ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იგავნი სოლომონისა

თავი ოცდამეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ლემუილის, მასას მეფის სიტყვვბი, რომლითაც დედამისი შეაგონებდა.

1

სიტყუანი თქმულნი არიან ღმრთისა მიერ მეუფისა, ბრძანება გასწავა დედამან თჳსმან.

2 რაო, შვილო? რაო, ჩემი მუცლის ნაშიერო? რაო, ჩემი აღთქმების ნაშიერო? 2 რა არს, შვილო, დამარხვა უფლისაჲ? პირველად გეტყჳ შენ, შვილო: რა არს, შვილო მუცლისა ჩემისაო? რა არს, შვილო ლოცვათა ჩუენთაო.
3 ქალებს ნუ შეალევ შენს ძალას და მეფეთა დამღუპველ დიაცებს - შენს გზებს. 3 ნუ მისცემ დედათა სიმდიდრესა შენსა და გონებასა შენსა და ცხორებასა შენსა ნაკლულევანსა ზრახვასა. ზრახვით ყოველსავე იქმოდე, ზრახვით ღჳნოსა სუემდ.
4 არა ხამს მეფეთათვის, ლემუილ, არა ხამს მეფეთათვის ღვინის სმა და არც მთავართათვის თაფლუჭის სმა. 4 ძლიერნი გულმწყრალ არიან ღჳნოსა სუმად,
5 თორემ დალევენ და დაივიწყებენ კანონს და ყველა დაჩაგრულის სამართალს შეცვლიან. 5 რათა არა სუან და დაავიწყდეს სიბრძნე და მართლ შჯად ვერ უძლონ უძლურთა.
6 მიეცი ლუდი გაუბედურებულს და ღვინო - სულგამწარებულს; 6 და მიეცემის სიმთრვალე მწუხარეთა და ღჳნო სუმად ლმობიერთა.
7 შესვას და დაივიწყოს თავისი სიღარიბე და თავისი სატანჯველი აღარ გაიხსენოს. 7 რათა სუან და დაივიწყონ გლახაკება და სალმობანი არა მოიჴსენნენ.
8 გახსენი პირი დამუნჯებულისთვის ყველა ობლისთვის სამართლის გასაჩენად. 8 აღაღე პირი შენი სიტყუასა ღმრთისასა და შჯიდ ყოველთა ცოცხლად.
9 გახსენი პირი სიმართლით განსასჯელად და ღარიბ-ღატაკთათვის სამართლის გასაჩენად. 9 აღაღე პირი შენი და შჯიდ სიმართლით გლახაკთა და უძლურთა.
10 ვინ იპოვის გამრჯე დედაკაცს? მარგალიტზე ძვირია მისი ფასი. 10

დედაკაცი მჴნე ვინმე პოოს, რამეთუ უპატიოსნეს არს ანთრაკთა მრავალსასყიდლისათა ეგევითარი იგი.

11 მისი ქმრის გული მასზე იქნება დანდობილი და შემოსავალი არ მოაკლდება. 11 მოსავ არნ მის ზედა გული ქრმისა მისისა, ესევითარისა ნატყუენავსა არარათ დააკლდეს;
12

მთელი სიცოცხლე სიკეთეს მიაგებს და არა ბოროტებას.

12

რამეთუ შეეწვის ქმარს თჳსსა ყოველსა კეთილსა, არა ბოროტსა, ყოველსა ცხოვრებასა მისსა,

13 ის ეძებს მატყლსა და სელს და ბეჯითად მუშაობს საკუთარი ხელებით; 13 მოიგო მატყლი და სელი და ქმნა საქმრად ჴელითა თჳსითა,
14 სავაჭრო ხომალდების მსგავსად შორიდან მოაქვს თავისი პური. 14 იქმნა იგი, ვითარცა ნავი მომავალი შორით. შეიკრიბა მან თავისა თჳსისა სიმდიდრე.
15 ჯერ კიდევ ღამიანად დგება და სახლს საზრდოს აძლევს და მხევლებს - წესსა და რიგს. 15 და აღდგის ღამითგან და მისცის საზრდელი სახლეულთა თჳსთა. და მუშაკთა და მჴნველთა,
16 იგი ყანაზე ფიქრობს და ყიდულობს კიდეც; საკუთარი ხელების ნაყოფით ვენახსა ჰყრის: 16 იხილა ქუეყანა საქმარი და მოიყიდა, ნაყოფთაგან ჴელთა თჳსთასა დაჰნერგა ფუზე,
17 ძლიერებით ისარტყლავს წელს და მკლავს იმაგრებს. 17 მოირტყნა ძლიერად წელნი მისნი და დაიძრვნა მკლავნი მისნი საქმედ,
18 გრძნობს, რომ კარგია მისი შენაძენი, მისი ლამპარი ღამით არ ჩაქრება. 18 და იხილა გემო, რამეთუ კეთილ არს საქმე, და არა დაშრტებინ ღამე ყოელ ნათელი მისი.
19 ჯარაზე ხელს იწვდის და თითებით თითისტარი უჭირავს. 19 ჴელნი მისნი განმარტნა უმჯობესსა და ნებნი მისნი მიყუნა ტარსა სთვად ნივთისა,
20 ღარიბისთვის ხელი გაშლილი აქვს და უპოვარს ხელს უწვდის. 20 ხოლო ჴელნი მისნი განუხუნა გლახაკთა და ნაყოფი მიუპყრა დავრდომილთა.
21 მის სახლს თოვლის არ ეშინია, რადგან მთელი მისი სახლი ორკეცად არის შემოსილი. 21 არას ზრუნავნ სახლსა შინა ქმარი მისი, უკუეთუ სადა ყოვნის, რამეთუ ყოველნი მისთანანი შემოსილ იყვნენ მრჩობლი სამოსელი და ქლამინდი
22

ფარდაგებს თავად იკეთებს და იგი სელითა და ძოწეულით იმოსება.

22

უქმნა ქმარსა თჳსსა ბისონისაგან და ძოწეულისა თავისა თჳსისა სამოსელი.

23 მისი ქმარი ცნობილია კარიბჭესთან, როცა ქვეყნის უხუცებს შორის ზის. 23 სახედავ არნ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რაჟამს დაშჯდის კრებულსა შორის მოხუცებულთა და მკჳდრთა ქუეყანისათა.
24 მოსასხამებს ამზადებს და ჰყიდის, სარტყლებს მოვაჭრეებს აძლევს. 24 არდაგები ქმნა და განუყო ფინიკიელთა, ხოლო სარტყლები ქანანელთა,
25 ძალით და მშვენებით არის მოსილი და მომავალ დღეს გაღიმებით შესცქერის. 25 პირი თჳსი აღაღო კრძალულებით და წესი განუჩინა ენასა თჳსსა,
26 პირს სიბრძნითა ხსნის და ენაზე მადლიანი დარიგება აქვს. 26 ძალი და შუენიერება შეიმოსა და იხარა უკანასკნელთა დღეთა.
27 თვალ-ყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და პურს მუქთად არა სჭამს. 27 მშრალ არიედ ალაგნი სახლისა მისისანი, ხოლო საზრდელი სიცონილისა არა ჭამა, პირი მისი აღაღო მეცნიერებითა და წესიერებითა.
28 დგებიან მისი ვაჟები და ლოცავენ მას, მისი ქმარი - და აქებს მას. 28 და წყალობამან მისმან დაამტკიცნა ძენი მისნი და ქმარმანცა მისმან აქო იგი და თქუა:
29 მრავალმა ასულმა გამოიჩინა მხნეობა, მაგრამ შენ გადაამეტე ყველას. 29 მრავალთა ასულთა ყვეს ძლიერება, მრავალთა მოიგეს სიმდიდრე, ხოლო შენ გარდაჰრიე და გარდაჰმატე უფროს ყოველთასა.
30 მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი. 30 ტყუილით სათნოებანი და ამოებით სიკეთე დედათა არა არს შენ თანა, რამეთუ დედაკაცი გონიერი იკურთხოს და მოშიშნი უფლისანი აქებდენ მას.
31 მიაგეთ მას მისი შრომის საზღაური და მისმა საქმეებმა იგი კარიბჭეებთან განადიდონ. 31 მოაგეთ მას ნაყოფთაგან ბაგეთა მისთასა და იქებოდენ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რამეთუ გზანი კაცისანი წინაუძღოდიან მას და წარემართნენ უკუნითი უკუნისამდე.