ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
თუ მოიქცევი, ისრაელო, ამბობს უფალი, ჩემკენ მოიქეცი; თუ მომაშორებ შენს სისაძაგლეებს და აღარ იწანწალებ, |
1 |
უკეთუ მოიქცევის ისრაილ, - იტყჳს უფალი, - ჩემდა მომართ მოიქცეს, და უკეთუ მოისპვნეს საძაგელნი მათნი პირისაგან მისისა და პირისაგან ჩემისა შეიშინოს. |
2 | დაიფიცებ უფლის სახელს ჭეშმარიტებით, სამართლიანად და სიმართლით, ხალხებიც დაილოცებიან და განითქმიან მასში. | 2 | და ფუცოს: ცხოველ არს უფალი ჭეშმარიტებისა თანა მსჯავრისა მიერ და სიმართლისა და აკურთხევდენ მის შორის ნათესავნი და მის თანა აქებდენ ღმერთსა იერუსალიმს შინა, |
3 | რადგან ასე უთხრა უფალმა იუდას ხალხს და იერუსალიმს: გატეხე ყამირი და ეკალბარდებში ნუ დათესავ! | 3 | რამეთუ ამათ ეტყჳს კაცთა იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა იერუსალიმს: იანეულენით თავთა თჳსთად ანეულნი და ნუ სთესავთ ეკალთა ზედა. |
4 | წინდაიცვითეთ უფლისათვის და მოიშორეთ გულის ჩუჩა, იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო, რათა ცეცხლივით არ აინთოს ჩემი რისხვა თქვენი ბოროტმოქმედების გამო და ისე არ აბრიალდეს, რომ ვერავინ ჩააქროს. | 4 | წინდაიცვითეთ ღმრთისა თქუენისად და წინდაგეცჳთოს დაუცუეთილობაჲ გულისა თქუენისა, კაცნო იუდაჲსნო და დამკჳდრებულნო იერუსალიმს. ნუ გამოვიდეს, ვითარცა ცეცხლი გულისწყრომაჲ ჩემდა, აღეტყინნეთ და არა იყოს დამშრეტელ პირისაგან უკეთურებისა სიმარჯუეთა თქუენთასა. |
5 | გააცხადეთ იუდაში და ასმინეთ იერუსალიმშიც, ამცნეთ და დაჰკარით ბუკს ქვეყანაში, იყვირეთ მთელი ძალით და ამცნეთ: შეიკრიბენით და ციხე-ქალაქებში წავიდეთ! | 5 | იქადაგენ იუდას შორის, და სასმენელ იქმნენინ იერუსალიმს შინა. არქუთ და ეცით საყჳრსა ქუეყანასა ზედა. და ღაღად-ყავთ დიდად, არქუთ: შეკერბით და შევიდეთ ქალაქთამი მოზღუდვილთა. |
6 | აღმართეთ სიონზე დროშა, თავს უშველეთ, ნუ გაჩერდებით, რადგან უბედურებას მოვაწევ ჩრდილოეთიდან და დიდ გასაჭირს! | 6 | აღმღებელნი შეივლტოდეთ სიონდ. ისწრაფეთ, ნუ სდგათ, რამეთუ ძჳრთა მოვაწევ მე ჩრდილოჲთ გამო და შემუსრვასა დიდსა. |
7 | გამოვარდა ლომი თავისი შამბნარიდან და დაიძრა ხალხთა დამღუპველი; გამოდის თავისი სადგომიდან, რათა უდაბნოდ აქციოს შენი ქვეყანა. შენი ქალაქები გაცამტერდება და გაუკაცრიელდება. | 7 | აღმოვიდა ლომი საყუდლისაგან თჳსისა, და მომსრველმან ნათესავი აღიღო და გამოვიდა ადგილისაგან თჳსისა დადებად ქუეყანაჲ შენი მოსაოჴრებელად და ქალაქნი შენნი დაირღუენ უმკჳდროობისა მიერ მათისა. |
8 | აბა, შეირტყით ჯვალო, იგლოვდეთ და მოთქვამდეთ, რადგან ჯერ არ გაბრუნებულა ჩვენგან უფლის რისხვის ალი. | 8 | ამათ ზედა გარემოირტყეთ ძაძები. და იტყებდით და ვალალაებდით მით, რამეთუ არა მოიქცა გულისწყრომაჲ რისხვისა უფლისა თქუენგან. |
9 | დადგება დღე, ამბობს უფალი, და გული შეუდრკებათ მეფეს და მთავრებს, შეძრწუნდებიან მღვდლები, გაოგნდებიან წინასწარმეტყველნი. | 9 | და იყოს, მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - წარწყმდეს გული მეფისა და გული მთავართა, და მღდელნი განჰკრთენ და წინაწარმეტყუელნი განჰკჳრდენ. |
10 | ვთქვი; ეჰა, უფალო ღმერთო! ნამდვილად მოგიტყუებია ეს ერი და იერუსალიმი, რომ ეუბნებოდი: მშვიდობა იქნებაო თქვენში, მაგრამ ყელზეა მობჯენილი მახვილი. | 10 | და ვარქუ: ჵ მეუფეო, უფალო, ნუსადა ცთუნებით აცთუნე ერი ესე და იერუსალიმი მეტყუელმან: მშჳდობაჲ იყოს თქუენდა! და შეახო მახჳლმან ვიდრე სულად მათდამდე. |
11 |
იმჟამად ეტყვიან ამ ერს და იერუსალიმს: მწველი ქარი ქრის უდაბნოს ხმელგორებიდან, ჩემი ერის ასულის გზაზე, არც სანიავებლად და არგ გადასარჩევად. |
11 |
მას ჟამსა შინა ჰრქუან ერსა ამას და იერუსალიმსა, სული შეცთომილობისა უდაბნოს შინა, გზაჲ ასულისა ერისა ჩემისა არა უბიწოებად მიმართ, არცა სიღირსედ. |
12 | ამაზე უფრო ძლიერი ქარი ატყდება ჩემგან და მაშინ მეც გამოვუცხადებ განაჩენს. | 12 | სული წმიდისა მიმართ სავსებისა მოვიდა ჩემდა ამათგან, ხოლო აწ მე ვთქუნე სასჯელნი ჩემნი მათდა მიმართ. |
13 | აჰა, ღრუბელივით ამოდის იგი, ქარბორბალაა მისი ეტლები, არწივზე უსწრაფესია მისი ცხენები. ვაი ჩვენს თავს, გავნადგურდით! | 13 | აჰა, ესერა, ღრუბელი აღმოჴდეს და, ეითარცა ნიავქარი, საჭურველნი მათნი, უსუბუქესნი არწივთასა ცხენნი მათნი, ვაებანი ჩუენ, რამეთუ ვსაარებლებთ. |
14 | გულიდან ამოირეცხე ბოროტება, იერუსალიმო, რომ გადარჩე! როდემდის უნდა იბუდოს შენს წიაღში უკეთურმა ზრახვებმა? | 14 | განბანე უკეთურებისაგან გული შენი, იერუსალიმ, რაჲთა სცხოვნდე, ვიდრემდის არიან შენ შორის გულისსიტყვანი ტკივილად შენდა? |
15 | რადგან ხმა მოდის დანიდან და ავის მთხრობელი ეფრემის მთიდან! | 15 | მით, რამეთუ ჴმაჲ მიმთხრობელისა დანით მოიწია, და სასმენელ იქმნეს ტკივილი მთით ეფრემისით. |
16 | გამოუცხადეთ ხალხებს, ხმა მიიტანეთ იერუსალიმამდე: მტერი მოდის შორი ქვეყნიდან და ყიჟინით აყრუებს იუდას ქალაქებს. | 16 | აღიჴსენეთ, ნათესავნო, აჰა, მოვიდეს, მიუთხართ იერუსალიმს შორის: განსაცდელნი მოვლენ ქუეყანისაგან შორიელისა, და მოსცეს ქალაქთა ზედა იუდაჲსთა ჴმაჲ მათი, |
17 | მეველეებივით გარს უვლიან, რადგან ამიჯანყდა მე, ამბობს უფალი. | 17 | ვითარცა მცველნი აგარაკისანი იქმნეს მათ ზედა გარემოს, რამეთუ მე უგულებელს-მყავ, - იტყჳს უფალი: |
18 | შენმა საქციელმა და ნამოქმედარმა დაგმართა ეს ყველაფერი; ისე მწარეა ეს შენი ცოდვა, რომ გულამდე გიწია. | 18 | გზათა შენთა და სიმარჯუეთა შენთა გიყვნეს ესენი შენ. და ესე უკეთურება შენი, რამეთუ მწარე არს, რამეთუ შეახო ვიდრე გულად შენდამდე. |
19 | ვაი, ჩემი შიგნეული, შიგნეული! მტივა გულის ფიცარი! მიკვნესის გული! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა. | 19 | მუცელი ჩემი, მუცელი ჩემი მელმის და საგრძნობელნი ჩემისა შეირყევიან გულისანი, სული ჩემი განიჭრების და გული ჩემი არა დავსდუმნე, რამეთუ ჴმისა საყჳრისა ისმინა სულმან ჩემმან, ღაღადება ბრძოლათა და საარებაჲ. |
20 | უბედურება უბედურებას მოსდევს; გაპარტახდა მთელი ქვეყანა, უცებ გაპარტახდა ჩემი კარვები, წამისყოფაში - ჩემი ჩარდახები. | 20 | შემუსრვათა შემუსრვასა ზედა ხადეთ, რამეთუ საარებულ იქმნა ყოველი ქვეყანა, მყის საარებულ იქმნა კარავი, დაიჴსნნეს ზღუდენი კარვისა ჩემისანი, |
21 |
როდემდის უნდა ვუყურო დროშას, ვუსმინო ბუკის ხმას? |
21 |
ვიდრემდის ვხედვიდე მტოლვარეთა, მესმის ჴმაჲ საყჳრთა. |
22 | ეჰ, უგუნურია ჩემი ერი, არ მცნობს მე; ბრიყვი ბავშვები არიან ისინი, გაგება არა აქვთ. ბოროტის საქმნელად ჭკუა ყოფნით, სიკეთის კეთება კი არ იციან. | 22 | მით, რამეთუ წინამძღუართა ერისა ჩემისათა მე არა მიცოდეს; ძენი უცნობონი არიან და არა გულისხმის-მყოფელნი. ბრძენ არიან ბოროტისა ყოფად, ხოლო კეთილისა ქმნასა ვერ შეემეცნნეს. |
23 | შევხედე ქვეყანას და, აჰა, უსახური და უდაბურია; ცას და - არა აქვს ნათელი. | 23 | მე ვიხილე ქუეყანასა ზედა და, აჰა, არარაჲ და ცად მიმართ და არა იყვნეს ნათელნი მისნი. |
24 | შევხედე მთებს და, აჰა, იძვრიან, ბორცვები ირყევიან ერთიანად. | 24 | ვიხილენ მთანი და იყვნეს მძრწოლარე და ყოველნი ბორცუნი შერყეულ. |
25 | შევხედე და, აჰა, აღარ არის ადამიანი, და ცის ფრინველებიც ყველანი გაფრენილან. | 25 | მივხედენ და არა იყო კაცი, და ყოველთა მფრინველთა ცისათა ეშინოდა. |
26 | შევხედე და, აჰა, წალკოტი უდაბნოდ ქცეულა, ერთიანად გაცამტვერებულა ქალაქები უფლის წინაშე, მისი რისხვის ალისაგან. | 26 | ვიხილე და, აჰა, კარმელი მოოჴრებულ და ყოველნი ქალაქნი მომწუარ ცეცხლითა პირისაგან უფლისა და პირისაგან რისხვისა გულისწყრომისა უჩინო იქმნნეს. |
27 | რადგან ასე ამბობს უფალი: გაუდაბურდება მთელი ქვეყანა, თუმცა საბოლოოდ არ გავანადგურებ. | 27 | ამათ იტყჳს უფალი: ოჴერ იყოს ყოველი ქუეყანა, ხოლო აღსასრული არა ვყო. |
28 | ამაზე იგლოვებს დედამიწა და მაღლა ცა დაბნელდება, რადგან უკვე ვთქვი ჩემი განაჩენი, არ შევინანებ და არ გადავთქვამ. | 28 | ამას ზედა იგლოვდინ ქუეყანა და დაბნელდინ ცაჲ ზეგარდამო, რამეთუ ვიტყოდე და არა შევინანო, მივმართე და არა გარემივიქცე მისგან. |
29 | ცხენოსანთა და მოისართა ხმას გაურბის მთელი ქალაქი; გარბიან უღრან ტყეებში და კლდეებს ეხიზნებიან; დაცარიელდა მთელი ქალაქი, ერთი მცხოვრებიც არ დარჩენილა. | 29 | ჴმისაგან ცხენობისა და მორთხმულისა მშჳდლისა განეშორა ყოველი სოფლები, შეიმალნეს ქუაბებთამი და სამალავთა შინა დაიმალნეს, და კლდეთა მიმართ აღვიდეს. ყოველი ქალაქი დაშთა, არა მკჳდრ არს მათ შინა კაცი. |
30 | რას იზამ, გაპარტახებულო? თუმცა ჩაგიცვამს ძოწეული, ოქროს სამკაულებით მორთულხარ, თვალები სურმით მოგიხატავს, მაგრამ ამაოდ ილამაზებ თავს: შეგიძულეს საყვარლებმა, სასიკვდილოდ დაგდევენ. | 30 | და შენ რაჲ ჰყო? უკეთუ შეიმოსო ძოწეული და შეიმკო სამკაული ოქროსაჲ, და უკეთუ იცხო თვალთა შენთა საგრემილველი, ამაოსა მიმართ არს მომკაულები შენი. განგიშორეს შენ ტრფიალთა შენთა, სულსა შენსა ეძიებენ, |
31 | ყვირილი მესმის თითქოსდა მშობიარისა, კივილი ქალისა პირველად რომ შობს, ყვირილი სიონის ასულისა; სულთქვამს და ხელებს იშვერს: ვაიმე, სული ამომდის მკვლელების მოლოდინში! | 31 | რამეთუ ჴმაჲ, ვითარცა მლმობელისა, მესმა სულთქუმათა შენთა, ვითარცა პირველმშობიარისა. ჴმჲ ასულისა სიონისა განიჴსნას და წარადგინნეს ჴელნი მისნი. ვაჲ მე, რამეთუ მოაკლდა სული ჩემი მოკლულთა ზედა. |