ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ნუ გშურს ბოროტი ხალხისა და მათთან ყოფნას ნუ ინდომებ: |
1 |
შვილო, ნუ ჰბაძავ კაცთა უგუნურთა, ნუცა გული გითქუამნ ყოფად მათ თანა, |
2 | რადგან ძალადობაზე ფიქრობს მათი გული და მათი ბაგენი ბოროტებაზე ლაპარაკობენ. | 2 | რამეთუ სიცრუვესა იწურთის ენაჲ მათი, და სალმობასა იტყჳან ბაგენი მათნი. |
3 | სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით არის დაფუძნებული. | 3 | სიბრძნით იშენების სახლი და გულისჴმის-ყოფით აღემართების. |
4 | ცოდნის წყალობით ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საუცხოო ქონებით. | 4 | და მეცნიერებით აღივსებიან საუნჯენი ყოვლითა სიმდიდრითა პატიოსნითა და კეთილითა. |
5 | ბრძენი ძალმოსილზე ძლიერია და მცოდნე კაცი ძალოვან კაცზე. | 5 | უმჯობეს არს ბრძენი ძლიერისა და კაცი, რომელსა გონიერებაჲ აქუნდეს, ქუეყანისმოქმედისა დიდისა. |
6 | თავგზიანად წარმართე ბრძოლა და შველა მრავალი მრჩევლის წყალობით გექნება. | 6 | |
7 | ბრიყვისთვის სიბრძნე მიუღწეველია, კარიბჭესთან პირს ვერ გახსნის. | 7 | |
8 | ვინც ავს განიზრახავს, ბოროტმოქმედად იწოდება. | 8 | |
9 | ბრიყვის ზრახვა ცოდვაა და ზნეწამხდარი სიბილწეა ხალხისთვის. | 9 | |
10 | თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა. | 10 | |
11 | იხსენი საკვდავად წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად განწირულნი. | 11 | |
12 | თუ იტყვი, აბა, ჩვენ ეს არ ვიცოდით, განა გულთამხილავი ვერ მიხვდება? განა ამას შენი სულის მფარველი ვერ გაიგებს? განა კაცს თავისი საქმეთაებრ არ მიაგებს? | 12 | |
13 | ჭამე, შვილო, თაფლი, რადგან კარგია და გოლეულიც ეტკბილება შენს სასას. | 13 | |
14 | ასევეა ცოდნა და სიბრძნე შენი სულისათვის: თუ იპოვი, მომავალი გექნება და შენი სასოება არ წარიკვეთება. | 14 | |
15 | ნუ უსაფრდები ბოროტეული მართლის საცხოვრებელს და თავს ნუ ესხმი მის სადგომს; | 15 | ნუ მოიყვანებ უღმრთოსა საყოფლად მართლისაჲ, ნუ სცთები მაძღრობითა გულისათა, |
16 | რადგან მართალი შვიდგზისაც რომ დაეცეს, წამოდგება, ბოროტეულნი კი უბედურებაში ჩაცვივდებიან. | 16 | შჳდგზის ღათუ დაეცეს მართალი, აღ-ვე-დგეს, ხოლო უღმრთონი მოუძლურდნენ ბოროტსა შინა. |
17 | ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული, | 17 | უკუეთუ დაეცეს მტერი შენი, ნუ მოგცხრებინ და შებრკოლებასა მისსა ნუ აჰმაღლდები. |
18 |
თორემ უფალი დაინახავს და ბოროტებად შერაცხავს, თავის რისხვას შენზე მოაქცევს. |
18 | ნუუკუე იხილოს იგი უფალმან და არა სთნდეს და გარეწარიქციოს გულისწყრომაჲ თჳსი მისგან. |
19 | უკეთურებს ნუ გაეჯიბრები და ბოროტეულთა ნუ მეგშურდება, | 19 | ნუ გიხარინ ბოროტისმოქმედთა ზედა, ნუცა ჰბრძავ ცოდვილთა ზედა, |
20 | რადგან უკეთურებას მომავალი არ უწერია, ბოროტეულთა ლამპარი ჩაქრება. | 20 | რამეთუ არა ესუას ნაშობი უკეთურთა და ბრწყინვალებაჲ უღმრთოთა დაშრტეს. |
21 | შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ გაეკარები, | 21 | გეშინოდენ, შვილო, ღმრთისა და მეფისა და ნუ ურჩ ექმნები ორთავე მათ, |
22 | რადგან ანაზდად დაატყდება უბედურება და ვინ იცის, რას დაატეხს ერთი ან მეორე. | 22 | რამეთუ მეყსეულად იჴმინიან უღმრთონი, ხოლო ტანჯვაჲ ორთავე ამათ ვინმე ცნას. |
23 | ესეც ბრძენკაცთა ნათქვამია: სამსჯავროზე მიკერძოება კარგი არ არისო. | 23 |
რომელი შვილი სხუასა ეკრძალებოდის წარწყმედასა, მსწრაფლ და ადრე განერეს; შეწყნარებით შეიწყნაროს იგი უფალმან, და რამეთუ არარაჲ ტყუვილი პირისა მისისაგან გამოვიდეს. |
24 | ვინც ურჯულოს ეუბნება, მართალი ხარო, მას წყევლა-კრულვას შეუთვლის ერი და შეაჩვენებენ მას ხალხები. | 24 | ამას გეტყჳ თქუენ: გონიერთა ცნობად სამართლისა ნუ გრცხუენინ, თუალთ-ღებაჲ სასჯელსა შინა არა კეთილ არს. |
25 | მათი მამხილებელნი კი სათნოდ შეირაცხებიან და მათზე გადმოვა კეთილი კურთხევა. | 25 | რომელმან ჰრქუას უღმრთოსა მართალ, წყეულ იყავნ ერისაგან და საძაგელ ნათესავთა შორის. |
26 | ვინც სწორ პასუხს იძლევა, ის პირზე ჰკოცნის. | 26 | ხოლო რომელთა შეატყვან იგინი, უმჯობესად გამოჩნდენ და მათ ზედა მივიდეს კურთხევაჲ. |
27 | შენი საქმე გარეთ მოამზადე, ველზე გაასრულე იგი და ამის შემდეგ აიშენე სახლი. | 27 | |
28 | შენი მახლობელის წინააღმდეგ ფუჭ მოწმედ ნუ გამოხვალ და ნუ იცრუებ შენი ბაგეებით. | 28 | ნუ იყოფი ცრუმოწამე მოქალაქისა შენისათჳს, ნუცა განჰვრცნები ბაგითა შენითა. |
29 | ნუ იტყვი, როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო, თავისი საქმისაებრ მივაგებო. | 29 | ნუ იტყჳ ვითარმედ: ვითარცა მიყო, უყო მეცა. და მივაგო მას, რაოდენი მავნო მე. |
30 | გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი; | 30 | ქუეყანაჲ საქმარი არს კაცი უგუნური და, ვითარცა ვენაჴი, კაცი ნაკლული გონებითა. |
31 | და, აჰა, ყოველივეს ეკალ-ბარდები მოდებოდა, მისი ნიადაგი ჯინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც დანგრეულიყო. | 31 | უკეთუ დაუტეო იგი, მოოჴრდეს და თივაჲ აღმოცენებულ იქმნეს და ყოვლადვე მოოჴრდეს. და ზღუდენი ქვათა მისთანი დაირღუენ. |
32 | როცა ეს ვნახე, ჩავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე: | 32 | უკუანასკნელ სთქუა: მე შევინანე და მოვიხილე გამორჩევად სწავლულებისა. |
33 | ცოტას იძინებ, ცოტას ჩასთვლემ, ცოტახანს თავქვეშ ხელებს შემოიწყობ დასასვენებლად, | 33 | მცირედ დავიძინო და მცირედ დავისხნე ჴელნი მკერდსა ჩემსა. უკეთუ ესე ჰყო, |
34 | და შენი სიღარიბე მწირივით მოგადგება და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით. | 34 | მოიწიოს, ვითარცა წინამორბედი სიგლახაკე შენი და ნაკლულევანებაჲ შენი, ვითარცა კეთილმსრბოლი. |