ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იგავნი სოლომონისა

თავი ოცდამეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როგორც ზაფხულისთვის თოვლი და მკისთვის წვიმაა შეუფერებელი, ასევე ბრიყვისთვის - პატივი.

   
2 როგორც ჩიტი შეინავარდებს, როგორც მერცხალი აფრინდება, ასევე უმიზეზო წყევლა-კრულვაც არ შესრულდება.    
3 მათრახი ცხენისთვის არის, ლაგამი - ვირისთვის, ჯოხი კი - ბრიყვთა ზურგისთვის.    
4 ბრიყვს მისი სირეგვნისაებრ ნუ უპასუხებ, რომ თავად მისი მსგავსი არ გახდე.    
5 ბრიყვს მისი სირეგვენისებრ უპასუხე, რომ თავისი თავი ბრძენი არ ეგონოს.    
6 საკუთარ ფეხებს იკვეთავს და თავს იწვალებს, ვინც ბრიყვს სიტყვას აბარებს.    
7 რაღა კოჭლის თეძოები და რაღა იგავი ბრიყვის ბაგეზე.    
8 რაღა შურდულზე ქვის მიმბმელი და რაღა ბრიყვის პატივისმცემელი.    
9 რაღა ეკლიანი ჯოხი მთვრალის ხელში და რაღა იგავი ბრიყვის პირში.    
10 რაღა მშვილდოსანი, რომელიც ყველას ესვრის, და რაღა ბრიყვის და ლოთის დამქირავებელი.    
11 როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნანთხევს, ასევე იმეორებს ბრიყვი თავის სირეგვნეს.    
12 თუ გინახავს კაცი, რომელსაც თავი ბრძენად მიაჩნდეს? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.    
13 ზარმაცი ამბობს, გზაზე ლომია, შუა ქუჩაში ლომიაო.    
14 კარი თავის ანჯამაზე ტრიალებს, ზარმაცი - თავის ლოგინზე.    
15

ზარმაცი ხელს ჯამში კი ჩაყოფს, მისი პირთან მიტანა კი ეზარება.

   
16 ზარმაცს თავისი თავი უდრო ბრძენი ჰგონია, ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი.    
17 რაღა ძაღლის ყურებში ჩაფრენილი კაცი და რაღა სხვის კამათში ჩარეული.    
18 რაღა ცეცხლის, ისრების და სიკვდილის მსროლელი ოინბაზი,    
19 და რაღა კაცი, რომელიც ატყუებს თავის თვისტომს და ეუბნება, გეხუმრებიო.    
20 სადაც შეშა არ არის, ცეცხლი ჩაქრება; სადაც ენატანია არ არის, შუღლს ბოლო ეღება.    
21 ნახშირი ნაკვერჩხლისთვის არის, შეშა - ცეცხლისთვის, შარიანი კაცი კი - შუღლის გამჩაღებლად.    
22 ენატანიას სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის წიაღამდე აღწევს.    
23 რაღა თიხის ჭურჭელზე გადაკრული ხინჯიანი ვერცხლი და რაღა ლაქარდიანი ენა და ბოროტი გული.    
24 მოძულე კაცი პირით მაქციობს და გულში მზაკვრობა უდევს.    
25 ნუ ენდობი ხმის გამნაზებელს, რადგან მის გულში შვიდი სიბილწეა.    
26 ვინც მტრობას სიცრუით ფარავს, თავის სიავეს საკრებულოში გამოაჩენს.    
27 ორმოს გამთხრელი შიგ თვითონ ჩავარდება, ქვა მის მსროლელს დაუბრუნდება.    
28 კაცის ცრუ ბაგე მისივე მტერია და ლაქარდიანი ენა საფრთხეს უმზადებს.