ ლიბანში, დაბუდრებულხარ კედართა შორის! როგორ გასაწყლდები, როცა ტკივილები შეგიპყრობს მშობიარე ქალივით. 23 დამკჳდრებულმან შორის ლიბანსა, დაბუდებულმან ნაძუთა ზედა სულთ-ითქუნე მოსლვასა შენდა სალმობათა, ვითარცა შობადისათასა.
24 თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, ჩემი მარჯვენა ხელის ბეჭედიც რომ იყო შენ, ქონიაჰუ იეჰოაკიმის ძევ, იუდას მეფევ, წაგაძრობდი აქედან 24 ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი, უკუეთუ ქმნით იქმნეს იექონია, ძე იოაკიმისი, მეფე იუდაჲსი, აღმონაბეჭდავ ჴელისა ჩემისა მარჯუენისა, ვითარმედ მუნითგან გამოგფხურა შენ.
25 და მიგცემდი ხელში შენს მესისხლეს და შენს შემაშინებლებს - ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს და ქალდეველებს. 25 და მიგცე შენ ჴელებსა მეძიებელთა სულისა შენისათასა და ჴელებსა, რომელთა შენ იშიშვი, პირისაგან მათისა ჴელსა შინა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისა და ჴელსა შინა ქალდეველთასა.
26 გაგაგდებთ შენ და შენს მშობელ დედას სხვა ქვეყანაში, სადაც არ შობილხართ, და იქ დაიხოცებით. 26 და განგაგდო შენ და დედაჲ შენი, მშობელი შენი, ქუეყანად სხუად, ქუეყანადმი, რომელსა არა იშვენით, მუნ, და მუნ მოჰკუდეთ.
27 იმ ქვეყნისკენ, საითკენაც გული გაუწევთ დასაბრუნებლად, ვეღარ დაბრუნდებიან. 27 ხოლო ქუეყანად, რომელსა იგინი ილოცვენ სულითა მათითა, არა მოიქცენ.
28 ნუთუ უღირსი ქმნილებაა, ნუთუ გადასაგდებია ეს კაცი ქონიაჰუ, როგორც უსარგებლო რამ ნივთი? რისთვის არიან გაგდებულნი ის და მისი თესლი და გადაყრილნი ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ იცოდნენ? 28 შეურაცხ-იქმნა იექონია, ვითარ ჭურჭელი, რომლისა არა არნ საჴმარება მისი, რამეთუ განიგდო იგი და თესლი მისი, და განიჴადა ქუეყანად, რომელი არა უწყოდა.
29 ქვეყანავ, ქვეყანავ, ქვეყანავ! ისმინე უფლის სიტყვა. 29 ქუეყანაო, ქუეყანაო, ქვეყანაო, ისმინე სიტუაჲ უფლისა!
30 ასე ამბობს უფალი: ჩაწერეთ ეს კაცი როგორც უმემკვიდრო, რომელმაც ვერ გაიხარა თავის დღეში; რადგან ვერ გაიხარებს მისი თესლიდან დავითის მოსაყდრე და იუდას განმგებელი. 30 ამათ იტყჳს უფალი: დაწერე მამაკაცი ესე, განაქიქე კაცი, რამეთუ არა აღორძნდეს თესლისა მისისაგან, კაცი მჯდომარე საყდარსა ზედა დავითისსა, მთავარი მერმეცა იუდას შორის.