ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია. |
1 |
უძღებ არს ღვინო და შემაგინებელ სიმთრვალე, ხოლო ყოველნი უგუნურნი ეთანადებიან. |
2 | მეფის მუქარა ლომის ბრდღვინვასა ჰგავს, მისი განმარისხებელი თავს დაიღუპავს. | 2 | ზახილი ლომთა აშინებს პირუტყვთა და რისხვა მეფისა კაცთა, ხოლო რომელმან გახარისხოს, ავნოს სულსა თვისსა. |
3 | შუღლის აღკვეთა კაცის ღირსებაა, ყველა უმეცარი კი შფოთის ამტეხია. | 3 | დიდება კაცისა არს შორს-ყოფა შფოთთაგან, ხოლო უგუნურნი ყოველნი აღერევიან. |
4 | ზარმაცს სიცივეში ხვნა ეზარება, სთვლობას კი მოიკითხავს, მაგრამ არაფერი ექნება. | 4 | მცონარი კაცი არა შვრებინ ჴნულსა. და გაზაფხულ ითხოვნ იფქლსა და არავინ მისცის. |
5 | კაცის გულის ზრახვები ღრმა წყალია, გონიერი კაცი იქიდან ხაპავს. | 5 | წყალი ღრმა არს გონება კაცისა, ხოლო ბრძენმან კაცმან აღმოწბას იგი. |
6 | ბევრი გაიძახის თავის სიკეთეს, მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვის? | 6 | დიდ არს კაცი და პატიოსან კაცი მოწყალე, ხოლო კაცი სარწმუნო ძნიად იპოოს. |
7 | მართალი თავის უმწიკვლოებით დადის, ბედნიერნი არიან მისი შვილები მის შემდეგ! | 7 | რომელი იქცევინ სამართალსა უბიწოდ, სანატრელნი შვილნი დაუტევნის; |
8 | მსაჯულის ტახტზე მჯდომი მეფე ყოველ ბოროტებას საკუთარი თვალებით ფანტავს. | 8 | რამეთუ, რაჟამს მეფჱ მართალი დაჯდეს საყდართა სასჯელისათა, არა დამდგომ არს წინაშე თუალთა მისთა ყოველი უკეთური. |
9 | ვინ იტყვის: სუფთა გული მაქვს და ცოდვისაგან განვიწმიდეო? | 9 | ვინმე იქადოს გულითა წმიდა-ქონებად? ანუ ვინმე იკადროს თქმად, ვითარმედ: წმიდა ვარ ცოდვისაგან? |
10 | მტყუანი საწონი და მტყუანი საწყაო - ერთიც და მეორეც სიბილწეა უფლისათვის. | 10 | სასწორი დიდი და მცირე და საწყაული ორი საძაგელ არს წინაშე უფლისა (და რომელთა ყონ იგი, მითვე უბრკუმეს და შებრკოლდეს კაცი). |
11 | ყმაწვილსაც კი შეიცნობ თავისი საქციელით, თუ წრფელად აკეთებს, რასაც აკეთებს. | 11 | ჭაბუკი, რომელი სიწმიდით ხოლო ვალნ, მართალ არიედ ეზონი მისნი. |
12 | ყურს ესმის და თვალი ხედავს - ერთიც და მეორეც უფალმა შეჰქმნა. | 12 | ყურთა ესმინ, თუალთა ხედავნ. და უფალსა შეუქმნიან ორნივე. |
13 | ძილი ნუ გეყვარება, თორემ გაღატაკდები. თვალები გაახილე და პურით დანაყრდები. | 13 | ნუ გიყუარნ ძჳრისსიტყუაჲ, რათა არა შეიმუსრო; აღიხილენ თუალნი შენნი და განსძღე პურითა. |
14 | ცუდია, ცუდიაო, ამბობს მყიდველი. როცა კი წავა, ქებას მოჰყვება. | 14 | ძჳრსა უკეთურად იტყჳნ, რომელი ვალნ მას შინა, და წარმდებებით იქადინ. |
15 | მრავლად არის ოქრო და მარგალიტი, მაგრამ ძვირფასი საჭურჭლე კი ცოდნის ბაგეა. | 15 | არს ოქროჲ სიღრმე უფსკრულთა, ხოლო ჭურ პატიოსან არიან ბაგენი მეცნიერნი. |
16 |
აიღე მისი სამოსელი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად. უცხო ქალის სანაცვლოდ გამოართვი ნახუთევი. |
16 |
განეშორე მისგან, რომელი თავს-მდებ ექმნეს უცხოსა და სტუმართათჳს დაწინდულ იქმნას. |
17 | სიცრუის პური ეტკბილება კაცს, მერე კი მისი ღორღით აევსება პირი. | 17 | დაუტკბნა კაცსა პურნი სიცრუვისანი და აღავსო პირი მისი შანთითა მჴურვალითა. |
18 | გეგმები ბჭობაში მტკიცდება; გონივრულად გაემზადე საომრად. | 18 | გულისზრახვანი შეკრებულთაგან განირჩევიან და ბრძოლანი სიბრძნით განემზადებიან. |
19 | ჭორიკანა კაცი საიდუმლოს გამტეხია, პირმორღვეულს ახლოს ნუ გაეკარები. | 19 | რომელი განმცხადებელ არს ხვაშიადთა, ზაკვით ვალს და მაცთურობით აღახვამს ბაგეთა, ხოლო შენ ნუ მიახლები. |
20 | დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი. | 20 | რომელმან განგმოს მამა-დედანი, დაუშრტეს ნათელი და გუგანი თვალთანი დაუბნელდეს. |
21 | თავიდან იოლად შეძენილი ქონება საბოლოოდ კურთხეული აღარ იქნება. | 21 | ხვედრი, სურვილით აღებული, აღსასრულსა არა იკურთხოს. |
22 | ნუ იტყვი, ბოროტებას სანაცვლოს მივაგებო, უფალს მიენდე და ის გიშველის. | 22 | ნუ იტყვი: რათა შურ-ვაგო მტერსა, არამედ მოითმინე უფლისათჳს, რათა შემწე გეყოს. |
23 | უთანასწორო საწონები სიბილწეა უფლის წინაშე და მატყუარა პინები არ არის კარგი. | 23 | ბილწ არიან წინაშე უფლისა საწყავნი ორრიგნი და სასწორი ზაკული არა კეთილ მის წინაშე. |
24 | უფლისგან არის კაცის ნაბიჯები; როგორღა გაიგნოს კაცმა თავისი გზა-კვალი? | 24 | უფლისაგან არს წარმართება - სლვა კაცისა, ხოლო მოკვდავთა ვითარ ცნან გზანი თვისნი? |
25 | კაცისთვის ხაფანგია დაუფიქრებლად რაიმეს სიწმიდედ შერაცხვა და აღთქმათა მიცემის შემდეგ გამოჩხრეკა. | 25 | მახე იჩქითი არს განმწარება წმიდათა, ხოლო შემდგომად შეწირონ და ინანონ. |
26 | ბრძენი მეფე ფანტავს ბოროტეულთ და მათ თავზე ბორბალს ატრიალებს. | 26 | განბნევა უღმრთოთა არს მეფე ბრძენი, რომელი ავლინებს მათ ზედა ურმისთვალთა. |
27 | კაცის ხელი უფლის ლამპარია, მისი შიგანის გამომკვლეველი. | 27 | ნათელი უფლისა ბრწყინავს კაცთა ზედა, რომელი გამოიკვლევს საუნჯეთა გულისათა. |
28 | მადლი და ჭეშმარიტება იცავს მეფეს და სიმართლით უპყრია მას თავისი ტახტი. | 28 | წყალობა და ჭეშმარიტება მცველ არს მეფეთა და გარეშემზღუდველ საყდართა მისთა სიმართლე. |
29 | ჭაბუკთა დიდება მათი ჯანია, მოხუცთა პატივი კი - ჭაღარა. | 29 | სამკაული ჭაბუკთა - სიბრძნე თჳსი და დიდება მოხუცებულთა - მჴცოვანებანი. |
30 | ნაცემის ჭრილობა მოაქცევს უკუღმართს და დარტყმები განწმედს მის შიგანს. | 30 | კვეთა და წყლვა შეემთხვიოს ბოროტსა, ხოლო ტანჯვანი საუნჯეთა მუცლისა მისისათა. |