ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იგავნი სოლომონისა

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იგავები სოლომონისა, დავითის ძისა, იერუსალიმის მეფისა.

1

იგავნი სოლომონისნი, ძისა დავითისა, რომელი მეფობდა ისრაჱლსა ზედა,

2 სიბრძნისა და შეგონების გასაგებად, გონიერი ნათქვამების შესაგნებად; 2 ცნობად სიბრძნისა და სწავლულებისა, ცნობად სიტყუათა გონიერებისათა,
3 ჭკუის, სიმართლის, სამართლის და სიწრფელის შეგონების მისაღებად. 3 შეწყნარებად ქცევითა სიტყუათა, ცნობად სიმართლისა ჭეშმარიტებით და სასჯელისა წარმართებად,
4 ბრიყვთათვის გამჭრიახობის, ყრმისათვის ცოდნისა და გონიერების მისანიჭებლად. 4 რათა მისცეს უმანკოთა მეცნიერებაჲ და ყრმათა ჩჩჳლთა ცნობაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ.
5 გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, მცოდნემ შეიძინოს თავგზიანობა. 5 რომელთა ესმეს ბრძენსა და უბრძნეს იყოს; მენავეთმოძღურობაჲ მოიპოოს, ხოლო მეცნიერმან მოღუაწებაჲ მოიპოოს,
6 რომ მიხვდეს იგავს და ანდაზას, ბრძენთა ნათქვამებს და მათ არაკებს. 6 ცნას იგავი და დაფარული სიტყუაჲ, თქმული ბრძენთაჲ, და უწყებანი მათნი.
7 უფლის შიშის ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ. 7 და დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა. გულისჴმა კეთილ ყოველთა, რომელთა ყონ იგი, ხოლო კუალად მსახურებაჲ ღმრთისამიმართი, დასაბამ ცნობისა - სიბრძნე და სწავლულებაჲ უღმრთოთა შეურაცხ-ყვიან.
8 ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ. 8 ისმინე, შვილო, სწავლაჲ მამისა შენისაჲ, და ნუ განეშორები შჯულსა დედისა შენისასა,
9 რადგან იგი ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და შენი ყელის სამკაულია. 9 რამეთუ გჳრგჳნი მადლისა დაიდგა თავსა შენსა, და მანიაკი ოქროჲსაჲ ყელსა შენსა.
10 შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათ ნებას. 10 შვილო, ნუსადა გაცთუნებენ შენ კაცნი უღმრთონი, ნუცა ინებებ სლვად გზათა მათთა.
11 თუ გეტყვიან: წამო ჩვენთან, მოსაკლავად ჩავუსაფრდეთ, უდანაშაულოს დავუდარაჯდეთო, 11 გილოცვიდენ ღათუ და გეტყოდიან: მოედ ჩუენ თანა და მეზიარე სისხლსა დავარწყოთ ქუეყანად კაცი მართალი სიცრუვით,
12

შავეთივით ჩავყლაპოთ ცოცხლები და ალალმართალნი სასიკვდილოდ განწირულთა მსგავსადო,

12

და შთავნთქათ იგი, ვითარცა ჯოჯოხეთმან ცხოველი, და აღვიღოთ ქუეყანით საჴსენებელი მისი.

13 მოვჩხრიკოთ ყოველი ძვირფასეულობა და სახლები ნაძარცვ-ნაგლეჯით ავივსოთო, 13 და მონაგები მისი მრავალსასყიდლისაჲ დავიპყრათ და აღვავსნეთ სახლნი ჩუენნი ნატყუენავითა.
14 წილი ჰყარე ჩვენთან ერთად, ერთი ქისა გვქონდესო ყველას, - 14 ნაწილი შენ შემოჰრთე ჩუენ თანა და ზოგად პავასიკი მოვიგოთ ყოველთა და ვაშკარანი ერთი იყავნ ჩუენ ყოველთაჲ.
15 შვილო, ნუ წახვალ მათ გზაზე, მოარიდე ფეხი მათ ბილიკებს, 15 შვილო, ნუ ხვალ გზასა მათ თანა. მოაქციენ ფერჴნი შენნი ალაგთაგან მათთა,
16 რადგან მათი ფეხი საბოროტოდ გარბის და სისხლის დასაღვრელად იჩქარის. 16 რამეთუ ფერჴნი მათნი ბოროტისა მიმართ რბიან და მოსწრაფე არიან დათხევად სისხლისა,
17 ამაოდ არის გაშლილი ბადე ფრინველთა თვალწინ: 17 რამეთუ არა ცუდად დაურწყიან მახე მფრინველსა,
18 თავიანთი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან და საკუთარი თავის მოსაკლავად დადარაჯებულან. 18 რამეთუ იგინი, რომელნი კაცის-კლვასა თანამდებ არიან, იუნჯებენ თავისა თჳსისა ძჳრსა, ხოლო დაქცევაჲ კაცთა უშჯულოთაჲ ბოროტ არს.
19 ასეთია გზა ყოველი მძარცველისა: საკუთარსავე თავს ამოართმევენ სულს. 19 ესე გზანი არიან ყოველთანი, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რამეთუ უღმრთოებითა სულნი მათნი წარიწყმიდნიან.
20 სიბრძნე გარეთ მღერის, მოედნებზე გამოსცემს ხმას; 20 სიბრძნე გამოსავალთა იქებინ და უბანთა ზედა განცხადებულად იქცევის,
21 ხმაურიან ადგილებში ქადაგებს, კარიბჭეებთან, ქალაქში, აცხადებს თავის სიტყვას: 21 ზედა წუერთა ზღუდეთასაჲ იქადაგების, ბჭეთა ზედა ძლიერთასა დაადგრების, ბჭეთა ზედა ქალაქისათა კადნიერად იტყჳნ.
22 როდემდის უნდა გიყვარდეთ, ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი თვქარიანობით? როდემდის უნდა სძულდეთ უმეცრებს ცოდნა? 22 რაოდენ ჟამ უმანკონი იყვნენ, სიმართლესა შინა არა ჰრცხუენოდის, ხოლო უგუნურნი იგი გინებისა არიან გულისმთქუმელ: უღმრთო იქმნეს და მოიძულეს მეცნიერებაჲ,
23

მოუბრუნდით ჩემს დარიგებებს: აჰა, გადმოგაღვრით ჩემს სულს, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს.

23

და თანამდებ იქმნეს მხილებისა; აჰა, ესერა, მე წინაგიყოფ თქუენ სულისა ჩემისა თქუმულთა და გასწავლნე თქუენ სიტყუანი ჩემნი.

24 ვინაიდან მე გეძახდით, თქვენ კი უარმყოფდით; ხელს აღვმართავდი, გამგონე კი არავინ იყო. 24 რამეთუ გიწოდე თქუენ და არა ისმინეთ ჩემი. და განვაგრძვენ სიტყუანი ჩემნი და არა მერჩდით მე.
25 უკუაგდებდით ჩემს რჩევებს და ჩემს დარიგებებს ყურს არ ათხოვებდით. 25 არამედ შეურაცხ-ჰყვენით ზრახვანი ჩემნი და მხილებათა ჩემთა არა მომხედეთ.
26 და მეც გავიცინებ თქვენს უბედურებებზე, გავიხარებ, როცა თავზარი დაგეცემათ; 26 აწ უკვე წარწყმედასა თქუენსა მეცა გეცინოდი და მომცხრებოდის.
27 როცა დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა მოვა თქვენზე ჭირი და ვაება. 27 რაჟამს მოიწიოს თქუენ ზედა ჭირი მომსრველი და ოდეს იგლოვდეს თქუენ ზედა მეყსეულად შფოთი, ხოლო დაქცევაჲ მსგავსად ნიავქარისა მოვიდეს, ანუ რაჟამს მოგიჴდეს თქუენ ჭირი და გარემოდგმაჲ.
28 მაშინ მომიხმობენ მე და მე ხმას არ გავცემ მათ, ძებნას დამიწყებენ და ვერ მიპოვნიან, 28 რამეთუ იყოს, ოდეს მხადოდით მე, ხოლო მე არა ვისმინო თქუენი; მეძიებდენ მე უკეთურნი და არა მპოონ,
29 რაკი შეიძულვს ცოდნა და უფლის შიში არ ირ ჩიეს, 29 რამეთუ მოიძულეს სიბრძნე და შიში ღმრთისაჲ არა გამოიძიეს,
30 არ ისურვეს ჩემი რჩევები და შეიძულეს ყველა ჩემი დარიგება, 30 და არცა ინებეს ჩემთა ზრახვათა კრძალვაჲ და შეურაცხ-ყვნეს მხილებანი ჩემნი.
31 იგემებენ ნაყოფებს მათი საქციელისამებრ და თავიანთი ავი ზრახვებით გაძღებიან. 31 აწ უკუე ამიერითგან ჭამდენ თავისა თჳსისა გზისა ნაყოფსა და გულისთქუმითა თჳსითა განძღენ.
32 რადგან დაღუპავს ბრიყვებს მათი განდგომილება და თავქარიანებს დაუდევრობა. 32 ამისთჳს, რამეთუ ავნებდეს ჩჩჳლთა და მოსწყუედდეს, და განკითხვამან უღმრთონი მოსრნეს,
33 ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება. 33 ხოლო რომელმან ისმინოს ჩემი, და დაემკჳდროს სასოებით, და დაადგრეს უშიშად ყოვლისაგან ბოროტისა.