ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იგავნი სოლომონისა

თავი მეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უმწიკვლოდ მავალი ღარიბ-ღატაკი სჯობს ბაგემზაკვარსა და მდიდარს.

1

უმჯობეს არს უმეცარი, რომელი ვლიდეს ერთგულად, ვიდრეღა ორგულებით ბაგეთა ხრიდეს.

2 არ ვარგა უმეცარი კაცი, ფეხაჩქარებული ცოდვას ჩაიდენს. 2 უმეცრება სულისა თვისასა არა კეთილ, ხოლო დაუდგრომელობა ფერჴთა ცოდვათა შეიმთხვევს.
3 ადამიანს გზას თავისივე სიბრიყვე უმრუდებს, მისი გული კი უფალს ემდურის. 3 უგუნურებაჲ კაცისა განრყუნის ზრახვითა მისითა და ღმერთსა აბრალებნ გულითა.
4 სიმდიდრე მრავალ მეგობარს ჰმატებს, უპოვარს კი გაურბის. 4 სიმდიდრემან შესძინის მეგობარნი მრავალნი, ხოლო გლახაკსა მას, რომელცა უვინ, გან-ვე-ეშორის.
5 ცრუმოწმე დაუსჯელი ვერ გადარჩება და ტყუილის მთქმელი თავს ვერ იხსნის. 5 მოწამე მტყუარი არა უტანჯველი იყოს, ხოლო რომელი აბრალებდე ნაწილად, იგი ვერ განერეს საშჯელსა.
6 ბევრს დიდკაცების იმედი აქვს; ყველას ხელგაშლილ კაცთან მეგობრობა სურს. 6 მრავალნი მსახურებენ პირსა მეფისასა, ხოლო ყოველივე უკეთურ იქმნის მიცემასა მისსა და მაყუედრებელ კაცისა არნ.
7 ღარიბ-ღატაკი მის ძმებსაც კი ეჯავრება, მეგობრები კი ხომ გაურბიან. ხვეწნა-ვედრება არ გადის მათთან. 7 ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმაჲ გლახაკი, ესევითარი სიყუარულისაგანცა შორს იყოს განზრახვაჲ კეთილი, რომელთა იციან იგი, მათა მახლობელ არს, ხოლო კაცმან ბრძენმან პოოს იგი. რომელი მრავალსა ბოროტსა იქმს, აუვარებს უკეთურებასა და რომელი აღაზრზენდეს სიტყუასა, იგივე ცხონდეს.
8 სიბრძნის მომხვეჭელს თავისი თავი უყვარს; ჭკუის შემნახველი სიკეთეს ჰპოვებს. 8 რომელმან მოიპოვა გონიერებაჲ, უყუარს მას თავი თჳსი და, რომელმან დაიმარხოს სიბრძნე, პოოს მან კეთილი.
9 ცრუმოწმე დაუსჯელი ვერ გადარჩება, ტყუილის მთქმელი დაიღუპება. 9 მოწამე ცრუჲ არა უცოდველ იყოს; რომელმან აღაგზნეს ბოროტი, იგივე წარწყმდეს.
10 ბრიყვი ვერ მოიხდენს საამურ ცხოვრებას, მით უფრო მონა მთავრებზე ბატონობას. 10 არა შეჰგავს უგუნურსა შუებაჲ; ეგრეთვე, უკუეთუ მონაჲ მთავრობდეს უფალთა, გინებით იდევნენ.
11 გონიერი კაცი სულგრძელია და მისი დიდება ცოდვის მიტევებაა. 11 მოწყალე კაცი სულგრძელ არნ, ხოლო სიქადული მისი მიუჴდეს უღმრთოთა.
12 მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვასა ჰგავს, მისი წყალობა კი ცვარსა ჰგავს ბალახზე. 12 მეფისა ბრძანებაჲ მსგავს არს ბრდღუენისა ლომისასა და, ვითარცა ცუარი მწუანვილსა ზედა, ეგრეცა მხიარულებაჲ მისი.
13 მამისთვის დაღუპვაა ბრიყვი შვილი; ანჩხლი დედაკაცი წყალსაჟური ღარია. 13 სირცხჳლ მამისა შვილი უგუნური და არაწმიდა არიან ლოცვანი მისნი სასყიდლისაგან უცხოჲსა.
14 სახლი და დოვლათი მამის დანატოვარია, გონიერი დედაკაცი კი - უფლისგან არის. 14 სახლი და მონაგები განუყვიან მამათა შვილთა, ხოლო უფლისა მიერ შეემთხჳოს ცოლი სახიერი ქმარსა.
15 სიზარმაცემ ძილქუში იცის და არხეინი კაცი იშიმშილებს. 15 შიშსა შეუპყრიედ მემრუშეთა გული და სულსა უქმთასა შიოდეს.
16

მცნების დამცველი თავის სულს იცავს, აბუჩად ამგდები კი მოკვდება.

16

რომელი იმარხვიდეს მცნებასა, დაიცვას სული თჳსი, ხოლო, რომელი უდებ-იყოს გზათა თჳსთა, იგი წარწყმდეს.

17 ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიუზღავს სამაგიეროს. 17 ავასხის უფალსა, რომელი სწყალობნ გლახაკთა, და მისაცემელისაებრ მისისა მიეგოს მას.
18 დასაჯე შენი შვილი, სანამ იმედია, და ნუ შეგაშფოთებს მისი ღრიალი. 18 განსწავლე ძე შენი და ესრეთ იყოს სასოჲ კეთილ და გინებასა ნუ აღაყვანებ სულსა მისსა (უკუეთუ სცე მას კუერთხითა, არა მოკუდეს, არამედ სული მისი სიკუდილისაგან იქსნე).
19 ბრაზიანმა იტვირთოს სასჯელი, რადგან თუ გაუშვი, კვლავ მოგიწევს დასჯა. 19 სახე ბოროტებისათა კაცი ფრიად იზღჳოს, ხოლო უკუეთუ უსჯულოებდესღა, სულიცა თჳსი დაჰრთოს.
20 მოისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე. 20 ისმინე, შვილო, სწავლაჲ მამისა შენისა, რათა ბრძენ იყო სიბერესა შენსა.
21 მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლის ჩანაფიქრი აღსრულდება. 21 მრავალნი ზრახვანი არიან გულსა კაცისასა, ხოლო ზრახვაჲ უფლისა ჰგიეს უკუნისამდე.
22 კაცის ნეტარება მის სიკეთეშია, ღარიბ-ღატაკი ცბიერს სჯობია. 22 ნაყოფ კაცისა მოწყალებაჲ არს, უმჯობეს გლახაკი მართალი, ვიდრე მდიდარი მტყუანი.
23 უფლის შიში მაცოცხლებელია, კმაყოფილებას ასადგურებს და აფრთხობს ბოროტებას. 23 შიში უფლისა საცხორებლად კაცისა, ხოლო უშიში იგი ბჭეთა ზედა იქცეოდის შეცთომილად და ადგილთა მათ, სადა-იგი არა მიხედავს საუკუნოჲ.
24 ზარმაცს უბეში აქვს ხელი ჩამალული და პირთან მიტანა ეზარება. 24 რომელმან დაიმალნეს ჴელნი სიცრუით, ვერცაღა პირად მიყუნეს იგინი.
25 თუკი ზნეწამხდარს დასჯი, სულელი დაბრძენდება; თუ გონიერს ამხილებ, შეიგნებს დარიგებას. 25 სატანჯველსა უგუნური უვერაგეს იქმნეს, ხოლო უკუეთუ ამხილო კაცსა გონიერსა, გულისჴმა-ყოს მეცნიერებაჲ.
26 ვინც მამაზე ძალმომრეობს და დედას დევნის, იგი უტიფარი და მარცხვენალი შვილია. 26 რომელმან შეურაცხ-ყოს მამა და განაძოს დედა თვისი, სირცხვილეულ და საყვედრელ იქმნეს.
27 როდემდის უნდა გესმოდეს, შვილო, დარიგება და განაგდებდე შეგონების სიტყვებს? 27 შვილო, ნუ დაუტევებ სმენასა წვრთილებისასა და ნუცა უგულებელს-ჰყოფ სიტყვასა კეთილსა.
28 უკუღმართი მოწმე სამსჯავროს აბუჩად იგდებს და ბოროტეულთა პირი სიცრუეს ყლაპავს. 28 რომელმან თავს-მდებად ყოს ყრმა ჩჩვილი, მტერ იქმნეს სამართლისა, ხოლო პირი უღმრთოთა შთანთქამს სასჯელსა.
29 ზნეწამხდარისთვის მზად არის მსჯავრი და ბრიყვთა ზურგისთვის - ცემა-ტყეპა. 29 განიმზადონ უწვრთელთა გვემანი და უგუნურთა პატიჟნი.