ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი ოცდამეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მაშინ დაიბარა იესომ რეუბენელები, გადელები და მენაშეს შტოს ნახევარი.

1

მაშინ შეკრიბნა ისო რუბენეანნი და ძენი გადისნი და ზოგისა ნათესავისა მანასესნი.

2 უთხრა მათ: თქვენ ასრულებდით ყველაფერს, რასაც მოსე, უფლის მორჩილი, გიბრძანებდათ. მეც ყურს მიგდებდით ყველაფერში, რასაც გიბრძანებდით. 2 და ჰრქუა მათ: თქუენ გესმა ყოველი, რავდენი გუამცნო ჩუენ მოსე, მონამან უფლისამან, და ისმინეთ ჴმისა ჩემისა ყოვლადვე, რავდენიცა გამცენ თქუენ.
3 არ მიგიტოვებიათ თქვენი ძმები მრავალი ხნის მანძილზე დღემდე. ასრულებდით სამსახურს - უფლის, თქვენი ღმერთის ნაბრძანებს. 3 არა დაუტევენით ძმანი თქუენნი ამათ დღეთა და უფროჲს მოდღენდელად დღედმდე ღაიმარხენით მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი.
4 ახლა კი დაასვენა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის. ახლა გაბრუნდით და წადით თქვენ-თქვენს კარვებში, თქვენს კუთვნილ მიწაზე, რომელიც მოუცია თქვენთვის მოსეს, უფლის მორჩილს, იორდანეს გაღმა. 4 ხოლო აწ განუსუენა უფალმან ღმერთმან ჩუენმან ძმათა თქუენთა, ვითარცა ჰრქუა მათ: აწ მიიქეცით და მივედით სახიდ თქუენდა. და ქუეყანად სამკჳდრებელისა თქუენისად, რომელ მიგცა თქუენ მოსე წიაღ იორდანესა.
5 ოღონდ ბეჯითად შეასრულეთ მცნება და რჯული რომელიც გიბრძანათ მოსემ, უფლის მორჩილმა, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, იაროთ მის გზაზე, დაიცვათ მისი ნაბრძანევი, მიეწებოთ მას და ემსახუროთ მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით. 5 და ეკრძალენით ფრიად ყოფად მცნებათა შჯულისათა, რომელ გუამცნო ჩუენ მოსე, მონამან უფლისამან. და გიყუარდინ უფალი ღმერთი თქუენი ყოველთა გზათა მისთა, ეკრძალენით მცნებათა მისთა და შეუდეგით მას მსახურებად მისა ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა სულითა თქუენითა.
6 დალოცა ისინი იესომ და გაისტუმრა. ისინიც წავიდნენ თავ-თავიანთ კარვებში. 6 აკურთხნა იგინი ისო და წარავლინნა იგინი და წარვიდეს სახიდ თჳსა.
7 მენაშეს შტოს ნახევრისთვის ბაშანში ჰქონდა მოსეს მიცემული სამკვიდრო; მეორე ნახევარს იესომ მისცა მათი ძმების გვერდით, იორდანეს გაღმა, დასავლეთით. ისინიც დალოცა იესომ, როცა თავ-თავიანთ კრვებში ისტუმრებდა მათ. 7 და ზოგთა ნათესავთა მანასესთა მისცა მოსე ბასანი და ზოგთა მისცა ისო მამათა მათთა წიაღმო იორდანესა ზღჳსკიდესა. და რაჟამს წარავლინნა იგინი ისო სახიდ მათა, აკურთხნა იგინი.
8 ასე უთხრა მას: დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენთქვენს კარვებში, დიდძალი პირუტყვით, ოქრო-ვერცხლით, სპილენძით, რკინით, დიდძალი სამოსელით. გაუნაწილეთ მტრისგან აღებული ნადავლი თქვენს ძმებს. 8 და თქუა: ფასითა მრავლითა წარვიდენ სახიდ მათა. და საცხოვარი მრავალი ფრიად, და ვეცხლი, და ოქროჲ, და რვალი, და რკინა და სამოსელი ჯეკმა ფრიად განიყვეს ნატყუენავი მტერთა მათთა ძმათა მათ თანა.
9 გაბრუნდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს ნახევარი შტო ისრაელიანთაგან სილოამიდან, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და წავიდნენ გალაადის ქვეყანაში, თავიანთ წილხვედრილ ქვეყანაში, სადაც უნდა დასახლებულიყვნენ უფლის ბრძანებით, მოსემ რომ ამცნო მათ. 9 და წარვიდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი და ზოგი ნათესავისა მანასესნი ძეთა ისრაჱლისათაგან სელოჲთ ქუეყანით ქანაანისათ მისლვად ქუეყანად გალადისად სამკჳდრებელად მათა, რომელ-იგი დაემკჳდრა ბრძანებითა უფლისათა ჴელითა მოსესითა.
10 მიადგნენ იორდანეს სანახებს ქანაანის ქვეყანაში და ააშენეს იქ რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს შტოს ნახევარმა სამსხვერპლო იორდანესთან, დიდი სამსხვერპლო გამოსაჩენად. 10 და მოვიდეს გალილოთდ იორდანისად, რომელ არს ქუეყანასა ქანაანისასა, და ქმნეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგმან ნათესავმან მანასესმან მუნ ბომონი იორდანესა ზედა, ბომონი დიდი ხილვით.
11 გაიგეს ისრაელიანებმა და თქვეს: აჰა, რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს ნახევარმა შტომ ააშენეს სამსხვერპლო ქანაანის ქვეყანაში, იორდანეს სანახებში, ისრაელიანთა მხარეს. 11 და ესმა ძეთა ისრაჱლისათა, რომელ იტყოდეს: აჰა, ესერა, ქმნეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგმან ნათესავმან მანასესმან ბომონი საზღვარსა ზედა ქუეყანასა ქანაანისასა ზედა გალილოთს იორდანისასა ძეთა ისრაჱლისათა.
12

გაიგეს ისრაელიანებმა და შეიკრიბა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება სილოამში მათ წინააღმდეგ გასალაშქრებლად.

12

და შეკრბეს ყოველნი ძენი ისრაჱლისანი სელომდ, რათამცა აღვიდეს და ჰბრძოდეს მათ.

13 გააგზავნეს ისრაელიანებმა რეუბენიანებთან, გადიანებთან და მენაშეს შტოს ნახევართან გალაადის მხარეში ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი. 13 და მიუვლინეს ძეთა ისრაჱლისათა ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა: ქუეყანად გალაადისად ფინეზ, ძე ელიეზერისი, ძისა აჰრონისი მღდელთმოძღურისა.
14 გააყოლეს ათი თავკაცი, თითო თავკაცი თითო საგვარეულოზე ისრაელის შტოდან; საგვარეულოს თითოეული თავკაცი ისრაელის ათასეულის უფროსი იყო. 14 და ათნი მთავართაგანნი მის თანა, მთავარი ერთი სახლისაგან ტომისასა ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა, მთავარნი რვანი ტომთანი არიან ათასისთავნი ისრაჱლისანი.
15 მივიდნენ რეუბენიანებთან, გადიანებთან და მენაშეს შტოს ნახევართან გალაადის მხარეში და ასე ელაპარაკნენ მათ: 15 და მივიდეს ძეთა მიმართ რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა ქუეყანად გალაადისად და ეტყოდეს მათ და ჰრქუეს:
16 ასე ამბობს უფლის მთელი საზოგადოება: რატომ უმტყუნეთ ისრაელის ღმერთს, ზურგი რომ შეაქციეთ დღეს უფალს და სამსხვერპლო აიშენეთ უფლის გასაჯავრებლად. 16 ესრე იტყჳს ყოველი კრებული უფლისა: რაჲ არს ცოდვაჲ ესე, რომელ სცოდეთ წინაშე ღმრთისა ისრაჱლისა უკუნქცევად დღეთა უფლისაგან, რამეთუ ჰქმნენით თქუენდად ბომონნი და განსდეგით უფლისაგან?
17 განა არ კმაროდა ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვმწმედილვართ და რომ აზარალებს უფლის საზოგადოებას? 17 მცირედ ნურაჲ არს თქუენდა ცოდვაჲ იგი ფოგორისი, რამეთუ არა განწმენდილ ვართ მისგან მოაქადღედმდე? და იყო წყლულებაჲ კრებულსა ზედა უფლისასა.
18 ზურგი შეგიქცევიათ დღეს უფლისათვის, აჯავრებთ დღეს უფალს, რომ ხვალ რისხვა დაატეხოს ისრაელის მთელს საზოგადოებას. 18 და თქუა: უკუნიქეცით დღეს უფლისაგან. და იყოს, უკუეთუ განსდგეთ თქუენ უფლისაგან ხვალე, ყოველსა ზედა ისრაჱლსა იყოს რისხვაჲ.
19 თუ უწმიდური გგონიათ თქვენი კუთვნილი მიწა, გადადით უფლის კუთვნილ მიწაზე, სადაც უფლის სავანე ასვენია; ჩვენს შორის დაისაკუთრეთ სამკვიდრო, ოღონდ უფალს ნუ გააჯავრებთ; ნურც ჩვენც გაგვაჯავრებთ იმით, რომ უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოს გარდა სხვა სამსხვერპლოს იშენებთ. 19 და აწ მცირე თუ რაჲ არს თქუენდა ქუეყანაჲ ეგე სამკჳდრებელისა თქუენისაჲ, წიაღმოვედით ქუეყანასა ამას სამკჳდრებელსა უფლისასა. სადა დამკჳდრებულ არს კარავი უფლისაჲ, დაემკჳდრენით ჩუენ თანა და ნუ განსდგებით უფლისაგან და ჩუენგან ნუ განსდგებით საქმითა მით ბომონისათა გარეშე საკურთხეველსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა.
20 განა აქან ზარახის ძე არ იყო, დარისხებულს რომ შეჰბედა? მაგრამ რისხვა ისრაელის მთელს საზოგადოებას დაატყდა თავს. მარტო ის არ მომკვდარა მისი დანაშაულის გამო. 20 არა ხედავთა, აქა არს, ზარასა ცთომით სცა შესაჩუენებელისა მისგან და ყოველთა ზედა კრებულსა ისრაჱლისასა, და იყოს რისხვაჲ? და ესე ერთი მარტოჲ იყო, მარტო ხოლო ნუ ესე მოკუდა ცოდვასა მას შინა თჳსსა?
21 მიუგეს რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს შტოს ნახევარმა და ელაპარაკნენ ისრაელის ათასეულთა თავკაცებს. 21 და მიუგეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგმან ნათესავმან მანასესმან და ეტყოდეს ათასისთავთა ისრაჱლისათა და ჰრქუეს:
22 ღმერთების ღმერთმა უფალმა, ღმერთების ღმერთმა უფალმა უწყის და ისრაელმაც უწყოდეს: დღესვე დავიღუპოთ, თუ უფლის გასაჯავრებლად და მის საღალატოდ მოვქცეულიყავით ასე; 22 ღმერთი, ღმერთი უფალი არს და ღმერთმან, ღმერთმან უფალმან მან უწყის და ისრაჱლმან თავადმან ცნას, უკუეთუ განდგომით ვცოდეთ წინაშე უფლისა, ნუ გჳჴსნინ ჩუენ დღესა ამას შინა.
23 თუ სამსხვერპლო უფლისათვის ზურგის შესაქცევად აგვეშენებიოს აღსავლენისთვის საძღვნოდ თუ სამადლობელი მსხვერპლისათვის, თავად უფალი იყოს განმკითხავი. 23 და თუ ვქმენით თავისა ჩუენისა ბომონი განსადგომელად უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რათამცა შევწირეთ მას ზედა მსხუერპლი მრგულიადდასაწველთაჲ.
24

თუ თავის დასაზღვევად არ მოვქცეულიყავით ასე, რომ ხვალ თქვენს შვილებს არ ეთქვათ ჩვენი შვილებისათვის: რა საქმე გაქვთო უფალთან, ისრაელის ღმერთთან?

24

ანუმცა ვყავთ მას ზედა მსხუერპლი ცხორებისა, უფალმან თავადმან იძიენ, არამედ კრძალულებისათჳს სიტყჳსა ვყავთ ესე. და ვთქუთ: რათა არა ჰრქუან ხვალე შჳლთა თქუენთა შჳლთა ჩუენთა: რაჲ ძეს თქუენი და უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ?

25 საზღვროდ იორდანე დაგიდოთ უფალმა ჩვენსა და თქვენს შორის, რეუბენიანებო და გადიანებო. არა გაქვთო წილი უფალში. აუკრძალავენ თქვენი შვილები ჩვენს შვილებს უფლისადმი მოწიწებას. 25 რამეთუ საზღვარნი დასხნა უფალმან საშუალ ჩუენსა და თქუენსა იორდანე და არა არს თქუენდა ნაწილ უფლისა? და უცხო ქმნენ შჳლთა თქუენთა შჳლნი ჩუენნი, რათა არა ჰმსახურებდენ უფალსა.
26 ვიფიქრეთ: ავიშენებთ სამსხვერპლოს არა აღსავლენისათვის და საკლავისთვის, 26 და ვთქუათ ყოფად ესრე აღშენებად მის ბომონისა არა შესაწირავთათჳს, არცა მსხუერპლთათჳს,
27 არამედ იმისათვის, რომ მოწმე იყოს ჩვენსა და თქვენს შორის, ჩვენს მომავალ თაობებს შორის, რომ ჩვენც ვემსახურებოდით უფალს ჩვენი აღსავლენით, საკლავით და სამადლობელით, რომ არ უთხრან ხვალ თქვენმა შვილებმა ჩვენს შვილებს, წილი არა გაქვთო უფალში. 27 არამედ რათა იყოს საწამებელად საშუვალ თქუენსა და საშუვალ ჩუენსა და საშუვალ შჳლთა ჩუენთა შემდგომად ჩუენსა, რათა ჰმსახურებდენ მსახურებასა უფლისასა წინაშე მისსა შესაწირავითა ჩუენითა და საკუერთხთა ჩუენთასა და მსხუერპლითა ცხორებისა ჩუენისათა. და არა ჰრქუან შჳლთა თქუენთა შჳლთა ჩუენთა ხვალე, ვითარმედ არა არს თქუენდა ნაწილი უფლისა.
28 ვიფიქრეთ: როცა ასე გვეტყვიან ჩვენ და ჩვენს შემდგომ თაობას, მივუგებთ: აჰა, უფლის სამსხვერპლო, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ ააშენა არა აღსავლენისათვის და საკლავისთვის, არამედ რათა მოწმე ყოფილიყო იგი ჩვენსა და თქვენს შორის. 28 და ვთქუ: იყოს თუ სადამე და გვეტყოდიან ჩუენ და ნათესავთა ჩუენთა ხვალე და ჰრქუან: იხილეთ მსგავსი ესე საკურთხეველი უფლისა, რომელ ქმნეს მამათა ჩუენთა არა შესაწირავთათჳს და არცა მსხუერპლთათჳს, არამედ შუვა ჩუენსა და შუვა ნათესავისა ჩუენისა.
29 როგორ ვიზამდით, რომ უფალი გაგვეჯავრებინა და ზურგი შეგვექცია დღეიდან მისთვის, რომ სამსხვერპლო აგვეშენებინა აღსავლენისთვის, ძღვენისათვის და საკლავისთვის გარდა უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოსი, მისი სავანის წინ რომ დგას. 29 ნუ იყოფინ ჩუენდა განდგომად უფლისაგან დღენდელსა ამას დღეს შინა, რათამცა ვქმნენით საკურთხეველი შესაწირავთათჳს და მსხუერპლთა სალამისთა და საკუერთხთა ცხორებისათჳს გარეშე საკურთხეველისა უფლის ღმრთისა ჩუენისასა, რომელ არს წინაშე კარავსა მისსა.
30 გაიგონეს და მოიწონეს ფინხას მღვდელმა, საზოგადოების თავკაცებმა და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, მას რომ ახლდნენ, რეუბენიანთა, გადიანთა და მენაშეანთა ნათქვამი სიტყვები. 30 და ესმა ფინეეზ მღდელსა და ყოველთა მათ მთავართა ერისათა ათასისთავთა ისრაჱლისათა, რომელ იყვნეს მის თანა სიტყუანი ესე, რომელ თქუნეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგთა ნათესავთა მანასესთა, და სთნდა მათ.
31 უთხრა ფინხას ელეაზარის ძემ, მღვდელმა, რეუბენიანებს, გადიანებს და მენაშეანებს: დღეს გავიგეთ, რომ ჩვენს შორისაა უფალი, რომ არ გიმტყუნებიათ უფლისათვის. თქვენ იხსენით ისრაელი უფლის ხელიდან. 31 და ჰრქუა ფინეეზ მღდელმან, ძემან ელიაზარისმან, ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა: დღეს გულისხმა-ყავთ, რამეთუ ჩუენ თანა არს უფალი, რამეთუ არა სცოდეთ წინაშე უფლისა ცოდვა ეგე, რამეთუ იჴსნენით ძენი ისრაჱლისანი ჴელთაგან უფლისათა.
32 გაბრუნდნენ ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი, და თავკაცები რეუბენიანთაგან და გადიანთაგან - გალაადის ქვეყნიდან ქანაანის ქვეყნისაკენ, და მოუტანეს ამბავი ისრაელიანებს. 32 და მიიქცა ფინეეზ მღდელი და მთავარნი იგი ტომთანი ძეთაგან რუბენისთა და ძეთაგან გადისთა და ზოგისგან ნათესავისა მანასესისა ქუეყანით გალაადით ქუეყანად ქანაანისად ძეთა მათ ისრაჱლისათა.
33 მოიწონეს ეს ამბავი ისრაელიანებმა და აკურთხეს ისრაელიანებმა ღმერთი, აღარ უფიქრიათ მათზე გალაშქრება და იმ ქვეყნის გაპარტახება, სადაც რეუბენიანები და გადიანები ცხოვრობდნენ. 33 და მიუთხრნეს მათ სიტყუანი ესე და სთნდა ძეთა ისრაჱლისათა. და ეტყოდეს ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუეს: ნუღარა მიხუალთ ბრძოლად მათა მოსრვად ქუეყანისა ძეთა რუბენისთასა, ძეთა გადისთასა და ზოგსა ნათესავსა მანასესა და დაეშენნეს მას ზედა.
34 უწოდეს რეუბენიანებმა და გადიანებმა ამ სამსხვერპლოს ყედი (მოწმე), რადგან მოწმე არისო იგი ჩვენს შორის, რომ ღმერთია უფალი. 34 და უწოდა ისო სახელი ბომონსა მას ბომონი რუბენისი და გადისი დ ზოგისა ნათესავისა მანასესი. და თქუა: ვითარმედ საწამებელ არს საშუვალ მათსა, რამეთუ უფალი ღმერთი მათი არს.