ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ასე ამბობს უფალი: აჰა, აღვძრავ ბაბილონზე და ლებ-კამაის მცხოვრებლებზე განადგურების სულს, |
1 |
ესრეთ იტყჳს უფალი: აჰა, მე აღვადგინო ბაბილონსა ზედა და დამკჳდრებულთა ზედა ქალდეაჲსათა გულნი აღმადგინებელთანი, ქარი შემწუელი, განმხრწნელი. |
2 | და მივუსევ ბაბილონს გამნიავებლებს და გაანიავებენ მას, გააპარტახებენ მის მიწას, რადგან შეესევიან ყოველის მხრიდან გასაჭირის ჟამს. | 2 | და გამოვავლინნე ბაბილონისათჳს მაგინებელნი, და გინებულ-ყონ იგი და განრყუნან ქუეყანა მისი, რამეთუ ვაჲ ბაბილონსა ზედა გარემოს დღესა შინა განბოროტებისა მისისასა. |
3 | ნუ მოზიდავს მშვილდს მშვილდის მომზიდველი, ნუ გადიდგულდება თავის ჯავშანში! ნუ შეიბრალებთ მის ჭაბუკებს, გაანადგურეთ მთელი მისი ლაშქარი! | 3 | მის ზედა მოირათხნ მომრთხმელმან მშჳლდისა თჳსისამან, და მის ზედა გარემოირატყნ, რომლისა არნ საჭურველი თჳსი. ნუ ჰრიდებთ ჭაბუკთა მისთა ზედა, და განაქარვეთ ყოველი ძალი მისი. |
4 | დაეცემიან დახოცილნი ქალდეველთა ქვეყანაში და განგმირულნი მის ქუჩებში. | 4 | და დაეცნენ წყლულნი ქუეყანასა შინა ქალდეველთასა და დაგუმერილნი გარეთ მისსა. |
5 | რადგან არ დაობლებულან ისრაელი და იუდა თავისი ღვთისგან, ცაბაოთ უფლისგან, თუმცა სავსეა მათი ქვეყანა ცოდვებით ისრაელის წმიდის წინაშე. | 5 | მით, რამეთუ არა დაქურივდა ისრაილი და იუდაჲ ღმრთისა მათისაგან, უფლისაგან ყოვლისა მპყრობელისა, რამეთუ ქუეყანა მათი აღივსო უსჯულოებითა წმიდათაგან ისრაილისათა. |
6 | გაიქეცით ბაბილონიდან და ყველამ თავის თავს უშველოს. არ დაიღუპოთ მისი სასჯელით, რადგან ეს უფლის განკითხვის ჟამია, ის მიუზღავს მას სამაგიეროს. | 6 | ივლტოდეთ ბაბილონისშორისისაგან, და განირინეთ კაცადმან სული თჳსი, და ნუ განჰვარდებით უსამართლოებისა მისისა მიერ, რამეთუ ჟამი შურისძიებისა მისისაჲ არს უფლისა მიერ, მისაგებელი მისი მიაგოს მან. |
7 | ოქროს თასი იყო ბაბილონი უფლის ხელში მთელი ქვეყნის დამათრობელი; მის ღვინოს სვამდნენ ხალხები. | 7 | სასუმელი ოქროსა, ბაბილონი, ჴელსა შინა უფლისასა, დამათრობელი ყოვლისა ქუეყანისაჲ, ღჳნისაგან მისისა სუმიდეს წარმართნი. ამისთჳს აღიძრნეს წარმართნი. |
8 | უეცრად დაეცა ბაბილონი და დაილეწა; ივალალეთ მასზე, მოიღეთ ბალსამონი მისი ჭრილობისთვის, იქნებ განიკურნოს. | 8 | და მეყსეულად დაეცა ბაბილონი და შეიმუსრა, ჰგოდებდით მას, დასდევით რიტინე განხრწნილებასა მისსა, გან-ხოლო-იკურნოს. |
9 | ვმკურნალობდით ბაბილონს და არ განიკურნა; მოეშვით და წავიდეთ ჩვენ-ჩვენ ქვეყანაში, რადგან ცას მისწვდა მისი სასჯელი და ღრუბლებამდე აიწია. | 9 | ვჰკურნებდით ბაბილონსა და არა განიკურნა, დაუტევეთ იგი და წარვედით კაცადი ქუეყანად თჳსსა, რამეთუ მიეახლა ცად მიმართ სასჯელი მისი, და აღიწია მივარსკულავთამდე. |
10 | უფალმა გამოიტანა ჩვენი სიმართლე; წავიდეთ და გავაცხადოთ სიონზე უფლის, ჩვენი ღვთის, ნამოქმედარი. | 10 | გამოიღო უფალმან მსჯავრი თჳსი. მოვედით, მიუთხრნეთ სიონსა საქმენი უფლისა ღმრთისა ჩუენისანი. |
11 |
წვერი წაუმახეთ ისრებს, აავსეთ კაპარჭები; აღძრა უფალმა მიდიელ მეფეთა სული, რადგან ბაბილონის დაღუპვა განიზრახა; რადგან უფლის შურისგებაა ეს, შურისგება მისი ტაძრის გამო. |
11 |
განიმზადენით სამშვილდველნი, აღავსენით კაპარჭებნი. განაღჳძა უფალმან სული მეფისა მიდთაჲსა, რამეთუ ბაბილონსა ზედა არს რისხვაჲ მისი მოსპობად მისსა, რამეთუ შურისგება უფლისაჲ არს შურისგება ტაძრისა მისისა. |
12 | აღმართეთ ბავრაყი ბაბილონის ზღუდეთა წინააღმდეგ; გაამაგრეთ დაცვა, დააყენეთ ყარაულები, მოაწყვეთ საფრები, რადგან რაც განიზრახა უფალმა, გააკეთებს, რაც ბრძანა ბაბილონის მცხოვრებლებზე. | 12 | ზღუდეთა ზედა ბაბილონისათა აღიღეთ სასწაული, დაადგინენით მცველნი, აღადგინენით მჴუმილნი, განმზადენით საჭურველნი, რამეთუ ჴელ-ყო და ყოს უფალმან, რაოდენნი თქუნა მკჳდრთა ზედა ბაბილონისათა, |
13 | დიდი წყლების პირას დამკვიდრებულო, განძმრავალო, მოვიდა შენი აღსასრული, ბოლო მოეღო შენს სიხარბეს! | 13 | დამკჳდრებულთა წყალთა ზედა მრავალთა და სიმრავლესა ზედა საუნჯეთა მისთასა, ახს აღსასრული შენი ჭეშმარიტად ნაწლევთა შენთა, |
14 | თავისი თავი დაიფიცა ცაბაოთ უფალმა: აგავსებ ხალხით კალიასავით და გამარჯვების ყიჟინას დასცემენ შენს თავზე. | 14 | რამეთუ ფუცა უფალმან ძალთამან მკლავისა მიმართ თჳსისა, ვითარმედ: აღგავსო შენ კაცებითა, ვითარცა მკლებითა, და ჴმობენ შენ ზედა აღმავალნი, ვითარცა მთრგუნავნი საწნეხლისანი. |
15 | მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, დაამყარა სამყარო თავისი სიბრძნით და თავისი გონებით ცა გადაჭიმა. | 15 | შემქმნელმან ქუეყანისამან ძალითა თჳსითა განმმზადებელმან მკჳდროვნისამან სიბრძნითა თჳსითა და გულისხმის-ყოფისა მიერ თჳსისა გარდაართხა ცაჲ. |
16 | მის ხმაზე ცაში ხმაურობენ წყლები და ღრუბლებს წამოკრეფს ქვეყნის კიდეებიდან; საწვიმრად აჩენს ელვას და ქარი გამოაქვს თავისი საგანძურებიდან. | 16 | ჴმად ქუხილისა დადვა სიმრავლე წყლისაჲ ცისა შორის და აღმოიყვანნა ღრუბელნი დასასრულისაგან ქუეყანისა, ელვანი წჳმად შექმნა და გამოიყვანა ნათელი საუნჯეთაგან მისთა. |
17 | ბრიყვია ყოველი კაცი თავისი ცოდნით, სირცხვილნაჭამია მჭედელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი გამონადნობი და სული არ არის მასში. | 17 | განსულელნა ყოველი კაცი მეცნიერებისაგან; სირცხჳლეულ იქმნა ყოველი ოქროსმჭედელი ქანდაკებულთა მისთაგან, რამეთუ ნაწილად გამოადნვეს. არა არს სული მათ შორის, |
18 | ამაონი არიან ისინი, ცრუ ნახელავნი; განკითხვის ჟამს დაიღუპებიან. | 18 | ამაოებ არიან საქმენი საკიცხელნი სადუმარნი, ჟამსა შინა ზედმოხილვისა მათისასა წარწყმდენ ესენი. |
19 | მათებური არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან ის ყოვლის გამომსახველია და ისრაელი მისი სამკვიდრო შტოა; ცაბაოთ უფალია მისი სახელი. | 19 | არა არს ესემლევანი ნაწილი იაკობისი, რამეთუ რომელნი დაჰბადნა, ყოველნი იგი არს ნაწილ მისსა, და ისრაილი საკურთხ მკჳდრობისა მისისა, უფალი ძალთა სახელი მისი. |
20 | ურო ხარ ჩემთვის - საბრძოლო იარაღი და შენით ვფანტავ ხალხებს, შენით ვანადგურებ სამეფოებს; | 20 | შენ განმიბნევ მე ჭურჭელთა ბრძოლისათა, და განვაბნივნე მე შენ შორის ნათესავნი, და აღვიხუნე შენ შორის მეფენი. |
21 |
შენით ვფანტავ ცხენებს და მათ მხედრებს; შენით ვფანტავ ეტლებს და მათზე ამხედრებულთ; |
21 |
და განვაბნინე შენ შორის ცხენი და მჴედარი მისი, და განვაბნინე შენ შორის ეტლები და აღმავალნი მათნი. |
22 | შენით ვფანტავ კაცსა და ქალს, შენით ვფანტავ ბერსა და ყრმას, შენით ვფანტავ ჭაბუკს და ქალწულს; | 22 | და განვაბნინე შენ შორის მამაცი და ცოლი მისი, და განვაბნიო შენ შორის მოხუცებული და ჭაბუკი და მოყმე და ქალწული მისი, |
23 | შენით ვფანტავ მწყემსსა და მის ჯოგს, შენით ვფანტავ გუთნისდედას და მის გუთნეულს, შენით ვფანტავ განმგებელთ და მთავართ. | 23 | და განვაბნიო შენ შორის მუშაკი და სამუშაკოჲ მისი, და განვაბნინე შენ შორის მთავარნი და სპასპეტნი. |
24 | მივუზღავ ბაბილონს და ყოველ ქალდეველს იმ ბოროტების წილს, რასაც სჩადიოდნენ სიონში და თქვენს თვალწინ, ამბობს უფალი. | 24 | და მივაგო ბაბილონსა და მკჳდრთა ქალდეველთასა ყოველნი უკეთურებანი მათნი, რომელნი ქმნნეს სიონს შინა, წინაშე თუალთა თქუენთა, - იტყჳს უფალი. |
25 | აჰა, შენზე მოვდივარ, დამღუპველო მთაო, ამბობს უფალი, მთელი ქვეყნის დამღუპველო; ხელს მოგიღერებ და კლდეზე გადმოგაქცევ და გადაბუგულ მთად გაგხდი. | 25 | აჰა, მე შენდა მიმართ, მთაო განხრწნილო, - იტყჳს უფალი, - განმხრწნელო ყოვლისა ქუეყანისაო. და მივყო ჴელი ჩემი შენ ზედა, და შთამოგაგორვო შენ კლდეთაგან, და გყო შენ, ვითარცა მთაჲ მოცეცხლული. |
26 | ქვასაც ვერ აკრეფენ შენგან კუთხისთვის და ვერც საძირკვლისთვის, რადგან სამუდამოდ გაუდაბურდები, ამბობს უფალი. | 26 | და არა მოიღონ შენგან ქვაჲ საფუძველად, რამეთუ განსარყუნელად იყო საუკუნოდ, - იტყჳს უფალი. |
27 | აღმართეთ ბავრაყი ქვეყანაში, ჩაჰბერეთ ბუკს ხალხთა შორის, დაულოცეთ ხალხები მასთან საბრძოლველად, შეჰყარეთ მის წინააღმდეგ არარატის, მინის და აშქენაზის სამეფოები, დაადგინეთ სარდალი მის წინააღმდეგ, მიუსიეთ ცხენები ჯაგარაშლილ კალიასავით. | 27 | აღიღეთ სასწაული ქუეყანასა ზედა და ჰნესტუეთ ნესტუსა წარმართთა შორის. წმიდა-ყავთ მის ზედა ნათესავები და ჰმოწმეთ მის ზედა მეფეთა არარატისათა, მენი და ასხანაზელთა დაადგინენით მის ზედა წყლულებისმდომნი აღიყვანეთ მის ზედა ცხენი, ვითარცა სიმრავლე მკალთა. |
28 | დალოცეთ მის წინააღმდეგ ხალხები, მიდიის მეფენი, მისი ნაცვალნი და ყოველი მისი მთავარი, მისი საბრძანებლის ყოველი ქვეყანა. | 28 | წმიდა-ყავთ მის ზედა ნათესავი, მეფე მიდთაჲ და წინამძღუარნი მისნი, და ყოველნი სპასპეტნი მისნი და ყოვლისა ქუეყანისა ჴელმწიფებისა მისისანი. |
29 | ირყევა მიწა და იკრუნჩხება, რადგან ეწია ბაბილონს უფლის განზრახვა, რომ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა და გააუკაცუროს. | 29 | შეიძრა ქვეყანა და სტკიოდა მით, რამეთუ აღდგა ბაბილონსა ზედა გულისსიტყვა უფლისაჲ დადებად ქუეყანაჲ ბაბილონისაჲ განსაქარვებელად, არდასამკჳდრებელად იგი. |
30 | შეწყვიტეს ბრძოლა ბაბილონის მეომრებმა; ჩამსხდარან ციხე-სიმაგრეებში, დაშრეტილია მათი ძალა, დიაცებად არიან ქცეულნი, გადამწვარია მათი სამყოფელნი, დალეწილია მათი ურდულები. | 30 | მოაკლდა მეჰომე ბაბილონისაჲ მბრძოლად, და დასხდენ წყუდეულებასა შინა. მოსწყდა მძლავრება მათი და იქმნნეს, ვითარცა დედანი. მოიწუნეს კარვებნი მათნი, შემუსრნნეს მოქლონნი მისნი. |
31 |
შიკრიკს შიკრიკი მისდევს, მაცნეს მაცნე მისდევს, რომ ამცნოს ბაბილონის მეფეს, რომ აღებულია ქალაქი ყოველის მხრიდან. |
31 |
მდევარი შემთხუევად მდევნელისა სდევდეს და მეღაღადისე შემთხუევად მეღაღადისისა, მეღაღადებად მეფისა ბაბილონისასა, ვითარცა წარწყმდა ქალაქი დასასრულით გამოსავალთა მისთაჲთ. |
32 | ფონები დაჭერილია და ლელიანები ცეცხლში იწვის, მეომრებს თავზარი აქვთ დაცემული. | 32 | მით, რამეთუ შეპყრობილ იქმნნეს და სახლებნი მათნი მოიცეცხლნეს ცეცხლითა, და მამაკაცნი მისნი მბრძოლნი გამოვიდენ. |
33 | რადგან, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ბაბილონის ასული გასალეწად გამზადებული კალოა; ცოტაც და, დადგება მისი მომკის ჟამი. | 33 | მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: სახლნი ბაბილონისანი, ვითარცა კალოჲ ოჴერი, მოოჴრდენ. მერმე მცირედღა, და მოიწიოს ღალვაჲ მისი. |
34 | შემჭამა, დამღეჭა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, ცარიელ ჭურჭლად მაქცია. გადამყლაპა გველეშაპივით, აივსო შიგანი ჩემი ძვირფასეულობით და ამომანთხია. | 34 | განმყო მე, შემჭამა მე და მეწია მე, ვითარცა ბნელი წულილი, ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისმან, დამადგინა მე, ვითარცა ჭურჭელი ცალიერი შთამნთქა მე, ვითარცა ვეშაპმან, აღივსო მუცელი თჳსი შუებულებისაგან ჩემისა, განმაგარეეს მე რუდენებათა ჩემთა. |
35 | ჩემი გათელვა და ჩემი ხორცი ბაბილონზეა, ამბობს სიონის მკვიდრი. ჩემი სისხლი ქალდეველებზეა, ამბობს იერუსალიმი. | 35 | და საარებათა ჩემთა ძჳნად ბაბილონისა წარიხუნეს. თქუას მკჳდრმან სიონისამან და სისხლი ჩემი ძჳნად მკჳდრთა ქალდეაჲსათა თქვას იერუსალიმმან. |
36 | ამიტომ, ასე ამბობს უფალი: აჰა, დავიცავ შენს სამართალს და შენს გამო ვიძიებ შურს; ამოვაშრობ მის ზღვას და დავუშრეტ წყაროს. | 36 | ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე ვსაჯო წინამოსაჯული შენი, და შურ-ვიგო შურის-გება შენი, და მოვაოჴრო ზღუაჲ მისი. და განეაჴმო წყაროჲ მისი. |
37 | ნანგრევებად იქცევა ბაბილონი, ცურების ბუნაგად, უდაბურ და სასტვენელ ადგილად, და არავინ იცხოვრებს იქ. | 37 | და იყოს ბაბილონი ბორცუებ და სამკჳდრებელად ვეშაპთა და განსარყუნელად და სასტჳნველად, და არა დაეშენოს. |
38 | ლომებივით მოჰყვებიან ღრიალს ერთიანად, აბდღვინდებიან ლომის ბოკვერებივით. | 38 | თანად ერთბამად, ვითარცა ლომნი აღდგენ ზოგად ძენი მათნი და ვითარ ლეკუნი ლომთანი. |
39 | როცა გახურდებიან, ლხინს გავუმართავ და დავათრობ, რომ გახალისდნენ და დაიძინონ სამუდამო ძალით, რომ აღარ გაიღვიძონ, ამბობს უფალი. | 39 | განჴურვებასა შინა მათსა სარეცელი მათი მივსცე განუსუენებელად, და მივსცე სასუმელი მათ და დავათრვნე იგინი, რაჲთა დასულბენ და დაიძინონ ძილი საუკუნოჲ, და ვერ განიღჳძონ, - იტყჳს უფალი, |
40 | ჩავრეკავ ბატკნებივით დასაკლავად, ერკემლებივით ვაცებთან ერთად. | 40 |
და შთავჴადნე იგინი, ვითარცა კრავნი, დაკლვად და ვითარცა კრავნი თიკნებითურთ, |
41 |
როგორ დატყვევდა შეშაქი, როგორ დაიპყრეს მთელი ქვეყნის დიდება! როგორ დაიქცა ბაბილონი ხალხთა შორის! |
41 | ვითარ მოოჴრდა სისახ და მოინადირა სიქადული ყოვლისა ქუეყანისაჲ, ვითარ იქმნა ბაბილონი განსაქარვებელად ყოველთა შორის ნათესავთა? |
42 | ზღვა აღდგა ბაბილონზე, მისმა ბობოქარმა ზვირთებმა შთანთქეს იგი. | 42 | აღმოვიდა ბაბილონსა ზედა ზღუაჲ, ჴმითა ღელვათა მისთათა დაიფარა. |
43 | მისი ქალაქები უდაბნოდ იქცა, ხრიოკ მიწად და ტრამალად, სადაც კაციშვილი არ ცხოვრობს და ადამის ძეს არ გაუვლია. | 43 | იქმნნეს ქალაქნი მისნი განსაქარვებელ, ქუეყანა ურწყულ და უვალ, ქუეყანაჲ, რომელსა ზედა არ დაიმკჳდროს მის ზედა არა ვინ კაცმან, არცა დაიმასპინძლოს მათ შინა ძემან კაცისამან. |
44 | მოვიკითხავ ბელს ბაბილონში და პირიდან ამოვანთხევინებ შთანთქმულს და ხალხები შეწყვეტენ მისკენ დენას; ბაბილონის კედლებიც დაეცემა. | 44 | და შური ვიძიო ბილს ზედა ბაბილონს შინა და გამოვიხუნე, რომელნი შთაენთქნეს, პირისაგან მისისა, და არღარა შეკრბენ მისდამი ნათესავნი წარმართნი მერმე. და ზღუდეცა ბაბილონისაჲ და-ვე-ეცა. |
45 | გაერიდე მას, ჩემო ერო, თავს უშველე უფლის რისხვისაგან. | 45 | გამოვედით საშუალისაგან მისისა, ერო ჩემო! და განირინეთ კაცადმან სული თჳსი გულისწყრომისაგან რისხვისა უფლისა. |
46 | ნუ შეგიდრკებათ გული და ნუ შეგეშინდებათ ხმისა, რომელიც გავარდება ქვეყანაზე. მოვა ხმა ერთ წელს და ამის შემდეგ სხვა წელს სხვა ხმა მოვა. ძალადობა იქნება ქვეყანაზე, მბრძანებელი მბრძანებლის წინააღმდგგ აღდგება. | 46 | და ნუ სადა შეშინდეს გული თქუენი და წიწნეულ იქმნეთ სმენისაგან სმენადისა ქუეყანასა ზედა, და შემოვიდეს მასვე წელსა შინა სმენაჲ, და მის თანა წელიწადსა შინა სმენაჲ და უსამართლობაჲ ქუეყანასა ზედა და მჴელმწიფები მჴელმწიფებასა ზედა, იგავი იგავსა ზედა. |
47 | ამიტომ, აჰა, დადგება ჟამი და დავსჯი ბაბილონის კერპებს, სირცხვილში ჩავარდება მთელი მისი ქვეყანა და დახოცილნი ეყრებიან მის შუაგულში. | 47 | ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და ზედა მივიხილო ქანდაკებულთა ზედა ბაბილონისათა, და ყოველი ქუეყანაჲ მისი სირცხჳლეულ იქმნეს, და ყოველნი წყლულნი მისნი დაეცნენ შორის მისსა. |
48 | იყიჟინონ ბაბილონზე ცამ და მიწამ და ყველაფერმა, რაც მათშია, რადგან ჩრდილოეთიდან შეესევიან მას მაოხარნი, ამბობს უფალი. | 48 | და იხარებდენ ბაბილონსა ზედა ცანი და ქუეყანაჲ და ყოველნი მათ შორისნი, რამეთუ ჩრდილოჲთ მოვიდენ განმხრწნელნი მისნი, - თქუა უფალმან. |
49 | როგორც ბაბილონმა დასცა ისრაელის დახოცილნი, ასე ბაბილონშიც დაეცემიან მთელი ქვეყნის დახოცილნი. | 49 | და რამეთუ ბაბილონს შინაცა დაცემაჲ წყლულთა ისრაჱლისათაჲ მის შორის, და ბაბილონისანიცა უკუე დაეცნენ წყლულნი ყოვლისა ქუეყანისა მიერ ძლეულნი. |
50 | ილტვოდეთ, მახვილს გადარჩენილნო, ნუ დადგებით! შორიდან გაიხსენეთ უფალი და იერუსალიმი მოიგონეთ. | 50 | განრინებულნი ქუეყანისაგან ვიდოდეთ და ნუ დასდგებით. მოიჴსენეთ შორიელთა უფლისა, და იერუსალჱმი აღვედინ გულთა თქუენთა ზედა. |
51 |
გვრცხვენოდა, გინება რომ გვესმოდა; სირცხვილი ფარავდა ჩვენს სახეს, როცა უცხო თესლი მოადგა უფლის სახლის საწმიდარებს. |
51 |
გურცხუენა, რამეთუ გუესმა ყუედრებაჲ ჩუენი, დაფარა უპატიოებამან პირი ჩუენი. შევიდეს სხუა ნათესავნი წმიდათა მიმართ ჩუენთა სახიდ უფლისა. |
52 | რადგან, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და დავსჯი მის კერპებს და მთელს მის ქვეყანაში აკვნესდებიან სასიკვდილოდ დაჭრილნი. | 52 | ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და შურ-ვიგო ქანდაკებულთა ზედა მისთა, და ყოველსა ქუეყანასა ზედა მისსა დაეცნენ წყლულნი, |
53 | თუმცა ცად აღზევდა ბაბილონი, თუმცა ზესკნელში დაამყარა თავისი სიმაგრე, ჩემგან მიუვლენ მაოხარნი, ამბობს უფალი. | 53 | რამეთუ აღ-თუ-მაღლდა, ესვიდეს ბაბილონი, ვითარცა ცაჲ, და რამეთუ განმაგრდეს თუ სიმაგრე ძალისა მისისაჲ, ჩემ მიერ მოიწინენ მომსრველნი მისნი, - იტყჳს უფალი. |
54 | ხმა მოთქმისა გაისმის ბაბილონიდან და დიდი დაქცევისა ქალდეველთა ქვეყნიდან. | 54 | ჴმაჲ ღაღადებისაჲ შორის ბაბილონისა და შემუსრვაჲ დიდი ქუეყანასა ზედა ქალდეველთასა, |
55 | რადგან მოაოხრებს უფალი ბაბილონს და ჩაუხშობს ამპარტავნულ ხმას. ახმაურდებიან მათი ტალღები დიდი წყლებივით, გაისმება მათი გრიალის ხმა. | 55 | რამეთუ მოსპო უფალმან ბაბილონი, და წარწყმიდა მისგან ჴმაჲ დიდი, რომელი ოხრიდა, ვითარცა წყალნი მრავალნი, მისცა მოსპოლვად ჴმაჲ მისი. |
56 | რადგან დაეცემა მას, ბაბილონს, მაოხარი და შეპყრობილ იქნებიან მისი მეომრები; დაილეწება მათი მშვილდები, რადგან შურისგების ღმერთია უფალი, მიუზღავს საზღაურს. | 56 | რამეთუ მოვიდა ბაბილონს ზედა საარებაჲ, მოისრნეს მბრძოლნი მისნი, შეძრწუნდა მშჳლდი მათი, რამეთუ ღმერთი შურისმეძიებელ არს. თჳთ უფალმან ნაცვალ-აგოს მას ნაცვალსაგებელი მისი. |
57 | დავათრობ მის მთავრებს და მის ბრძენებს, მის ნაცვლებს, მის განმგებლებს და მის მეომრებს; დაიძინებენ საუკუნო ძილით და ვერასოდეს გაიღვიძებენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი. | 57 | და დაათრვნეს სიმთრვალითა მთავარნი მისნი, და ბრძენნი მისნი, და დამწყებნი მისნი, და სპასპეტნი მისნი და ძალნი მისნი, და დაიძინონ ძილი საუკუნოჲ, და აღარა განიღჳძონ უკუნისამდე, - იტყჳს მეუფე, უფალი ყოვლისა მპყრობელი, სახელი მისი. |
58 | ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ბაბილონის ფართო კედლები შეირყევა და მაღალი კარიბჭენი ცეცხლში გადაიბუგება. არაფრისთვის იშრომეს ხალხებმა და ცეცხლის გულისთვის დაშვრენ ტომები. | 58 | ამათ იტყჳს უფალი: ზღუდე ბაბილონისაჲ განვრცნა. გარდარღუევით გარდაირღუეს, და ბჭენი მისნი მაღალნი ცეცხლითა მოიცეცხლნენ, და არა დაშურებოდიან ერნი ცუდად და ნათესავნი მის შორის მოაკლდენ. |
59 | სიტყვა, რომვლიც უანდერძა იერემია წინასწარმეტყველმა სერაიას ნერიას ძეს, მახსეიას ძეს, როცა ის ციდკიაჰუსთან, იუდას მეფესთან, ბაბილონში მიდიოდა, მისი მეფობის მეოთხე წელს (სერაია მესაწოლეთუხუცესი იყო). | 59 | სიტყუაჲ, რომელი ამცნო უფალმან იერემიას წინაწარმეტყუელსა, რქმად არეაჲსსა ძისა ნირისსა, ძისა მაასესა, ოდეს წარვიდოდა სედეკიაჲს მიერ, მეფისა იუდასა, ბაბილონად წელსა შინა მეოთხესა მეფობისა მისისასა, და არეა იყო მთავარ ნიჭთა. |
60 | ჩასწერა იერემიამ ერთ წიგნში ყველა უბედურება, რაც ბაბილონს უნდა დატყდომოდა, ყველა ეს სიტყვა, ბაბილონის გამო დაწერილი. | 60 | და დაწერნა იერემიამან ყოველნი ძჳრნი, რომელნი მოიწინენ ბაბილონსა ზედა, წიგნსა შინა ერთსა ყოველნი ესე სიტყუანი, დაწერილნი ბაბილონისათჳს. |
61 | უთხრა იერემიამ სერაიას: ბაბილონში შენი მისვლისას, იცოდე, წაიკითხე ყველა ეს სიტყვა. | 61 | და თქუა იერემია არეაჲს მიმართ: რაჟამს მიხჳდე ბაბილონად, და იხილო, და აღმოიკითხნე თანად ყოველნი ესე სიტყუანი. |
62 | თქვი: უფალო, შენ გიბრძანებია ამ ადგილის გამო, რომ განადგურებ მას, ისე რომ არავინ დარჩება იქ ადამიანიდან პირუტყვამდე, რადგან სამუდამო უდაბნოდ იქცევა. | 62 | და სთქუა: უფალო, უფალო, შენ სთქუ ადგილსა ამას ზედა მოსპოლვად იგი და არყოფად მას ზედა მკჳდრნი კაცითგან მისაცხოვართამდე, რამეთუ განსაქარვებელად უკუნისამდე იყოს! |
63 | როცა დაასრულებ ამ წიგნის კითხვას, შეაბი ქვა და შუაგულ ევფრატში ჩააგდე. | 63 | და იყოს, ოდეს დასცხრე აღმომკითხველი წიგნისა ამის, და დააკრა მას ზედა ქვაჲ და შთააგდო იგი საშუალ ევფრატსა. |
64 | თქვი: ასე ჩაიძირება ბაბილონი და ვეღარ აღდგება იმ უბედურებისგან, რომელსაც თავზე დავათევ, და გაუწყდებათ ილაჯი. | 64 | და სთქუა: ესრეთ დაინთქას ბაბილონი, არღა აღდგეს პირისაგან ძჳრთასა, რომელთა მე მოვაწევ მის ზედა, და დაემტკიცნეს სიტყუანი იერემიასნი, ვიდრე აქამომდე. |