ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან იუდას მეფის იეჰოაკიმ იოშიას ძის დროს: |
1 |
სიტყვა ქმნილი იერემიას მიმართ უფლისა მიერ დღეთა შინა იოაკიმისთა, ძისა იოსიაჲსთა მეფისა იუდაჲსათა მეტყუელი |
2 | წადი რექაბიანთა თემში, ელაპარაკე და მოიყვანე ისინი უფლის სახლში, ერთ-ერთ სენაკში და ღვინო შეასვი. | 2 | ვიდოდე სახიდმი რექაბისა და მიუწოდე მათ სახიდ უფლისა, ერთსა ეზოთაგანსა, და ასუ მათ ღჳნოჲ. |
3 | წამოვიყვანე იაზანია, ძე იერემიასი, ძისა ხაბაცინიასი, მისი ძმები, მისი შვილები და რექაბიანთა მთელი თემი, | 3 | და მოვიყვანე იეზონია, ძე იერემიაჲსი, ძისა ხავაზინისი, და ძმანი მისნი, და ძენი მისნი და ყოველი სახლი რექაბისი, |
4 | და მივიყვანე ისინი უფლის სახლში ღვთისკაცის, ხანან იგდალიას, სენაკში, რომელიც მთავართა სენაკის გვერდით იყო, მაყასეია შალუმის ძის, ზღურბლის მცველის, სენაკის ზემოთ. | 4 | შევიყვანე სახიდ უფლისა და პასტოფორიონსა ძისა ანანისსა, ძისა ღოდოლიაჲსსა, კაცისა ღმრთისაჲსა, რომელი არს მახლობელ სახლისა მთავართასა, ზენაჲთ პასტოფორიონსა მაასესა, ძისა სელომისსა, რომელი სცვიდა სადგურსა. |
5 | წინ დავუდგი რექაბიანთა თემის შვილებს ღვინით სავსე თასები და ფიალები და ვუთხარი მათ: შესვით ღვინო. | 5 | და დავდგი წინაშე პირსა მათსა ძეთა სახლისა რაქაბისთასა ლაგჳნები სავსეები ღჳნითა და სასუმლები, და ვთქუ მათდამი: ესრეთ იტყჳს უფალი: სუთ ღჳნოჲ. |
6 | თქვესა ღვინოს არა ვსვამთ, რადგან იონადაბ რექაბის ძემ, ჩვენმა წინაპარმა გვიანდერძა, ღვინოს ნუ დალევთ ნურასოდეს, ნურც თქვენ და ნურც თქვენი შვილებიო. | 6 | და თქუეს: ვერ ვსუათ ღჳნოჲ, რამეთუ იონადაბ, ძემან რექაბისამან, მამამან ჩუენმან, მამცნო მეტყველმან ჩუენმან: „არა სუათ ღჳნოჲ თქუენ და ძეთა თქუენთა ვიდრე საუკუნომდე. |
7 | სახლებს ნუ ააშენებთ, თესლს ნუ დათესავთ, ვენახს ნუ გააშენებთ, ნურაფერს იქონიებთ; მხოლოდ კარვებში იცხოვრეთ მთელი სიცოცხლე, რათა დიდხანს იცოცხლოთ დედამიწის ზურგზე, სადაც მდგმურებად ხართო. | 7 | და სახლნი არ აღიშენნეთ, და თესლი არა დასთესოთ, და ვენაჴთა ნუ დაასხამთ, ნუცა იყვნენ თქუენდა, რამეთუ კარავთა შინა ჰმკჳდრობდეთ ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა, რაჲთა ცოცხალ იყვნეთ დღეთა მრავალთა ქუეყანასა ზედა, რომელსა ზედა თქუენ ხჳდოდით მას ზედა“. |
8 | ჩვენც ვემორჩილებით იონადაბ რექაბის ძეს, ჩვენს წინაპარს, ყველაფერში, რაც გვიანდერძა: არ დავლიოთ ღვინო მთელი ჩვენი სიცოცხლე, არც ჩვენ, არც ჩვენმა ცოლებმა, არც ჩვენმა ვაჟებმა და არც ჩვენმა ასულებმა, | 8 | და ვისმინეთ ჴმისა იონადაბისისა, მამისა ჩუენისა, ძისა რაგავისა, ყოველთაებრ, რავდენნი გუამცნნა ჩუენ, არსუმისათჳს ღჳნისა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, ჩუენ და ცოლთა ჩუენთა, და ძეთა ჩუენთა და ასულთა ჩუენთა, |
9 | არ ვაშენოთ სახლები საცხოვრებლად. არა გვაქვს არც ვენახი, არც ყანა, არც ნათესები; | 9 | არაღშენებისათჳს სახლთაჲსა დამკჳდრებად მუნ, და ვენაჴი და აგარაკი და თესლი არა იქმნა ჩუენდა; |
10 | ვცხოვრობთ კარვებში და ვემორჩილებით იონადაბს, ჩვენს წინაპარს, და ყველაუერს ისე ვაკეთებთ, როგორც გვიანდერძა. | 10 | და დავეშენენით კარავთა შინა, და ვისმინეთ და ვყავთ ყოველთაებრ, რავდენნი მამცნნა ჩუენ იონადამ, მამამან ჩუენმან. |
11 |
როცა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მოადგა ქვეყანას, ჩვენ ვთქვით: წამო, წავიდეთ იერუსალიმში, გავეცალოთ ქალდეველთა და არამელთა ლაშქარს. და ვცხოვრობთ იერუსალიმში. |
11 |
და იქმნა, ოდეს აღმოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონელთა ქუეყანასა მას ზედა, და ვთქუთ: აღსრულნი შევიდეთ იერუსალიმად პირისაგან ძალისა ქალდეველთაჲსა და პირისაგან ძალისა ასურასტანელთასა, და დავეშენნეთ მუნ იერუსალიმს შინა. |
12 | იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი. | 12 | და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი: |
13 | ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი, უთხარი იუდას ხალხს და იერუსალიმის მცხოვრებლებს, ნუთუ აღარ ისწავლით ჭკუას და არ გაიგონებთ ჩემს ნათქვამს? ამბობს უფალი. | 13 | ესრეთ იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაილისა: წარვიდოდე და არქუ კაცსა იუდაჲსასა, დამკჳდრებულთა იერუსალიმისათა: არა შეიწყნაროთ სწავლაჲ სმენად სიტყვათა ჩემთა? - თქუა უფალმან. |
14 | სრულდება იონადაბ რექაბის ძის ნაანდერძევი სიტყვები თავისი შთამომავლებისადმი, რომ არ დალიონ ღვინო, და დღემდე არ სვამენ, რადგან ემორჩილებიან თავიანთი წინაპრის ანდერძს. მე კი გამუდმებით გელაპარაკებოდით, მაგრამ ჩემი გაგონებაც არ გინდოდათ. | 14 | და დაამტკიცეს სიტყუა ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, რომელი ამცნო შვილთა მისთა არა სუმად ღჳნისა, და არა სუეს ვიდრე დღისამდე ამის, რამეთუ ისმინეს მცნებისა მამისა მათისაჲ; და მე ვითარ ვიტყოდე თქუენდამი, აღმმსთობი და მეტყუელი, და არა ისმინეთ ჩემი. |
15 | გამუდმებით ვაბარებდი თქვენთან ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს: მოიქეცით ბოროტი გზიდან, გამოისწორეთ საქციელი, ნუ მისდევთ სხვა ღმერთებს თაყვანსაცემად და დარჩებით ამ მიწაზე, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მომიცია-მეთქი, მაგრამ თქვენ ყური არ მათხოვეთ და არ გამიგონეთ. | 15 | და მივავლინენ თქუენდამი მონანი ჩემნი წინასწარმეტყველნი, აღმსთობმან და მიმავლენელმან და მეტყუელმან: ,,მოიქეცით კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და უმჯობესებ-ყვენით სიმარჯუენი თქუენნი, და ნუ ხუალთ უკანა ღმერთა სხუათა მსახურებად მათდა და დაემკჳდრენით ქუეყანასა ზედა, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა, და არა მოჰყვენით ყურნი თქუენნი და არა ისმინეთ ჩემი. |
16 | ასეა, ასრულებენ იონადაბ რექაბის შთამომავლები თავიანთი წინაპრის ნაანდერძევს. ამ ხალხს კი ჩემი გაგონება არ უნდა. | 16 | და ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, დაამტკიცეს მცნებაჲ მამისა მათისაჲ, რომელი ამცნო მათ, ხოლო ერმან ამან არა ისმინა ჩემი. |
17 | ამიტომ ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მოვუვლენ იუდას და იერუსალიმის მცხოვრებლებს ყველა ბოროტებას, რითაც დავემუქრე მათ, იმის გამო, რომ ველაპარაკებოდი და არ მიგონებდნენ, ვუხმობდი და ხმას არ მცემდნენ. | 17 | ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა, მე მოვიხუნე იუდას ზედა და დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა ძჳრნი, რომელთა ვიტყოდე მათ ზედა ყოველნი მის წილ, რამეთუ ვიტყოდე მათდამი, და არა ისმინეს, და უწოდე მათ, და არა მომიგეს. |
18 | რექაბიანთა თემს უთხრა იერემიამ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რაკი დაემორჩილეთ თქვენი წინაპრის, იონადაბის ნაანდერძევს, იცავთ მის ყოველ ნაანდერძევს და ყველაფერს ისე აკეთებთ, როგორც მან გიანდერძათ, | 18 | და სახლსა რექაბისსა ჰრქუა იერემია: ამისთჳს თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: ვინაჲთგან ისმინეს ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, მცნება მამისა მათისა იონადაბისი, და დაიცვნეს თანად ყოველნი მცნებანი მისნი ქმნად ყოველთაებრ, რაოდენნი ამცნა მათ მამამან მათმან. |
19 | ამიტომაც, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არასოდეს მოაკლდეს იონადაბ რექაბის ძეს ჩემს წინაშე მდგომელი კაცი. | 19 | ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: არა მოაკლდეს მამაკაცი ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, წინამდგომი წინაშე პირსა ჩემსა ყოველთა დღეთა ქუეყანისათა. |