ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გაიგონეს შეფატია მათანის ძემ, გედალია ფაშხურის ძემ, იუქალ შელემიას ძემ და ფაშხურ მალქიას ძემ სიტყვები, რომელსაც იერემია ეუბნებოდა ხალხს. |
1 |
და ესმა სოფონიას, ძესა ნათანისსა, და გოდოლიას, ძესა პასქორისსა, და იოაქაზს, ძესა სელემისსა, და პასქორს, ძესა მელიქისსა, სიტყვათა, რომელთა იტყოდა იერემია, ყოვლისა მიმართ ერისა მეტყუელი: |
2 | ასე ამბობს უფალი: ვინც დარჩება ამ ქალაქში, მახვილით ან შიმშილით ან შავი ჭირით მოკვდება, ხოლო ვინც გადავა ქალდეველებთან, გადარჩება. ნადავლად საკუთარი სიცოცხლე ექნება და იცოცხლებს. | 2 | ესრეთ თქუა უფალმან: მჯდომარე ქალაქსა ამას შინა მოკუდეს მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა, და განმავალი ქალდეველთა მიმართ ცხონდეს. და იყოს სული მისი მოპოვნებულ და ცხოვნდეს. |
3 | ასე ამბობს უფალი: ბაბილონის მეფის ლაშქარს ჩაუვარდება ხელში ეს ქალაქი და დაიპყრობს მას ბაბილონის მეფე. | 3 | რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: მიცემით მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა ძალისა მეფისა ბაბილოანისათა, და დაიპყრას იგი. |
4 | უთხრეს მთავრებმა მეფეს: სიკვდილით უნდა დაისაჯოს ეს კაცი იმის გამო, რომ იმედს უკარგავს ამ ქალაქში დარჩენილ მეომრებს და მთელს ხალხს ამგვარი ლაპარაკით. რადგან მშვიდობას კი არ ეძებს ეს კაცი ამ ხალხისთვის, არამედ უბედურებას. | 4 | და ჰრქუეს მთავართა მეფესა: მოიკალნ აწ კაცი იგი, რამეთუ იგი დაჰჴსნის ჴელებსა კაცთა მბრძოლთა დაშთომილთასა ქალაქსა ამას შინა და ჴელთა ყოვლისა ერისათა დაჰჴსნის მეტყუელი მათდამი მსგავსად სიტყვათა ამათ, რამეთუ კაცი ესე არუწყებისმთხრობლობს ერისა ამის მშჳდობასა, არამედ რამეთუ ძჳრთა. |
5 | თქვა მეფე ციდკიამ: აჰა, თქვენს ხელშია იგი. რადგან არაფერი შეუძლია, რადგან რას გააწყობს მეფე თქვენს წინააღმდეგ? | 5 | და თქვა მეფემან სედეკია: აჰა, ეგე ჴელთა შინა თქუენთა, რამეთუ ვერ ეძლო მათდა მიმართ მეფესა სიტყვა. |
6 | აიყვანეს იერემია და ჩააგდეს უფლისწულ მალქიას ჭაში, საყარაულო ეზოში რომ იყო. ბაწრებით ჩაუშვეს შიგ იერემია. წყალი არ იდგა ჭაში, მხოლოდ შლამი იყო და ჩაეფლო იერემია შლამში. | 6 | და მიიყვანეს იერემია და შთააგდეს იგი მღჳმესა მელქისსა, ძისა მეფისასა, რომელი იყო ეზოსა საპყრობილისასა, და შთაუტევეს იგი საბლებითა მღჳმედ. და მღჳმესა შინა არა იყო წყალი, არამედ მწჳრე და იყო მწჳრესა შინა. |
7 | გაიგო ყებედ-მელექმა, ეთიოპელმა საჭურისმა, რომელიც მეფის სასახლეში იყო, რომ ჭაში ჩააგდეს იერემია. მეფე კი ბენიამინის კარიბჭეში იჯდა. | 7 | და ისმინა აბდემელექ ეთიოპმან, კაცმან საჭურისმან, და იგი იყო ეზოსა შინა მეფისა, ოდეს შთააგდეს იერემია მღჳმედ. და მეფე ჯდა ბჭესა ზედა ბენიამენისსა. |
8 | გამოვიდა ყებედ-მელექი მეფის სასახლიდან და ასე უთხრა მეფეს: | 8 | და განვიდა აბდემელექ მისდამი და იტყოდა მეფისა მიმართ: |
9 | მეფე-ბატონო! დააშავეს ამ კაცებმა, ასე რომ მოექცნენ იერემია წინასწარმეტყველს, ჭაში რომ ჩააგდეს; ხომ მოკვდა შიმშილით, რადგან პური აღარ არის ქალაქში. | 9 | უფალო ჩემო მეფე! იბოროტეს კაცთა ამათ ყოველნი, რავდენნი უყვეს იერემიას, წინაწარმეტყუელსა, რამეთუ შთააგდეს იგი მღჳმედ და მოკუდეს უქუეკერძო მისსა. იბოროტე, რომელ ჰყავ მოკლვაჲ კაცისა ღმრთისაჲ პირისაგან სიყმილისა, რამეთუ არა არიან პურნი ქალაქსა შინა. |
10 | ასე უბრძანა მეფემ ყებედ-მელექს, ეთიოპელს: წაიყვანე აქედან ოცდაათი კაცი და ამოიყვანე იერემია წინასწარმეტყველი ჭიდან, ვიდრე არ მომკვდარა. | 10 | და ამცნო მეფემან აბდემელექს ეთიოპსა მეტყუელმან: მიიხუენ თავისა შენისა თანა ამიერ ოცდაათნი კაცნი და აღმოიყვანე იგი მღჳმით, რაჲთა არა მოკუდეს. |
11 |
წაიტანა ყებედ-მელექმა კაცები და წავიდა მეფის სასახლეში, საგანძურს ქვეშ, მოკრიფა ძონძები და ძველმანი სამოსელი და თოკები ჩაუგზავნა ჭაში იერემიას. |
11 |
და წარიყვანნა აბემელექ კაცნი და შევიდა სახიდ მეფისა ქუეშედ, და გამოიხუნა მიერ ძუელნი ბებკულნი და ძუელნი საბელნი და შთაყარნა იგინი იერემიას მიმართ მღჳმედ. |
12 | უთხრა ყებედ-მელექმა, ეთიოპელმა, იერემიას: იღლიების ქვეშ ამოიფინე ეს ძონძები და ძველმანები თოკებად. ასეც მოიქცა იერემია. | 12 | და თქუა მისდა მიმართ აბემელექ ეთიოპმან: დასხენ ძუელნი ესე ბებკულნი და მატყლიერნი იღლიათა ქუეშე ჴელთა შენთასა ქუეშე კერძო საბელთასა. და ქმნა იერემია ეგრეთ. |
13 | ამოათრიეს იერემია თოკებით და ამოიყვანეს ჭიდან. და დარჩა იერემია საყარაულო ეზოში. | 13 | და აღმოიზიდეს იგი საბელთა მიერ და აღმოიყვანეს იგი მღჳმისაგან, და დაჯდა იერემია ეზოსა შინა საპყრობილისასა. |
14 | გაგზავნა კაცი მეფე ციდკიამ და მოაყვანინა იერემია წინასწარმეტყველი თავისთან, უფლის სახლის მესამე შესასვლელთან, და უთხრა მეფემ იერემიას: ერთ რამეს შეგეკითხები, არაფერი დამიმალო. | 14 | და მიავლინა მეფემან სედეკია და მიუწოდა მას თჳსსა მიმართ სახიდ სალათიილისსა მყოფად სახლსა შინა უფლისასა, და ჰრქუა მეფემან იერემიას წინაწარმეტყუელსა: გკითხო მე შენ სიტყუა, ნუ დაჰმალავ ჩემგან თქმასა. |
15 | უთხრა იერემიამ ციდკიას: თუ გაგიმხილე, ხომ სიკვდილით დამსჯი? და თუ გირჩიე რამე, მაინც არ გამიგონებ. | 15 | და ჰრქუა იერემია მეფესა: უკეთუ მე გითხრა შენ, არა სიკუდილითა მომაკუდინოა მე? და უკეთუ განგაზრახო, არა ისმინო ჩემი. |
16 | საიდუმლოდ დაუფიცა იერემიას მეფე ციდკიამ და უთხრა: უფალს გეფიცები, რომელმაც ეს სული ჩაგვიდგა, თუ სიკვდილით დაგსაჯო ან თუ იმათ ხელში ჩაგაგდო, შენი სიკვდილი რომ სწადიათ. | 16 | და ეფუცა მას მეფე იდუმალ მეტყუელი: ცხოველ არს უფალი, რომელმან შექმნა ჩემი ესე სული, უკუეთუ მოგაკუდინო შენ, და უკეთუ განგცე შენ ჴელებსა ამათ კაცთა მეძიებელთა სულისა შენისათასა. |
17 | უთხრა იერემიამ ციდკიას: ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ღმერთი: თუ ჩაბარდები ბაბილონის მეფის სარდლებს, სიცოცხლეს იხსნი და ეს ქალაქიც არ დაიწვება ცეცხლში. შენც გადარჩები და შენი სახლიც. | 17 | და ჰრქუა მას იერემია: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: უკეთუ განსრული განხჳდე მთავართა მიმართ მეფისა ბაბილოვნისათა და ცხოვნდეს სული შენი, და ქალაქი ესე არა დაიწვას ცეცხლითა, და სცხოვნდე შენ და სახლი შენი. |
18 | თუ არ ჩაბარდები ბაბილონის მეფეს, ქალდეველთა ხელში ჩავარდება ეს ქალაქი და ცეცხლში დაწვავენ. ვერც შენ წაუხვალ მათ ხელიდან. | 18 | ხოლო უკეთუ არა განხჳდე შენ მთავართა მიმართ მეფისა ბაბილოვნისათა, განეცეს ქალაქი ესე ჴელთა ქალდეველთასა, და დაწუან იგი ცეცხლითა, და შენ არა განერე მათგან. |
19 | უთხრა მეფე ციდკიამ იერემიას: იუდაელებისა მეშინია, ქალდეველთა მხარეზე რომ არიან გადასული. მათ ხელთ არ მიმცენ, რომ შეურაცხმყონ. | 19 | და ჰრქუა მეფემან იერემიას წინაწარმეტყუელსა: მე სიტყუა მაქუს იუდეანთა მილტოლვილთა ქალდეველთა მიმართ. ნუ მიმცენ მე ჴელთა მათთა და მეკიცხევდენ მე? |
20 | უთხრა იერემიამ: არ მიგცემენ. ოღონდ ყური დაუგდე უფლის ხმას, რასაც მე გელაპარაკები, და კარგად წაგივა საქმე, თავს გადაირჩენ. | 20 | და ჰრქუა იერემია: არა გაგცენ შენ. და ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელსა მე ვიტყჳ შენდამი, და უმჯობეს იყოს შენდა, და ცხოვნდეს სული შენი. |
21 |
თუ არ ისურვებ დანებებას, აჰა, ეს სიტყვა, რომელიც გამომიცხადა უფალმა: |
21 |
და უკეთუ არა გნებავს შენ განსლვად, ესე არს სიტყუა, რომელ მიჩუენა მე უფალმან, |
22 | აჰა, ყველა ქალს, ვინც იუდას მეფის სასახლეში დარჩა, ბაბილონის მეფის სარდლებს მიჰგვრიან. იტყვიან ქალები: მოგატყუეს და გძლიეს შენმა კეთილისმყოფელება, ლიაში ჩაგეფლა ფეხი, მათ კი მიგატოვეს და წავიდნენ. | 22 | და აჰა, ყოველნი დედანი დაშთომილნი სახლსა შინა მეფისა იუდაჲსასა განიყვანნენ მთავართა მიმართ მეფისა ბაბილონისათა, და იგინიცა იტყოდეს: შეგაცთუნეს შენ და გერეოდეს შენ კაცნი მშჳდობისა შენისანი, და გძლონ შენ ბრკუმასა შინა ფერჴისა შენისასა, და მიიქცენ შენგან, |
23 | ყველა შენს ცოლს და შვილს ქალდეველებს მიჰგვრიან; ვერც შენ გაექცევი მათ, რადგან ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები და ეს ქალაქიც ცეცხლში დაიწვება. | 23 | და ყოველნი ცოლნი შენნი და შვილნი შენნი განჰგუარნენ ქალდეველთა მიმართ, და შენ ვერ განერე ჴელთა მათთაგან, რამეთუ ჴვლისაგან მეფისა ბაბილოვნისა შეპყრობილ იქმნე, და ქალაქი ესე დაიწუას ცეცხლითა. |
24 | უთხრა ციდკიამ იერემიას: კაცისშვილმა არ უნდა იცოდეს ეს ამბავი, თუ სიკვდილი არ გინდა. | 24 | და ჰრქუა მას მეფემან: კაცი ნუ სცნობნ სიტყვათა ამათგანსა და არა მოჰკუდე. |
25 | თუ მთავრებმა გაიგეს ჩვენი ლაპარაკი, მოვიდნენ შენთან და გკითხეს: გვითხარი, რას ელაპარაკებოდი მეფეს, არ დაგვიმალო, თუ სიკვდილი არ გინდა, ან მეფე რას გელაპარაკებოდაო, | 25 | და უკეთუ ესმეს მთავართა, ვითარმედ: გეზრახე შენ და მოვიდენ შენდა და გრქუან შენ: მითხარ ჩუენ, რასა გეზრახა შენ მეფე, ნუ დაჰფარავ ჩუენგან, და არა მოკგლათ შენ, და რასა ეზრახე მეფესა? |
26 | მიუგე: ჩემი მუდარა მოვახსენე მეფეს, რომ აღარ დამაბრუნონ-თქო იონათანის სახლში და არ მოვკვდე-თქო იქ. | 26 | და ჰრქუა მათ: დავაგდებდ მე წყალობასა ჩემსა წინაშე პირსა მეფისასა არ მიქცევისათჳს ჩემისა კუალად სახიდ იონათანისა მოსიკუდიდ ჩემდა მუნ. |
27 | მოვიდნენ მთავრები იერემიასთან და გამოკითხვა დაუწყეს. მანაც ყველაფერი ისე მოახსენა მათ, როგორც მეფისგან ჰქონდა ნაბრძანები. ხმა აღარ გასცეს, რადგან ვერაფერი გაიგეს. | 27 | და მოვიდეს ყოველნი მთავარნი იერემიაჲს მიმართ და ჰკითხეს მას. და მიუთხრნა მათ ყოველნი ესე სიტყუანი, რომელნი ამცნნა მას მეფემან და დადუმნეს, რამეთუ არა ისმა სიტყუა უფლისაჲ. |
28 | იჯდა იერემია საყარაულო ეზოში იერუსალიმის აღებამდე და იერუსალიმის აღების შემდეგაც. | 28 | და დაჯდა იერემია ეზოსა საპყრობილისასა ვიდრე ჟამამდე, რომელსა დაპყრობილ იქმნა იერუსალიმი. და იყო, რაჟამს დაიპყრეს იერუსალიმი. |