ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინშე წარსადგომად სატანაც მივიდა მათ შორის უფლის წინშე წარსადგომად.

1

და იყო დღე ესევითარი და მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი წარდგომად წინაშე უფლისა. და ეშმაკი შორის მათსა წარდგომად წინაშე უფლისა.

2 უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან. 2 და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: ვინა მოხუალ შენ? მაშინ თქუა ეშმაკმან წინაშე უფლისა: გამივლიეს ცასა ქუეშე და მომიხილავს ყოვლითურთ და აწ შენ წინაშე ვარ.
3 უთხრა უფალმა სატანას: არ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვენაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. დღემდე სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი უმიზეზოდ დამეღუპა იგი. 3 ჰრქუა მას უფალმან: იხილე სამე აწ მსახური ჩემი იობ, რამეთუ არავინ არს მისებრ ქუეყანასა ზედა კაცი უბიწო, ჭეშმარიტ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და მერმე აქუსღავე უმანკოებაჲ, ხოლო შენ სთქუ მონაგები მისი ცუდად წარწყმედად.
4 მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი. 4 მიუგო ეშმაკმან და ჰრქუა უფალსა: ტყავი ტყავისა წილ და რავდენი-რაჲ არს კაცისა, სულისა თჳსისათჳს მიუზღვის.
5 აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე თავად მას - მის ძვალსა და ხორცს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა. 5 ხოლო აწ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ძუალთა მისთა, უკუეთუ განმარტებულად თაყუანის-გცეს, გინა თუ გაკურთხევდეს შენ.
6 უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს, ოღონდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი. 6 და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: აჰა ესერა, მოგცემ შენ, გარნა სულსა მისსა ერიდე.
7 გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე. 7 და გამოვიდა ეშმაკი იგი უფლისაგან და დასდვა იობს წყლულებაჲ ბოროტი ფერჴითგან ვიდრე თავადმდე და შეჭურა იგი ფაქლითა.
8 აიღო იობმა კეცის ნატეხი მოსაქავებლად და ნაცარში ჩაჯდა. 8 და მოიღო იობ კეცი, რათა წუთხსა იხუეტდეს. და დაჯდა იგი სკორესა ზედა გარეშე ქალაქსა. და ვითარცა ჟამი მრავალი წარჴდა,
9 უთხრა ცოლმა: ახლაც ეჭიდები შენს სიალალეს? ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი! 9 ჰრქუა მას ცოლმან მისმან: ვიდრე დაგითმენიეს და იტყჳ, აჰა ესერა, მოველი ჟამსა მცირედღა და მოიწიოს სასოებაჲ მაცხოვარებისა ჩემისაჲ? აჰა ესერა, წარწყმდა საჴსენებელი შენი ქუეყანით, ძენი და ასულნი იგი მუცლისა ჩემისანი, ტკივილნი ჩემნი და სალმობანი, რომელთათჳს ცუდად დავშუერ რუდუნებითა შენ, ეგერა, თჳთ მყრალობასა მატლთასა ჰზი და ღამეთა ათევ ჰაერთა ქუეშე. მე, შეცთომილი მსახური შენი, ადგილითი ადგილად და სახლითი სახლად მოველოდი მზესა, ოდესმე დაჰჴდეს, რათა განვისუენო შრომათა ჩემთაგან და სალმობათა, რომელთა მოუცავ, არამედ აწ თქუ ნურაჲ სიტყუა უფლისა მიმართ და მოჰკუდე.
10 მიუგო: ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით. 10 ხოლო იობ მიჰხედა მას და ჰრქუა: რაჲსათჳს ვითარცა ერთი უგუნურთაგანი დედათასა იტყჳ? უკუეთუ კეთილი იგი მოვიღეთ ჴელისაგან უფლისა, ბოროტი ესე ვერ მოვითმინოთა? ამას ყოველსა ზედა რავდენი შეემთხჳა მას, არა რაჲ ცოდა იობ ბაგითა თჳსითა წინაშე უფლისა.
11 შეიტყო იობის სამმა მეგობარმა ყველა ეს უბედურება, რაც თავს დაატყდა იობს, და მივიდნენ თავ-თავიანთი ადგილებიდან ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი; შეიყარნენ ერთად, რომ მისულიყვნენ მისასამძიმრებლად და სანუგეშებლად. 11 და ვითარცა ესმა სამთა მათ მეგობართა მისთა ყოველი ესე ბოროტი, რომელი მოიწია მის ზედა, მოვიდეს კაცად-კაცადი სოფლისაგან თჳსისა ხილვად, რაჲ-იგი შეემთხჳა მას. ელიფას, თემანელთა მეფე, ბალდას, სავქელთა მთავარი, სოფარ, მინეველთა მეფე. და მოვიდეს მისა ერთბამად ნუგეშინისცემად და ხილვად მისა.
12 შორიდან გახედეს და ვერ იცნეს, ხმა აიმაღლეს და ატირდნენ. შემოიხია თითოეულმა თავისი მოსასხამი და თავს ზემოთ ცისკენ აპნევდნენ მტვერს. 12 ვითარცა იხილეს შორით, ვერ იცნეს იგი და ღაღად-ყვეს ჴმითა მაღლითა და ტიროდეს. და გარდაიპო კაცად-კაცადმან სამოსელი თჳსი და მიწა გარდაისხეს თავსა.
13 ისხდნენ მის წინ მიწაზე შვიდი დღე და შვიდი ღამე, არავის არაფერი უთქვამს მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტი იყო მისი სატანჯველი. 13 და დასხდეს მის თანა შჳდ დღე და არავინ მათგანი იტყოდა არას, რამეთუ ხედვიდეს წყლულებასა მისსა ბოროტსა და დიდსა ფრიად