ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მიადგნენ მხედართმთავრები - იოხანან კარეახის ძე, იეზანია ჰოშაყიას ძე და მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად,

1

და მოუჴდეს ყოველნი მთავარნი ძლიერებისანი და იოანან, ძე კარესი, და აზარია, ძე მაასესი, და ყოველი ერი კნინითგან დიდამდე

2 და უთხრეს იერემია წინასწარმეტყველს: გევედრებით, ილოცე ჩვენთვის უფლის, შენი ღვთის მიმართ, მთელი ამ დანარჩომისთვის, რადგან მრავლიდან მცირენი დავრჩით, როგორც საკუთარი თვალით გვხედავ. 2 მათდა იერემიას წინაწარმეტყუელსა და ჰრქუეს მას: დავარდინ წყალობაჲ ჩუენი წინაშე პირისა შენისა და ილოცე წინაშე უფლისა მიმართ ღმრთისა ნეშტთა ამათთჳს, რამეთუ დავშთით მცირედნი მრავალთაგან, ვითარცა თუალნი შენნი ხედვენ.
3 გამოგვიცხადოს უფალმა, შენმა ღმერთმა, რა გზით ვიაროთ და როგორ მოვიქცეთ. 3 და გჳთხარნ ჩუენ უფალმან ღმერთმან გზაჲ, რომელსა ვიდოდით მას ზედა და სიტყუაჲ, რომელ ვყოთ.
4 უთხრა მათ იერემია წინასწარმეტყველმა: კეთილი. ახლა ვილოცებ უფლის, თქვენი ღვთის მიმართ, თქვენი თხოვნისამებრ, და ყველაფერს გამოგიცხადებთ, რასაც უფალი გიპასუხებთ, არაფერს დაგიმალავთ. 4 და ჰრქუა მათ იერემია წინაწარმეტყუელმან: მესმა, აჰა, მე ვილოცო თქუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა სიტყუათაებრ თქუენთა. და იყოს, სიტყუაჲ, რომელიცა მომიგოს უფალმან, მიგითხრა თქუენ, არა დავფარო თქუენგან თქუმაჲ.
5 უთხრეს იერემიას: უფალი იყოს ჭეშმარიტი და სარწმუნო მოწმე ჩვენს წინააღმდეგ, თუ ყველაფერი ისე არ შევასრულეთ, როგორც უფალი, შენი ღმერთი დაგაბარებს ჩვენთან. 5 და მათ ჰრქუეს ირემიას: იყავნ უფალი ჩუენდა მოწამედ მართლად და სარწმუნოდ, ვითარმედ ყოვლისა სიტყჳსაებრ, რომლითაცა მოგავლინოს შენ უფალმან ღმერთმან ჩვენდა მომართ, ეგრეთ ვყოთ,
6 კარგი იქნება თუ ცუდი, დავუჯერებთ უფალს, ჩვენს ღმერთს, ვისთანაც ჩვენ გაგზავნით, რომ კეთილს ვეწიოთ. ნამდვილად დავუჯერებთ უფალს, ჩვენ ღმერთს. 6 დაღათუ კეთილად, დაღათუ ბოროტად ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რომლისა ჩუენ მიგავლენთ შენ მისსა, ვისმინოთ, რაჲთა უმჯობეს იყოს ჩუენდა, რამეთუ ვისმინოთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა.
7 გავიდა ათი დღე და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ. 7 და იქმნა შემდგომად დღეთა ათთასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიას მიმართ.
8 დაუძახა იოხანან კარეახის ძეს, მასთან მყოფ მხედართმთავრებს და მთელს ხალხს დიდიან-პატარიანად, 8 და მიუწოდა იერემია იოანანს, ძესა კარიესისა, და მთავართა ძლიერებისათა მისთანათა, და ყოველსა ერსა კნინითგან მიდიდამდე.
9 და უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელთანაც თქვენ გამგზავნეთ, რათა თქვენი ვედრება მიმეტანა მის წინაშე: 9 და ჰრქუა მათ: ესრეთ თქვა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან, რომლისა-იგი მიმავლინეთ მე დათხევად წყალობა თქუენი წინაშე მისსა.
10 თუ დარჩებით ამ ქვეყანაში, აგაშენებთ და აღარ დაგაქცევთ, დაგნერგავთ და აღარ ამოგძირკვავთ, რადგან ვწუხვარ, რაც უბედურება დაგმართეთ. 10 უკუეთუ მსხდომარენი სხდეთ ქუეყანასა ამას შინა, აღგაშენნე თქუენ და არა დაგარღჳნე. და დაგნერგნე თქუენ და არა აღმოგფხურნე, რამეთუ დაცხრომილ ვარ ბოროტთაგან, რომელნი გიყვენ თქუენ.
11 ნუ შეგეშინდებათ ბაბილონის მეფისა, რომლისაც გეშინიათ, ნუ შეგეშინდებათ მისი, ამბობს უფალი, რადგან თქვენთანა ვარ, რათა დაგიფაროთ და დაგიხსნათ მისი ხელიდან. 11 ნუ გეშინინყე პირისაგან მეფისა ბაბილონისა, რომლისა თქუენ გეშინის, პირისაგან მისისა ნუ გეშინისყე, - თქუა უფალმან, - რამეთუ თქუენ თანა ვარ განრინებად თქუენდა და ცხოვნებად თქუენდა ჴელისაგან მისისა.
12

მოვაფენ წყალობას თქვენზე და შეგიწყალებთ ის და თქვენს მიწაზე დაგაბრუნებთ.

12

და მე გცე თქუენ წყალობა და შეგიწყალნე თქუენ, და მიგაქცინე თქვენ ქუეყანად თქუენდა.

13 თუ იტყვით: არ დავრჩებითო ამ ქვეყანაში, არ დაუჯერებთ უფალს, თქვენს ღმერთს, 13 და უკეთუ იტყჳთ თქუენ: არა დავსხდეთ ქუეყანასა ამას შინა, არსმენისათჳს ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა,
14 იტყით: არა, ეგვიპტეში წავალთ, სადაც არც ომს ვნახავთ, არც ბუკის ხმას გავიგონებთ და არც პური მოგვშივა, იქ დავრჩებითო, 14 ვითარმედ ქუეყანად ეგჳპტისა შევიდეთ, და არა ვიხილოთ ბრძოლაჲ და ჴმაჲ საყჳრისაჲ არა ვისმინოთ, და პური არა გუშიოდის, და მუნ დავეშენნეთ.
15 მაშინ ისმინე უფლის სიტყვა იუდას ნაგამალო! ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თუ მართლა გადაგიწყვეტიათ ეგვიპტეში წასვლა და კიდეც წახვედით იქ დასარჩენად, 15 ამისთჳს ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ნეშტთა იუდაჲსთა, - ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: უკუეთუ თქუენ მისცეთ პირი თქუენი ეგჳპტედ მიმართ და შეხჳდეთ მუნ დაშენებად.
16 მახვილი, რომლისაც აქ გეშინიათ, ეგვიპტის ქვეყანაში მიგწვდებათ; და შიმშილი, რომელსაც აქ უფრთხით, ეგვიპტეშიც არ მოგცილდებათ და იქ დაიხოცებით. 16 და იყოს მახჳლი, რომლისა თქუენ გეშინის, პირისაგან მისისა, გპოვნეს თქუენ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა, და სიყმილი, რომლისა თქუენ სიტყუაჲ გაქუსყე სივლტოლად პირისაგან მისისა, გეწიოს თქუენ უკუანა თქუენსა ეგჳპტეს შინა, და მუნ მოჰკუდეთ.
17 ყველა, ვინც კი ეგვიპტეში დასარჩენად წასვლას გადაწყვეტს, გაწყდება მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით; ვერავინ გადარჩება მათგან და ვერავინ გაექცევა უბედურებას, რასაც მათ დავათევ. 17 და იყვნენ ყოველნი კაცნი და ყოველნი სხუანი ნათესავნი მოსრულნი პირითა მათითა ქუეყანად ეგჳპტისა, დამკჳდრებად მუნ, და მოაკლდენ მახჳლისა მიერ და სიყმილისა მიერ და არა იყოს მათი არავინ განრინებულ ბოროტთაგან, რომელთა მე მოვაწევ მათ ზედა.
18 რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: როგორც იერუსალიმზე გადმოინთხა ჩემი მძვინვარება და რისხვა, ასევე გადმოინთხევა ჩემი რისხვა თქვენზე, როცა ეგვიპტეში მიხვალთ. შესაჩვენებელი, შესაზარებელი, საგინებელი და შესარცხვენელი გახდებით და ვეღარასოდეს იხილავთ ამ ადგილს. 18 რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: ვითარცა დასწუთა გულისწყრომაჲ ჩემი დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა, ეგრეთ დაგწთუეს გულისწყრომაჲ ჩემი თქუენ ზედა შესლვასა თქვენსა ეგჳპტედ, და იყუნეთ უვალად, და ჴელისქუეშეებ, და საწყევარად და საყუედრელად, და არა იხილოთ არღა მერმე ადგილი ესე.
19 თქვენზე ილაპარაკა უფალმა, იუდას ნატამალო. ნუ წახვალთ ეგვიპტეში. იცოდეთ, გამიფრთხილებიხართ დღეს. 19 ესრეთ თქუა უფალმან თქუენ ზედა, დაშთომილთა იუდაჲსთა: ნუ შეხუალთ ეგჳპტედ და აწ მცნობელთა ცანთ, რამეთუ მე შეგწამებ თქუენ,
20 შეაცთენთ საკუთარ თავს, რადგან თქვენ გამგზავნეთ უფალთან, თქვენს ღმერთთან, ჩვენი გულისთვის ილოცეთ უფლის, ჩვენი ღვთის მიმართ, და როგორც უფალი , ჩვენი ღმერთი იტყვის, გამოგვიცხადე და ჩვენც ისე მოვიქცევითო. 20 ვითარმედ ბოროტი ჰყავთ სულთა შინა თქუენთა, მიმავლენელთა ჩემთა და მეტყუელთა ჩემთა: ილოცე ჩუენთჳს უფლისა მიმართ და ყოველთაებრ, რაოდენნიცა გრქუნეს შენ უფალმან, გჳთხარ ჩუენ, და ვყვნეთ.
21 აჰა, გამოგიცხადეთ დღეს და არ გაიგონეთ უფლის, თქვენი ღვთის, ხმა და არც ის, რაც თქვენთან დამაბარა. 21 და გითხარ თქუენ დღეს, და არა ისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, რომლითა მომავლინა მე თქუენდა.
22 ამიერიდან იცოდეთ, რომ მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით გაწყდებთთ იმ ადგილზე, სადაც საცხოვრებლად წასვლა გინდათ. 22 და აწ უწყოდეთ, რამეთუ მახჳლისა მიერ და სიყმილისა მიერ და სიკუდილისა მიერ მოაკლდეთ ადგილსა შინა, რომელსა თქუენ ილოცავთ შესლვად დამკჳდრებად მუნ.