ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მეფის გული წყლის ნაკადულებია უფლის ხელში: საითაც ინებებს, იქით მიუშვებს. |
1 |
ვითარცა ნაკადელნი წყალთანი, ეგრეთვე გულნი მეფისანი - ჴელთა შინა ღმრთისათა, სადა ნებავს მიხედვად, მიაქციოს მუნით. |
2 | კაცის თვალში სწორია ყველა მისი გზა, ხოლო გულებს უფალი წონის. | 2 | ყოველსა კაცსა ჰგონიეს თავი თჳსი განმართლებულად, ხოლო წარმმართებელი გულთაჲ ღმერთი არს. |
3 | სიმართლის და სამართლის ქმნა მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის. | 3 | საქმე სიმართლისა და ჭეშმარიტებისა სათნო არნ წინაშე უფლისა უფროჲს, ვიდრეღა მსხუერპლთა სისხლნი. |
4 | ქედმაღლობა და დიდგულობა - ბოროტეულთა ლამპარი - ცოდვაა. | 4 | გონება დიდ გინებასა შინა კაცი გულფიცხელი, ხოლო ბრწყინვალებაჲ უღმრთოთა ცოდვაჲ. |
5 | მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა - სიდუხჭირეს. | 5 | ზრახვამოკლედ სიწრფოებაჲ არს, ხოლო ყოველი დაუდგრომელი მომედგრეს. |
6 | სიცრუით მოხვეჭილი განძი წარმავალი ორთქლია და სიკვდილის ხაფანგი. | 6 | რომელი შეიკრებდეს საუნჯეთა ენითა ტყუილისათა, ამაო არს, და მისდევს იგი საფრჴეთა სიკუდილისათა. |
7 |
ბოროტეულთ მათივე ძალადობა წალეკავს, რადგან მათ არ სურთ სამართლის ქმნა. |
7 | მოსრვაჲ უღმრთოთა ზედა მოიწიოს, რამეთუ არა ჰნებავს საქმედ სიმართლისა. |
8 | ცრუ კაცის გზა უკუღმართია, ხოლო სუფთა კაცი წრფელად იქცევა. | 8 | გულარძნილთა მათ გულარძნილნი გზანი მოუვლინნის უფალმან ღმერთმან, ხოლო წმიდა და მართალ საქმენი მისნი. |
9 | სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას. | 9 | უმჯობეს არს ყოფაჲ ყურეთა ჰაერსა ქუეშე, ვიდრე მოპიტალებულთა სიცრუვით და სახლსა შინა შეგინებულსა ზოგებით. |
10 | ბოროტეულის სულს ავი სწადია; წყალობას ვერ ჰპოვებს მის თვალში მისი მახლობელი. | 10 | სულსა უღმრთოთასა გული უთქუამნ უკეთურებასა და არავისგან შეწყნარებულ იქმნას კაცთაგანისა. |
11 | ზნეწამხდარის დასჯით ბრიყვი დაბრძმენდება, ბრძენი შეგონებით ცოდნას იხვეჭს. | 11 | ზღუევასა ბილწისასა უგონიერეს იქმნას უმანკოჲ ხოლო გულისჴმა-ყოს ბრძენმან და შეიწყნაროს მეცნიერებაჲ. |
12 | ბოროტეულის სახლის მზირველი მართალი ბოროტეულთ გააუბედურებს. | 12 | გულისხუმა-ყვნეს მართალმან სულნი უღმრთოთანი, რამეთუ განირყუნიან უღმრთონი ბოროტსა შინა. |
13 | ვინც ღატაკთა კვნესის წამყრუებელია თავადაც იყვირებს, მაგრამ არ იქნება შეწყნარებული. | 13 | რომელმან დაიყუნეს ყურნი არა სმენად უძლურისა, იგიცა ხადოდის უფალსა და არა ვინ იყო, რომელმანცა ისმინა მისი. |
14 | ფარული ძღვენი წყრომას აცხრობს და უბეში ქრთამი - ძლიერ მრისხანებას. | 14 | მისაცემელმან იდუმალმან გარემიაქციოს რისხვაჲ, ხოლო რომელი ქრთამსა ძჳრობს, გულისწყრომაჲ აღადგინის ძლევად. |
15 | სამართლის ქმნა მართლისათვის სიხარულია, ბოროტმოქმედთათვის - შიში. | 15 | მხიარულებაჲ მართალთა საქმე სიმართლისაჲ, ხოლო ღირსი არაწმიდა არს უკეთურთა წინაშე. |
16 |
გონიერების გზა-კვალს აცდენილი კაცი სულთა კრებულში თუ მოისვენებს. |
16 |
კაცი, რომელი შეცთომილ იყოს გზათა სიმართლისათა, შესაკრებელსა გმირთასა განისუენოს. |
17 | ლხინის მოყვარული კაცი გაღატაკდება; ღვინისა და ნელსაცხებლის მოყვარული ვერ გამდიდრდება. | 17 | კაცსა ნაკლულევანსა უყვარს საშუებელი, ხოლო, რომელსა უყვარდეს ღჳნოჲ და ზეთი, არა განმდიდრდეს. |
18 | მართლის გამოსასყიდი ბოროტეული იქნება, გულწრფელთა კი - მზაკვარი. | 18 | ნარჩევ მართლისა უსჯულოჲ და წრფელისა წილ დაუდგრომელი. |
19 | უბედურ ქვეყანაში ცხოვრება სჯობია ანჩხლ და ბრაზიან ცოლთან ყოფნას. | 19 | უმჯობეს არს ყოფაჲ ქუეყანასა უდაბნოსა, ვიდრე დედაკაცისა თანა მოლალისა და ენოვნისა და გულმწყრალისა. |
20 | ძვირფასი განძი და ნელსაცხებელია ბრძენის სამყოფელში, ბრიყვი კაცი კი აჩანაგებს მათ. | 20 | საუნჯე გულისსათქუმელი განუსუენებს პირსა ბრძენთასა, ხოლო კაცთა უგუნურთა შთანთქან იგი. |
21 | სიმართლისა და მადლის მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლეს და დიდებას ჰპოვებს. | 21 | გზათა სიმართლისა და წყალობისათა პოონ ცხორებაჲ, შეწყალებაჲ და დიდებაჲ. |
22 | დევ-გმირთა ქალაქზე აღდგება ბრძენკაცი და დაამხობს საიმედო სიმაგრეს. | 22 | ბრძენმან მიმართა ქალაქთა მაგართა და შემუსრა სიმაგრე, რომელ სასო იყო უღმრთოთა. |
23 | საკუთარი პირისა და ენის დამცველი თავს გაჭირვებისგან იცავს. | 23 | რომელმან დაიცვას პირი თჳსი და ენაჲ თჳსი დაიმარხოს, იჴსნას ჭირისაგან სული თჳსი. |
24 | ამპარტავანი, მედიდური, ზნეწამხდარი მისი სახელია, ვინც მედიდური მძვინვარებით იქცევა. | 24 | ფიცხელსა და კადნიერსა და ლაღსა ბილწ ეწოდების, ხოლო რომელი ძჳრსა იჴსენებდეს - უშჯულოჲ. |
25 | ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ შრომა. | 25 | გულისთქუმათა მოაკუდინიან მცონარი, რამეთუ არა რაჲ უნებნ ჴელითა მისითა საქმედ. |
26 | იგი სულ მუდამ გაჭირვებაშია, ხოლო მართალი ხელგაშლილად გასცემს. | 26 | უღმრთოსა გული უთქუმნ ყოველთა დღეთა გულისთქუმასა ბოროტსა, ხოლო მართალსა ეწყალინ და სწყალობნ ურიდად. |
27 | ბოროტეულთა მსხვერპლი სიბილწეა, მით უფრო, როცა მზაკვრობით სწირავენ. | 27 | მსხუერპლნი უღმრთოთანი საძაგელ უფლისა, რამეთუ უშჯულოებით შესწირვენ მას. |
28 | ცრუმოწმე დაიღუპება. თავისი ყურით გამგონე კაცი კი მუდამ ილაპარაკებს. | 28 | მოწამე მტყუარი წარწყმდეს, ხოლო კაცი მორჩილი კრძალულად იტყჳნ. |
29 | ბოროტეული კაცი ამპარტავნულ სახეს იღებს, წრფელმა კი იცის თავისი გზა. | 29 | კაცი უღმრთოჲ ურცხჳნოდ წინააღუდგეს პირსა, ხოლო წრფელმან თჳთ გულისხმა-ყუნის საქმენი მისნი. |
30 | არ არსებობს სიბრძნე, არ არსებობს ცოდნა, არ არსებობს რჩევა უფლის პირისპირ. | 30 | არა არს კაცისა სიბრძნე, არა არს სიმჴნე, არა არს ზრახვაჲ მჴდომ უფლისა. |
31 | ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა უფლისგან არის. | 31 | ცხენი განემზადებინ დღედ ბრძოლისა, ხოლო უფლისა მიერ არს შეწევნაჲ. |