ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იგავნი სოლომონისა

თავი მეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს.

1

ხოლო სიტყჳს-გებითა შევრდომილითა გარემიიქცეს რისხვაჲ, სიტყუამან ფიცხელმან აღადგინნის რისხვანი.

2 ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი სისულელეს როშავს. 2 ხოლო ენამან ბრძენთამან კეთილი იცის, ხოლო პირმან უგუნურთამან მიუთხრის ძჳრი.
3 ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებს და კეთილებს. 3 ყოველთა ადგილთა თუალნი უფლისანი ხედვენ კეთილთა და ბოროტთა.
4 ტკბილი ენა სიცოცხლის ხეა, ცბიერი კი სულის შემუსვრა. 4 კურნებაჲ ენისა ხე ცხორებისაჲ, ხოლო რომელმან დაიმარხოს იგი, განძღეს სულითა.
5 უმეცარს მამის შეგონება ეჯავრება, მხილების ყურადმღები კი საზრიანია. 5 უგუნურმან შეურაცხ-ყვის სწავლაჲ მამისა, ხოლო, რომელი იმარხვიდეს მხილებასა, უბრძნეს იყოს. განმრავლებასა სიმართლისასა არნ ფრიად ძლიერებაჲ, ხოლო უკეთურნი ყოვლად წარწყმდენ ქუეყანით.
6 მართლის სახლში დიდძალი განძია, ბოროტეულის მონახვეჭში კი - მწუხარება. 6 სახლსა შინა მართალთასა ძალი მრავალი, ხოლო ნაყოფნი უღმრთოთანი წარწყმდენ.
7 ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გული კი ასეთი არ არის. 7 ბაგეთა ბრძენთა ჰმოსია მეცნიერებაჲ, ხოლო გულნი უკეთურთანი არა კრძალულ.
8 ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი სათნოა მისთვის. 8 მსხუერპლნი უღმრთოთანი საძაგელ უფლისა, ხოლო ლოცვანი მართალთანი შეწირულ მისა.
9 ბოროტეულთა კვალი სიბილწეა უფლის წინაშე, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს. 9 საძაგელ უფლისა გზანი უღმრთოთანი, ხოლო რომელნი ხედვიდენ სიმართლესა, იგინი უყუარან.
10 მკაცრი სასჯელი აქვს გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება. 10 სწავლულებაჲ უმანკოჲსა საცნაურ იყოს თანაწარმავალთაგან, ხოლო, რომელთა სძულს მხილებაჲ, აღესრულნენ საძაგელად.
11 შავეთი და ქვესკნელი უფლის წინაშეა, მით უფრო გულები ადამის ძეთა. 11 ჯოჯოხეთი და წარსაწყმედელი ცხად არიან წინაშე უფლისა, რაოდენ უფროჲს გულნი კაცთანი.
12

ქარაფშუტას არ უყვარს თავისი მამხილებელი, იგი ბრძენკაცებთან არ წავა.

12

ვერ შეიყუაროს უსწავლელმან მამხილებელი თჳსი და ბრძენთა თანა არა ზრახვიდეს.

13 მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება. 13 გულისა მხიარულისა პირიცა მხიარულ არნ; ხოლო რომელნი მწუხარებასა შინა არიედ, მათი პირიცა მწუხარე არნ.
14 გონიერი გული ცოდნას დაეძებს, ბრიყვთა პირი კი სისულელით საზრდოობს. 14 გული მართალი ეძიებს ცნობასა, ხოლო პირმან უსწავლელმან ცნას ბოროტი; ყოველსა ჟამსა თუალნი უკეთურნი მიელიან ბოროტსა, ხოლო სახიერნი დაყუდნიან მარადის.
15 უკეთურის ყველა დღე ბოროტია, გულკეთილს კი მუდამ ლხინი აქვს. 15 შჯობს მცირედი ნაწილი შიშითა ღმრთისათა, ვიდრე საუნჯეთა დიდთა უშიშოებით.
16 უფლის მოშიშებით მცირეს ქონა უმჯობესია, ვიდრე დიდძალი განძი მოუსვენრობაში. 16 შჯობს სტუმრობაჲ მხლითა სიყუარულითა და მადლობითა, ვიდრე ზუარაკთა ბაგათაგან დაკლულთა მტერობით.
17 უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი. 17 კაცი გულმწყრალი განემზადების კლვად, ხოლო სულგრძელმან ყოფადიცა იგი დაამშჳდის.
18 ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს. 18 სულგრძელმან კაცმან დაშრიტის საშჯელი, ხოლო უღმრთომან - აღაგზნის უფროჲს.
19 ზარმაცის გზა ეკლიანი ღობის მსგავსია, გულმართლის სავალი კი მოსწორებულია. 19 გზანი უღმრთოთანი დაფენილ არიან ეკლითა, ხოლო მჴნეთანი წყლტუ არიან.
20 ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვ ადამიანს კი საკუთარი დედა ეჯავრება. 20 ძემან ბრძენმან ახარის მამასა, ხოლო შვილმან ურჩმან შეურაცხყვის დედაჲ თჳსი.
21 სისულელე ჭკუათხელის სიხარულია, ხოლო გონიერი კაცი სწორ გზაზე დადის. 21 უცნობელი გულითა ნაკლულევან იქმნის ცნობითა, ხოლო კაცი გონიერი წარმართებულად ვალნ.
22 თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალი მრჩევლის შემწეობით კი ხორციელდება. 22 დროებედ სიტყუასა, რომელნი არა პატივს-სცემენ კრებულსა; ხოლო გულსა მზრახვალთასა დაადგრეს ზრახვაჲ.
23

კაცის სიხარული მის ბაგეთა პასუხშია; რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!

23

არა ერჩდეს მას უკეთური, არცა თქუას სრული რამე და შუენიერი ზოგადი,

24 ცხოვრების გზა გონიერისათვის ზევით მიემართება, რათა ქვევით შავეთს ასცდეს. 24  
25 ქედმაღალთა სახლს დაანგრევს უფალი, ქვრივის საბანს კი ზეაღმართავს. 25 სახლნი მაგინებელთანი დაამჴუნეს უფალმან; დაამტკიცნა საზღვარნი ქვრივთა და ობოლთანი.
26 უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია. 26 საძაგელ უფლისა გულისსიტყუანი ცრუნი, ხოლო წმიდა და პატიოსან გულისსიტყუანი უბიწონი.
27 მომხეჭველი თავის სახლს აჩანაგებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს. 27 წარიწყმიდის თავი, რომელმან მიიღის ქრთამი; ხოლო რომელსა სძულდეს ქრთამი - იგი ცხონდეს. მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი, ხოლო შიშისათჳს უფლისა მოაქციოს ყოველმან ბოროტისაგან.
28 მართლის გული პასუხს წონის, ბოროტეულთა პირიდან კი სიავე გადმოდის. 28 გულითა მართალთა უყუარს სარწმუნოებაჲ, ხოლო პირმან უღმრთოთამან მოიღოს ბოროტი. შეწყნარებულ უფლისა მიერ გზანი კაცთა მართალთანი და მათ მიერ მტერნიცა მოყუარე იქმნებიან.
29 ბოროტეულთაგან შორს არის უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს. 29 შორად განშორებულ არს უფალი უღმრთოთაგან, ხოლო ლოცვანი მართალთანი ისმინნეს. უმჯობეს არს მცირედი მისაგებელი სიმართლით, ვიდრე ფრიადი ნაყოფი სიცრუვით. გული კაცისა ზრახევდინ სიმართლესა, რომელთა ღმრთისა მიმართ წარემართნენ სლვანი მათნი.
30 თვალთა ნათელი გულს ახარებს, კეთილი ამბავი კი ძვლებს აპოხიერებს. 30 ჰხედავ რაჲ თუალი კეთილსა, ახარის გულსა, ჰამბავმან კეთილმან დააპოხნის ძუალნი.
31 სასიცოცხლო მხილების გამგონე ყური ბრძენკაცთა შორის იმყოფება. 31 რომელმან ისმინოს მხილებაჲ ცხორებისაჲ, შორის ბრძენთასა განისუენოს მან.
32 შეგონების აბუჩად ამგდები საკუთარი თავის მოძუღეა, მხილების გამგონე კი გონებას იხვეჭს. 32 ხოლო რომელი განიშორებდეს სწავლასა, სძულს მას თავი თჳსი, ხოლო რომელი იმარხვიდეს მხილებასა, უყვარს მას სული თჳსი.
33 უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღვის დიდებას. 33 შიში უფლისაჲ სწავლულებაჲ და სიბრძნე. და მთავრობაჲ დიდებისა მოიგოს მან და წინაშე მდაბლისა ვიდოდის დიდებაჲ.