ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იგავნი სოლომონისა

თავი მეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისაგან მოდის.

1

კაცისა მიერ წარმართებაჲ გულისაჲ, ხოლო უფლისა მიერ მიგებაჲ ენისაჲ (რაოდენცა დიდ იყო, ესოდენ დაიმდაბლე თავი თჳსი და წინაშე უფლისა ღმრთისა ჰპოო მადლი).

2 კაცის ყოველი გზა სუფთაა მის თვალში, სულთა ამწონი კი უფალია. 2 ყოველნი საქმენი მდაბლისანი ცხად არიან წინაშე ღმრთისა და განამტკიცნის სულნი მათნი უფალმან.
3 შენი საქმეები უფალს ჩააბარე და აღსრულდება შენი განზრახვები. 3 მიაგორვენ და მიაქციენ უფლისა მიმართ საქმენი შენნი, რათა დაემტკიცნენ გულისსიტყუანი შენნი.
4 უფალმა ყოველივე საკუთარი მიზნისთვის შეჰქმნა, ასევე ურჯულოც ავი დღისათვის. 4 ყოველივე ქმნა უფალმან თავით თჳსით, ხოლო უღმრთონი დღესა ბოროტსა წარწყმდენ.
5 ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე; გჯეროდეს, დაუსჯელი ვერ გადარჩება. 5 არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე მაღალი გულითა; რომელმან ჴელი ჴელსა მისცეს სიცრუვით, არა უბრალო იყოს, დასაბამი გზისა კეთილისა საქმე სიმართლისა და სათნო არს წინაშე უფლისა უფროჲს ვიდრე შეწირვაჲ მსხუერპლისაჲ.
6 სიწრფელით და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ცოდვა, უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი. 6 რომელი ეძიებდეს ღმერთსა, პოოს მეცნიერებაჲ სიმართლესა თანა და, რომელი მართლ ეძიებდეს მას, პოოს მშჳდობაჲ.
7 თუ უფალს მოსწონს კაცის გზები, მტრებსაც კი შეარიგებს მასთან. 7 ყოველნი საქმენი ღმრთისანი სიმართლით არიან; ხოლო დაიმარხი უღმრთოჲ დღედ ბოროტისა.
8 უკეთესია მცირედი, ოღონდ სიმართლით, ვიდრე დიდძალი მოგება უსამართლობით. 8 უმჯობეს არს მცირედი მისაღებელი სიმართლით, ვიდრე მრავალ ნაყოფი სიცრუჲთ.
9 კაცის გული თავის გზებს გეგმავს, მის ნაბიჯებს კი უფალი წარმართავს. 9 გული კაცისა ზრახევდინ სიმართლესა, რათა ღმრთისა მიერ სლვანი მისნი წარემართნენ.
10 მეფის ბაგეზე მისნური სიტყვაა, მისი პირი არ შესცოდავს სამსჯავროზე. 10 მეცნიერებაჲ არს ბაგეთა მეფისათა და სარჩელსა შინა არა სცთეს პირი მისი.
11 სწორი სასწორი და საწყაო უფლისაა, ქისის ყველა საწონი მისი საქმეა. 11 წამი სასწორი უფლისა მიერ, რამეთუ საქმენი მისნი სასწორ სიმართლისაჲ.
12

ბოროტის ქმნა მეფეთათვის სიბილწეა, რადგან ტახტი სიმართლით მტკიცდება.

12

საძაგელ არს მეფისა მოქმედი ბოროტისა, რამეთუ სიმართლით განემზადების საყდარი მთავრობისა მისისა.

13 მართალი ბაგეები სათნოა მეფეთათვის და უყვართ მათ სიმართლის მთქმელი. 13 სათნო არიან წინაშე მეფისა ბაგენი მეცნიერნი და სიტყუანი მართალნი უყუარან.
14 მეფის რისხვა სიკვდილის მაცნეა, ხოლო ბრძენკაცი აცხრობს მას. 14 გულისწყრომაჲ მეფისა ანგელოზი მაკუდინებელი, ხოლო კაცმან გონიერმან ულხინოს მას.
15 მეფის ნათელი სახე სიცოცხლეა და მისი წყალობა გაზაფხულის წვიმის ღრუბელივითაა. 15 ნათელსა შინა ცხორებისასა ძე მეფისაჲ; ხოლო რომელნი სათნო არიან მისა, ვითარცა ღრუბელი მცხუედი.
16 სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია, ჭკუის მოხვეჭა ვერცხლზე - უმჯობესი. 16 მართუენი სიბრძნისანი უფროჲს და უმეტეს ოქროჲსაჲ, ხოლო მართუენი გონიერებისანი ურჩეულეს უფროჲს ვეცხლისა.
17 მართალთა გზა-კვალი ბოროტებას გვერდს უქცევს; ვინც თავის გზას აკვირდება, თავის სულს იცავს. 17 ალაგთა ცხორებისათა მოაქციიან ბოროტისაგან, ხოლო სიგრძე ჟამთა (გზანი სიმართლისანი, რომელმან შეიწყნარის სწავლაჲ იგი, კეთილსა შინა იყოს, და, რომელმან დაიმარხოს მხილება, იგი განბრძნდეს, რომელმან დაიმარხნეს გზანი უფლისანი, მან დაიცვნეს სულნი თჳსნი, და, რომელსა უყუარდეს ცხორებაჲ, იგი ერეოდის პირითა თჳსითა);
18 დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა. 18 უწინარეს შემუსრვისა ძღჳს გინებაჲ, უწინარეს დაცემისა სახე ბოროტებაჲ.
19 ბეჩავ ხალხთან თავმდაბლობა გერჩიოს ქედმაღლებთან ნადავლის გაყოფას. 19 უმჯობეს არს მშჳდი გონებითა სიმდაბლესა თანა, ვიდრე რომელი განიყოფდეს ნატყუენავსა მაგინებელთა თანა.
20 საქმეში გონიერი სიკეთეს ნახავს, უფალს მინდობილი ბედნიერია. 20 გულისხმის-მყოფელი საქმეთა შინა მპოვნებელი არს კეთილისაჲ, ხოლო, რომელი ესვიდეს უფალსა, სანატრელ იყოს.
21 გულბრძენი გონივრად იწოდება და ტკბილი ბაგეები ცოდნას ჰმატებს. 21 ბრძენთა და გონიერთა გულისხმის-მყოფელ ჰრქჳან, ხოლო ტკბილნი იგი სიტყჳთა უმეტეს სასმენელღა იყვნენ.
22 სიბრძნე სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, ბრიყვთა სასჯელი კი სიბრიყვეა. 22 წყაროჲ ცხორებისა გონიერებაჲ, რომელთა მოუგიეს იგი; ხოლო სწავლაჲ უგუნურთა - ბოროტ.
23

ბრძენის გული მის პირს გონიერს ხდის და მის ბაგეებს ცოდნას ჰმატებს.

23

გულმან ბრძნისამან ცნის თჳსისაგან პირისა და ბაგეთა ჰმოსიეს მეცნიერებაჲ.

24 ამო საუბარი გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ძვლის კურნება. 24 გოლი თაფლისაჲ სიტყუანი კეთილნი, ხოლო სიტკბოებაჲ მისი სმენაჲ და კურნებაჲ სულისაჲ.
25 არის გზა, კაცს სწორი რომ ჰგონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა. 25 არიან გზანი, რომელნი მართალ საგონებელ არიან წინაშე კაცთა, ხოლო უკუანაჲსკნელი მათი ჰხედავს ფსკერსა ჯოჯოხეთისასა.
26 მშრომელს თავისი მადა აშრომებს, თავისივე პირი აიძულებს. 26 კაცი სალმობათა შინა შურებინ თავით თჳსით და აიძულებს წარწყმედასა თჳსსა, ხოლო გულარძნილსა მას პირსა თჳსსა ჰმოსიეს წარსაწყმედელი თჳსი.
27 უგვანი კაცი ბოროტს იზრახავს და მის ბაგეზე თითქოს მოგიზგიზე ცეცხლია. 27 კაცმან უგუნურმან ითხარის თავისა თჳსისა წარსაწყმედელი და ბაგეთაგან თჳსთა ცეცხლი დაიუნჯის.
28 უკუღმართი კაცი შუღლს აღვივებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს. 28 კაცი გულარძნილი გამოიღებნ ბოროტსა და ნაბერწყალი ზაკვისა ცეცხლებრ შეუდვის უკეთურთა და განაშორნის მეგობარნი.
29 მოძალადე კაცი თავის მოყვასს აცთუნებს და უკეთური გზით ატარებს. 29 კაცი უშჯულო გამოცდილ იქმნის მეგობართაგან და მიიყვანნის იგინი გზასა არაკეთილსა.
30 ვინც თვალებს ჭუტავს, უკუღმართს ფიქრობს; ვინც ბაგეებს კუმავს, სიავისთვის მზად არის. 30 განიმტკიცებნ თუალთა თჳსთა და განიზრახავნ გულარძნილსა და მოიახლის ბაგეთა თჳსთა და იტყჳნ ყოველსა ბოროტსა; ესე საჴუმილი არს უკეთურებისაჲ.
31 დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი; სიმართლის გზაზე იპოვება. 31 გჳრგჳნ სიქადულისა სიბერე, ხოლო გზათა შინა სიმართლისათა იპოების.
32 სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს. 32 უმჯობეს არს კაცი სულგრძელი ძლიერებისაგან, ხოლო რომელმან დაითმინის გულისწყრომაჲ, უფროჲს მისსა არს, რომელმანცა დაიპყრას ქალაქი ძნელი.
33 წილს უბიდან ყრიან, მაგრამ ყოველი განაჩენი უფლისგან მოდის. 33 წიაღადვე თჳსად მიუჴდეს ყოველი ცრუთა მათ, ხოლო უფლისა მიერ ყოველი სამართლად.