ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან იუდას მეფის, ციდკიას მეათე წელს. ეს წელი იყო ნაბუქოდონოსორის მეთვრამეტე წელი.

1

სიტყუაჲ ქმნილი უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წელსა მეათესა სედეკია მეფისა იუდაჲსსა; ესე წელი რვა და მეათე ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისაჲ.

2 მაშინ გარს ადგა ბაბილონის მეფის ჯარი იერუსალიმს, ხოლო იერემია წინასწარმეტყველი საპატიმროში იყო გამომწყვდეული, იუდას მეფის სასახლეში, 2 და ძალმან მეფისა ბაბილოვნისამან შეიცვეს იერუსალჱმი, და იერემია იცვებოდა ეზოსა შინა საპყრობილისასა, რომელ არს სახლსა შორის მეფისა იუდაჲსსა,
3 სადაც დაამწყვდია იგი იუდას მეფემ, ციდკიამ, ამ სიტყვებით: რატომ ქადაგებ, ასე ამბობსო უფალი, აჰა, ხელში ჩავუგდებო ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს და დაიპყრობსო? 3 რომელსა შინა შეაყენა იგი მეფემან სედეკია მეტყუელმან: რად წინაწარმეტყველებ შენ მეტყუელი? ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მივსცემ ქალაქსა ამას ჴელსა შინა მეფისა ბაბილოანისასა, და დაიპყრეს იგი.
4 ვერ წაუვაო იუდას მეფე ციდკია ხელიდან ქალდეველებს, რადგან ხელში ჩაუვარდებაო ბაბილონის მეფეს; პირისპირ ექნებაო ლაპარაკი და საკუთარი თვალით შეხედავენო ერთმანეთს. 4 და სედეკია, მეფე იუდაჲსი, არა განერეს ჴელთა ქალდეველთასა, რამეთუ მიმცემელმან მივსცე ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და იზრახოს პირმან მისმან პირისა მიმართ მისისა, და თუალთა ამისთა თუალნი მისნი იხილნენ;
5 ბაბილონში წაიყვანს ციდკიას და იქ იქნება, ვიღრე მე არ მოვიკითხავო მას, ამბობს უფალი; თუ შეებრძოლებით ქალდეველებს, არ გაგიმარჯვდებათო. 5 და ბაბილონად შევიდეს სედეკია, და მუნ დაჯდეს, ვიდრე არა ზედ მივჰხედო მას, - თქუა უფალმან, - რამეთუ ჰბრძავს ქალდეველთა, რომელთა მიმართ ვერ წარემართოს.
6 თქვა იერემიამ: იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: 6 და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
7 აჰა, ხანამიელ შალუმის ძე, შენი ბიძაშვილი, მოდის შენთან, რომ გითხრას: იყიდე ჩემი ყანა, ყანათოთში რომ მაქვს, რადგან შენ გევალება მისი ყიდვა სანათესაო წესის თანახმად. 7 აჰა, ანამეილ, ძე სალომისი, ძმისა მამისა შენისა, მოვალს შენდა მეტყუელი: მოიგე თავისა შენისად აგარაკი ჩემი, ანათოთს შინა, რამეთუ შენი არს სამართალი ნათესავობისაჲ - დაპყრობად იგი მოსაგებელად.
8 მოვიდა ჩემთან ხანამიელი, ჩემი ბიძაშვილი, უფლის სიტყვისამებრ, საპატიმროში და მითხრა: იყიდე ყანა, ყანათოთში რომ მაქვს, ბენიამინის მხარეში, რადგან შენ გეკუთვნის მემკვიდრეობით და შენია გამოსყიდვის უფლება. იყიდე. მაშინ მივხვდი, რომ ეს უფლის სიტყვა იყო. 8 და მოვიდა ჩემდა ანამეილ, ძე სალომისი, ძმისა მამისა ჩემისაჲ, სიტყჳსაებრ უფლისა, ეზოსა საპყრობილისასა და მრქუა მე: მოიგე აგარაკი ჩემი, ანათოთს შინა, ქუეყანასა ბენიამენისსა, რამეთუ შენი არს სამართალი და შენი ნათესავობაჲ მოგებად სამკჳდრებელად, და შენ უხუცეს ხარ, და ვცან, რამეთუ სიტყუაჲ უფლისაჲ არს.
9 ვიყიდე ყანა ხანამიელისგან, ჩემი ბიძაშვილისგან, ყანათოთში, და მივუწონე ჩვიდმეტი შეკელი ვერცხლი. 9 და მოვიგე აგარაკი ანამელისაგან, ძისა სალომისა, ძმისა მამისა ჩემისა, ანათოთს შინა, ქუეყანასა ბენიამენისსა, და მიუწონე მას ვეცხლი შჳდთა სიკილათა, და ათთა ვეცხლთა;
10 დავწერე წიგნი, დავბეჭდე, დავუძახე მოწმეებს და სასწორზე ავწონე ვერცხლი. 10 და დავწერე წიგნსა შინა და დავჰბეჭდე, და ვიმოწმენ მოწამენი და მიუწონე ვეცხლი სასწორითა.
11 ავიღე ნასყიდობის წიგნი, წესისა და კანონის მიხვდვით დაბეჭდილი, და მისი ღია ასლი, 11 და მოვიღე წიგნი მოგებისაჲ დაბეჭდული, და მცნებაჲ და სამართალნი, და აღმოკითხული და გამოცხადებული.
12

და მივეცი ნასყიდობის წიგნი ბარუქ ნერიას ძეს, მახსეიას ძეს, ხანმიელის, ჩემი ბიძაშვილის თვალწინ, მოწმეების თვალწინ, რომელთაც ხელი მოაწერეს ნასყიდობის წიგნს, და ყველა იუდაელის თვალწინ, რომელნიც საპატიმროში ისხდნენ.

12

და მივეც წიგნი მოგებისა ბარუქს, ძესა ნირისსა, ძისა მაასისსა, წინაშე თუალთა ანამეილისთა, ძისა სალომისთა, ძმისა მამისა ჩემისათა, და წინაშე თუალებსა მდგომარეთასა და დამწერელთა წიგნსა მოგებისასა, და წინაშე თუალებსა ყოველთა იუდეანთასა, მსხდომარეთა ეზოსა საპყრობილისასა.

13 დავავალე მათ თვალწინ ბარუქს და ვუთხარი: 13 და მიუწერე ბარუქს წინაშე თუალთა მათთა მეტყუელმან:
14 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აიღე ეს დაწერილები - ეს ნასყიდობის წიგნი, როგორც დაბეჭდილი, ისე ღია, და ჩადევი თიხის ჭურჭელში, რომ დიდხანს ინახებოდეს. 14 ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, ღმერთი ისრაჱლისაჲ: მიიღე წიგნი მოგებისაჲ, ესე დაბეჭდული და წიგნი ესე აღმოკითხული და გამოცხადებული, და დაუსხნე ესენი ჭურჭელსა შინა კეცისასა, რაჲთა ეგენ ვიდრე დღეთამდე მრავალთა.
15 რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: კვლავაც იქნება ყიდვა-გაყიდვა სახლებისა, ყანებისა და ვენახებისა ამ ქვეყანაში. 15 რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან, მიერთისა მპყრობელმან: მერმეცა მოიგებოდიან სახლნი და აგარაკნი და ვენაჴნი ქუეყანასა ამას შინა.
16 გადავეცი ნასყიდობის წიგნი ბარუქ ნერიას ძეს და ასე ვილოცე უფლისადმი, 16 და ვილოცე უფლისა მიმართ შემდგომად მიცემისა ჩემგან წიგნისა მოგებისა ბარუქსა, ძესა ნერისსა, მეტყუელმან:
17 ეჰა, უფალო ღმერთო! შენი შექმნილია ცა და მიწა დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით. არაფერია შენთვის შეუძლებელი. 17 მყოფო, უფალო, უფალო! აჰა, შენ შეჰქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ ძალითა შენითა დიდითა და მკლავითა შენითა მაღლითა; არ დაიმალოს შენგან არა რაჲ,
18 წყალობას მოაფენ ათასებზე და შვილებს მოჰკითხავ მამების დანაშაულს მათ შემდეგ, დიდო ღმერთო, ძლიერო, რომლის სახელი ცაბაოთ უფალია. 18 მყოფელისა წყალობასა ათასეულთამდე და მიმგებელისა ცოდვათა მამათასა წიაღთა შვილთა მათთასა შემდგომად მათთა. ღმერთო დიდო და ძლიერო, - უფალი ძალთა სახელი მისი,
19 დიდგანმზრახველო და მრავალმოქმედო, რომელსაც ღია გაქვს თვალები ადამის ძეთა საქციელის მიმართ, რათა მიაგო თითოეულს თავისი საქციელისა და თავისი ნამოქმედარის მიხედვით. 19 რომელ დიდ არს განზრახვითა და ძლიერ საქმეებითა, ყოვლისა მპყრობელი სახელ - დიდი უფალი, - თუალნი შენნი განღებულ ყოველთა მიმართ გზათა ძეთა კაცთასა მიცემად თითოეულისა გზისა მისისაებრ და ნაყოფთაებრ სიმარჯუეთა მათთასა,
20 რომელმაც მოახდინე ნიშები და სასწაულები ეგვიპტის ქვეყანაში, და დღემდე ახდენ ისრაელში და ადამის მოდგმაში, და მოიხვეჭე სახელი, როგორიც დღესა გაქვს. 20 რომელმან ჰქმნენ სასწაულნი და ნიშნი ქუეყანასა შორის ეგჳპტისასა, ვიდრე დღისამდე ამის, და ისრაჱლისა შორის და კაცთა შორის, და ჰყავ შენდა სახელ, ვითარცა დღე ესე,
21 შენ გამოიყვანე შენი ერი ისრაელი ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშებითა და სასწაულებით, მაგარი ხელითა და მოღერებული მკლავით, დიდი შიშისზარის მეოხებით. 21 და გამოიყვანე ერი შენი ისრაჱლი ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა სასწაულებისა მიერ და ნიშებისა, და ჴელისა მიერ მტკიცისა, და მკლავისა მიერ მაღლისა, და ჩუენებათა მიერ დიდთა.
22 მიეცი მათ ეს ქვეყანა, რომელიც მათთვის გქონდა აღთქმული მისაცემად, ქვეყანა, რძითა და თაფლით მდინარი. 22 და მიეც მათ ქუეყანაჲ ესე, რომელსა ეფუცე მამათა მათთა მიცემად მათდა ქუეყანაჲ მადინებელი თაფლსა და სძესა.
23

მოვიდნენ და დაიმკვიდრეს იგი, მაგრამ არ გაიგონეს შენი ხმა, არ იარეს შენს რჯულზე, არ შეასრულეს შენი ნაბრძანები და შენ შეამთხვიე მათ ყველა ეს უბედურება.

23

და შემოვიდეს და მიიღეს იგი, და არა შეისმინეს ჴმისა შენისაჲ, და შჯულსა შინა შენსა არა ვიდოდეს, ყოველნი, რაოდენთა ამცნებდ მათ ქმნად, არა ქმნნეს, და ჰყავ შემთხუევაჲ მათი ყოველთა ამათ ძჳრთა.

24 აჰა, მიწაყრილები შემოადგა ქალაქს მის დასაპყრობად; მახვილს, შიმშილსა და შავ ჭირს მიცემული ქალაქი უვარდება ხელში ქალდეველებს, რომლებიც უტევენ მას. უკვე ახდა შენი ნათქვამი, თავადაც ხედავ. 24 აჰა, ერი მოსრულ არს ქალაქსა ამას ზედა დაპყრობად მისსა; და ქალაქი მიეცა ჴელთა ქალდეველთა, მბრძოლთა მისთასა პირისაგან მახჳლისა და სიყმილისა და სიკუდილისა, ვითარცა სთქუ, ეგრეთ იქმნა, აჰა, შენ ჰხედავ.
25 და მაინც მეუბნები, უფალო ღმერთო: იყიდე ყანა ვერცხლით და მოწმეებს დაუძახეო. მაშინ როცა ქალაქი ქალდეველებს ჩაუვარდა ხელში. 25 და შენ, იტყჳ ჩემდამო, მეუფეო, უფალო: მოიგე თავისა შენისად აგარაკი ვეცხლითა. და მოვიგე და დავწერე წიგნი, და დავბეჭდენ და ვიწამენ მოწამენი, და ქალაქი მიეცა ჴელთა ქალდეველთასა.
26 იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი: 26 და იქმნა სიტყუაჲ უფლისა ჩემდამო მეტყუელი:
27 აჰა, მე ვარ უფალი, ყოველი ხორციელის ღმერთი! განა არის რაიმე შეუძლებელი ჩემთვის? 27 მე ვარ უფალი, ღმერთი ყოვლისა ჴორცისაჲ; ნუ ჩემგან დაიმალვის რაჲმეა?
28 ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ქალდეველებს და ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, რომელიც დაიპყრობს მას. 28 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ: მიცემით მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა ქალდეონ და ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და წარიღონ იგი.
29 მოვლენ ქალდეველები, რომლებიც უტევენ ამ ქალაქს, ცეცხლში დასწვავენ ამ ქალაქს, გადაბუგავენ სახლებიანად, რომლის ბანებზე ბაალს უკმევდნენ და უცხო ღმერთებს უღვრიდნენ საღვრელს ჩემს გასაჯავრებლად; 29 და მოვიდენ ქალდეველნი, მბრძოლნი ქალაქსა ამას ზედა, და მოწუან იგი ცეცხლითა, და დაწუან სახლები, რომელთა შორის უკუმევდეს ერდოებსა მათსა ზედა ბაალსა, და უგებდეს საგებთა ღმერთთა სხუათა, განსამწარებელად ჩემდა.
30 რადგან მხოლოდ ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში ისრაელიანები და იუდაელები სიყმაწვილიდანვე; რადგან მხოლოდ მაჯავრებდნენ ისრაელირები თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ამბობს უფალი. 30 რამეთუ იყვნეს ძენი ისრაელისანი და ძენი იუდაჲსნი მხოლონი მყოფელ ბოროტისა წინაშე თუალთა ჩემთა სიჭაბუკითგან მათით, გარნა რამეთუ ძეთა ისრაელისათა განმარისხეს მე, საქმესა ზედა ჴელთა მათთასა, - თქუა უფალმან, -
31 რადგან ჩემს რისხვად და წყრომად მყავს ეს ქალაქი მისი აშენებიდან დღემდე, რომ თავიდან მოვიშორო იგი 31 რამეთუ რისხვასა ზედა ჩემსა და გულისწყრომასა ზედა ჩემსა იყო ქალაქი ესე, რომლით დღითგან აღაშენეს იგი და ვიდრე დღისამდე ამის, შევცვალო იგი პირისაგან ჩემისა
32 ისრაელიანთა და იუდაელთა ყველა ბოროტების გამო, რასაც ჩემს გასაჯავრებლად სჩადიოდნენ თავად ისინი, მათი მეფეები, მათი მთავრები, მათი მღვდლები და მათი წინასწარმეტყველები, ყოველი იუდაელი და იერუსალიმის მცხოვრები. 32 ყოვლისათჳს უკეთურებისა ძეთა ისრაელისათა და ძეთა იუდაჲსთა, რაჟამს ყვეს განმწარება ჩემი მათ და მეფეთა მათთა, და დიდებულთა მათთა, და მღდელთა მათთა, და წინაწარმეტყუელთა მათთა, კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იერუსალემისათა
33 ზურგი მომაქციეს, არა სახე; ვასწავლიდი მათ, გამუდმებით ვასწავლიდი, მაგრამ არავინ იყო გამგონე, რომ ჭკუა ესწავლათ. 33 და მოაქციეს ჩემდა ზურგი, და არა პირი მათი, და ვასწავე მათ აღმსთობმან და მასწავლელმან, და არა ისმინეს და არა ინებეს მიღებად სწავლა.
34

დგამდნენ თავიანთ სისაძაგლეებს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდებოდა, რათა შეებღალათ იგი.

34

და დასხნეს სიბილწენი მათნი სახლსა შინა, სადა წოდებულ არს სახელი ჩემი მის ზედა,

35 აშენებდნენ ბაალის გორაკებს ბენ-ჰინომის ველზე, რომ საკუთარი ვაჟები და ასულები შეეწირათ მოლოქისთვის, რაც არ მიბრძანებია მათთვის, ფიქრადაც არ მომსვლია, თუ ასეთი სიბილწის ჩადენა შეიძლებოდა იუდას შესაცდენად. 35 შებილწებად მისსა არაწმიდებათა მიერ მათთა, და უშენნეს ბომონნი ბაალსა ჴევსა შინა ძისა ენომისსა, გოდოლნი გევს შინა, შეწირვისათჳს ძეთა მათთაჲსა და ასულთა მათთაჲსა მოლოქისსა, რომელნი არა ვამცნენ მათ, არცა აღვიდა გულსა ზედა ჩემსა ქმნაჲ საძაგელებისაჲ ამის საცოდველად იუდაჲსა.
36 ახლა კი, ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი ამ ქალაქზე, რომელზეც თქვენ ამბობთ: მახვილის, შიმშილის და შავი ჭირის წყალობით ჩაუვარდაო ხელში ბაბილონის მეფეს. 36 და აწ ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან, ქალაქსა ზედა, რომელსა შენ იტყჳ არმიცემად ჴელთა მეფისა ბაბილონისათა მახჳლითა და სიყმილითა და განვლენითა,
37 აჰა, თავს მოვუყრი მათ ყოველი ქვეყნიდან, სადაც გავრეკე ისინი ჩემი მძვინვარე რისხვითა და დიდი წყრომით; დავაბრუნებ ამ ადგილზე და საიმედოდ დავასახლებ. 37 აჰა, მე შევკრიბნე ყოველთაგან ქუეყანათა, სადა განვსთესენ იგინი მუნ გულისწყრომითა ჩემითა და რისხვითა ჩემითა და განძჳნებითა დიდითა, და მოვაქცინე იგინი ადგილსა ამას, და დავსხნე იგინი სასოებით.
38 ჩემი ერი იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები. 38 და იყვნენ ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმერთად.
39

ჩავუდგამ მათ ერთ გულს და მივცემ ერთ გზას, რომ მუდამ ეშინოდეთ ჩემი თავიანთ სასიკეთოდ და თავიანთი შვილების სასიკეთოდ მათ შემდგომ.

39 და მივსცე გული სხუაჲ, რაჲთა მეშიშოდიან ყოველთა დღეთა, რაჲთა კეთილი იყოს მათდა და ძეთა მათთა მათ თანა.
40 დავდებ მათთან სამარადისო აღთქმას, რომ აღარ მივატოვებ მათ და სიკეთეს არ მოვაკლებ; ჩემს შიშს ჩავუნერგავ გულში, რომ არ განმიდგნენ. 40 და უანდერძო მათ ანდერძი საუკუნოჲ, რომელი არ მოვაქციო უკანაგან მათსა, რაჲთა კეთილი უყო მე მათ, და შიში ჩემი მივსცე გულთა შორის მათთა არგანდგომისათჳს მათისა ჩემგან.
41 გავიხარებ მათით, რომ შემეძლება სიკეთე ვუყო; მტკიცედ დავნერგავ მათ ამ ქვეყანაში მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით. 41 და მოვიძინე იგინი, და ვიხარებდე მე მათ ზედა კეთილის-ყოფასა შინა ჩემგან მათსა, და დავჰნერგნე იგინი ქუეყანასა ამას ზედა ჭეშმარიტებითა და ყოვლითა გულითა ჩემითა და ყოვლითა სულითა ჩემითა,
42 რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც მოვუვლინე ამ ხალხს ყველა ეს დიდი უბედურება, ასევე მოვუვლენ მათ ყველა სიკეთეს, რაც აღვუთქვი. 42 რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: ვითარცა მოვაწიენ ერსა ამას ზედა ყოველნი ესე დიდნი ძჳდნი, ეგრეთ მოვაწინე მე მათ ზედა ყოველნი კეთილნი, რომელნი მე ვთქუენ მათ ზედა.
43 იყიდიან ყანებს ამ ქვეყანაში, რომელზეც თქვენ ამბობთ, გაუდაბურდაო, ადამიანის და პირუტყვის ჭაჭანება არ არის, ქალდეველებს ჩაუვარდათ ხელში. 43 და მოიგნენ მერმეცა აგარაკნი ქუეყანასა შინა, რომელსა შენ იტყჳ, ვითარმედ უვალ არს კაცთაგან და საცხოვართა, და განეცნეს ჴელსა ქალდეველთასა.
44 ვერცხლით იყიდიან ყანებს, ჩაწერენ წიგნში და დაბეჭდავენ, დაუძახებენ მოწმეებს ბენიამინის მხარეში, იერუსალიმის შემოგარენში, იუდას ქალაქებში, მთისა და ბარის ქალაქებში, და სამხრეთის ქალაქებში; რადგან დავაბრუნებ მათ წარტაცებულს, ამბობს უფალი. 44 და მოიგნენ აგარაკნი ვეცხლითა და დაიწეროს წიგნსა შინა, და დაიბეჭდოს და იწამებდენ მოწამეთა - ქუეყანასა შინა ბენიამენისსა და გარემოჲს იერუსალემსა, და ქალაქთა შორის იუდაჲსთა, და ქალაქთა შორის მთისათა, და ქალაქთა შორის სეფილაჲსთა, და ქალაქთა შორის ნაგევისთა, რამეთუ მის ყოველი პირველებრვე, - თქუა უფალმან,