ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ეს არის სიტყვები წერილისა, რომელიც იერუსალიმიდან გაუგზავნა იერემია წინასწარმეტყველმა გადასახლებაში მყოფი უხუცესიაბის დანარჩომს, მღვდლებს, წინასწარმეტყველებს და ყველას, ვინც ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა იერუსალიმიდან ბაბილონში.

1

და ესე სიტყუანი, რომელნი წარგზავნნა იერემია წინაწარმეტყუელმან იერუსალიმით მოხუცებულთა მიმართ განსახლებისათა და მღდელთა მიმართ და ცრუწინაწარმეტყუელთა და ყოვლისა მიმართ ერისა, ეპისტოლე ბაბილონად მიმართ განსახლებისა და ყოვლისა მიმართ ერისა, რომელნი განსახლნა ნაბუქოდონოსორ იერუსალიმით ბაბილონად.

2 (ეს მას მერე მოხდა, რაც მეფე იექონია, დედოფალი, კარისკაცები, იუდასა და იერუსალიმის მთავრები, ხუროები და მჭედლები წავიდნენ იერუსალიმიდან); 2 შემდგომად გამოსლვისა იექონია მეფისა და მეფიაჲს და საჭურისთა და მთავართა იუდაჲსთა იერუსალიმით და ყოვლისა აზნაურისა და ჴელოვნისა დაპყრობილისა იერუსალიმით,
3 გაუგზავნა ელყასა შაფანის ძის და გემარია ხილკიას ძის ხელით, რომლებიც მიავლინა იუდას მეფემ ციდკიამ ნაბუქოდონოსორთან, ბაბილონის მეფესთან, ბაბილონში. 3 ჴელითა ელეასან, ძისა საფანისითა, და გამარია, ძისა ქელკაჲსითა, რომელნი წარავლინნა სედეკია, მეფემან იუდაჲსმან, მეფისა მიმართ ბაბილონისა ბაბილონად, მეტყუელმან:
4 ასე ეუბნება ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ყველა გადასახლებულს, ვინც იერუსალიმიდან ბაბილონში გადავასახლე: 4 ესრეთ თქვა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან განსახლებასა ზედა, რომელი განისახლა იერუსალიმით ბაბილონად:
5 აშენეთ სახლები და დასახლდით, გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფები; 5 იშენეთ სახლები და დაემკჳდრენით, და დაჰნერგეთ სამოთხები და ჭამენით ნაყოფნი მათნი.
6 ითხოვეთ ცოლები და გააჩინეთ ვაჟები და ასულები; უთხოვეთ ცოლები ვაჟიშვილებს და გაათხოვეთ ასულები; გააჩინონ შვილები ვაჟებმაც და ასულებმაც. გამრავლდით მანდ და არ შემცირდეთ! 6 და მიიყვანენით ცოლნი და შვილ-ისხენით, ძენი და ასულნი, და მიიყვანენით ძეთა თქუენთად ცოლებნი და ასულნი თქუენნი მისცენით ქმართა, და შუნენ ძენი და ასულნი, და განმრავლდით მუნ და ნუ შეჰმცირდებით.
7 იზრუნეთ იმ ქალაქის კეთილდღეობისთვის, სადაც გადაგასახლეთ, უფალს შეავედრეთ იგი, რადგან მისი კეთილდღეობით თქვენც კეთილდღეობაში იქნებით. 7 და იძიეთ მშჳდობად ქუეყანისა, რომლისა მიმართ განგასახლენ თქუენ მუნ და ილოცევდით მის ძლით უფლისა მიმართ, რამეთუ მშჳდობასა მისსა შინა იყოს მშვიდობა თქუენი,
8 რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არ შეგაცდინონ თქვენს შორის მყოფმა წინასწარმეტყველებმა ან თქვენმა მისნებმა, არ დაუჯეროთ თქვენს სიზმრებს, რომლებიც გესიზმრებათ; 8 რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: ნუ აღგარწმუნებენ თქუენ ცრუწინაწარმეტყუელნი თქუენნი, შორისნი თქუენსა, და ნუ აღგარწმუნებენ თქუენ მისანნი თქუენნი, და ნუ ისმენთ ძილისშორისთა თქუენთასა, რომელთა იძილისშორისებთ თქუენ,
9 რადგან სიცრუეა, რასაც ისინი გიქადაგებენ ჩემი სახელით; მე არ მომივლენია ისინი, ამბობს უფალი. 9 რამეთუ ცრუთა გიწინასწარმეტყუელებენ თქუენ იგინი სახელითა ჩემითა, არ მივავლინენ იგინი, - თქუა უფალმან.
10 რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც კი შეუსრულდება ბაბილონს სამოცდაათი წელი, მოგხედავთ და აგისრულებთ ჩემს სასიკეთო სიტყვას, ამ ადგილზე დაგაბრუნებთ-მეთქი. 10 რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: ოდეს ეგულების სრულ-ყოფაჲ ბაბილონს სამეოცდაათსა წელსა, ზედმოვიხილოთ თქუენდა და დავადგინნე თქუენ ზედა სიტყვანი ჩემნი კეთილნი მოქცევად თქუენდა ადგილისა ამის მომართ.
11 რადგან მე ვიცი ჩემი განზრახვები, რაც თქვენთვის განმიზრახავს, ამბობს უფალი, საკეთილდღეო განზრახვები და არა საზიანო, რათა მოგცეთ მომავალი და იმედი. 11 რამეთუ მე უწყი გულისსიტყვა, რამეთუ მე ვარ. და ვსიტყუავ თქუენ ზედა, - თქუა უფალმან, - გულისსიტყუასა მშჳდობისასა და არა ძჳრთა, მიცემად თქუენდა ამათ სასოება კეთილი.
12

მომიხმობთ, მოხვალთ, შემევედრებით და მე მოგისმენთ თქვენ.

12

მხადოდით მე და ხჳდოდით და ილოცეთ ჩემდამო, და ვისმინო თქუენი.

13 დამიწყებთ ძებნას და მიპოვნით, თუ მთელი გულით მეძებეთ. 13 და გამომიძიეთ მე, და გეპოვო თქუენ, რაჟამს მიძიოთ მე ყოვლითა გულითა თქუენითა.
14 მოვიძებნები თქვენთვის, ამბობს უფალი. დაგიბრუნებთ წარტაცებულს, შემოგკრებთ ყველა ხალხისგან და ყველა ადგილიდან, სადაც კი გაგდებული მყავხართ, ამბობს უფალი; დაგაბრუნებთ იმ ადგილას, საიდანაც გადაგასახლეთ. 14 გამოგეცხადო თქუენ, - თქუა უფალმან, - და მოვაქციო ტყუეობა თქუენი და შეგკრიბნე თქუენ ყოველთაგან წარმართთა და ყოველთაგან ადგილთა, სადა განგთესენ თქუენ, მუნ, - თქუა უფალმან, და მოგაქცინე თქუენ ადგიდ. ვინაჲ განგასახლენ თქუენ მიერ, - თქუა უფალმან, - და მოგაქცინე თქუენ ადგილსა ამას, ვინა-იგი წარგტყუენენ თქუენ.
15 რომ ამბობთ, წინასწარმეტყველნი აღგვიდგინაო უფალმა ბაბილონში, 15 რამეთუ სთქუთ: დამიდგინნა ჩუენ წინაწარმეტყუელნი ბაბილონს.
16 ასე ამბობს უფალი მეფეზე, დავითის მოსაყდრეზე, და მთელს ერზე, ამ ქალაქის მკვიდრზე, თქვენს ძმებზე, რომელნიც არ წამოსულან თქვენთან ერთად გადასახლებაში; 16 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი მეფისა მიმართ მჯდომარისა საყდარსა ზედა დავითისსა და ყოველსა ზედა ერსა დამკჳდრებულსა ქალაქსა ამას შინა ძმათა თქუენთა, არა განსრულთა თქუენ თანა განსახლებასა შინა.
17 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, მოვუვლენ მათ მახვილს, შიმშილს და შავ ჭირს, გავხდი მათ დამპალი ლეღვივით, საჭმელად რომ არ ვარგა; 17 ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: აჰა, მე განვავლენ მათდამი მახჳლსა და სიყმილსა და სიკუდილსა, და მივსცე მათ, ვითარცა ლეღუნი სუარიმისნი, რომელნი არა იჭამნენ სიჯერკულისაგან.
18 მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დავუწყებ დევნას, გავხდი საფრთხობელად ყველა სამეფოსთვის დედამიწის ზურგზე, შესაჩვენებლად, შესაზარად, სამასხროდ და სასირცხოდ ყველა ხალხში, სადაც გაგდებული მეყოლებიან. 18 და დევნა-ვყო უკანა მათსა მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა და მივსცნე იგინი სარყეველად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა, და საფიცრად და განსაქარვებელად და სასტჳნველად და საყუედრელად და ყოველთა წარმართთა, სადა განვთესენ იგინი, მუნ
19 იმის სანაცვლოდ, რომ არ ესმოდათ ჩემი სიტყვა, ამბობს უფალი, გიგზავნიდით ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველებს, გამუდმებით გიგზავნიდით და არ უსმენდით, ამბობს უფალი. 19 მის წილად, რამეთუ არა ისმინეს სიტყვა ჩემი, - იტყჳს უფალი, - მე განვავლინნე მათდა მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი აღმმსთობმან და მიმავლენელმან, და არა ისმინეს, - თქუა უფალმან.
20 თქვენ მაინც გაიგონეთ უფლის სიტყვა, გადასახლებულნო, რომლებიც იერუსალიმიდან ბაბილონში მყავხართ გაგზავნილი. 20 და თქუენ ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ ყოველმან განსახლვამან, რომელი განვავლინე იერუსალიმით ბაბილონად, რამეთუ სთქუთ: დაადგინნა უფალმან ჩვენზედა წინაწარმეტყუელნი ბაბილონს შინა.
21 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ისრაელის ღმერთი, ახაბ კოლაიას ძეზე, და ციდკია მაყასიას ძეზე, რომლებიც სიცრუეს გიქადაგებენ ჩემი სახელით. აჰა, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, ხელში ჩავაგდებ მათ და ის დახოცავს მათ თქვენს თვალწინ. 21 ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან, აქიამის ზედა, ძისა კოლიაჲსა, და სედეკიაჲს ზედა, ძისა მაასისა, რომელნი გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ სახელითა ჩემითა უსამართლოდ: აჰა, მე მივსცემ მათ ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნისათა და მოსწყჳდნეს იგინი წინაშე თუალთა თქუენთა.
22 წყევლის იგავად შეიქნებიან ისინი ბაბილონში გადასახლებული იუდაელებისთვის, რომლებიც იტყვიან: გაგხადოს უფალმა ციდკიასავით და ახაბივით, რომლებიც ცეცხლში შეწვა ბაბილონის მეფემ 22 და აღიღონ მათ ზედა წყევაჲ ყოველსა შორის განსახლებულობასა იუდაჲსსა ბაბილონს შინა მეტყუელთა: გიყავნ შენ უფალმან, ვითარცა უყო სედეკიას და ვითარცა აქიამს, რომელნი განტაფნა მეფემან ბაბილოვნისამან ცეცხლისა მიერ
23

იმის გულისთვის, რომ სისაძაგლე ჩაიდინეს ისრაელში, რყვნიდნენ მეზობლის ცოლებს და სიცრუეს ქადაგებდნენ ჩემი სახელით, რაც არ დამივალებია მათთვის. მე ვიცი და მოწმე ვარ, ამბობს უფალი.

23

ძლით უსჯულოებისა, რომელ ქმნეს იერუსალიმს შინა, და იმრუშებდეს ცოლებსა მოქალაქეთა მათთასა, და სიტყუა გამოიცხადეს სახელითა ჩემითა ცრუჲ, რომელი რა უბრძანე მათ. და მე ვარ მცნობელი და მოწამე, - იტყჳს უფალი.

24 შემახია ნეხელამელს უთხარი: 24 და სამეაჲს მიმართ ელამიტელისა სთქუა:
25 ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რაკი შენი სახელით წერილები დაუგზავნე იერუსალიმში მყოფ ხალხს, და მღვდელ სოფონიას, მაყასიას ძეს, და ყველა მღვდელს, რომ 25 ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისა: მის წილ, რამეთუ შენ წარსცენ სახელითა ჩემითა წიგნნი ყოვლისა მიმართ ერისა იერუსალიმსშინასა: არ მიგავლინე შენ სახელითა ჩემითა, და სოფონიაჲს მიმართ, ძისა მაასესსა, მღდელისა, და ყოვვლთა მღდელთა მეტყუელმან:
26 უფალმა დაგადგინა მღვდლად იეჰოიადაყ მღვდლის ნაცვლად, რათა ყური გეგდო უფლის სახლში ყოველ ბნედიანისთვის, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ხუნდებში ჩაგესვა და დილეგში ჩაგეგდო, 26 უფალმან მიგცა შენ მღდლად იოდაეს წილ მღდელისა ყოფად შენ ზედამდგომელად სახლსა შორის უფლისასა, ყოვლისა კაცისა მწინასწარმეტყველებისა და ყოვლისა კაცისა მცბიერისა, რაჲთა მისცე იგი შესაწყუდევლად სინოხს და კატტარრაკატსა მას.
27 ახლა რატომ არ ამხილებდი იერემია ყანათოთელს, წინასწარმეტყველად რიამ გაგიხდათ. 27 და აწ რად არა შეჰრისხენით იერემიას ანათოთელსა წინაწარმეტყუელსა თქუენსა?
28 რადგან ჩვენც გვითვლიდა ბაბილონში, ხანგრძლივიაო ეს ამბავი! აშენეთ სახლები და დასახლდით, გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფიო. 28 რამეთუ მოავლინა ჩუენდა ბაბილონად მიმართ მეტყუელმან: შორსღა არს ჟამი, იშენეთ სახლები და დაემკჳდრენით, დაჰნერგეთ სამოთხეში და ჭამეთ ნაყოფი მათი.
29 ხმამაღლა წაუკითხა სოფონია მღვდელმა ეს წერილი იერემია წინასწარმეტყველს. 29

და აღმოიკითხა სოფონია მღდელმან წიგნი ესე ყურთა მიმართ იერემია წინაწარმეტყუელისათა.

30 მაშინ იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი: 30 და იყო სიტყვა უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ მეტყუელი:
31 შეუთვალე გადასახლებულებს: ასე ამბობს-თქო უფალი შემაყია ნეხელამელზე: რაკი გიქადაგებთ შემაყია, რომელიც მე არ მომივლენია, და ტყუილად გაიმედებთ, 31 მიავლინე ყოვლისა მიმართ განსახლვისა მეტყუელნი: ესრეთ იტყჳს უფალი სამეას ზედა ელამიტელისა მეტყველისა: ვინაჲთგან გიწინაწარმეტყუელა თქუენ სამეა, და მე არ მოვავლინე იგი და მოსავ-გყუნა თქუენ ცრუსა ზედა,
32 ამიტომ, ასე ამბობს უფალი: აჰა, დავსჯი შემაყია ნეხელამელს და მის მოდგმას; კაციშვილი არ დარჩება მისგან ამ ერში, ვერ იხილავს სიკეთეს, რასაც ჩემს ერს გაუკეთებ, ამბობს უფალი, რადგან უფლისაგან განდგომას ქადაგებდა. 32 ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე ზედმივიხილო სამეას ზედა ელამიტელსა და ნათესავსა ზედა მისსა, და არა იყოს მისი კაცი მჯდომარე შორის თქუენსა ხილვად კეთილთა, რომელნი მე გიყვნე თქუენ, - თქუა უფალმან, - რამეთუ განდრეკაჲ თქუა ძჳნად უფლისა.