ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ვაი მწყემსებს, რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემი სამწყსოს ცხვარს, ამბობს უფალი.

1

ჵ მწყემსნო წარმწყმედელნო და განმაბნეველნო ცხოვართა საძოვრისა ჩემისათა, - იტყჳს უფალი.

2 ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, მწყემსებზე, რომლებიც მწყესავენ ჩემს ერს: თქვენ გაფანტეთ ჩემი ცხვარი, თქვენ გარეკეთ იგი და ყური არ უგდეთ. აჰა, მე ვუგდებ ყურს თქვენს ბოროტ საქციელს, ამბობს უფალი. 2 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ მწყემსთა ზედა მმწყსელთა ერისა ჩემისათა: თქუენ განაბნიენით ცხოვარნი ჩემნი, და განაგარეენით იგინი, და არ მოიხილენით იგინი. აჰა, მე შურ-ვიგო თქუენ ზედა ბოროტთაებრ სიმარჯუეთა თქუენთა, - თქუა უფალმან,
3 მე თავად მოვუყრი თავს ჩემს ცხვარს ყველა ქვეყნიდან, სადაც გავყარე ისინი. დავაბრუნებ მათ თავიანთ საძოვარზე, ინაყოფიერებენ და იმრავლებენ. 3 და მე შევიწყნარნე ნეშტნი ერისა ჩემისანი ყოვლისაგან ქუეყანისა, სადა განვაგარეენ იგინი მუნ, და დავადგინნე იგინი საძოვარსა მათსა ზედა, და აღოძრნდენ და განმრავლდენ.
4 დავუყენებ მწყემსებს და ისინი დამწყესავენ მათ, აღარ შეშინდებიან, არ დაფრთხებიან, არ დაიკარგებიან, ამბობს უფალი. 4 და აღუდგინნე მათ მწყემსნი, რომელნი ჰმწყსიდენ მათ, და არღა ეშინოდის მერმე, არცა იწიწვოდიან, არცა ორჴმაობდენღა, - იტყჳს უფალი.
5 აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს; მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა; გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში. 5 ესერა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღუდგინო დავითს აღმოსავალი მართალი, და მეფობდეს მეფე მართალი და გულისჴმა-ყოს და ქმნას განკითხვა და სიმართლე ქუეყანასა ზედა.
6 მის დროს თავს დაიხსნის იუდა და იმედიანად იცხოვრებს ისრაელი; ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე. 6 დღეთა შინა მისთა ცხონდეს იუდაჲ და ისრაელი დაემკჳდროს სასოებით და ესე სახელ მისსა, რომელი უწოდოს მას უფალმან (იოსედეკ თჳთ წინაწარმეტყუელთა შორის).
7 ამიტომ, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღარ იტყვიან: ვფიცავ უფალს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანაო ისრაელიანები, 7 ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და არა თქუან მერმე: ცხოველ არს უფალი, აღმომყვანებელი ძეთა ისრაელისათა ეგჳპტით.
8 არამედ: ვფიცავ უფალს, რომელმაც გამოიყვანა და რომელმაც მოიყვანა ისრაელის სახლის თესლი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც გავყარე ისინი. და იცხოვრებენ თავიანთ მიწებზე. 8 და ცხოველ არს უფალი აღმომყვანებელი და მომყვანებელი თესლსა სახლისა ისრაჱლისასა ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და ყოველთაგან სოფლებთა, სადაცა განვაგარეენ იგინი მუნ, და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა.
9 წინასწარმეტყველთა გამო მისკდება გული მკერდში და მტეხს ძვლები; მთვრალი კაცივით ვარ, ღვინო რომ მორევია, უფლის გულისთვის, მისი წმიდა სიტყვებისთვის. 9 წინაწარმეტყუელთათჳს შეიმუსრა გული ჩემ შორის, შეირყინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი. ვიქმენ, ვითარცა მამაკაცი შემუსრვილი და ვითარცა კაცი შეპყრობილი ღჳნისა მიერ, პირისაგან უფლისა და პირისაგან მისისა,
10 რადგან გარყვნილი ხალხით გაივსო ქვეყანა; რადგან წყევლისაგან მოთქვამს მიწა, გადახმა უდაბნოს საძოვრები. ბოროტია მათი ზრახვები, მათი ძლიერება უკეთურებაა. 10 რამეთუ მრუშებათა მიერ აღივსო ქუეყანაჲ, რამეთუ პირისაგან ამათისა იგლოვა ქუეყანამან. განჴმეს საძოვარნი უდაბნოჲსანი და იქმნა სრბაჲ მათი ბოროტ, და ძალი მათი არა ესრე,
11

რადგან გაირყვნენ წინასწარმეტყველნიც და მღვდლებიც; ჩემს სახლშიც კი ვპოულობ მათ ნაავკაცარს, ამბობს უფალი.

11

რამეთუ მღდელი და წინაწარმეტყუელნი შეიმწიკულნეს, და სახლსა შინა ჩემსა ვიხილენ უკეთურებანი მათნი, - თქუა უფალმან,

12 ამიტომაც მოლიპული იქნება მათი გზები სიბნელეში, წაიფორხილებენ და დაეცემიან; რადგან უბედურებას მოვუტან მათ განკითხვის წელს, ამბობს უფალი. 12 ამისთჳს იქმენინ გზა მათი მათდა საბრჴე ალმურსა შინა, და შებრკოლდენ და დაეცნეს მას შინა მით, რამეთუ მოვჰჴადნე მათ ზედა ძჳრნი წელიწადსა შინა ზედ მიხედვისა მათისასა, - თქუა უფალმან, -
13 სამარიის წინასწარმეტყველთა შორისაც დავინახე სისაძაგლე: ბაალის სახელით ქადაგებდნენ და აცთუნებდნენ ჩემს ერს - ისრაელს. 13 და წინაწარმეტყუელთა შორის სამარიაჲსათა ვიხილენ უსჯულოებანი. წინაწარმეტყუელებდეს სახელსა ზედა ჩემსა ბაალისთჳს და შეაცთუნეს ერი ჩემი ისრაელი.
14 იერუსალიმის წინასწარმეტყველთა შორისაც ვხედავ სიბილწეს: გარყვნილებას მისდევენ და ცრუობენ, უკეთურთა მხარი უჭირავთ, რომ არცერთი მათგანი არ მოიქცეს თავის უკეთურობისგან. სოდომივით გახდნენ ჩემთვის ყველანი და გომორასავით - მისი მცხოვრებნი. 14 და წინაწარმეტყუელთაცა შორის იერუსალემისათა ვიხილენ განსაკრთომელნი მემრუშექმნილთა და მავალთა სიცრუეთა შინა და შემწეთა ჴელთა ბოროტთასა არმოქცევისათჳს კაცადისა გზისაგან მისისა ბოროტისა. იქმნეს ჩემდა ყოველნი, ვითარცა სოდომაჲ და მკჳდრნი მისნი, ვითარცა გომორრაჲ.
15 ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველებაზე: აჰა, შევაჭმევ მათ აბზინდას და შევასმევ მწარე წყალს, რადგან იერუსალიმის წირსწარმეტყველთაგან მოდის ცთუნება მთელს ქვეყანაში. 15 ამისთვის იტყჳს უფალი ძალთა წინაწარმეტყუელთა ზედა: აჰა, მე ვაჭამებ მათ სალმობასა და ვასუამ მათ წყალსა მწარესა, რამეთუ წინაწარმეტყუელთაგან იერუსალიმისათა გამოჴდა შემწიკულება ყოვლისა ქუეყანისად.
16 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, არ შეისმინოთ წინასწარმეტყველთა სიტყვები, რასაც გიწინასწარმეტყველებენ, გაცთუნებენ ისინი, მოგონილ ხილვებს გიქადაგებენ, არა უფლისმიერს. 16 ესრეთ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ნუ ისმენთ სიტყვათა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი გიწინასწარმეტყველებენ თქუენ, რამეთუ გაამაოებენ თქუენ იგინი. ხილვასა გულისა მათისასა იტყჳან და არა პირისაგან უფლისა.
17 ეუბნებიან ჩემს მაგინებლებს: უფალმა თქვა, მშვიდობა გექნებათო. და ყველას, ვინც თავის გულისთქმას აჰყოლია, ეუბნებიან: უბედურება არ დაგემართებათო. 17 ეტყჳან ურჩთა სიტყჳსა უფლისათა: მშჳდობა იყოს თქუენდაო, და ყოველთა მავალთა ნებათაებრ მათთა ყოვლისა მავალისა, საცთურითა გულისა მისისაჲთა. ჰრქუას: არა მოვიდენ შენ ზედა ძჳრნი,
18 რადგან ვინ იდგა უფლის საბჭოში, ვინ ხედავდა და ისმენდა მის სიტყვას? ვინ უგდებდა ყურს მის სიტყვას და ესმოდა? 18 რამეთუ ვინ დადგა სახილავსა შორის უფლისასა. და იხილა და ესმნეს სიტყვანი მისნი? ვინ ყურად-იღო სიტყვა მისი და ისმინა?
19 აჰა, უფლის ქარიშხალი - რისხვა ამოვარდა! ქარბორბალა დაუბერავს და ბოროტეულთ დაატყდება თავს. 19 აჰა, ძრვაჲ უფლისა მიერ და რისხვაჲ გამოვალს თანადშესარყეველად, კუალად ქცეული უთნოთა ზედა მოიწია.
20 არ გაბრუნდება უფლის რისხვა, ვიდრეარ შეასრულებს, ვიდრე არ მიაღწევს განზრახულს. უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ცხადად. 20 არღა მერმე მიიქცეს გულისწყრომაჲ უფლისაჲ, ვიდრემდის ყოს იგი და ვიდრემდის დაადგინოს იგი ჴელ-ყოფანი გულისა მისისანი, უკანასკნელთა დღეთასა გულისხმა-ყუნენ იგინი.
21

მე არ გამომიგზავნია წინასწარმეტყველნი, თავად გამოიქცნენ; არაფერი მითქვამს მათთვის, თავისით წინასწარმეტყველებენ.

21

არ მივავლინებდ წინაწარმეტყუელთა, და იგინი რბიოდეს, არ ვიტყოდე მათდა მიმართ, და იგინი წინასწარმეტყველებდეს.

22 ჩემს საბჭოში რომ მდგარიყვნენ, ჩემს ერს გამოუცხადებდნენ ჩემს სიტყვებს და მოაქცევდნენ მათ ბოროტი გზიდან და ავკაცობიდან. 22 და თუმცა დგეს გუამოვნებასა ჩემსა შორის, და ისმინნეს სიტყვანი ჩემნი, ასწავებდესმცა ერსა ჩემსა და მოაქცევდეს მათ გზისაგან მათისა ბოროტისა და ბოროტთაგან სიმარჯუეთა მათთა.
23 განა მხოლოდ ახლოდანა ვარ ღმერთი? ამბობს უფალი, განა შორიდან არა ვარ ღმერთი? 23 ღმერთი მახლობელი მე ვარ, - იტყჳს უფალი, - და არა ღმერთი შორიელი.
24 სამალავშიც რომ დაიმალოს კაცი, ვერ დავინახავ? ამბობს უფალი. განა მე არ ვავსებ ცასა და მიწას? ამბობს უფალი. 24 ნუ დაიმალოს კაცი სამალავსა შინა, და მე არა ვიხილო იგი? - იტყჳს უფალი, - ნუ არა ცასა და ქუეყანასა მე აღვავსებ? - იტყჳს უფალი, -
25 გავიგონე, რაც თქვეს წინასწარმეტყველებმა, სიცრუეს რომ ქადაგებენ ჩემი სახელით: მესიზმრა, მესიზმრაო! 25 მესმნეს, რომელთა იტყჳან წინასწარმეტყველნი, რათა წინასწარმეტყველებენ სახელითა ჩემითა ცრუთა მეტყუელნი: ვიძილისშინეთ ძილისშინა:
26 როდემდის უნდა იყოს ასე წინასწარმეტყველთა გული, სიცრუეს რომ ქადაგებენ, საკუთარი ცბიერი გულის წინასწარმეტყველნი რომ არიან? 26 ვიდრემდის იყოს გულსა შინა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი წინასწარმეტყველებენ ცრუთა, და წინასწარმეტყველებენ ნებათა გულისა მათისათა, რომელნი იგონებენ:
27 ცდილობენ დაავიწყონ ჩემს ერს ჩემი სახელი თავიანთი ზმანებით, რომელთაც ერთმანეთს უყვებიან, როგორც მათმა მამა-პაპამ დაივიწყა ჩემი სახელი ბაალის გამო. 27 დავიწყებასა ერისა ჩემისაგან სახელსა ჩემისასა ძილისშინათა მათთა მიერ, რომელთა მიუთხრობდა კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა, ვითარ-იგი დაივიწყეს მამათა მათთა სახელისა ჩემისა ბაალის ძლით?
28 წინასწარმეტყველმა, ვისაც სიზმარი აქვს, იამბოს სიზმარი; ვისაც ჩემი სიტყვა აქვს, რწმენით ილაპარაკოს ჩემი სიტყვა. სად ბზე და სად ხორბალი? ამბობს უფალი. 28 წინაწარმეტყუელმან, რომლისა შორის არს ძილისშინა, შთამოთქუნ ძილისშინაჲ თჳსი, რომლისა შორის სიტყვა ჩემი მისდა მიმართ, შთამოთქუნ სიტყვა ჩემი ჭეშმარიტებით, - იტყჳს უფალი, რაჲ არს ბზე იფქლისა მიმართ?
29 განა ცეცხლივით არ არის ჩემი სიტყვა? ამბობს უფალი. უროსავით, კლდეს რომ ანგრევს? 29 ეგრეთ სიტყვანი ჩემნი არა სიტყვანი ჩემნი, ვითარცა ცეცხლი მოტყინარე, - იტყჳს უფალი, - და ვითარცა წერაქვი განმკუეთი კლდისაჲ?
30 ამიტომ, აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ამბობს უფალი, ერთმანეთს რომ პარავენ ჩემს სიტყვებს. 30 ამისთჳს, აჰა, მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, - იტყჳს უფალი ღმერთი, - რომელნი იპარვენ სიტყვათა ჩემთა თითოეული მოყუსისაგან თჳსისა.
31

აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ამბობს უფალი, თავსას რომ ლაპარაკობენ და ამბობენ, უფლის ნათქვამიაო.

31

აჰა, მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, - იტყჳს უფალი, - რომელნი გამოიღებენ ენასა წინასწარმეტყველებათასა და წმასნიან სიცრუით უწყებასა, და მიირულებენ ჰრულსა მათსა.

32 აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ცრუ სიზმრებს რომ ხედავენ, ამბობს უფალი. ყვებიან მათ და აცთუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებით და ტრაბახით. მე კი არ გამომიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, არც არაფერში არგიან ამ ხალხს, ამბობს უფალი. 32 აჰა, მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, რომელნი წინასწარმეტყველებენ ძილისშინათა ცრუთა, - თქუა უფალმან, - და მიუთხრობენ მათ და აცთუნებენ ერსა ჩემსა ტყუილთა მათთა მიერ და საცთურთა მათთა მიერ. და მე არ მივავლინენ იგინი და არა ვამცენ მათ, და სარგებელი არა არგონ ერსა ამას, - თქუა უფალმან.
33 თუ შეგეკითხება ეს ხალხი ან წინასწარმეტყველთ, ან მღვდელი, რა არისო უფლის განაჩენი? უთხარი მათ, რა განაჩენია. მე მიგატოვებთ თქვენ, ამბობს უფალი. 33 და უკეთუ გკითხოს შენ ერმან ამან, ანუ მღდელმან, ანუ წინაწარმეტყუელმან, მეტყუელმან: რაჲ არს მიმართება უფლისაჲ? და ჰრქუა მათ: თქუენ ხართ მიმართება უფლისაჲ, და დაგამჴუნე თქუენ, - იტყჳს უფალი, -
34 თუ წინასწარმეტყველი, მღვდელი ან ერისკაცი იტყვის: უფლის განაჩენიაო, დავსჯი იმ კაცს და მის სახლს. 34 და წინაწარმეტყუელმან და მღდელმან და ერმან ამათ უკეთუ თქვან მიმართება უფლისაჲ, და შური ვიძიო კაცსა მას ზედა და სახლსა მისსა ზედა,
35 ასე უთხარით ერთიმეორეს; რა პასუხი იყო უფლისგან? რა თქვა უფალმა? 35 რამეთუ ესრეთ იტყჳთ კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა და კაცადი ძმისა მიმართ თჳსისა. რაჲ მოგიგო უფალმან? და რაჲ თქუა უფალმან?
36 ხოლო უფლის განაჩენი მეტად აღარ ახსენოთ, რადგან განაჩენი იქნება ამ კაცისთვის მისი სიტყვა, რადგან თქვენ ასხვაფერებთ ცოცხალი ღმერთის, ცაბაოთ უფლის, ჩვენი ღმერთის სიტყვებს. 36 და მიმართება უფლისაჲ ნუ სახელ-იდებინ მერმე, რამეთუ მიმართება უფლისაჲ იყოს კაცისა სიტყვა მისი. გარდააქციენით სიტყუანი ღმრთისა ცხოველისანი, უფლისა ძალთაჲსა ღმრთისა ჩუენისანი.
37 ასე უთხარი წინასწარმეტყველს: რა გიძასუხა უფალმა? რა თქვა უფალმა? 37 ესრეთ სთქუთ წინაწარმეტყუელისა მიმართ: რაჲ მოგიგო შენ უფალმან? და რაჲ თქუა უფალმან?
38 თუ იტყვით, უფლის განაჩენიაო, ასე ამბობს უფალი: იმის გამო, რომ ამბობთ ამ გამოთქმას - უფლის განაჩენიაო, მე კი შემოგითვალეთ, ნუ ამბობთ-მეთქი, უფლის განაჩენიაო, 38 და მიმართებასა უფლისასა ნუ იტყჳთ. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: ამის წილ, რომელ სთქუთ სიტყვა ესე, მიმართება უფლისაჲ, და მივავლინე თქუენდამი მეტყუელმან: არა იტყჳთ მიმართებასა უფლისასა.
39 სრულიად დაგივიწყებთ და დაგაგდებთ თქვენ და ამ ქალაქს, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მქონდა მოცემული; 39 ამისთჳს, აჰა, მე მიგიხუნე თქუენ მიმართებითა, და დაგამჴუნე თქუენ და ქალაქი, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა პირისაგან ჩემისა.
40 ჩაგაგდებთ სამუდამო სირცხვილში და სამუდამო დამცირებაში, რაც არასოდეს იქნება დავიწყებული. 40 და მივსცე თქუენ ზედა ყუედრება საუკუნოჲ და უპატიოებაჲ საუკუნოჲ, რომელი არ დავიწყებულ იქმნეს.