ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი ოცდამეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შეწყვიტა ამ სამმა კაცმა პასუხის გაცემა იობისთვის, რადგან გაიმართლა მან თავი.

1

და დასცხრა იობ სიტყუად მათგან. დასცხრეს სამნიცა იგი მეგობარნი მისნი სიტყჳს-გებად იობისა, რამეთუ იყო იობ მართალ წინაშე მათსა.

2 მაშინ განრისხდა ელიჰუ, ძე ბუზელი ბარაქიელისა, რამის საგვარეულოდან; იობზე განრისხდა იმის გამო, რომ მან ღმერთზე მართლად ჩათვალა თავი. 2 განრისხნა ელიუს ბარაქეელისი ბუზელი, ნათესავისაგან არამისა, ევსიტელთა სოფლისა. განურისხნა იობს ფრიად, რამეთუ გამოიჩინებდა თავსა მართლად წინაშე უფლისა.
3 თავის სამ მეგობარზეც განრისხდა იმის გამო, რომ პასუხი ვერ გასცეს იობს და ამით გაამტყუნეს ღმერთი. 3 და სამთა მათცა ზედა მეგობართა მისთა განრისხნა ფრიად, რამეთუ ვერ უძლეს სიტყჳს-მიგებად იობისა და შეჰრაცხეს იგი, ვითარცა უღვთოჲ.
4 ელიჰუ აცლიდა იობს ლაპარაკს, რადგან ყველანი მასზე უფროსები იყვნენ ასაკით. 4 ხოლო ელიუს დაითმენდა სიტყჳს-მიგებად იობისა, რამეთუ უხუცეს მისსა იყვნეს დღითა.
5 დაინახა ელიჰუმ, რომ არ გამოვიდა პასუხი ამ სამი კაცის პირიდან, და განრისხდა. 5 და იხილა ელიუს, რამეთუ არა იყო სიტყჳს-გებაჲ პირისაგან სამთა მათ კაცთასა, და განურისხნა მათ გულისწყრომით.
6 მიუგო ელიჰუმ, ბუზელი ბარაქიელის ძემ, და უთხრა: წლებით უმრწემესი ვარ მე, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომაც მომერიდა და ვერ გავბედე მომეხსენებინა თქვენთვის ჩემი აზრი. 6 მიუგო ელიუს ბარაქეელისამან ბუზელმან და ჰრქუა: უჭაბუკეს ვარ მე თქუენსა ჟამითა, ხოლო თქუენ მოხუცებულნი ხართ. ამისთჳს დავდუმენ და მეშინოდა თხრობად თქუენდა სწავლულებისა ჩემისა.
7 ვიფიქრე, დღეებმა ილაპარაკონ და წელთა სიმრავლემ ასწავლოს-მეთქი სიბრძნე; 7 და ვთქუ, ვითარმედ: ჟამი სამე არს, რომელი იტყჳნ, და მრავლისა წლისათა იციან სიბრძნე.
8 ნამდვილად კი, კაცში მყოფი სული და სუნთქვა ყოვლადძლიერისა განასწავლის მას. 8 არამედ სული ვიდრემე არს კაცთა შორის, და იგი სული ყოვლისა მპყრობელისა არს, რომელი ასწავებს მათ.
9 დღეგრძელნი ყოველთვის არ არიან ბრძენნი და მხოლოდ მოხუცებულნი არ მიხვედრილან სიმართლეს. 9 არა თუ მრავლისა ჟამისანი არიან ბრძენ, არცა ბრძენთა იციან სამართალი.
10 ამიტომ ვამბობ: მომისმინეთ, მეც გამოვთქვა ჩემი აზრი. 10 ამისთჳს ვთქუ: ისმინეთ ჩემი და გითხრა თქუენ, რავდენი-რაჲ ვიცი.
11 მე ვუცდიდი თქვენს სიტყვებს, ყურს ვაპყრობდი თქვენს მსჯელობას, როცა ეძებდით სათქმელს. 11 და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, ისმინოთ თუ თქუენ, ვიდრემდე განიკითხნეთ სიტყუანი, და ვიდრე თქუენდამდე გულისჴმა-ვყო.
12

გაკვირდებით და, აჰა, არ არის თქვენს შორის მამხილებელი, რომ პასუხი მიაგოს იობს.

12

და, აჰა, ესერა, არა ვინ არს იობისა მამხილებელ და სიტყჳს-მიმგებელ სიტყუათა მისთა წილ თქუენგანი,

13 ნუ გგონიათ, სიბრძნისათვის მიგეგნოთ, როცა ფიქრობთ, ღმერთმა გააწბილოს იგი და არა ადამიანმაო. 13 რათა არა სთქუათ: ვპოეთ სიბრძნე, შე-რაჲ-ვეძინენით უფალსა.
14 ჩემს წინააღმდეგ არ მოუმართავს სიტყვები და მეც თქვენსავით არ ვუპასუხებ. 14 და კაცსა უტევეთ სიტყუად ესევითართა სიტყუათა.
15 გაოგნდნენ, ვეღარ უპასუხეს, დაელიათ სათქმელი; 15 შეძრწუნდეს და არღარა მიუგეს მას. და დააცადნეს მათგან სიტყუანი.
16 მეც ველოდებოდი, როდის შეწყვეტდნენ ლაპრაკს. რაკი დადგნენ და აღარ პასუხობენ, 16 დადუმნეს და არღარა იტყოდეს, დადგეს და არა რაჲ მიუგეს.
17 მეც გავცემ ჩემს წილ პასუხს, მეც გამოვთქვამ-მეთქი ჩემს აზრს. 17 მიუგო ელიუს და ჰრქუა: მერმე ვიტყოდივე,
18 რადგან სავსე ვარ სიტყვებით და შიგნიდან მაწვება სული; 18 რამეთუ სავსე ვარ სიტყჳთა, განვსთქდები სულითა მუცლისათა,
19 აჰა, თავმოუხდელ ღვინოსავით არის ჩემი შიგანი, გასკდომაზეა ახალი ტიკივით. 19 ხოლო მუცელი ჩემი, ვითარცა თხიერი ტკბილითა სავსე შეკრული, და ვითარცა საბერველი მჭედლისაჲ რაჲ განსთქდებინ.
20 ვილაპარაკებ, რომ სული მოვითქვა; გავხსნი ბაგეებს და პასუხს გავცემ. 20 ვიტყოდი, რათა განვისუენო და აღვახუნე ბაგენი ჩემნი.
21 პირფერობას არ დავუწყებ კაცს და ადამიანს არ მიველაქუცები; 21 კაცისა არა შევირცხჳნო, არცაღა ჴორციელისა შევიკდიმო,
22 რადგან მე ლაქუცი არ ვიცი, უმალ ღმერთმა წამიღოს აქედან! 22 რამეთუ არა ვიცი თუალთ-ღებაჲ პირისაჲ, უკუეთუ არა, მეცა მღილთა შემჭამონ.