ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სიტყა, რომელიც იყო იერემიას მიმართ მთელს იუდას ერზე იუდას მეფის იეჰოაკიმ იოშიას ძის მეოთხე წელს (ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქთდთნოსორის, პირველი წელი),

1

სიტყუა ქმნილი იერემიაჲს მიმართ ყოველსა ზედა ერსა, წელსა მეოთხესა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსა, ესე წელიწადი პირველი ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისა.

2 და რომელიც უქადაგა იერემია წინასწარმეტყველმა მთელს იუდას ერს და იერუსალიმის ყველა მცხოვრებს. 2 სიტყვა, რომელ თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ყოვლისა მიმართ ერისა იუდეაჲსსა და დამკჳდრებულთა მიმართ იერუსალიმისათა მეტყუელმან.
3 იუდას მეფის, იოშია ამონის ძის მეცამეტე წლიდან ამ დღემდე, უკვე ოცდასამი წელია, რაც მეცხადებოდა უფლის სიტყვა. თავდადებით, განუწყვეტლივ გიქადაგებდით, მაგრამ არ გესმოდათ. 3 მეათცამეტით წლითგან იოსია ძისა ამონისსა, მეფისა იუდაჲსსა, და ვიდრე დღისამდე ამის ოცსადასამსა წელსა იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო. და ვიტყოდე თქუენდამი აღმსთობი და მეტყუელი, და არა ისმინეთ.
4 გიგზავნიდათ უფალი თავის მორჩილებს, წანასწარმეტყველებს, განუწყვეტლივ გიგზავნიდათ, მაგრამ თქვენ გაგონება არ გინდოდათ, ყურს არ ათხოვებდით მოსასმენად. 4 და მივავლინენ თქუენდამი მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი. ცისკარს მივავლენდ და არა ისმინეთ, და არა მოჰყვენთ ყურნი თქუენნი სმენად.
5 რომ გეუბნებოდნენ: მიატოვეთ თითოეულმა თქვენი ბოროტი გზა და თქვენი ბოროტი საქმეები, იცხოვრეთ იმ მიწაზე, უფალს რომ მოუცია თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის უკუნითი უკუნისამდეო; 5 და ვთქუ: მოიქეცით კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა და ბოროტთაგან სიმარჯუეთა თქუენთა, და დაემკჳდრენით ქუეყანასა ზედა, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა საუკუნითგან და ვიდრე საუკუნომდე.
6 ნუ მისდევთ უცხო ღმერთებს სამსახურებლად და თაყვანისსაცემად, ნუ გამაჯავრებთ თქვენი ხელის ნამოქმედარით და მეც არაფერს დაგიშავებთო, 6 და ნუ ხუალთ უკანა ღმერთთა უცხოთა მსახურებად მათდა და თაყვანის-ცემად, რაჲთა არა განმარისხოთ მე საქმეთა მიერ ჴელთა თქუენთაჲსა განბოროტებად თქუნდა.
7 არ გესმოდათ ჩემი, ამბობს უფალი, რომ გაგეჯავრებინათ თქვენი ხელის ნამოქმედარით თქვენსავე საბოროტოდ. 7 და არა ისმინეთ ჩემი, - იტყჳს უფალი, - რამეთუ განმარისხეთ მე საქმეთა მიერ ჴელთა თქუენთა განსაბოროტებელად თქუენდა.
8 ამიტომ ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: რაკი არ გესმოდათ ჩემი სიტყვები, 8 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთა: ვინაჲთგან არა ირწმუნეთ სიტყუათა ჩემთა,
9 აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის ყველა ტომს, ამბობს უფალი, და ავამხედრებ ამ ქვეყანაზე, მის მცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხზე. გავწირავ გასაოხრებლად, შემზარავს და სამარცხვინო სანახავს გავხდი, სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ. 9 აჰა, მე მივავლენ და მოუწოდ ყოველთა ტომთა ბღუარისათა, - იტყჳს უფალი, - და ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, მონაჲ ჩემი, და მოვაწინე იგინი ქუეყანასა ამას ზედა, და დამკჳდრებულთა ზედა მისთა და ყოველთა ზედა ნათესავთა გარემოჲსთა მისთა და მოვაოჴრნე იგინი და მივსცნე იგინი უჩინოსაქმნელად, და სასტჳნველად და საყუედრელად საუკუნოდ.
10 აღვკვეთავ მათგან სიხარულის ხმას და ლხინის ხმას, სიძის ხმას და პატარძლის ხმას, წისქვილის ხმას და ლამპრის ნათელს. 10 და წარვწყმიდო მათგან ჴმაჲ სიხარულისაჲ და ჴმაჲ შუებისაჲ, ჴმაჲ სიძისაჲ, და ჴმაჲ სძლისაჲ, და ჴმაჲ საფქველისაჲ, და ნათელი ბაზმაკისაჲ.
11

გაოხრდება და გაუკაცურდება მთელი ეს ქვეყანა, ბაბილონის მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს ეს ხალხები.

11

და იყოს ყოველი ესე ქუეყანაჲ განსაქარვებელად და ჰმონებდენ წარმართთა შორის მეფისა ბაბილონისასა სამეოცდაათ წელ.

12 შესრულდება სამოცდაათი წელი და მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და ამ ხალხს, ამბობს უფალი, ქალდეველთა ქვეყანას მათი დანაშაულის გამო; და სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ მათ. 12 და -რა-ესრულნენ სამეოცდაათნი წელნი, შური ვიძიო მეფესა ზედა ბაბილოვანელთასა და ნათესავისა მის, - იტყჳს უფალი, - და დავსხნე იგინი განსაქარვებელად საუკუნოდ.
13 ავახდენ ამ ქვეყანაზე ყველა სიტყვას, რაც მათზე მითქვამს, ყველაფერს, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი, რაც კი იერემიას უწინასწარმეტყველნია ყველა ამ ხალხზე. 13 და მოვაწინე ქუეყანასა მას ზედა ყოველნი სიტყვანი ჩემნი, რომელთა ვიტყოდე ძჳნად მისსა, და ყოველნი დაწერილნი წიგნსა ამას, და რაოდენნი წინაწარმეტუელნა ძჳნად ყოველთა ნათესავთა,
14 რადგან მათაც დაიმონებენ მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფეები. მაგრამ მე მივაგებ მათ მათი საქმეებისამებრ და მათი ხელის ნამოქმედარისამებრ. 14 რამეთუ ჰმონეს მათ შორის, რამეთუ დაიმონენ იგინიცა ნათესავთა მრავალთა და მეფეთა დიდთა, და მივაგო მათ საქმეთა მათთაებრ და სიმარჯუეთა.
15 რადგან ასე მითხრა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გამომართვი რისხვის ღვინით სავსე ეს თასი და შეასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გაგგზავნი. 15 ესრეთ თქვა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან ჩემდამო: მიიღე სასუმელი ღჳნისა ურწყოსაჲ ამის ჴელისაგან ჩემისა, და ასუა ყოველთა ნათესავთა, რომელთა მიმართ მე მიგავლენ შენ მათდამი.
16 შესვან, შებარბაცდნენ და შეიშალონ მახვილის წინაშე, რომელსაც ჩავაგდებ მათ შორის. 16 და სუან, დასთხიონ და განბორგნენ პირისაგან მახჳლისა, რომელსა მე მივავლენ შორის მათსა.
17 გამოვართვი თასი უფალს და შევასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გამაგზავნა უფალმა - 17 და მოვიღე სასუმელი ჴელისაგან უფლისა, და ვასუ ყოველთა ნათესავთა, რომელთა მიმართ მიმავლინა მე უფალმან მათ ზედა.
18 იერუსალიმს, იუდას ქალაქებს და მის მეფეებს და მთავრებს, რომ გაეოხრებინა, გაეხადა შემზარავი და სამარცხვიხო სანახავი და შეეჩვენებინა, როგორც დღეს არიან, 18 იერუსალიმსა და ქალაქთა იუდაჲსთა და მეფეთა მისთა, და მთავართა მისთა დასხმად იგინი მოსაოჴრებელად და უვალად, და სასტჳნველ და საწყევარად დღისა ამისებრ:
19 ფარაონს - ეგვიპტის მეფეს, მის მორჩილთ და მთვრებს, მთელს მის ხალხს, 19 და ფარაოს, მეფისა ეგჳპტისასა, და ყრმათა მისთა და დიდ-დიდთა მისთა და ყოველსა ერსა მისსა,
20 მთელს დასავლეთს, ყუცის ქვეყნის ყველა მეფეს, ფილისტიმელთა ქვეყნის ყველა მეფეს, აშკელონს, ღაზას, ყეკრონს და აშდოდის ნატამალს, 20 და ყოველთა თანმრევთა მისთა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისა უცხოტომთაჲსათა, და ასკალონსა, და ღაზასა, და აკკარონსა, და ნეშტსა აზოტისასა,
21

ედომს და მოაბს, და ყამონელებს,

21

და იდუმეასა, და მოაბიტელსა, და ძეთა ამმონისთა,

22 ტვიროსის ყველა მეფეს და ციდონის ყველა მეფეს, და ზღვისგაღმელ მეფეებს, 22 და ყოველთა მეფეთა ტჳროსისა და სიდონისათა, და ყოველთა მეფეთა ჭალაკთასა წიაღკერძოთა ზღჳსათა,
23 დედანს და თემას და ბუზს, ყველას ვინც საფეთქელთან თმას იპარსავს, 23 და დედანსა, და თემანსა, და როსსა და ყოველსა გლისპსა პირისპირ მისსა,
24 არაბთა ყველა მეფეს, დასავლეთის ყველა მეფეს, უდაბნოში რომ ცხოვრობენ, 24 და ყოველთა მეფეთა არაბიაჲსათა და ყოველთა თანმრევთა, რომელნი მევანეობენ უდაბნოს შინა,
25 ზიმრის ყველა მეფეს, ელამის ყველა მეფეს და მიდიელთა ყველა მეფეს, 25 და ყოველთა მეფეთა ზამერისთა, და ყოველთა მეფეთა ელამისათა, და ყოველთა მეფეთა მიდთა, და სპარსთასა.
26 ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ერთმანეთის ახლობელს და შორებელს, ყველა ქვეყნის სამეფოს, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს. მეფე შეშაქი მათ შემდეგ შესვამს. 26 და ყოველთა მეფეთა აპლთიოტაჲსათა, მახლობელთა და შორიელთა, კაცადსა ძმისა მიმართ მისისა და ყოველთა მეფობათა პირისზედათა ქუეყანისათა. და მეფემან სისახ სუას შემდგომად მათსა.
27 უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: სვით დათრობამდე და წამოარწყიეთ, დაწექით და ნუ ადგებით მახვილის დანახვისას, რომელსაც ჩამოვაგდებ თქვენს შორის. 27 და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისაჲ, ყოვლისა მპყრობელი: სუთ და დაითრვენით, დასთხიეთ და დაეცენით, და არა აღსდგეთ პირისაგან მახჳლისა, რომელი მე მივავლინო საშუალ თქუენსა.
28 თუ უარს იტყვიან და არ გამოართმევენ თასს შესასმელად, უთხარი მათ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: უნდა შესვათ! 28 და იყოს, ოდეს არ ენებოსყე მიღება სასუმელისაჲ ჴელისაგან შენისა, რაჲთა სუან. და ჰრქვა მათ: ესრეთ თქუა უფალმან: მსმენელთა სუთ,
29 რადგან, აჰა, სწორედ ამ ქალაქში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, დავიწყებ განადგურებას. ხომ არ გგონიათ, დაუსჯელნი დარჩეთ? არ დარჩებით დაუსჯელნი, რადგან მახვილს მოვუხმობ ამ ქვეყნის ყველა მკვიდრის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. 29 რამეთუ, აჰა, ქალაქისაგან, რომელსა ზედა იწოდა სახელი ჩემი მის ზედა, მისგან ვიწყო მე ბოროტებად. და თქვან: განწმედითა განწმდით, არავე განსწმდეთ, რამეთუ მახჳლსა მოუწეს მე ყოველთა ზედა მსხდომარეთა ქუეყანასა ზედა, - თქუა უფალმან ძალთამან.
30 უქადაგე მათ ეს სიტყვები და უთხარი: ზეგარდამო იგრგვინებს უფალი და თავისი წმიდა სადგომიდან მოიღებს ხმას; მეხივით იგრგვინებს თავის ფარეხზე, ყურძნის მწნეხავივით იყიჟინებს ქვეყნის ყველა მკვიდრზე. 30 და შენ წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა სიტყვათა ამათ ჩემთა. და სთქუა მათდა მიმართ. უფალი მაღლით გამოცხადებულ-ჰყოფს, და წმიდისაგან სამკჳდრებელისა მისისა მოსცეს ჴმაჲ თჳსი, სიტყვასა გამოცხადება-ჰყოფს ადგილისაგან თჳსისა და იგინიცა, ვითარცა საწნეხელისმწნეხელნი მიუგებენ ყოველთა მიმართ მსხდომარეთა ქუეყანასა ზედა.
31

ქვეყნის კიდემდე მიაწევს განგაში, რადგან დავა ექნება უფალს ხალხებთან; ყველა ხორციელის განსჯას აპირებს. ბოროტმოქმედნი მახვილს უნდა მისცეს, ამბობს უფალი.

31

მუნ მოსრვაჲ კერძოსა ზედა ქუეყანისასა, რამეთუ სასჯელი უფლისაჲ წარმართთა შორის. საჯოს მან ყოვლისა მიმართ ჴორცისა, ხოლო უთნონი მიეცნენ მახჳლსა, - იტყჳს უფალი.

32 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, უბედურება მოივლის ხალხებს და დიდი ქარიშხალი ამოვარდება ქვეყნის კიდიდან. 32 ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან: აჰა, ძჳრნი მოვლენ ნათესავისაგან ნათესავისა მიმართ და გრიგალი დიდი გამოვალს დასასრულით ქუეყანისათ.
33 ქვეყნის კიდიდან კიდემდე ეყრებიან იმ დღეს უფლის დახოცილნი. არავინ დაიტირებს, არავინ აკრეფს, არავინ დამარხავს. ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე. 33 და იყვნენ წყლულებანი უფლისა მიმართ დღესა შინა უფლისასა, კერძოჲსაგან ქუეყანისა მიკერძოდმდე ქუეყანისა. არა დაბურენ, არცა შეკრბენ და არა დაეფლნენ, ვითარცა სკორენი ქუეყანისანი, იყვნენ.
34 ვალალებდეთ, მწყემსებო! ჰკიოდეთ, მტვერი დაიყარეთ, ჯოგის პატრონებო, რადგან დადგა თქვენი დაკვლის ჟამი! გაგფანტავთ და ძვირფასი ჭურჭელივით დაიმსხვრევით. 34 ღაღად-ყავთ მწყემსთა და ჴმა-ყავთ და იტყებდით ვერძნი ცხვართანი, რამეთუ სრულ იქმნნეს დღენი თქუენნი დაკლვადმი და განბნევანი თქუენნი, და დაეცნეთ, ვითარცა ვერძნი რჩეულნი.
35 გასაქცევი აღარ გექნებათ მწყემსებს და თავშესაფარი - ჯოგის პატრონებს. 35 და წარწყმდეს სილტოლა მწყემსთაგან და მაცხოვარება ვერძთაგან ცხოვართაჲსა.
36 აჰა, ისმის მწყემსების კივილი და ჯოგის პატრონთა ვაების ხმა, რადგან აჩანაგებს უფალი მათ საძოვრებს. 36 ჴმაჲ ღაღადებისა მწყემსთასა და ღაღადება ვერძებისა ცხოვართასა, რამეთუ მოსპნა უფალმან საძოარნი მათნი.
37 დაიქცა მშვიდობიანი სადგომები უფლის ცეც ხლოვანი რისხვისგან. 37 და დააცხრვნა კეთილნი მშჳდობისანი პირისაგან რისხვისა გულისწყრომისა უფლისა.
38 გამოვიდა, როგორც ლომი, თავისი სადგომიდან, რადგან გაუდაბურდა მათი ქვეყანა დამღუპველი მახვილისგან და მისი ცეცხლოვანი რისხვისგან. 38 დაუტევა კაცადმან, ვითარცა ლომმან, საყუდელი თჳსი, რამეთუ იქმნა ქუეყანა მათი უვალ პირისაგან რისხვისა მახჳლისა დიდისა და პირისაგან რისხვისა გულისწყრომისა მისისა.