ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იგავნი სოლომონისა

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ვისაც წვრთნა უყვარს, ცოდნაც უყვარს, ვისაც მხილება ეჯავრება, ბრიყვია.

1

რომელსა უყუარდეს სწავლაჲ, უყუარს მას ბრძნულებაჲ, ხოლო, რომელსა სძულდეს მხილებაჲ, უგუნურ არს.

2 კეთილი კაცი უფლისგან მადლს შეიძენს, ავისმზრახველს კი შეაჩვენებს. 2 უმჯობეს არს, რომელმან პოვა მადლი უფლისა მიერ ღმრთისა, ხოლო კაცი უშჯულოჲ დაიდუმოს.
3 კაცი სიბოროტით ვერ განმტკიცდება, მართალთა ფესვი კი შეურყეველია. 3 ვერ წარემართოს კაცსა უსჯულოებისაგან, ხოლო ძირნი მართალთანი არა აღიფხურნენ.
4 ღირსეული დედაკაცი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი მისი ძვლების გამომშრობელია. 4 დედაკაცი მჴნე და გონიერი გჳრგჳნი არს ქმრისა თჳსისა, ხოლო, ვითარცა ძელსა მღილი, ეგრეთ წარწყმიდის ქმარი თჳსი დედაკაცმან ბოროტისმოქმედმან.
5 მართალთა ზრახვები სამართლისაკენაა, ბოროტეულთა ფიქრები კი სიცრუეა. 5 გულისსიტყუანი მართალთანი სამშჯავროჲ, ხოლო უღმრთონი იღუწიდენ ზაკვასა.
6 ბოროტეულთა სიტყვები სისხლისღვრას ამზადებს, ხოლო გულწრფელებს კი მათი ბაგეები გადაარჩენს. 6 სიტყუანი უშჯულოთანი ზაკვენ სისხლთა სისხლვად, ხოლო პირმან მართალთამან იჴსნეს იგინი.
7 ბოროტეულნი დაემხობიან და გაქრებიან, მართალთა სახლი კი მტკიცედ დგას. 7 ვიდრეცა მიიქცეს უღმრთოჲ, განიხრწნეს; სახლნი მართალთანი დაადგრეს.
8 კაცს თავისი ჭკუის მიხედვით აქებენ, გულუკუღმართი კი შეძულებულია; 8 პირი გონიერისა იქებოდის კაცისაგან, ხოლო გულსნეული იგი შეურაცხ იქმნეს.
9 ათვალწუნებული, მაგრამ მსახურიანი კაცი სჯობს თავმომწონეს, მაგრამ ულუკმაპუროს. 9 უმჯობეს არს კაცი, რომელი შეურაცხებასა შინა ჰმონებდეს თავსა თჳსსა, ვიდრე რომელი პატივსა ეძიებდეს თავისა თჳსისასა და ნაკლულევან იყოს პურითა.
10 მართალი ზრუნავს თავისი პირუტყვის სიცოცხლეზე, ბოროტეულთა გული კი სასტიკია. 10 სწყალობნ მართალი სულსა საცხოვართა თჳსთასა, ხოლო ნაწლევნი უღმრთოთანი უწყალოჲ.
11 თავისი მიწის მუშაკი პურით გაძღება, ჭკუათხელი კი ამაოთა მდევნელია. 11 რომელი იქმოდის თჳსსა ქუეყანასა, განძღეს პურითა, ხოლო, რომელნი შეუდგენ ამაოებასა, უგუნურ არიან; რომელთა ტკბილ-ეყოს შეყოფა ღჳნისა, საყოფელთა შინა თჳსთა დაუტევიან უპატიოებაჲ.
12 ბოროტეული უკეთურთა ნადავლს ეხარბება, მართალთა ფესვი კი გაიხარებს. 12 გულისთქუმაჲ უღმრთოთა ბოროტ, ხოლო ძირნი ღმრთისმსახურებისანი ძლიერებასა შინა.
13 ცოდვილი ბაგეებით უკეთური მახეში ებმება, მართალი კი თავს აღწევს გასაჭირს. 13 ცოდვისაგან ბაგეთასა შევარდეს საფრჴესა ცოდვილი, ხოლო მართალი განერეს მისგან; რომელი ხედვიდეს წრფელად, შეწყალებულ იქმნას, ხოლო რომელი შეემთხჳოს ბჭეთა ზედა, მან შეაწუხნეს სულნი.
14 კაცი თავისი პირის ნაყოფით კეთილად დანაყრდება, თავისი ხელის საზღაური ადამიანს უკან უბრუნდება. 14 ნაყოფისაგან პირისა კაცისა აღივსოს კეთილითა სული მისი და განძღეს; მისაგებელი ბაგეთა მისთა მიეცეს მას.
15

ბრიყვს თავისი გზა სწორედ ეჩვენება, ბრძენი კი რჩევის გამგონეა.

15

გზანი უგუნურთანი მართლიად ჩანედ წინაშე მათსა, ხოლო ერჩინ ზრახვასა ბრძენი.

16 ბრიყვი წამში ამხელს თავის გაბრაზებას, გონიერი კი მალავს წყენას. 16 უგუნური იგი დღითი დღე მიუთხრობნ ზრახვასა თჳსსა, ხოლო იფარავნ უპატიოებასა გონიერი.
17 ჭეშმარიტების მაუწყებელი თავის სიწრფელეს აცხადებს, ცრუმოწმე კი - თავის სიყალბეს. 17 საჩინოჲ სარწმუნოებაჲ მიუთხრის მართალმან, ხოლო მოწამე ცრუთა ზაკულ არნ.
18 გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია. 18 რომელნი იტყჳედ - მომწყლველ, განმკუეთელ, ვითარცა მახჳლი, ხოლო ენამან ბრძენთამან განკურნა.
19 მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება, მატყუარა ენა კი - წამიერია. 19 ბაგეთა მართალთა წარჰმართიან წამებაჲ, ხოლო მოწამესა მოსწრაფესა აქუს ენაჲ ცრუჲ.
20 ავისმზრახველთ გულში სიცრუე აქვთ, მშვიდობისმყოფელთ კი - სიხარული. 20 ზაკვაჲ გულსა შინა მოქმედსა ბოროტისასა, ხოლო რომელთა ჰნებავს მშჳდობის-ყოფაჲ, იხარებდენ.
21 არანაირი ზიანი არ შეემთხვევა მართალს, ხოლო ბოროტეულნი ჭირით არიან სავსე. 21 არა სთნავს მართალსა არა რაჲ ცრუჲ, ხოლო უღმრთონი განძღენ ბოროტითა.
22 ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე, ჭეშმარიტების მოქმედნი კი სათნონი არიან მისთვის. 22 საძაგელ უფლისა ბაგენი მზაკვარნი; ხოლო, რომელმან ყვის სარწმუნოებაჲ, შეწყნარებულ მისსა.
23 საზრიანი კაცი ცოდნას მალავს, უმეცართა გული კი სისულელეს როშავს. 23 კაცი გულისჴმის-მყოფელი საყდარი არს მეცნიერებისა, ხოლო გული უგუნურთა შეემთხჳოს წყევასა.
24 გამრჯეთა ხელი იხელმწიფებს, უდები კი მოხარკედ იქცევა. 24 ჴელმან რჩეულმან დაიპყრას ადვილად, ხოლო ზაკულნი იგი იყვნენ წარსატყუენველ.
25 სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს. 25 სიტყუამან საშინელმან შეაძრწუნის გული კაცისა მართლისა, ხოლო სახარებამან კეთილმან ახარის მას.
26 მართალი გადაურჩება თავის გასაჭირს, ხოლო ბოროტეულთ მათივე გზა დაღუპავს. 26 რომელი ცოდვიდეს, მას ეწიოს ძჳრი; ხოლო გზასა უღმრთოთასა შეაცთუნონ იგი.
27 უდები კაცი საგზალს არ იმზადებს, კაცის სიბეჯითე კი ძვირფასი განძია. 27 ვერ მიემთხჳოს ზაკული ნადირსა, ხოლო მონაგებ პატიოსან არს კაცი წმიდა.
28 სიმართლის გზაზე სიცოცხლეა და მისი სავალი უკვდავებაა. 28 გზათა შინა სიმართლისათა ცხორებაჲ არს, ხოლო გზანი ძჳრმოჴსენეთანი სასიკუდინე.