ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მაშინ გახსნა იობმა ბაგე და დასწყევლა თავისი დღე.

1

და ამისა შემდგომად აღაღო იობ პირი თჳსი და სწყევდა დღეთა თჳსთა

2 ალაპარაკდა იობი და თქვა: 2 და თქუა:
3 დაიქცეს ის დღე, როცა მე გავჩნდი, და ღამე, როცა ითქვა, კაცი ჩაისახაო! 3 წარწყმდინ დღე იგი, რომელსა მე ვიშევ და ღამე იგი, რომელსა თქუეს, ვითარმედ: წული არს.
4 დაბნელდეს ის დღე, აღარ მოხედოს მას უფალმა ზეგრდამო, აღარ ინათოს მასზე ნათელმა. 4 ღამე იგი იყავნ ბნელ და ნუ გამოიძიოს უფალმან ზეგარდამო, ნუცა მოვალნ მას ზედა ნათელი.
5 მოიცვას წყვდიადმა და აჩრდილმა სიკვდილისა, ღრუბელი გადაეფაროს, თავზე და დღის სიშავემ შეაძრწუნოს! 5 და იპყარნ იგი ბნელმან და აჩრდილმან სიკუდილისამან. და მოვიდეს მას ზედა ნისლი და წყევა დღისა და ღამემან მოაწიოს ბნელი.
6 ბნელმა წაიღოს ის ღამე! არ გაიხაროს წლის დღეთა შორის! თვეთა რიცხვში აღარ ითვლებოდეს! 6 ნუ იყოფინ იგი დღედ წელიწადისად, ნუცა შეერაცხებინ დღეთა თთუეთასა.
7 აჰა, გაბერწდეს ის ღამე, აღარ ეღირსოს სიხარული! 7 არამედ ღამე იგი იყავნ სალმობით და ნუ მოვალნ მას ზედა სიხარული და ნუცა მხიარულებაჲ.
8 შეაჩვენონ დღის მაწყევართა, ლევიათანის გამღვიძებელთა! 8 არამედ წყევენ იგი, რომელმან წყეოს დღე იგი, რომელი-იგი ჴელთდებად ვალს ვეშაპსა მას დიდსა.
9 დაბნელდნენ მისი განთიადის ვარსკვლავები, ელოდოს ნათელს და არ ჩანდეს, ვერ იხილოს ცისკრის წამწამები! 9 დაბნელდედ ვარსკულავნი მის ღამისანი და ნუ დაადგრებინ და ნუცა განათლებად მოვალნ და ნუ იხილავნ მთიებსა აღმომავალსა.
10 რომ საშოშივე არ ჩამიკეტა კარი და არ განმარიდა ამ სატანჯველს! 10 რამეთუ არა დაჰჴშნა ბჭენი საშოსა დედისა ჩემისანი. და განმაშორა სალმობაჲ თუალთაგან ჩემთა.
11 რატომ არ მოვკვდი დედის მუცელშივე? რატომ არ გავთავდი გამოსვლისთანავე? 11 რაჲსათჳს მუცელსავე შინა არა მოვჰკუედი? საშოთ რაჲ გამოვედ და არა მეყსეულად წარვწყმდი?
12 რისთვის ამიქვეს მე მუხლებმა, რა იყო ის ძუძუ, რომელსაც ვწოვდი? 12 ანუ რაჲსათჳს შემემთხჳნეს მუჴლნი? ანუ რასათჳს ძუძუთა განმზარდეს მე ?
13 ახლაც ვიწვებოდი დამშვიდებული, ძილში ვიქნებოდი მოსვენებით! 13 აწმცა დაწოლილ ვარ და დაყუდებულ, და-მცა-ვიძინე, და განვისუენე.
14

მეფეებთან და ქვეყნის მრჩევლებთან, აკლდამებს რომ იშენებენ თავისთვის.

14

მეფეთა თანა მზრახვალთა ქუეყანისათა, რომელნი იზახებდეს მახჳლებითა მათითა,

15 ან მთავრებთან, რომელთაც ოქრო აქვთ, ვერცხლით რომ ივსებენ სახლებს. 15 ანუ მთავართა, რომელთა თანა იყო ოქროჲ ფრიად, რომელთა აღევსნეს სახლნი მათნი ვეცხლითა.
16 რატომ არ ვარ მკვდრადნაშობივით გადამალული, ჩვილივით, რომელსაც სინათლე არ უნახავს! 16 ანუ ვითარცა მორყუნილი რაჲ გამოჴდის საშოთ, ანუ ვითარცა ჩჩჳლნი, რომელთა არა იხილეს ნათელი.
17 ბოროტეულნი იქ აღარ მძვინვარებენ, დამაშვრალნი იქ განისვენებენ; 17 მუნ უღმრთოთა თანა აღაგზნეს გულისწყრომაჲ რისხვისა. მუნ განისუენეს მაშურალთა ჴორცითა,
18 იქ მშვიდად არიან ტყვეები, მჩაგვრელთა ყვირილი მათ არ ესმით; 18 ერთბამად, საუკუნეთა მათ არა ესმის მათ ჴმაჲ ხარკისმკრებელთა.
19 იქ არიან დიდნი და მცირენი, იქ მონა ბატონისგან თავისუფალია. 19 მცირე და დიდი მუნ არს და მსახური უშიშად უფლისა თჳსისა.
20 რისთვის ეძლევა სინათლე ტანჯულს და სულგამწარებულს - სიცოცხლე, 20 რაჲსათჳსმე მოეცა განმწარებულთა ნათელი და ცხორებაჲ, რომელნი სალმობასა შინა არიან, სულნი,
21 სიკვდილის მონატრულთ და ვერმპოვნელთ, დამარხულ განძზე მეტად რომ ეძებენ; 21 რომელთა სწადის სიკუდილი და ვერ მიემთხჳნიან და ეძიებენ მას, ვითარცა საფასესა.
22 უზომოდ გახარებულს, აღტაცებულს, საფლავის პოვნით, 22 და მხიარულ იქმნიან, რაჟამს მიემთხჳნიან,
23 კაცს, გზაგადაკეტილს, ღვთისაგან ალყაში მოქცეულს? 23 რამეთუ სიკუდილი კაცისა განსუენებაჲ არს, და შეაყენა ღმერთმან მათ ზედა.
24 რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი! 24 უწინარეს საზრდელისა ჩემისა სულთქმანი მოიწევიან. ვცრემლოვი შეყენებული შიშისა,
25 რადგან მეწია შიშისზარი, მე რომ მზარავდა; რასაც ვუფრთხოდი, თავს დამატყდა! 25 რომლისათჳს ვზრუნევდი, მოიწია ჩემ ზედა და რომელსა ვეჭუდი, შემემთხჳა მე.
26 აღარც სიმშვიდე, აღარც შვება, არც მოსვენება; მოვიდა ვაება. 26 ვერცა მშჳდობით ვიყავ, ვერცა მყუდროებით და ვერცა განვისუენებდ. და მოიწია ჩემ ზედა რისხვა.