ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იგავნი სოლომონისა

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იგავნი სოლომონისა. ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია.

1

ძემან ბრძენმან ახარის მამასა, ხოლო ძე უგუნური მწუხარებაჲ დედისა.

2 ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის. 2 ვერ სარგებელ იყუნენ საუნჯენი უსჯულოთა, ხოლო სიმართლემან სიკუდილისაგან იჴსნას.
3 უფალი მართალის სულს არ დაამშევს, ხოლო ბოროტეულთა სიხარბეს უკუაგდებს. 3 არა მოაკუდინოს სიყმილითა უფალმან სული მართლისაჲ, ხოლო ცხორებაჲ უღმრთოჲსა დაამჴჳს.
4 ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს. 4 სიგლახაკემან კაცი დაამდაბლის, ხოლო ჴელთა მჴნეთა განამდიდრიან.
5 ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია. 5 შვილი სწავლული ბრძენ იყოს, ხოლო უგუნური, ვითარცა მონაჲ, იმსახუროს. განერა სიცხისაგან შვილი გონიერი, ხოლო ხორშაკეულ იქმნა კალოთა ზედა შვილი უსჯულოჲ,
6 მართლის თავზე კურთხევაა, ხოლო ბოროტეულია პირი ძალადობით არის სავსე. 6 კურთხევაჲ უფლისა თავსა ზედა მართალთასა, ხოლო პირი უღმრთოთა დაფაროს გლოვამან უჟამომან.
7 კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება. 7 ჴსენებაჲ მართლისა ქებით იყოს, ხოლო სახელი უღმრთოჲსა დაშრტეს.
8 გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგებრიყვი დაიღუპება. 8 ბრძენმან გულითა შეიწყნარნის მცნებანი, ხოლო უთმინოჲსა ბაგითა ბრკუმით შეუბრკუმეს.
9 უმწიკვლოდ მოარული დარწმუნებით დადის, ხოლო თავისი გზების გამამრუდებელი ნამხილები იქნება. 9 რომელი ვიდოდის სიწრფოებით, ვალს იგი სასოებით, ხოლო რომელი განსდრეკდეს გზასა თჳსსა, საცნაურ იყოს.
10 თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება. 10 რომელი წამ-უყოფნ თუალითა ზაკვით, იგი შეუკრბნ კაცთა მწუხარებასა, ხოლო რომელი ამხილებნ განცხადებულად, იგი მშჳდობასა ჰყოფნ.
11 მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეუღთა პირი კი ძალადობით არის სავსე. 11 წყაროჲ ცხორებისა ჴელსა შინა მართლისასა, ხოლო პირი უღმრთოთა დაფაროს წარსაწყმედელმან.
12 სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს. 12 სიძულილმან აღადგინოს ძლევა, და ყოველნი, რომელნი არა მახლობელ იყვნენ, დაფარნეს სიყუარულმან.
13 გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი ჯოხი. 13 რომელი ბაგეთაგან წარმოიღებნ სიბრძნესა, კუერთხითა ჰგუემნ კაცსა უგულოსა.
14 ბრძენკაცები ცოდნას იუნჯებენ, ბრიყვის პირი კი ახლოა დაღუპვასთან. 14 ბრძენთა დაიფარიან მეცნიერებაჲ, ხოლო პირი წარმდებთა მიეახლოს შემუსრვასა.
15 მდიდრის ქონება მისი ციხე-ქალაქია, ხოლო ღარიბთა დამღუპველი - მათი სიღატაკე. 15 მონაგები მდიდართა ქალაქი ძლიერი, ხოლო შემუსრვაჲ უძლურთა სიგლახაკე.
16 მართლის შრომა სასიცოცხლოდ არის, ხოლო ბოროტეულთა მონახვეჭი ცოდვაა. 16 საქმემან მართალმან ცხორებაჲ ყვის, ხოლო ნაყოფ უღმრთოთა - ცოდვაჲ.
17

შეგონების დამმარხველი სიცოცხლის გზას ადგას, დარიგების უკუმგდებელი გზააბნეული დაეხეტება.

17

გზათა ცხორებისათა სცავს უფალი და სწავლულებაჲ უმხილებელი სცთების.

18 სიძულვილის დამფარველს ცრუ ბაგეები აქვს, ჭორის გამავრცელებელი კი სულელია. 18 მტერობაჲ დაფარიან ბაგეთა მართალთა, ხოლო რომელნი წარმოიღებდენ გინებასა, იგინი უგუნურ არიან.
19 ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია. 19 მრავლისმეტყუელებისაგან ვერ განერე ცოდვასა, ხოლო ერიდებოდი თუ ბაგითა, გონიერ იყო.
20 მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულთა გული კი ნამცეცის ოდენაა. 20 ვეცხლი არს გამოჴურვებული ენაჲ მართალი, ხოლო გულთა უღმრთოთასა მოაკლდეს.
21 მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, ბრიყვები კი თავიანთი უჭკუობით იხოცებიან. 21 ბაგეთა მართალთა იციან სიმართლე, ხოლო უგუნურნი ნაკლულევანებასა შინა აღესრულნენ.
22 უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას. 22 კურთხევაჲ უფლისა თავსა ზედა მართლისასა და მან განამდიდროს და არღარა დაერთოს მას მწუხარებაჲ გულისა.
23 უგუნურის ხალისი ავის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა - სიბრძნეში. 23 სიცილით იქმნ უგუნური ძჳრსა, ხოლო ბრძენი კაცი ზრახავნ გულისჴმის-ყოფასა.
24 რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი სასურველი მიეცემა. 24 წარსაწყმედელად იქცევინ უღმრთოჲ, ხოლო გულისთქუმაჲ მრავალთა სათნო არს.
25 როცა გაივლის ქარიშხალი, აღარც ბოროტეულია, მართალი კი დაფუძნებულია სამარადისოდ. 25 მობერვასა ნიავქარისასა წარსწყმედს უღმრთოჲ, ხოლო მართალმან მოჰრიდოს და ცხონდეს უკუნისამდე.
26 რაც ძმარია კბილთათვის და კვამლი თვალთათვის, იგივეა ზანტი კაცი თავისი მიმავლინებლისთვის. 26 ვითარცა კაწახი ავნებნ კბილთა და კუამლი თვალთა, ეგრეთვე უსჯულოებამან ავნის, რომელნი მას ზედა ვალნ.
27 უფლის მოშიშება ახანგრძლივებს დღეებს, ხოლო ბოროტეულთა წლები შემოკლდება. 27 შიშმან უფლისამან შესძინოს დღეთა, ხოლო წელნი უღმრთოთანი შემცირდენ.
28 მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი დაიღუპება. 28 ყოვნის სიხარულმან მართალთა ზედა, ხოლო სასოებაჲ უღმრთოთაჲ წარწყმდეს.
29 უფლის გზა სიმტკიცეა უმწიკვლოსთვის და დაღუპვაა ბოროტმოქმედთათვის. 29 ზღუდე წმიდათა შიში უფლისაჲ, ხოლო შემუსრვაჲ მოქმედთა ძჳრისათა.
30 მართალი არასდროს წაბორძიკდება, ბოროტეულნი კი ვერ დაივანებენ ქვეყანაზე. 30 მართალი უკუნისამდე არა შეირყიოს, ხოლო უღმრთოთა ვერ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.
31 მართლის პირი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება. 31 პირსა მართლისასა გამოვალს სიბრძნე, ხოლო ენაჲ უწესოჲ შეიმუსროს.
32 მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი - ღალატს. 32 ბაგეთა მართლისათა აღმოადინონ მადლი და პირნი უღმრთოთანი დაიყვნენ.