ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით; |
1 |
რამეთუ კაცი ნაშობი დედათაჲ, მცირედ ცხორებული და სავსე რისხვითა, |
2 | ყვავილივით გამოდის და ჭკნება; ჩრდილოეთით გარბის და კვალს არ ტოვებს. | 2 | გინა თუ ვითარცა ყუავილითა ყუავინ და დასცჳვის, წარჴდა, ვითარცა აჩრდილი. |
3 | და მაინც თვალს აპყრობ მას და განსასჯელად მიგყავარ შენთან? | 3 | ანუ არა მისთჳსცა სიტყუაჲვე ჰყავ და ესე შეიყვანე წინაშე სასჯელსა შენსა? |
4 | ვინ შექმნის წმიდას უწმიდურისგან? არავინ. | 4 | ვინმე უკუე წმიდაჲ იყოს მწინკულევანებისაგან? არამედ არავინ, დაღათუ ერთ დღე იყოს ცხორებაჲ მისი ქუეყანასა ზედა. |
5 | თუ დასაზღვრულია მისი დღეები, თუ დათვლილი გაქვს მისი თვეები, თუ საზღვარი დაუდგინე და ვერ გადავა, | 5 | და აღრაცხილ თთუენი მისნი მის მიერ, ჟამადმდე დასდევ და არა გარდაჴდეს. |
6 | დაეხსენი, ნებაზე მიუშვი, რომ ქირისკაცივით გაიხაროს თავისი დღით. | 6 | განეშორე მისგან, რათა დაყუდნეს და სათნო იყოს ცხორებაჲ თჳსი ვითარცა მორეწემან, |
7 | რადგან ხესაც აქვს იმედი - თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება, და ყლორტები არ მოაკლდება. | 7 | რამეთუ არს ხისა სასოება, უკუეთუ მოიკუეთის, კუალად აღმოსცენდის და მორჩი მისი არა მოაკლდეს. |
8 | თუ დაუბერდა მიწაში ფესვი და ღერო ჩაუკვდა ნიადაგში, | 8 | და-ღა-თუ-ბერდეს ქუეყანასა ზედა ძირი მისი და კლდესა ზედა დაეცეს ძირი იგი მისი, |
9 | წყლის სუნზე კვლავ აყვავდება და ყლორტებს გამოყრის როგორც ახალნერგი. | 9 | სულისაგან წყლისა ყუაოდისვე და ყოს ფურცელი, ვითარცა ახალნერგმან. |
10 | მაგრამ კაცი კვდება და ძლეულია; სულს ამოუშვებს ადამიანი და სადღა არის? | 10 | ხოლო კაციღა აღესრულა, წარჴდა, დაეცა კაცი და არღა რა იყოს, |
11 | წყალი გაედინება ზღვიდან, მდინარე იწრიტება და შრება, | 11 | რამეთუ ჟამით მოაკლდების ზღუასა, ხოლო მდინარეღა განირყუნა, განჴმა. |
12 |
ადამიანიც დაწვება და ვეღარ ადგება; ცათა აღსასრულამდე ვერ გაიღვიძებენ, ვერ გამოიფხიზლებენ ძილისაგან. |
12 |
კაცმან რაჲ დაიძინა, არღარა აღდგეს, ცაჲ იყოსღა, არა შეიმოსოს და არცა განიღჳძონ ძილისაგან მათისა, |
13 | ოჰ, ნეტავ ქვესკნელში დამმალავდე, შემინახავდე, ვიდრე შენი რისხვა გადაივლიდეს! დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე! | 13 | უკუეთუმცა ჯოჯოხეთს შიდა დამმარხე და დამფარე მე, ვიდრემდე წარჴდეს რისხვაჲ შენი და განმიჩინო მე ჟამი, ოდეს მოჴსენებაჲ ჩემი ჰყო, |
14 | თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი მაშვრალობის დღეები დაველოდებოდი ჩემი ფერისცვალების დადგომამდე; | 14 | უკუეთუ მოკუდეს კაცი, ცხონდა, რამეთუ აღასრულნა დღენი ცხორებისა მისისანი, დავითმინო ვიდრემდე კუალად ვიშვე. |
15 | დამიძახებდი და მეც ხმას გაგცემდი, შენ ხელთა ქმნილება მოგენატრებოდა. | 15 | და მერმე მიწოდე და მე ვისმინო შენი და ქმნილსა ჴელთა შენთასა ნუ განაშორებ, |
16 | თუ ახლა ჩემს ნაბიჯებს ითვლი, მაშინ ჩემს ცოდვებს აღარ დაუდარაჯდებოდი. | 16 | რამეთუ აღრაცხენ გზანი ჩემნი და არარაჲ დაგავიწყდა შენ ცოდვათა ჩემთაგანი. |
17 | დაიბეჭდებოდა გრაგნილში ჩემი შეცოდება და წარხოცავდი ჩემს დანაშაულს. | 17 | დაჰბეჭდდე უშჯულოებათა ჩემთა ვაშკარანსა შიდა და დაისწავენ იგინი, რომელნი უნებლებით გარდაჰჴდეს. |
18 | მაგრამ დაცემული მთა ხომ ირღვევა და კლდე ცურდება თავის ადგილიდან! | 18 | ხოლო მთაჲ დაცემით დაეცეს და კლდე დაძუელდეს ადგილით თჳსით. |
19 | ქვებს აცამტვერებს წყალი, ნიაღვარი გადარეცხავს მიწას, ადამიანის იმედს კი შენ წარხოცავ. | 19 | ლოდნი მოაწრფელნეს წყალთა და წარღუნეს წყალთა ვრცელთა მიწაჲ ქუეყანისაჲ და მოთმინებაჲ კაცისაჲ წარსწყმიდე. |
20 | ძლევ მას საბოლოოდ და მიდის ის; სახეს შეუცვლი და გაისტუმრებ. | 20 | აჭენე მას სრულიად და წარწყმდა, მიაქციე მას პირი შენი და განავლინე. |
21 | პატივში იქნებიან მისი შვილები, მან კი არ უწყის; დამცირდებიან, ვერაფერს მიხვდება. | 21 | გან-ღა-თუ-მრავლდეს ძენი მისნი, არავე იცის, გინა თუ შემცირდეს, ეგრეცა არავე უწყის, |
22 | მხოლოდ თავისი სხეული სტკივა მას და საკუთარ თავზე გლოვობს. | 22 | ეგრეცა ჴორცნი მისნი ელმოდეს, ხოლო სული მისი ეგლოვდა. |