ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი ოცდამეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დამცინიან ჩემზე უმრწემესნიც, რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ძაღლებში არ გავრევდი;

1

აწ, ესერა, მეცინიან. უნაკლულევანესნი აწ, ესერა, მასწავებენ მე ზოგს-რასმე, რომელთანი შეურაცხ-მეყუნეს მამანი მათნი, რომელნი არა შემერაცხნეს სწორად ძროხათა მძოვართა ჩემთასა.

2 რაღაში მარგია მათი მკლავის ძალა? სიბერე ეწია მათ. 2 და ძალი იგი ჴელთა მათთა რავდენ არს ჩემდა? მათ ზედა წარწყმდა აღსასრული.
3 შიმშილისგან გაძვალტყავებულნი გარბიან გვალვიან უდაბნოში, დიდი ხნის მიტოვებულ ტრამალებში; 3 ნაკლულევანებასა და სიყმილსა შინა იყვნეს, რომელნი ივლტოდეს ურწყულსა გუშინ იწროებისაგან და უბადრუკებისა,
4 ქათანაცარას წიწკნიან ბუჩქებდაან და კურდღლისცოცხას ფესვებია მათი პური; 4 რომელნი მდელოსა კრებდეს მთათა შინა, რომელთაჲ მხალი იყო მათა საზრდელად, უპატიონი და განქარვებულნი, ნაკლულევანნი ყოვლისაგან კეთილისა,
5 ადამიანთაგან აძევებენ და, როგორც ქურდს, ისე მიჰყვებიან; 5 რომელნი ძირსაცა ხეთასა იცოხნიდეს სიყმილისაგან დიდისა, ჩემ ზედა აღდგომილ არიან მპარავნი,
6 რომ ხევ-ხუვებში და მიწის მღვიმეებში იცხოვრონ; 6 რომელთანი სახლნი მათნი იყვნეს ჴურელნი კლდეთანი, შორის საოხრელთა ღაღადებდეს.
7 ბუჩქებს შორის ყროყინებენ და ჯაგნარების ქვეშ იყუჟებიან; 7 რომელნი ქარქუეტითა ველისათა იზარდებოდეს, უგუნურთა.
8 არამზადებივით, უგვანი ბრბოსავით, განიდევნენ ქვეყნიდან; 8 შვილთაგან უპატიოჲ სახელი და მორჩილებაჲ დაშრეტილი ქუეყანით.
9 ახლა მათი სამღერელი და სალაპარაკო გავხდი; 9 აწ, ესერა, ქნარი მათი მე ვარ, და მე სასიტყუელად ვაქუ.
10 ვეზიზღები, გარბიან ჩემგან და წამდაუწუმ მაფურთხებენ სახეში, 10 მომიძაგეს მე და განდგეს ჩემგან შორად, და პირსა წინაშე ჩემსა არა მერიდნეს ნერწყუად;
11 რადგან ახსნეს ჩემი თოკი და შემაჭირვეს, ლაგამი დამიგდეს წინ. 11 აღახუნა კაბარჭთა მისთა და განმაბოროტა მე, და აღჳრნი ამასხნა პირსა ჩემსა.
12 მარჯვნივ ნაბიჭვარი აღმიდგა და ფეხებში მცემენ, ჩემი დაღუპველი გზები მოასწორეს; 12 მარჯუენით მცენარისა აღდგომილ არიან. ფერჴი მისი განირთხა და გზა-უყო ჩემდამო ალაგთა წარსაწყმედელთა მისთა.
13 დამინგრიეს გზა-სავალი ჩემს დასამხობად, შემწეც არ უნდათ; 13 შეიმუსრნეს ალაგნი ჩემნი, განმძარცუა სამოსელი ჩემი, რამეთუ ისარნი მისნი დამასრინა მე.
14 თითქოს ფართე ხვრელით მოდიან, გრიალით მოექანებიან; 14 და მიზამს მე, რაჲცა უნებს, სალმობათა შინა შებღალულ ვარ,
15 საშინელებები დამატყდა თავს, ქარივით გაიქროლა ჩემბა დიდებამ და ღრუბელივით გადავიდა ჩემი დოვლათი; 15 კუალად მომექცევიან მე სალმობანი ჩემნი: წარჴდა სასოებაჲ ჩემი, ვითარცა ქარი და ვითარცა ღრუბელი, ცხორებაჲ ჩემი.
16

და ახლა იღვრება ჩემი სული, გაჭირვების დღეები მეწიენ მე;

16

და აწ ჩემგან განვიდეს სული ჩემი. მოცემულ არიან ჩემდა დღენი სალმობისანი.

17 ღამით მტეხავს ძვლები და მოსვენება არა აქვს ჩემს სახსრებს; 17 ღამე ძუალნი ჩემნი შეიწუიან და ძარღუნი ჩემნი დაჴსნილ არიან.
18 ძლივძლივობით მეხდება ტანსაცმელი, პერანგის საყელოსავით მაქვს შემოჭერილი; 18 დიდითა ძალითა შებმა-უყო სამოსელსა ჩემსა, ვითარცა საყელე კუართისა ჩემისაჲ გარემომადგეს მე.
19 ტალახში მისროლა და მტვერსა და ნაცარს დავემსგავსე; 19 შემრაცხა მე სწორად თიჴისა, მიწისა თანა და ნაცრისა დადვა ნაწილი ჩემი.
20 შველას გთხოვ და ხმას არ მცემ, ვდგავარ შენს წინაშე და ვერ მამჩნევ; 20 ვღაღადებ შენდამი და არა ისმენ ჩემსა, დავდეგ და არა განმიცადეს მე.
21 მტარვალად მექეცი, შენი ძლიერი მკლავით მებრძვი; 21 და ზედამომიჴდეს მე უწყალოდ, ჴელითა მტკიცითა მტანჯავ მე.
22 ამწიე და ქარზე შემაგდე, ქარიშხალს მიმეცი გასაცამტერებლად. 22 და განაწესენ ჩემ ზედა სალმობანი და განმაგდე მე ცხორებისაგან.
23 ვიცი, სასიკვდილოდ მიგყევარ ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში; 23 ვიცი, რამეთუ სიკუდილმან შემმუსროს მე, რამეთუ სახლ ყოვლისა მოკუდავისა მიწაჲ არს.
24 განა ნანგრევიდან არ იწვდიან ხელს და უბედურებაში არ ითხოვენ შველას? 24 უკუეთუმცა ვითარ ძალ-მედვა თავსა ჩემსა ჴელისა შეყოფა, გინათუმცა ვის ვევედრე სხუასა და მიყო ესე,
25 განა არ მიტირია ბედშავზე? განა არ მიწუხნია გაჭირვებულზე? 25 რამეთუ მე ყოველთა ზედა უძლურთა ვტიროდე და სულთ-ვითქუემდ, ვიხილე კაცი ურვასა შინა.
26 ჰოდა, სიკეთეს ველოდი და ბოროტება მოვიდა, ნათელს ვთესავდი და ბნელი მოვიდა; 26 მოველოდე კეთილსა და აჰა, ესერა, შემემთხჳნეს მე დღენი ბოროტნი.
27 შიგნეული მიდუღს შეუწყვეტლივ, ვაების დღეები დამიდგა; 27 მუცელი ჩემი დუღს და არა დადუმნეს; მომეწიფნეს მე დღენი სიგლახაკისანი,
28 ჩაშავებული დავდივარ - არა მზისგან, კრებულში ვდგავარ და შველას ვითხოვ; 28 სულთქმით ვალ მე თჳნიერ ჭირისა. და ვდგა მე კრებულსა შორის და ვღაღადებ.
29 ტურებს ძმად გავუხდი და მეგობრად - სირაქლემებს; 29 ძმაჲ ვიქმენ ურჩხულთა და მოყუას სირთა.
30 კანი გამიშავდა და ამეტყავა, სიცხისაგან მივარვარებს ძვლები; 30 ტყავი ჩემი დაბნელებულ არს დიდძალად და ძუალნი ჩემნი სიცხისაგან.
31 მოთქმად იქცა ჩემი ქნარი და მოტირალთა ხმად ჩემი სალამური! 31 გარდამექცა სიხარული ჩემი გლოვად და მხიარულებაჲ ჩემი ტირილად.