ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იგავნი სოლომონისა

თავი მეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ბრძენი დედაკაცი თავის სახლს აშენებს, ბრიყვი კი საკუთარი ხელით ანგრევს მას.

1

დედათა ბრძენთა აღაშენნეს სახლნი, ხოლო, რომელი უგუნურ იქმნა, დაარღჳა ჴელითა თჳსითა.

2 სწორი გზით მავალს უფლის შიში აქვს, გზაგამრუდებულს კი ეჯავრება იგი. 2 რომელი ვიდოდის მართლ, ეშინის უფლისა, ხოლო რომელი გარდაჰგულარძნიდეს გზასა თჳსსა, გზასა თჳსსა უპატიო იქმნას.
3 ბრიყვის დასასჯელი კეტი მის პირშივეა, ბრძენთა ბაგეები კი მათი დამცველია. 3 პირისაგან უგუნურთასა კუერთხი გინებისაჲ, ხოლო ბაგეთა მართალთა დაიცვნეს იგინი.
4 სადაც ხარები არ არის, ბაგა ცარიელია; დიდი მოსავალი ხარის ძალით არის. 4 სადა არა არიან ქარნი, მუნ ბაგანი წმიდა არიან, ხოლო სადა ქარისა ნაყოფი ფრიად, მუნ ცხად არს ქარისა ძალი.
5 ჭეშმარიტი მოწმე არ იცრუებს, ცრუმოწმე კი ტყუილებს აფრქვევს. 5 მოწამე სარწმუნოჲ არა ტყუინ; ხოლო აღაგზნის ტყუილი მოწამემან ცრუმან.
6 ღვთისმგმობელი სიბრძნეს ეძებს, მაგრამ ამაოდ; გონიერს კი ცოდნა ეადვილება. 6 ეძიებდე სიბრძნესა უკეთურთა თანა და არა ჰპოვო, ხოლო ცნობაჲ გონიერთა თანა ადვილ არს.
7 ჩამოშორდი უმეცარ კაცს, თუ ჭკვიანურ ლაპარაკს ვერ შეატყობ. 7 ყოველნი წინააღმდეგ არიან კაცისა უგუნურისა, ხოლო საჭურველი მეცნიერებათა ბაგენი ბრძენთანი.
8 გონიერი კაცის სიბრძნე საკუთარი გზის შეცნობაშია, უმეცართა სიბრიყვე კი ცრუობაშია. 8 სიბრძნემან გულისხმიერთამან იცნას გზანი თვისნი, ხოლო უმეცრება უგუნურთანი სცთებიან.
9 ბრიყვები დანაშაულზე იცინიან, მაგრამ მადლი წრფელთა შორის არის. 9 სახლთა უსჯულოთასა არა აქვნ სიწმიდე, ხოლო საყოფელნი მართალთანი სანატრელ არიედ.
10 გულმა უწყის თავისი საწუხარი და მის სიხარულს უცხო ვერავინ გაიზიარებს. 10 გული კაცისა მჭმუნვარე შემაწუხებელ არს სულისა თვისისა, ხოლო ოდეს მხიარულ იქმნას, არა ზიარ იქმნას მტერობისა.
11 ბოროტეულთა სახლი დაიქცევა, გულწრფელთა კარავი კი გაიფურჩქნება. 11 სახლი უღმრთოთა დაემჴვას, ხოლო სავანენი მართალთანი იკურთხნეს.
12

ზოგი გზა კაცის წინაშე სწორი ჩანს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა.

12 გზა არს რამე, რომელი წინაშე თვალთა კაცთასა წრფელ იყოს, ხოლო დასასრული მისი მიმყვანებელი მთხრებლად ჯოჯოხეთისად.
13 სიცილის დროსაც კი წუხს გული და მხიარულება მწუხარებით მთავრდება ხოლმე. 13

მხიარულებასა თანა ჰყვებიან მწუხარებანი და სიხარულსა შეუდგეს გლოვა.

14 გულმრუდი კაცი თავისი საქციელით გაძღება, კეთილი კაცი კი - თავისი საქმეებით. 14 გულფიცხელი განძღეს გზისაგან თვისისა, ხოლო კაცი კეთილი გონებისაგან თვისისა.
15 სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება. 15 უმანკოსა ჰრწამნ ყოველი სიტყუაჲ, ხოლო გონიერი იგი მოვიდეს სინანულად.
16 ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ერიდება, უგნური კი ბრაზიანია და თავდაჯერებული. 16 ბრძენსა შეეშინა და მოაქცია ბოროტისაგან, ხოლო უგუნური აღერია მოსავად.
17 ფიცხი კაცი სიბრიყვეს სჩადის, ავისმზრახველი კი საძულველია. 17 გულმწყრალი იქმნ განუზრახველად, ხოლო კაცი გონიერი ფრიად მოითმენნ.
18 სულელნი სიბრიყვეს იმკვიდრებენ, გონიერნი კი ცოდნით არიან დაგვირგვინებულნი. 18 განიყონ უგუნურთა ბოროტი, ხოლო ბრძენთა დაიპყრნენ კარნი გულისჴმის-ყოფისანი.
19 უკეთურნი ქედს მოიხრიან კეთილთა წინ, ბოროტეულნი კი - მართლის კარიბჭეებთან. 19 უბრკუმეს უკეთურთა - წინაშე კეთილთასა და უღმრთონი ჰმსახურებდენ კართა მართალთასა.
20 ბეჩავი კაცი ახლობლისთვისაც კი საძულველია, მდიდარს კი ბევრი მოყვარე ჰყავს. 20 მეგობართა მოიძულიან მეგობარი გლახაკი, ხოლო მეგობარნი მდიდარნი ფრიად.
21 თავისი ახლობლის მოძულე ცოდვილია, ღარიბ-ღატაკთა მწყალობელი კი ნეტარია. 21 რომელი შეურაცხ-ჰყოფდეს გლახაკსა, იგი ცოდავს, ხოლო, რომელი სწყალობდეს გლახაკთა, იგი სანატრელ იყოს.
22 ხომ არეული აქვთ გზა-კვალი ავისმზრახველთ? კეთილისმზრახველთ კი მადლი და ჭეშმარიტება ახლავთ. 22 შეცთომილნი ცრუნი იქმედ ბოროტსა, ხოლო წყალობასა და ჭეშმარიტებასა იქმედ სახიერნი (არა იციან წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ მოქმედთა ბოროტისათა, ხოლო მოქმედთა კეთილისათა).
23

ყველა საქმეში გამორჩენაა, ლიტონ სიტყვებს კი ზარალი მოაქვს.

23 ყოველსა შინა ზრუნვასა ერთი არს მეტი სიბრძნე, ხოლო ტკბილი იგი და ულმობელი ნაკლულევანებასა შინა იყოს.
24 ბრძენკაცთა გვირგვინი მათი დოვლათია, უგნურთა სიბრიყვე კი სიბრიყვეა. 24 გჳრგჳნ ბრძენთა სიმდიდრე მათი, ხოლო სლვაჲ უგუნურთა ბოროტ არს.
25 ჭეშმარიტი მოწმე სულთა მხსნელია, ცრუ კაცი კი ტყუილებს აფრქვევს. 25

იჴსნეს სულნი ბოროტისაგან მოწამემან სარწმუნომან, ხოლო აღატყინის ტყუილი მზაკვარმან.

26 უფლის შიში მტკიცე იმედია, მისი შვილები თავშესაფარს ჰპოვებენ. 26 შიშსა უფლისასა არს სასოებაჲ ძლიერი და შვილთა თჳსთა დაუტევის შური მშჳდობისაჲ.
27 უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისაგან გამომხსნელი. 27 შიში უფლისა - წყარო ცხორებისა და ყვის მოქცევაჲ საბრჴისაგან სიკუდილისა.
28 ერის სიმრავლე მეფის დიდებაა, უხალხობა კი - მთავრის დაღუპვა. 28 მრავალთა შორის თესლთა დიდებაჲ მეფისა, ხოლო მოკლებასა ერისასა შემუსრვაჲ ძლიერთაჲ.
29 სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს, ხელმოკლე კი სიბრიყვეს ამხელს. 29 სულგრძელი კაცი დიდ არს გონებითა, ხოლო სულმოკლე ძლიერად უგუნურ
30 მანუგეშებელი გული ხორცის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობაა. 30 და მღილ; მშჳდი კაცი გულისა მკურნალი არს და კურნებაჲ ძუალთა გული მეცნიერებისაჲ.
31 ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს, მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია. 31 რომელი ცილსა სწამებდეს გლახაკსა, განარისხებს შემოქმედსა თჳსსა, ხოლო რომელი პატივ-სცემდეს უფალსა, სწყალობდეს გლახაკთა.
32 ბოროტეული თავისი უკეთურების გამო მოიკვეთება, მართალი კი სიკვდილშიც სასოებას ჰპოვებს. 32 უკეთურებითა თჳსითა წარწყმდეს უღმრთოჲ, ხოლო რომელი ესვიდეს სიწმიდითა თჳსითა მართალ.
33 სიბრძნე გონიერ გულშია დავანებული და უგუნურთა შორისაც ხდება საცნაური. 33 გულსა შინა კეთილსა განისუენოს სიბრძნემან, ხოლო გულსა შინა უგუნურთასა ვერ საცნაურ იყოს.
    34 სიმართლემან აღჰმართნის ნათესავნი, ხოლო შეამცირნის თესლნი ცოდვამან.
    35 სათნო მეფისა მსახური გონიერი, რამეთუ თჳსითა მით კეთილითა ქცევითა მოისპის შეურაცხებაჲ.