ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის მეოთხე წელს იყო უფლისგან ეს სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი: |
1 |
და იქმნა წელსა მეოთხესა, იოაკიმ ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსასა, იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი: |
2 | აიღე საწერი გრაგნილი და დაწერე ზედ ყოველი სიტყვა, რაც მითქვამს შენთვის ისრაელზე, იუდაზე და ყველა ხალხზე იმ დღიდან, რაც ლაპარაკი დაგიწყე - იოშიას გამეფებიდან დღემდე. | 2 | მოიღე თავის შენისად ქარტაჲ წიგნისაჲ და დაწერენ მას ზედა ყოველნი სიტყვანი, რომელნი გამოგიცხადენ შენ ისრაილსა ზედა და იუდასა ზედა და ყოველთა ზედა ნათესავთა, რომლით დღითგან ვიტყოდე მე შენდამი დღეთაგან იოსია მეფისა იუდაჲსათა და ვიდრე დღისამდე ამის. |
3 | იქნებ შეაფიქრიანოს იუდას სახლი ყველა უბედურებამ, რის ქმნასაც ვუპირებ მათ, იქნებ მიატოვონ თავიანთი ბოროტი გზა და ვაპატიო დანაშაული და შეცოდება. | 3 | ნუუკუჱ ისმინნეს სახლმან იუდაჲსამან ყოველნი ძჳრნი, რომელთა მე სიტყუა-ვყოფდ მათდა, და მოიქცენ კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და მლხინებელ ეყო სიცრუეთა მათთა და ცოდვათა მათთა. |
4 | უხმო იერემიამ ბარუქ ნერიას ძეს და დაწერა ბარუქმა გრაგნილზე იერემიას კარნახით უფლის ყოველი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერემიასთვის უფალს. | 4 | და მოუწოდა იერემია ბარუქს, ძესა ნირისსა, და დაწერნა ბარუქმან პირისაგან იერემიაჲსსა ყოველნი სიტყუანი უფლისანი, რომელნი გამოაცხადნა მისდამი ქარტასა ზედა წიგნისასა. |
5 | დაავალა იერემიამ ბარუქს: მე დამწყვდეული ვარ, არ შემიძლია უფლის სახლში მისვლა. | 5 | და ამცნო იერემია ბარუქსა მეტყუელმან: მე ვიცვები და ვერ ძალმიც შესლვაჲ სახიდ უფლისა. |
6 | შენ თვითონ წადი უფლის სახლში და, მარხვის დღეს, ხალხის გასაგონად წაიკითხე ეს გრაგნილი, რომელზეც ჩემი კარნახით გაქვს უფლის სიტყვები დაწერილი; მთელი იუდას ხალხის და მისი ქალაქვბიდან მოსულთა გასაგონად წაიკითხე. | 6 | და შეხჳდე შენ და აღმოიკითხო ქარტასა ამას შინა, რომელნიცა დასწერენ პირისაგან ჩემისა სიტყვანი უფლისანი, ყურთა მიმართ ერისათა სახლსა შინა უფლისასა დღესა მარხვისასა, და ყურთა შორის ყოვლისა იუდაჲსათა, რომელნი მოვლენ ქალაქთაგან მათთა, აღმოუკითხო მათ. |
7 | იქნებ მისწვდეს მათი მუდარა უფალს და მოიქცნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, რადგან დიდია რისხვა და წყრომა, რითაც დააშინა უფალმა ეს ხალხი. | 7 | ნუუკუე დავარდეს წყალობა მათი წინაშე პირსა უფლისასა, და მოიქცენ გზისაგან მათისა ბოროტისა, რამეთუ დიდ არს გულისწყრომაჲ და რისხვაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა ერსა ამას ზედა. |
8 | ყველაფერი ისე გააკეთა ბარუქ ნერიას ძემ, როგორც დაავალა მას იერემია წინასწარმეტყველმა, რომ წაეკითხა წიგნიდან უფლის სიტყვები უფლის სახლში. | 8 | და ყვნა ბარუქმან ყოველთაებრ, რაოდენნი ამცნნა იერემია წინაწარმეტყუელმან - აღმოკითხვაჲ წიგნსა შინა სიტყვათა უფლისათა სახლსა შორის უფლისასა. |
9 | იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის, მეხუთე წელს, მეცხრე თვეს, გამოუცხადეს მარხვა უფლის წინაშე იერუსალიმის მთელს ხალხს და ყველას, ვინც კი იუდას ქალაქებიდან იერუსალიმში იყო მოსული. | 9 | და იქმნა წელსა მეხუთესა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲსა, თუესა შინა მეცხრესა, იეკკლისიეს, მარხვაჲ წინაშე პირსა უფლისასა ყოველმან ერმან იერუსალიმისამან და ყოველმან ერმან მომავალთა ქალაქთაგან იუდაჲსათა იერუსალიმდ სახლისა იუდაჲსამან. |
10 | წაიკითხა ბარუქმა წიგნიდან მთელი ხალხის გასაგონად იერემიას სიტყვები უფლის სახლში, გემარიას, შაფან მწერლის ძის ოთახში, რომელიც მდებარეობდა ზემო ეზოში, უფლის სახლის კარიბჭის შესასვლელთან. | 10 | და იყო და იკითხვიდა ბარუქ წიგნსა შინა სიტყვათა იერემიაჲსთა შორის სახლისა უფლისა, სახლსა შინა გამარიაჲსსა, ძისა საფანისსა, მწიგნველისასა შორის ეზოსა ზენაჲთ კარისწინათა თანა ბჭეთა სახლისა ახლისათა, ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა. |
11 | გაიგონა მიქაიამ, შაფანის ძემ, გემარიას ძემ, უფლის სიტყვები, წიგნიდან წაკითხული, | 11 | და ესმნეს მიქეას, ძესა გამარიაჲსსა, ძისა საფანისსა, ყოველნი სიტყუანი უფლისანი წიგნისაგან. |
12 |
ჩავიდა მეფის სახლში, მეფის მწერლის ოთახში, სადაც იჯდა ყველა მთავარი, ელიშამაყ მწერალი, დალაია შემაყიას ძე, ელნათან ყაქბორის ძე, გემარია შაფანის ძე, ციდკია ხანანიას ძე და ყველა მთავარი. |
12 |
და შთავიდა სახიდ მეფისა, სახიდ მწიგნველისა, და აჰა, მუნ სხდეს ყოველნი მთავარნი: ელისამა მწიგნველი, და სალეა, ძე სამეოჲსი, და ელდათან, ძე აქობორისა, და გამარია, ძე საფანისი, და სედეკია, ძე ანანიაჲსი, და ყოველნი მთავარნი. |
13 | მოახსენა მათ მიქაიამ ყოველი სიტყვა, რაც გაიგონა, როცა ბარუქი წიგნიდან კითხულობდა ხალხის გასაგონად. | 13 | და მიუთხრნა მათ მიქეა ყოველნი სიტყვანი, რომელნი ესმნეს, აღმოიკითხვიდა რაჲ ბარუქ ყურთა მიმართ ერისათა. |
14 | მაშინ გაგზავნეს მთავრებმა ბარუქთან იეჰუდი, ნეთანიას ძე, შელამიას ძე, ქუშის ძე და შეუთვალეს: აიღე ხელში გრაგნილი, რომელსაც ხალხის გასაგონად კითხულობდი, და მოდი. აიღო ბარუქ ნერიას ძემ ხელში გრაგნილი და მივიდა მათთან. | 14 | და მიავლინეს ყოველთა მთავართა ბარუქის მიმართ იუდი, ძე მათანისი, ძისა სელემისი, ძისა ხუსისი, მეტყველთა: წიგნსა, რომელსა შენ აღმოიკითხავ მას შინა ყურთა მიმართ ერისათა, მოიღე იგი ჴელსა შენსა და მოვედ. და მიიღო ბარუქ, ძემან ნისისმან, წიგნი ჴელსა ზედა თჳსსა და შთავიდა მათდამი. |
15 | უთხრეს: დაჯექი და წაიკითხე ჩვენს გასაგონად. წაიკითხა ბარუქმაც მათ გასაგონად. | 15 | და ჰქუეს მას მთავართა: კუალად აღმოიკითხე ყურთა მომართ ჩუენთა, და აღმოიკითხა ბარუქმან ყურთა მიმართ მათთა. |
16 | როცა მოისმინეს ყოველი სიტყვა, შეეშინდათ ერთმანეთის და უთხრეს ბარუქს: გვითხარი, რატომ ჩაიწერე მისი კარნახით ეს სიტყვვბი? | 16 | და იყო, ვითარცა ესმნეს ყოველთა მთავართა, ყოველნი იგი სიტყვანი, განიზრახეს კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა და თქუეს ბარუქის მიმართ. მიმთხრობელნი მიუთხრობთ მეფესა ყოველთა ამათ სიტყუათა. |
17 | 17 | და ბარუქს ჰკითხეს მეტყუელთა: მომითხარ ჩუენ, ვინაჲ დასწერენ ყოველნი ესე სიტყუანი? | |
18 | უთხრა მათ ბარუქმა: თავად მკარნახობდა ამ სიტყვებს და მეც ვიწერდი წიგნში მელნით. | 18 | და თქუა ბარუქმან: პირისაგან იერემიაჲსისა, რამეთუ მომითხრობდა იგი ჩემდამო ყოველთა ამათ სიტყუათა, და მე ვწერდ წიგნსა შინა მელნითა. |
19 | უთხრეს მთავრებმა ბარუქს: წადი და დაიმალეთ შენ და იერემია, კაციშვილმა არ გაიგოს თქვენი სამყოფელი! | 19 | და ჰქუეს ყოველთა მთავართა ბარუქს: წარსრული დაიმალე შენ და იერემია. კაცი ნუ სცნობნ, სადა იყვნეთ თქუენ. |
20 | ეახლნენ კარზე მეფეს (გრაგნილი კი ელიშამაყ მწერლის ოთახში შეინახეს) და მოახსენეს მეფეს ყოველი სიტყვა. | 20 |
და შევიდეს მეფისა მიმართ ეზოდ და წიგნი მისცეს დასამარხავად სახლსა შინა ელისამა მწიგნველისასა, და მიუთხრნეს მეფესა ყოველნი ესე სიტყუანი. |
21 | გაგზავნა მეფემ იეჰუდი გრაგნილის მოსატანად; მოიტანა იეჰუდიმ იგი ელიშამაყ მწერლის ოთახიდრ და წაიკითხა მეფისა და ყველა მთავრის გასაგონად, ვინც მეფესთან იდგა. | 21 | და მიავლინა მეფემან იუდი, მოღებად წიგნისა მის და მოიღო იგი იუდი სახლისაგან ელისამისა მწიგნველისა, და აღმოიკითხა იუდი ყურთა მიმართ მეფისათა, და ყურთა მიმართ ყოველთა მთავართა მდგომარეთასა გარემოჲს მეფისა. |
22 | ხოლო მეფე საზამთრო სასახლეში იჯდა, რადგან მეცხრე თვე იყო, და მის წინ მაყალი ენთო. | 22 | და მეფე ჯდა სახლსა შინა საზამთროსა, თუესა მეცხრესა და კერაკნი ცეცხლისანი პირისპირ მისსა. |
23 |
წაიკითხავდა თუ არა იეჰუდი სამ-ოთხ სვეტს, მოჭრიდა მეფე მწერლის დანით და ჩააგდებდა ცეცხლში, მაყალში რომ ენთო, ვიდრე მთელი გრაგნილი მთლიანად არ დაიწვა მაყალის ცეცხლში. |
23 |
და იყო, აღმო-რაჲ-იკითხის იუდი სამი კეფი, ანუ ოთხი, მოჰკუეთდის მათ საჭრელითა მწიგნველისაჲთა და შთააგდებდის ცეცხლსა კერაკსა მას ზედა, ვიდრემდის არაჲ დააკლდა წიგნისაჲ ცეცხლსა მას კერაკთასა. |
24 | არ შეშინებულან, არც სამოსელი შემოუგლეჯიათ მეფეს და მის მორჩილთ, როცა ყველა ეს სიტყვა მოისმინეს. | 24 | და არა გამოიძიეს, არცა დაიპნეს სამოსელნი მათნი მეფემან და ყოველთა ყრმათა მისთა, რომელთა ესმნეს ყოველნი ესე სიტყუანი. |
25 | კიდეც ევედრებოდნენ მეფეს ელნათანი, დელაია და გემარია, არ დაეწვა გრაგნილი, მაგრამ არ გაუგონა მათ. | 25 | და ელდათან და გოდოლია და დაგგეა ღამარია ჰმოქენობდეს მეფესა არაწჳსათჳს წიგნისა, და არა ისმინა მათი. |
26 | უბრძანა მეფემ უფლისწულ იერახმიელს, სერაია ყაზრიელის ძეს და შელემია ყაბდიელის ძეს, მოეყვანათ მწერალი ბარუქი და წინასწარმეტყველი იერემია. მაგრამ უფალმა დაიფარა ისინი. | 26 | და ამცნო მეფემან იერემელიას, ძესა მეფისასა, და სარეას, ძესა ეზრიილისასა, სელამეას, ძესა ამიილისსა შეპყრობა ბარუქისი მწიგნობრისაჲ და იერემია წინაწარმეტყუელისაჲ და დაიმალნეს უფლისა მიერ. |
27 | იყო უფლის სიტყვა ირემიას მიმართ ნათქვამი მას შემდეგ, რაც მეფემ დაწვა გრაგნილი და ყოველი სიტყვა, რომელიც დაწერილი ჰქონდა ბარუქს იერემიას კარნახით: | 27 | და იქმნა სიტყვა უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ შემდგომად დაწვისა მეფისა მიერ ქარტასა, მქონებელსა ყოველთა ამას სიტყუათასა, რომელნი დაწერნა ბარუქმან პირისაგან იერემიასსა მეტყუელი: |
28 | აიღე სხვა გრაგნილი და დაწერე მასზე ყოველი სიტყვა, რაც იმ პირველ გრაგნილზგ ეწერა, რომელიც იუდას მეფემ, იეჰოაკიმმა დაწვა. | 28 | კუალად მოიღე შენ წიგნი სხუაჲ და დაწერენ ყოველნი ესე სიტყუანი მყოფნი ქარტასა შინა, რომელი დაწუა იოაკიმ, მეფემან იუდაჲსმან. |
29 | თქვი იეჰოაკიმზე, იუდას მეფეზე: ასე ამბობს-თქო უფალი: შენ დაწვი ეს გრაგნილი და ამბობდი: რატომ დაწერე, რომ უეჭველად მოვა ბაბილონის მეფე, ამოაგდებს ამ ქვეყანას, ამოაგდებს ადამიანისა და პირუტყვის სახსენებელსო? | 29 | და იოაკიმის მიმართ მეფისა იუდაჲსასა სთქუა: ესრეთ თქუა უფალმან, - შენ დასწუ ქარტაჲ ესე მეტყუელმან: რასათჳს დასწერე მას ზედა მთქუმელმან, ვითარმედ: შემომავალი შემოვიდეს მეფე ბაბილონისაჲ, და მოსრას ქუეყანაჲ ესე და მოაკლდეს მისგან კაცი და საცხოვარი? |
30 | ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰთაკიმ იუდას მეფეზე: არ ეყოლება მას შთამომავალი, დავითის მოსაყდრე. ეგდება მისი გვამი დღის ხვატში და ღამის ყინვაში. | 30 | ამისთჳს, ესრეთ თქუა უფალმან იოაკიმს ზედა, მეფისა იუდაჲსასა: არა იყო მისსა მჯდომარე საყდარსა ზედა დავითისსა, და მძორი მისი იყოს დაგდებულ სიცხესა დღისასა და ნეფხუასა ღამისასა. |
31 | დავსჯი მას, მის მოდგმას და მის მორჩილებს მათი დანაშაულის გამო; მოვუვლენ მათ - იერუსალიმის ყველა მცხოვრებს და იუდას ხალხს ყველა უბედურებას, რითაც ვემუქრებოდი, მაგრამ არ ესმოდათ. | 31 | და ზედმივიხილო მის ზედა, და თესლსა ზედა მისსა და ყრმათა ზედა მისთა, და მოვაწინე მათ ზედა და მკჳდრთა ზედა იერუსალიმისათა და ქუეყანასა ზედა იუდაჲსასა ყოველნი ძჳრნი, რომელთა ვიტყოდე, და არა ისმინეს ჩემი. |
32 | აიღო იერემიამ მეორე გრაგნილი და მისცა იგი ბარუქ ნერიას ძეს, მწერალს, და მანაც დაწერა მასზე იერემიას კარნახით ყოველი სიტყვა იმ წიგნისა, რომელიც დაწვა ცეცხლში იეჰოაკიმმა, იუდას მეფემ. მას კიდევ დაემატა სხვა ბევრი მსგავსი სიტყვა. | 32 | და მოიღო ბარუქმან ქარტაჲ სხუაჲ და დაწერნა მას ზედა პირისაგან იერემიაჲსსა, ყოველნი სიტყუანი წიგნისანი, რომელნი დაწუნა იოაკიმმან, მეფემან იუდაჲსამან, და მერმეცა შეეძინნეს მას სიტყუანი უმრავლესნი ვითარ იგინი. |