ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

თავს უშველეთ, ბენიამინის ძენო, იერუსალიმიდან, ბუკი დააყვირეთ თეკოაყში და მოეცით ნიშანი ბეთ-ჰაქერემს, რადგან ჩრდილოეთიდან გამოჩნდა ბოროტება და დიდი უბედურება.

1

განძლიერდით ძენი ბენიამისანი საშუალისაგან იერუსალიმისა და თეკუაჲთ გამოანიშნეთ საყჳრითა, და ზეშთა ბეთაქარისა აღიღეთ ნიშანი, რამეთუ ძჳრთა ჩამოიჭჳრეს ჩრდილოთ და შემუსრვა დიდი.

2 ლამაზს და განაზებულს, მოვსპობ სიონის ასულს. 2 იყოს შუენიერისა მის და ფუფუნეულისა, და მიგეღოს სიმაღლე შენი, ასულო სიონისაო!
3 მასთან მივლენ მწყემსები ჯოგებითურთ, კარვებს დასცემენ მის გარშემო, თავ-თავიანთ ნაკვეთებში დამწყესავენ. 3 მისსა მიმართ მივიდენ მწყემსნი და სამწყსონი მათნი, და აღდგნენ მას ზედა კარავი გარემო მისა, და მწყსიდეს თჳთოეული ჴელითა თჳსითა.
4 განემზადეთ საბრძოლველად მის წინააღმდეგ, აღდექით და დავიძრათ შუადღისას! მაგრამ ვაი ჩვენს თავს, იწურება დღე, დაგრძელდა საღამოს ჩრდილები. 4 განემზადენით მას ზედა ბრძოლად, აღდეგით და აღვიდეთ მის ზედა შუადღე. ვაჲ ჩვენდა, რამეთუ მიდრკა დღე, რამეთუ მოაკლდებიან აჩრდილნი მწუხრისანი.
5 აღდექით და დავიძრათ ღამით, გავანადგუროთ მათი დარბაზები! 5 აღდეგით და აღვიდეთ ღამე და განვხრწნნეთ საფუძველნი მისნი,
6 რადგან, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი; გაჩეხეთ ხე და დაახვავეთ იერუსალიმის ირგვლივ. უნდა დაისაჯოს ეს ქალაქი! სავსეა ძალადობით. 6 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ძალთა: აღმოკაფენით ხენი მისნი და განმფენელი იერუსალიმსა ზედა ძალისა, ჵ ქალაქი მტყუარი სრული, - მძლავრებაჲ მის შორის.
7 როგორც ჭაში გროვდება წყალი, ასე დაგროვდა მასში ბოროტება. ძალადობა და ძარცვა ისმის იქ, სნეულება და ჭრილობებია ჩემს წინაშე მუდამ. 7 ვითარ განაცივის ჯურღმულმან წყალი მისი, ეგრე განაციოს უკეთურებამან მისმან უთნობაჲ, და საარებაჲ ისმეს მას შინა წინაშე პირსა მისსა, მარადის ტკივილითა და გუემითა.
8 ფრთხილად იყავი, იერუსალიმო, არ მიგატოვოს ჩემმა სულმა, არ გადაგაქციოთ უდაბნოდ, უკაცრიელ ქვეყანად! 8 იწუართოს იერუსალიმი, ნუ განგეშოროს სული ჩემი შენგან. ნუ გყო შენ ქუეყანად უვალად, რომელი არდამკჳდრებულ იქმნეს,
9 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, მოიმცვრიონ ვენახივით ისრაელის ნატამალი! გაიწოდე ხელი, როგორც ყურძნის მკრეფავი იწვდის გოდრებისკენ! 9 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთა: მოჰკუფხლევდით, ვითარცა ვენაჴსა, ნეშტსა ისრაილისასა, ზედმიიქეცით, ვითარცა მსთულებელი კუფხალთა ზედა მისთა.
10 ვის ველაპარაკო და დავიმოწმო, რომ მისმინოს? აჰა, დაუცვეთელი ყურები აქვთ და არ შეუძლიათ ყურის გდება. აჰა, საცინლად აუგდიათ უფლის სიტყვა, აღარ მოსწონთ. 10 ვიეთ მიმართ თქუა და უწამებდე, და სასმენელ იქმნეს? აჰა, უმეტკუეთილებ ყურნი მათნი, და ვერ ძალ-უცყე სმენაჲ. აჰა, სიტყვა უფლისაჲ იქმნა მათდა ყუედრებად მიმართ, არა ინებონ სმენაჲ მისი.
11

ავსებული ვარ უფლის რისხვით, მეტის ატანა აღარ შემიძლია. გადმოანთხიე ქუჩაში ბავშვებზე და ჭაბუკთა გუნდზე. რადგან ქმარს ცოლითურთ შეიპყრობენ და ჭარმაგს ხანდაზმულთან ერთად.

11

და გულისწყრომაჲ ჩემი აღვავსე და დავაყენე და არა მოვასრულენ იგინი. მივფინო ჩჩჳლთა ზედა გარეშე და შესაკრებელსა ზედა ჭაბუკთასა ერთბამად, რამეთუ ქმარი და ცოლი შეპყრობილ იქმნენ, მოხუცებული სავსისა თანა დღითა.

12 სხვებს გადაეცემა მათი სახლები, ყანები და ცოლები, როცა ხელს შევმართავ ამ ქვეყნის მკვიდრებზე, ამბობს უფალი. 12 და გარდაიცვალნენ სახლნი მათნი სხვათა ველთამი და ცოლები მათი ეგრეთვე, რამეთუ განვირთხამ ჴელსა ჩემსა დამკჳდრებელთა ზედა ამის ქუეყანისათა, - იტყჳს უფალი,
13 რადგან პატარიდან დიდამდე ყველა მომხვეჭელია: წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ყალბისმქმნელი. 13 რამეთუ მცირითგან მათით და ვიდრე დიდადმდე, ყოველთა, აღასრულნეს უსჯულონი, მღდელითგან და ვიდრე ცრუწინასწარმეტყველამდე, ყოველთა ქმნეს ტყუილი.
14 ზერელედ მკურნალობენ ჩემი ერის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! თუმცა არ არის მშვიდობა. 14 და ჰკურნებდეს შემუსრვილებასა ასულისა ერისა ჩემისასა, შეურაცხმყოფნი და მეტყუელნი: მშჳდობაჲ, მშჳდობაჲ! და სადა არს მშჳდობაჲ?
15 განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი. 15 სირცხჳლეულ იქმნეს, რამეთუ მოაკლდეს, და არცა, ვითარ სირცხჳლეულთა, შეიკდიმეს და უპატივოებაჲ მათი ვერ აგრძნეს. ამისთჳს დაეცნენ დაცემულებასა შინა მათსა და ჟამსა შინა მოხედვისა მათისასა მოუძლურდენ, - თქუა უფალმან.
16 ასე ამბობს უფალი: დადექით გზებზე, მიმოიხედეთ და გამოიკითხეთ ძველი სავალი, რომლითაც აჯობებს, იმ გზით იარეთ და სულისთვის შვებას ჰპოვებთ. მათ კი თქვეს: არ ვივლითო. 16 ამათ იტყჳს უფალი: დადეგით გზათა ზედა და იხილეთ, და იკითხენით ალაგნი უფლისანი საუკუნენი და იხილეთ, რომელი არს გზა კეთილი, და ვიდოდეთ მას ზედა, და ჰპოოთ უბიწო-ყოფაჲ სულთა თქუენთა. და თქუეს: არა ვიდოდით.
17 მცველნი დაგიყენეთ და გითხარით: ბუკის ხმას უგდეთ-მეთქი ყური. მათ კი თქვეს: არ დავუგდებთო ყურს. 17 დავადგინენ თქუენ ზედა ებგურნი. ისმინეთ ჴმაჲ ნესტჳსა, და თქუეს: არა ვისმინოთ.
18 ამიტომაც ისმინეთ, ხალხებო! იცოდე, მოწმევ, რა მოუვა მათ. 18 ამისთჳს ესმა წარმართთა და რომელნი მწყსიდეს სამწყსოთა მათ შორის, და რაოდენი ვყავ მათ შორის.
19 ისმინე, მიწავ! აჰა, ბოროტებას მოვაწევ ამ ხალხზე, მათი განზრახვების ნაყოფს. რადგან ყურს არ უგდებენ ჩემს სიტყვებს და ჩემს რჯულს, და შეიძულეს. 19 ისმინე, ქუეყანაო! აჰა, მოვაწევ მე ერსა ამას ზედა ძჳრთა, ნაყოფსა მიქცევისა მათისასა, რამეთუ სიტყვასა ჩემსა არა ერჩდეს, და შჯული ჩემი განიშორეს.
20 რად მინდა საბადან მოტანილი საკმეველი და შორეული ქვეყნის ტკბილი ლერწამი? თქვენი აღსავლენი აღარ მეამება, თქვენი მსხვერპლი აღარ მეტკბობა. 20 რაჲსათჳს გუნდრუკსა საბაჲთ მომართუამთ მე და კინამომოსა ქუეყანით შორით. ყოვლადდასაწუელნი თქვენნი არა არიან მითუალულ და მსხუერპლნი თქვენნი არა მეტკბნეს მე.
21

ამიტომაც ასე ამბობს უფალი; აჰა, საბრკოლს დავუდებ წინ ჩემს ერს და წაიფორხილებენ მასზე მამები და შვილები ერთად, მეზობელი და მისი მოყვასი, და დაიღუპებიან.

21

ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მივსცემ ერსა ამას ზედა უძლურებასა, და მოუძლურდენ მის შორის მამანი და ძენი ერთბამად, მეზობელი და მოძმე მისი წარწყმდენ.

22 ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვა ერი ჩრდილო ქვეყნიდან, დიდძალი ხალხი აღდგება ქვეყნის კიდეებიდან. 22 ამათ იტყჳს უფალი: აჰა, ერი მოვალს ჩრდილოჲთ და ნათესავი დიდი, და მეფენი მრავალნი აღდგენ დასასრულისაგან ქუეყანისა.
23 ისარი და ჰოროლი უჭირავთ ხელში, სასტიკნი არიან და შეუბრალებელნი; ზღვასავით ბობოქრობს მათი ხმა; ცხენებზე ამხედრებულან, როგორც ერთი კაცი; გამზადებულან შენს წინააღმდეგ საბრძოლველად, სიონის ასულო! 23 მშჳლდი და მაზრაკი ეპყრასყე, მძჳნვარე არს და არ შეიწყალოს. ჴმაჲ მისი, ვითარცა ზღუაჲ მღელვარე, ცხენებისა მიერ და საჭურველისა. წყობაჰყოფს, ვითარცა ცეცხლი, ბრძოლად შენდამი, ასულო სიონისაო!
24 გვესმა მათი ამბავი და მოგვიდუნდა ხელები; შეგვიპყრო სატანჯველმა, როგორც მშობიარის ტკივილმა. 24 გუესმა სასმენელი ეგე და იჴსნნეს ჴელნი ჩუენნი, ჭირმან მომიცვნა ჩუენ სალმობითა, ვითარ მშობიარისათა.
25 ნუ გახვალთ ველად, გზას ნუ დაადგებით, რადგან მტრის მახვილი შიშის ზარს სცემს ირგვლივ! 25 ნუ განხუალთ აგარაკებად და გზათა ზედა ნუ ხუალთ, რამეთუ მახჳლი მტერთა მკჳდრ არს გარემოს,
26 ჩემი ერის ასულო! შეირტყი ჯვალო და ნაცარი დაიყარე თავზე, გამართე გოდება მხოლოდშობილზე, მწარე გლოვა, რადგან ანაზდეულად დაგვეცემა შემმუსვრელი. 26 ასულო ერისა ჩემისაო! გარემოირტყ ძაძა, გარდაისხ ნაცარი გლოვისაებრ სიყუარულისა. ყავ თავისა შენისა ტყებაჲ საწყალობელი, რამეთუ მეყსა შინა მოიწიოს საარებაჲ თქუენ ზედა.
27 გამომკვლევად დაგადგინე ჩემს ერში და გამომცდელად, რომ ამოწმებდე და იკვლევდე მათ გზებს. 27 გამოსაცდელად მიგეც შენ ერთა შორის შეყენებულთა და ცნობად გამოცდასა შინა ჩემდა გზისა მათისა
28 ყველანი ჯანყისთავები არიან, ამბის მიმტანნი, სპილენძი და რკინა, ყველანი წარმწყმედელნი არიან. 28 ყოველნივე უსმნი მავალნი დრკუდ, ვითარცა რვალი და რკინა, ყოველნი განხრწნილ არიან.
29 ქშინავს საბერველი, ტყვია მთლიანად შთაინთქა ცეცხლში, მაგრამ ამაოდ გადაიდნო, რადგან ბოროტეულნი არ განცალკევებულან. 29 მოაკლდა საბერველი ცეცხლისაგან, მოაკლდა ბრპენი, ცუდი სადმე ვეცხლისმჭედლობს. უკეთურებანი მათნი არა დადნეს.
30 დაწუნებულ ვერცხლს დაარქმევენ მათ, რადგან დაიწუნა ისინი უფალმა. 30 ვეცხლ გამოუცდელ უწოდეთ მათ, რაჲთა გამოუცდელ-ყვნა იგინი უფალმან (ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდეამან).