ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ნათქვამია: თუ ქმარი თავის ცოლს გაუშვებს, ისიც წავა მისგან და სხვა კაცს გაჰყვება, განა უკან დაიბრუნებს ქმარი? ხომ წაიბილწება ეს ქვეყანა? შენ ბოზობდი ბევრ საყვარელთან, მაგრამ დამიბრუნდიო, გეუბნება უფალი. 

1

უკეთუ განავლინოს ქმარმან ცოლი თჳსი. და წარვიდეს მისგან და იქმნეს ქმრისა სხჳსა, ნუ მოქცევით მოიქცესა მისდამი მერმე? არა შეგინებით შეიგინოსა დედაკაცი იგი? და შენცა განჰმეძვენ მწყემსთა შორის მრავალთა და მოაქციე ჩემდამო, - იტყჳს უფალი, -

2 აბა, აჰხედე გორაკებს და მონახე ადგილი, სადაც არ გაუპატიურებულხარ. გზის პირას ეჯექი, მათ, როგორც არაბი უდაბნოში, და ბილწავდი მიწას შენი ბოზობით და სიბოროტით. 2 აღიხუენ თუალნი შენნი მართლიად. და იხილე, სადა არ შემწიკულე, გზათა ზედა დასჯდე მათ თანა, ვითარცა ყუავი მოოჴრებული მარტო. და შეაგინე ქუეყანა სიძვათა მიერ შენთა და უკეთურებათა მიერ შენთა.
3 შეკავდა წვიმები და გაზაფხულის წვიმაც არ მოსულა. მეძავის შუბლი გქონდა, არ გახსოვდა სირცხვილი. 3 და გაქუნდეს მწყემსნი მრავალნი საბრჴედ თავისა თჳსისა, შესახედავი მეძვისა იქმნა შენდა უსირცხვილოებად ყოველთა მიმართ,
4 წეღან არ იყო, რომ მეძახდი: მამაჩემო, ჩემი სიყმაწვილის წინამძღვარი ხარო. 4 არა ვითარცა სახლი მიწოდე მე, და მამა წინამძღუარ ქალწულებისა შენისა?
5 განა სამუდამოდ იმრისხანებს, ბოლომდე ხომ არ ჩაიმარხავსო! აჰა, თქვი და ჩაიდინე ბოროტება, გაბედე. 5 ნუ დაადგრეს უკუნისამდე. ანუ დაცვულ იქმნეს საძლეველად? აჰა, სთქუენ და ჰქმნენ ძჳრნი ესე, და შეუძლე.
6 მითხრა უფალმა მეფე იოშიას დროს: ნახე, რა ჩაიდინა განმდგარმა ისრაელმა? დადიოდა ყველა მაღალ გორაკზე და ყველა ხემხვივანის ქვეშ და ბოზობდა იქ. 6 და თქუა უფალმან ჩემდამო დღეთა შინა იოსია მეფისათა: იხილენ, რომელნი მიყვნა მე სახლიერობამან ისრაილისამან. წარვიდა ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ქუეშე ყოველსა ხესა ვარჯოანსა, და ისიძვა მუნ.
7 მე ვთქვი მას შემდეგ, რაც ყოველივე ეს ჩაიდინა: ჩემკენ მოიქეცი-მეთქი! მაგრამ არ მოქცეულა. ხედავდა ამას მისი მოღალატე დაჲ იუდა. 7 და ვარქუ შემდგომად სიძვისა მისისა ამათ ყოველთასა: ჩემდა მოაქციე, და არ მოაქცია. და იხილა უზაობაჲ მისი უზავომან იუდა.
8 დაინახა, რომ გარყვნილების გამო გავუშვი განმდგარი ისრაელი და მივეცი გაყრის წიგნი, მაგრამ არ შეშინებია მოღალატე იუდას, მის დას, და ისიც საბოზაოდ წავიდა. 8 და ვიხილე, რამეთუ ყოველთათჳს, რომელთა დატევებულ იქმნა, რომელთა შინა იმრუშებდა სახლობაჲ ისრაილისა, და განვავლინე იგი, და მივეც მას წიგნი განტევებისა ჴელთა ზედა მისთა. და არა შეშინდა უზავი იუდა, დაჲ მისი, და წარვიდა და ისიძვა მანცა.
9 მოხდა ისე, რომ თავისი საქვეყნო ბოზობით წაბილწა ქვეყანა. ბილწობდა ქვასთან და ხესთან. 9 და იქმნა არარად სიძვა მისი, და შესვარა ქუეყანა და იმრუშა ძელი და ქვაჲ.
10 ყოველივე ამის შემდგაც არ მოქცეულა ჩემკენ წრფელი გულით მოღალატე დაჲ იუდა, არამედ მხოლოდ მოჩვენებით, ამბობს უფალი. 10 და ამათ ყოველთა ზედა არა მოიქცა ჩემდამო უზავი იუდაჲ, დაჲ მისი, ყოვლით გამო გულისა მისისათ; არამედ ტყუილით, - თქვა უფალმან.
11 მითხრა უფალმა: განდგომილი ისრაელი უფრო წრფელი გამოდგა, ვიდრე მოღალატე იუდა. 11 და თქვა უფალმან ჩემდამო: განიმართლა სული თჳსი ისრაილმან უზავობისა მიერ იუდაჲსა.
12 წადი და ჩრდილოეთით გასძახე ეს სიტყვები, ამცნე: მოიქეცი, განდგომილო ისრაელო, ამბობს უფალი. არ მოვაწევ თქვენზე რისხვას, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს უფალი, არ ვიმრისხანებ სამუდამოდ. 12 ვიდოდე და წარიკითხენ სიტყუანი ესე ჩრდილოდ მიმართ და თქუა: მოიქეცით ჩემდამო სახლობაჲ ისრაილისა, - იტყჳს უფალი, - და არ განვიმტკიცო პირი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მოწყალე ვარ მე, - იტყჳს უფალი, - და არა ძჳრისმჴსენებელი თქუენი უკუნისამდე.
13 ოღონდ აღიარე დანაშაული, რომ შესცოდე უფალს, შენს ღმერთს, და გზებს მიიკვლევდი უცხო თესლისკენ ყოველი ხემხვივანის ქვეშ, და არ გაიგონეთ ჩემი ხმა, ამბობს უფალი. 13 ოდენ ცან უსამართლოება შენი, ვითარმედ უფლისა მიმართ, ღმრთისა შენისა, უთნო იქმენ და გარდასთხიენ გზანი შენნი უცხოთა მიმართ ქუეშე ყოვლისა ხისა ვარჯოვნისა, ხოლო ჴმისა ჩემისა არა ისმინე, - იტყჳს უფალი, -
14

მოიქეცით, გაქცეულო შვილებო, ამბობს უფალი, რადგან მე ვარ თქვენი პატრონი. სათითაოდ გამოგიყვანთ ქალაქიდან, ორ-ორს - საგვარეულოდან, და მიგიყვანთ სიონში.

14

მოიქეცით, ძენი განდგომილისანი, - იტყჳს უფალი, - მით, რამეთუ მე დაგეუფლო თქუენ, და მიგიხუნე თქუენ ერთი ქალაქისაგან და ორნი ტომისაგან, და შეგიყვანნე თქუენ სიონდ.

15 დაგიყენებთ ჩემი გულით ამორჩეულ მწყემსს და ის დაგმწყემსავთ თქვენ გონივრულად და ბრძნულად. 15 და მიგცნე თქუენ მწყემსნი გულისაებრ ჩემისა და გმწყსიდენ თქუენ მმწყსელნი ჴელოვნებით.
16 როცა გაბევრდებით და იმრავლებთ ქვეყანაზე, იმ დროს, ამბობს უფალი, აღარ იტყვიან: უფლის აღთქმის კიდობანიო. გულშიაც არ გაივლებენ, არც გაიხსენებენ, არც მოისაკლისებენ, აღარ გაკეთდება. 16 და იყოს, უკეთუ განმრავლდეთ და აღორძნდეთ ქუეყანასა ზედა, - იტყჳს უფალი, - და მათ დღეთა შინა არა თქვან: მერმე კიდობანი აღთქუმისა წმიდისა ისრაილისა არა აღვიდეს გულსა ზედა, არცა სახელ-იდვას მის შორის, არცა ზედგანიხილვოს და არა იქმნას მერმე მათ დღეთა შინა.
17 იმხანად უფლის ტახტად იქნება წოდებული იერუსალიმი; მასთან მოიყრის თავს ყველა ხალხი იერუსალიმში უფლის სახელით და აღარ აჰყვებიან ბოროტ გულისთქმას. 17 და იყოს, მას ჟამსა შინა უწოდდენ იერუსალიმსა საყდარ უფლისა, და შეკრბენ მისდამი ყოველნი წარმართნი სახელითა უფლისათა იერუსალიმად, და არა ვიდოდიან მერმეცა შემდგომად მოგონებათა მათთა გულისა უკეთურისათა.
18 იმჟამად მივა იუდას სახლი ისრაელის სახლთან და ერთად წავლენ ჩრდილოეთის ქვეყნიდან იმ ქვეყნისაკენ, რომელიც თქვენს მამა-პაპას დავუმკვიდრე. 18 მათ დღეთა შინა თანად მოვიდენ სახლი იუდაჲსი, სახლსა თანა ისრაილისასა, და მოვიდენ ერთბამად ჩრდილოთ გამო და ყოველთაგან სოფლებთა ქუეყანისა მომართ, რომელი დაუმკვიდრეს მამათა მათთა.
19 ვთქვი: როგორ ჩაგთვალო ჩემს შვილებად და მოგცე სანატრელი ქვეყანა, ხალხთა სამკვიდრო, მშვენიერზე მშვენიერი? ვთქვი: მამას დამიძახებთ და აღარ გაბრუნდებით ჩემგან. 19 და მე ვთქუ: იყავნ, უფალო, ოდეს დაგაწესო შენ შვილად, და მიგცე შენ ქუეყანა რჩეულად სამკჳდრებელად სახელოვანი, ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისად წარმართთასა და ვთქუ: მამად მხადო მე და ჩემგან არა განსდგე,
20 ჭეშმარიტად, როგორც ცოლი ღალატობს თავის მეგობარს, ასე მიღალატე შენც, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი. 20 გარნა ვითარ იცრუის დედაკაცმან თანამყოფისამე თჳსისა, ეგრეთ იცრუა ჩემდამო სახლმან ისრაილისამან, - იტყჳს უფალი.
21 ხმა ისმის შიშველ გორაკებზე, ისრაელიანთა საწყალობელი მოთქმა; რადგან გაიმრუდეს გზა და დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი. 21 ჴმა ბაგეთაგან ისმა ტირილისა და ვედრებისა ძეთა ისრაილისათა მით, რამეთუ იმძლავრნეს გზათა მათთა შინა, დაივიწყეს ღმრთისა წმიდისა მათისა.
22 მოიქეცით ჩემკენ, გაქცეულო შვილებო! მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას. აჰა, მოვედით შენთან, რადგან შენ უფალი ხარ, ჩვენი ღმერთი. 22 მოიქეცით, ძენო მომქცეველნო; და განვჰკურნნე შემუსრვილებანი თქვენნი: აჰა, მიხილენ ჩუენ, შენნი ვართ, რამეთუ შენ უფალი ღმერთი ჩუენი ხარ.
23 ჭეშმარიტად, სიცრუეა გორაკები და ხალხმრავალი მთები! ჭეშმარიტად უფალში, ჩვენს ღმერთშია ისრაელის ხსნა! 23 ნანდვილ ტყუილი სადმე იყვნეს ბორცუნი და ძალი მთათაჲ, გარნა უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა მაცხოვარება ისრაილისა.
24 მაგრამ სირცხვილმა შეჭამა ჩვენი მამა-პაპის ნაჭირნახულევი სიყმაწვილის დროიდან - მათი ცხვარი და ძროხა, ვაჟები და ქალიშვილები. 24 ხოლო სირცხჳლმან განლინა რუდუნებანი მამათა ჩუენთანი სიჭაბუკითგან მათით: ცხოვარნი მათნი, და ზუარაკნი მათნი, ძენი მათნი, და ასულნი მათნი.
25 ჩვენს სირცხვილში ვწევართ და ჩვენივე შერცხვენა გვახურავს ზედ, რადგან ვცოდავთ უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩვენ და ჩვენი მამა-პაპა სიყმაწვილიდან დღემდე და არ გვესმის უფლის, ჩვენი ღვთის სიტყვა. 25 დავიძინეთ სირცხჳლსა შინა ჩუენსა, და ზედ დამფარნა ჩუენ უპატივოებამან ჩუენმან მით, რამეთუ წინაშე ღმრთისა ჩუენისა ვცოდეთ ჩუენ და მამათა ჩუენთა სიჭაბუკით ჩუენითგან, ვიდრე ამის დღისამდე, და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა.