ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ელაპარაკა უფალი იესოს: |
1 |
და ეტყოდა უფალი ისოს და ჰრქუა: |
2 | დაელაპარაკე და უთხარი ისრაელიანებს: დაიდგინეთ თავშესაფარი ქალაქები, რაზეც გელაპარაკებოდით მოსეს პირით, | 2 | ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მისცენით ქალაქნი შესავედრებელთანი, რომელ გარქუ თქუენ ჴელითა მოსესითა, |
3 | რომ გაიქცეს იქ მკვლელი, რომელსაც შეცდომით, უნებურად შემოაკვდება კაცი. თავშესაფარად გქონდეთ შურისმაძიებლისგან. | 3 | შესავედრებელად კაცისმკლველისა, რომელმან მოკლას სული არა ნეფსით და იყვნენ თქუენდა ქალაქნი იგი შესავედრებელ. და არა მოკუდეს კაცსმკლველი იგი მეძიებელისაგან სისხლისასა, ვიდრე წარდგომადმდე წინაშე კრებულისა განკითხვად. |
4 | გაიქცეს ერთ-ერთ ქალაქში, დადგეს კარიბჭესთან და ხმამაღლა გამოუცხადოს ამ ქალაქის უხუცესებს თავისი ამბავი. ისინიც მიიღებენ მას თავისთან, ქალაქში და მისცემენ ადგილს, რომ მათთან იცხოვროს. | 4 | მიივლტოდეს ერთსა მას ქალაქთაგანსა და დადგეს შესავალთა მათ ბჭეთა ქალაქისათა და ეტყოდეს ყოველთა მოხუცებულთა მის ქალაქისათა სიტყუათა თჳსთა და შეწყნარებულ იყოს იგი ერისა მის თანა. და სცენ მას ადგილ და დაემკჳდროს მათ თანა. |
5 | თუ დაედევნა შურისმაძიებელი, არ უნდა ჩაუგდონ მას ხელში მკვლელი, რადგან მისდაუნებურად შემოაკვდა თავისი ახლობელი. არ სჭირებია მისი ჯავრი არც გუშინ, არც გუშინწინ. | 5 | და თუ სდევდეს მას მახლობელი სისხლისაჲ მის, ნუ მისცემედ ჴელთა მისთა მომკლველსა მას, რამეთუ არა ნებსით სცა მოყუასსა მას თჳსსა და არა მტერად იყო მისა გუშინ და ძუღუან. |
6 | იცხოვრებს ამ ქალაქში, ვიდრე არ წარუდგება საზოგადოებას სამსჯავროზე, ვიდრე იმ ხანების მღვდელმთავარი არ მოკვდება. მაშინ დაბრუნდეს მკვლელი და მივიდეს თავის ქალაქში, თავის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც გამოიქცა. | 6 | და დაემკჳდრენ ქალაქსა მას ვიდრე წარდგომადმდე წინაშე ერსა მის საშჯელად ვიდრე სიკუდიდმდე მღდელისა მის დიდისა, რომელი იყოს დღეთა მათ და მაშინღა მოიქცეს მკლველი იგი ადგილად თჳსა და ქალაქად, რომლისაგან ივლტოდა. |
7 | გამოყვეს კედეში გალილეაში, ნაფთალის მთაზე, შექემი ეფრემის მთაზე და კირიათ-არბე ანუ ხებრონი, იუდას მთაზე. | 7 | და დადვეს კედელი გალილეას საზღვარსა ნეფთალემისასა და სჳქემი მთასა ეფრემისასა და ქალაქი არბოკი (ესე არს ქებრონი), საზღვარსა იუდაჲსსა, |
8 | იორდანეს გაღმა, იერიხონის პირდაპირ აღმოსავლეთით დაადგინეს: ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე, რეუბენის შტოდან, რაბათი გალაადში გადის შტოდან და გოლანი ბაშანში მენაშეს შტოდან. | 8 | და წიაღ იორდანესა იერიქოჲსა აღმოსავალით მისცეს ბოსორი და უდაბნოჲსა ველსა შინა ნათესავისაგან რუბენისისა და ჰრამოთი გალაადს შინა და გავლანი ბასანიტიდს შინა ნათესავისაგან მანასესისა. |
9 | ეს ქალაქებია განკუთვნილი ყველა ისრაელიანასთვის და მდგმურისთვის, რომელიც მდგმურობს მათ შორის, რომ თავი შეაფაროს იქ უნებლიე მკვლელმა და არ მოკვდეს შურისმაძიებლის ხელით, ვიდრე საზოგადოებას წარუდგებოდეს. | 9 | ესე ქალაქნი განჩინებულნი ყოველთა ძეთა ისრაჱლისათანი და მწირისა, რომელ შევედრებულ იყოს მათ შორის შევედრებად მუნ. ყოველმან, რომელმან სცეს კაცსა, არა ნებსით, რათა არა მოკუდეს ჴელისაგან სისხლისმეძიებელისაჲსა, ვიდრემდე არ დადგეს წინაშე კრებულსა განკითხვად. |